"მართალია, საქართველოდან პატარა წამოვედი, მაგრამ მიყვარს ყველაფერი ქართული, სულითა და გულით, ხასიათით ქართველი ვარ" - კვირის პალიტრა

"მართალია, საქართველოდან პატარა წამოვედი, მაგრამ მიყვარს ყველაფერი ქართული, სულითა და გულით, ხასიათით ქართველი ვარ"

2020 წელს ესპანურ კლუბებს შორის კრივში ჩატარებული ჩემპიონატის გამარჯვებული 15 წლის ქართველი დავით შუბითიძე გახდა. ესპანური ცხოვრებისა და წარმატებების შესახებ დავითის დედას, ვერონიკა გოგიჩაშვილსა და თავად მოკრივეს ვესაუბრეთ.

ვერონიკა:

- უკვე 12 წელია, ესპანეთში, ქალაქ სევილიაში ვცხოვრობთ მთელი ოჯახი. 2008 წლის ომის შემდეგ, მეუღლესა და შვილებთან ერთად წამოვედი. დავითი 4 წლის იყო, ანა - 7-ის. გორში გვაქვს სოფელი, ომის დროს იქ ჩავრჩით 2 დღით და ძალიან შევშინდით. იმ პერიოდში გარკვეული პრობლემებიც შეგვექმნა და წამოსვლა ვამჯობინეთ. ძნელია უცხო ქვეყანაში ფეხის მოკიდება, მაგრამ დედა ესპანეთში ცხოვრობდა და სამსახური დაგვახვედრა. მალე ენის ბარიერი გადავლახეთ, განსაკუთრებით ადვილად ბავშვებმა ისწავლეს ესპანური. დათუნას ერთხანს დაავიწყდა ქართული. ბავშვებს ეზოში უცხოელებთან ჰქონდათ კონტაქტი, სკოლაში ესპანურად სწავლობდნენ, მაგრამ ვეცადეთ და მივაღწიეთ, რომ დღეს ორივე ქართულად ლაპარაკობს, წერს და კითხულობს. ჩამოვიტანეთ "დედაენა", ენციკლოპედიები, თუ რამე გვქონდა. სამწუხაროდ, აქ ახლომახლო არ არის საკვირაო სკოლა, არც ქართული ტაძარი. მადრიდში, ბარსელონაში არის, მაგრამ აქედან შორია.

- ასე შორს როგორ ახერხებთ, რომ შვილებს სამშობლო შეაყვაროთ? ხშირად ჩამოდიხართ საქართველოში? - წლები ისე გავიდა, რომ საბუთები ვერ გავაკეთეთ და მხოლოდ 6-წლიანი განშორების შემდეგ დავბრუნდით. დავითი სულ ორჯერ არის ნამყოფი მანდ, ანა - სამჯერ. ახლა ეს კორონაც დაგვემთხვა და კაცმა არ იცის, როდის შევძლებთ ჩამოსვლას. ძალიან რთულია, ასე შორიდან უყვარდეთ თავიანთი ქვეყანა, მაგრამ წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებს არ ვივიწყებთ, ქართულად ვსაუბრობთ შინ, ვუყურებთ ქართულ ფილმებსა და გადაცემებს.

- ესპანეთში რას საქმიანობთ? - მე და ჩემი მეუღლე ბარში ვმუშაობდით, ახლა კი ამ ვირუსის გამო, სტაბილური სამსახური აღარ გვაქვს. დღისით ხან ბავშვებთანაც ვმუშაობ, ხან - რესტორანში. გოგო სტუდენტია, ეკონომიკურ განათლებას იღებს. ადრე მუდმივად გვქონდა სამუშაო, მაგრამ ახლა ასეა პანდემიის "წყალობით". ემატება და ემატება დაინფიცირებულები, პირბადის გარეშე გასვლა უკვე ქუჩებშიც აგვიკრძალეს. ქუჩაში მოწევაც კი არ შეიძლება, ბევრი შეზღუდვაა.

- ესპანელებთან რა საერთო აღმოაჩინეთ? - გარეგნობით ძალიან გვგვანან, ზოგჯერ საქართველოში მგონია თავი - ხმამაღალი საუბარი, სიფიცხე, ტემპერამენტი მათაც ახასიათებთ. ტრადიციების მოყვარულები არიან, ყოველთვის გამოგიწვდიან დახმარების ხელს.

დავით შუბითიძე: - ეზოში ფეხბურთს, კალათბურთს, ჩოგბურთს პატარაობიდანვე ვთამაშობდი. თავდაპირველად ერთი წელი ტაილანდურ ჩხუბზე დავდიოდი, რაგბიც მოვსინჯე, ფეხბურთიც, მაგრამ ამ სამი წლის წინ კრივით დავინტერესდი და მივხვდი, ჩემი იყო. სპორტის ამ სახეობაში მთავარია ფიქრი - უნდა შეგეძლოს მეტოქის მოქმედებები წინასწარ გათვალო. ადვილი არ არის, მაგრამ წარმატებისთვის ფიქრი აუცილებელია და კიდევ, ბევრი შრომა. ვარჯიშის დაწყებიდან წელიწად-ნახევარში ანდალუსიის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დავიკავე. რამდენიმე თვის წინ ჩატარებულ ესპანეთის რეგიონულ ჩემპიონატზე კი მესამე ადგილის მფლობელი გავხდი. გამარჯვება დიდი სტიმულია ჩემთვის, უფრო მეტის მიღწევა მინდება. კორონას გამო შეჯიბრებები გადაიდო და ჯერჯერობით არ ვიცი, რა იქნება.

- საქართველოში დაბრუნებას თუ გეგმავთ? ვერონიკა:

- მე და ჩემი მეუღლე ვგეგმავთ, შვილები რას იზამენ, არ ვიცი. ორივეს სამომავლო გეგმები აქვს, მაგრამ დათუნა ისეთი ქართული სულისკვეთების ბავშვია, არაფერს გამოვრიცხავ. მე სულით აქ არასდროს ვარ. რა ვქნა, ვერ ვეგუები უცხო ქვეყანაში ყოფნას.

დავითი:

- მართალია, საქართველოდან პატარა წამოვედი, მაგრამ ქართულად ვლაპარაკობ, რაც ჩემი მშობლების დამსახურებაა. მიყვარს ყველაფერი ქართული, სულითა და გულით, ხასიათით ქართველი ვარ. მინდა, ოდესმე გავიმარჯვო და ესპანურის ნაცვლად, ჩემი სამშობლოს დროშა აფრიალდეს გამარჯვების ნიშნად; მინდა, კრივში მსოფლიოს ჩემპიონი სწორედ საქართველოს სახელით გავხდე!

ნინო ჯავახიშვილი ჟურნალი "გზა"