"ასეთი რესურსი სხვა ქვეყანას რომ ჰქონდეს, იქაურობას ააყვავებდა" - როცა სამკურნალო წყალი მიწაში იღვრება... - კვირის პალიტრა

"ასეთი რესურსი სხვა ქვეყანას რომ ჰქონდეს, იქაურობას ააყვავებდა" - როცა სამკურნალო წყალი მიწაში იღვრება...

"აქ წლების წინ იაპონელი ექიმები იყვნენ და თქვეს, ამ წყალს გეროპროტექტული, ანუ სიბერის საწინააღმდეგო თვისებებიც აქვსო

საქართველოში უამრავი ისეთი ბუნებრივი სიმდიდრე მოიპოვება, რომელიც წლების წინ ხალხს ემსახურებოდა, ახლა კი გაცამტვერებულია. ამის მაგალითია ცაიშის თერმული წყლები და ყოფილი სანატორიუმი, სადაც წლების განმავლობაში ათიათასობით ჩვენი მოქალაქე თუ უცხოელი მკურნალობდა... "ხშირად ყავარჯნებით მოსული უკან სრულიად ჯანსაღი წასულა. ამიტომ იყო, რომ აქაურობას "ყავარჯნების სასაფლაოს" ეძახდნენ", - ამბობს ცაიშელი ირაკლი ლიპარტია.

ცაიში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 50 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მისი უნიკალური გეოთერმული წყლები გასულ საუკუნეში სასათბურე საქმიანობისთვის, წარმოებასა თუ ბალნეოლოგიაში გამოიყენებოდა.

1906 წელს ცაიშელმა ფარმაცევტმა და სწავლულმა მოსკოვში წყლის ანალიზი გააკეთებინა და დადგინდა, რომ ის გოგირდწყალბადსა და სამკურნალო ნივთიერებათა დიდ მარაგს შეიცავს. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, ცაიშის მინერალური წყლების შესახებ უძველესი დროიდან იყო ცნობილი. იმ ტერიტორიაზე, სადაც მთავარი წყარო ამოდის, 5-6 მეტრის სიღრმეზე აღმოჩენილია თლილი ქვებით მოპირკეთებული აბანო, რომლის ფსკერი პირამიდისებრი ქვებით არის მოპირკეთებული. აუზში დღემდე ამოდის მინერალური წყალი.

1964 წელს თერმული წყლების ბალნეოლოგიურმა კურორტმა მუშაობა დაიწყო და ერთდროულად 220 პაციენტს იღებდა. სანატორიუმს ჰქონდა საკვები ობიექტი ოთხჯერადი კვებით, ღია და დახურული დისკოთეკა, ფეხბურთისა და ხელბურთის მოედნები, მაგიდის ჩოგბურთი, ბილიარდი - მათგან მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი. 1985 წელს სარესტავრაციო სამუშაოების გამო კურორტმა მუშაობა შეწყვიტა. თუ არ ჩავთვლით იმ შენობებს, რომლებშიც 90-იან წლებში აფხაზეთიდან დევნილები შესახლდნენ, იქაურობა გაპარტახებულია.

"აქ წლების წინ იაპონელი ექიმები იყვნენ და თქვეს, ამ წყალს გეროპროტექტული, ანუ სიბერის საწინააღმდეგო თვისებებიც აქვსო. ქლორიდნატრიუმიანი, კაჟიანი წყალი მისწრებაა იმუნიტეტისთვის, ნაღვლის ბუშტისთვის, ღვიძლის დაავადებებისთვის, გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ანთების დროსაც. დასანანია, რომ ჩვენში მედიკამენტოზურ მკურნალობას ანიჭებენ უპირატესობას. არადა, ასეთი უნიკალური ბუნებრივი სამკურნალო საშუალება გვაქვს", - გვიხსნის ცაიშელი, რომელიც სანატორიუმში წლების განმავლობაში მუშაობდა.

18 ჭაბურღილიდან 3-ს სამკურნალო დანიშნულება აქვს, თუმცა მიწაში იღვრება. არაერთი მოძიებული ინვესტორის, სანატორიუმის განვითარებისთვის შედგენილი ბიზნესგეგმის, სანახევროდ მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, შექმნილიყო უნიკალური სამკურნალო ცენტრი, იქაურობა დღემდე უპატრონოდ არის მიგდებული.

"მეცნიერულად დადასტურებულია, რომ დროთა განმავლობაში წყლების შემადგენლობა არ შეცვლილა. არაერთი ინვესტორი მოსულა, მათ შორის ებრაელებიც, მაგრამ ვერც ერთთან ვერ შედგა შეთანხმება. არადა, ასეთი რესურსი სხვა ქვეყანას რომ ჰქონდეს, იქაურობას ააყვავებდა", - ამბობს გულისტკივილით ჩვენი თანამოსაუბრე.

ცაიშის გამგებელ ალექსი ლიპარტიას ცნობით, ცაიშის გეოთერმული წყლების სრულად ათვისება იგეგმება, ოღონდ ზუსტი კი არა, მიახლოებითი თარიღიც უცნობია. ამჟამად კი წყალს სასათბურე მეურნეობებისთვის იყენებენ. აქაური ბუნებრივად ცხელი წყლით თბება მოსახლეობის ნაწილი და ცაიშის საჯარო სკოლაც...

ცაიშელების თქმით, ბალნეოლოგიური კურორტის აღორძინებით ბიზნესმენები ზურაბ და მამუკა კვირკვიები და ცაიშელი ფერმერი, გენო ასათიანი არიან დაინტერესებული. მათ კურორტის განვითარების ბიზნესგეგმაც წარუდგინეს ეკონომიკის სამინისტროს, თუმცა მთავრობამ ისეთი ვალდებულებები დააკისრა, რაც მათთვის მიუღებელია და პროექტი გაჩერდა.

ერთ-ერთი ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებულ ქონების მართვის სააგენტოში განსახილველად კიდევ ერთი პროექტია, რომლის ავტორი ცაიშელი ბიზნესმენია. პროექტის ღირებულება პირველ ეტაპზე 5 მილიონი ლარია და სახელმწიფო უწყების დადებითი პასუხის შემთხვევაში ინვესტორი მზად არის მუშაობას შეუდგეს, რადგან სანატორიუმი სავალალო მდგომარეობაშია და ყოველი დღე მნიშვნელოვანია.