"მეც ბევრი რამე შემშლია ცხოვრებაში" - რას ჰყვება ბუბა კიკაბიძე დედაზე, მეუღლეზე, მომავალ არჩევნებსა და რუსეთში წასვლაზე - კვირის პალიტრა

"მეც ბევრი რამე შემშლია ცხოვრებაში" - რას ჰყვება ბუბა კიკაბიძე დედაზე, მეუღლეზე, მომავალ არჩევნებსა და რუსეთში წასვლაზე

"თბილისი სულ სხვანაირია ახლა, თითქმის აღარ გავდივარ ქუჩაში თუ საქმე არ მაქვს, ყოველ ნაბიჯზე ნაცნობი მხვდება, ამდენი მათხოვარი ქუჩაში არ იყო, შუაღამისას ახალგაზრდების სიმღერა ისმოდა, აი ასეთი ქალაქი იყო", - ამბობს ბუბა კიკაბიძე თათია შარანგიას გადაცემაში "სთორი". გთავაზობთ ამონარიდებს:

"უკვე საკმაოდ ცნობილი მსახიობი ვიყავი, მომღერალი, მაშინ როდესაც ბინა გაჩნდა ნორმალური, დედაც უნდა წამეყვანა ჩემთან, ვუთხარი, დედა წამოდი ჩემთნ-თქო, არა, ციცინოსთან გადავალო. ვერ დატოვა ის სახლი. სულ ვანებივრებდი, სხვანაირი ქალი იყო დედაჩემი, სულ წიგნი ეჭირა ხელში, ოღონდ ზედმეტად ბაგრატიონი იყო, კნეინა იყო. ძალიან არ უყვარდა ნამგალი და ურო. გასტროლებიდან რომ ჩამოვდიოდი ვეკითხებოდი, დედა როგორ ხარ და ის მეკითხებოდა, როგორ არიან იქ შენი რუსები შვილოო. სანამ გარდაიცვლებოდა, ჩემ ბიჭს დაუძახა, ყველანი გადით ოთახიდანო, ხელი მოუკიდია და უთქვამს, გოგო რომ შეგეძინება, მანანა დაარქვიო და ორი წუთის მერე გათავდა. დიდი ხანი სიონში გალობდა, სკოლიდან როცა მოვდიოდი ხოლმე, ჯერ სიონში მივდიოდი და მერე ერთად მივდიოდით სახლში. იესო ქრისტე ყველგან ხომ სხვადასხვა მხატვრის დახატულია, უბრალოდ იცი რომ იესოა და დედა მეთქი, იცნობ-თქო, ძალიან მორწმუნე ქალი იყო, ეს ღმერთიაო და სად არის-მეთქი, სად არის და შენშიაო, როგორი კაციც გაიზრდები, ისეთი ღმერთი გეყოლებაო, ასეთი ქალი იყო, სწორი თქვა"

"ჩემი ცოლი სულ იძახდა, შენ ყველაფერი უკუღმა გაქვსო, პირველ ადგილზე გაქვს სამშობლო, მერე მეგობარი და მერე ოჯახიო და უნდა იყოს პირიქითო, მე ვუთხარი, ეგ პრეტენზიები დედაჩემს წარუდგინე, ეგრე გამზარდა-თქო. ფრუნზიკა (მკრტჩიანი) იყო უბედური კაცი, მიკვირდა, ასეთი სასაცილო სახის კაცს სულ დარდიანი თვალები ჰქონდა, როცა მაგის ისტორიას მომიყვნენ, მივხვდი რომ უჭირს ამ კაცს ცხოვრება, მერე ჩაწვა, ერთხელაც დარეკა ერევნიდან, მიმინო უკვე გადაღებული იყო, და აგინებდა თავის პრეზიდენტს და რა იყო-მეთქი, ოცი წელიწადია ვოლგაზე განცხადება მაქვს დაწერილიო... ვუთხარი, აქ ჩამოდი, შეგიყვან ედუარდ შევარდნაძესთან და იმ წუთში მოგცემს-მეთქი. ჩამოვიდა, უკვე გამხდარი იყო, დავრეკე მისაღებში, მეორე დღეს დაგვიბარეს, როგორც კი შევედით, ედუარდი ადგა, ჩაეხუტა, გაეცინა, მე ვუთხარი, ბატონო ედუარდ ასე და ასეა საქმე და ჰო, სომხები არ მისცემენო და ეგრევე მოუწერა ხელი"

"მეც ბევრი რამე შემშლია ცხოვრებაში, მაგრამ მეგობრისთვის არასდროს მიღალატია, სამშობლოსთვის არ მიღალატია, ესაა მთავარი, რომ შენი თავის პატივისცემა გქონდეს. რუსეთის პრეზიდენტს გამოგზავნილ ორდენზე უარი იმიტომ ვუთხარი, რომ ჩემ შვილიშვილებს თვალებში ვერ შეხვხედავ და რუსეთშიც ვერ წავალ, როგორ შეიძლება შენ მე მირტყამდე და მე ჩამოვიდე და გიმღერო, ვისაც როგორ უნდა ჩემს კოლეგებს ისე გაიგონ, სხვისი განსჯა არ მინდა, არ მეგონა რომ ასეთი აჟიოტაჟი ატყდებოდა, ახლაც იმდენი წერილი მოდის, ჩამოდი ბუბაო, მეთერთმეტე წელია რუსეთში არცერთ ქალაქში არ ვყოფილვარ, მთავრობა და ხალხი სხვადასხვა რამეა. მსოფლიოში არცერთ ნაციას ომი არ უნდა"

"ალბათ სახლში ძნელად გასაძლები კაცი ვიყავი, რადგან სულ "პაესტკებში" დავდიოდი, მივდიოდი, მოვდიოდი. ერთხელ არ მიგვრძნია, რომ ჩემი ცოლი რაღაცით უკმაყოფილო იყო, განათლებული, ჭკვიანი ქალი იყო, კარგი შვილები გაზარდა. შეიძლება ითქვას, კარიერა შესწირა ირამ ჩვენს ოჯახს. ოჯახში კაცი თუ ხარ, კაცურად უნდა მოიქცე, თუ რაღაცა მოხდა და ვინმე შეგიყვარდა, ისიც კაცურად უნდა გააგებინო და ისე წახვიდე რომ ოჯახს ზიანი არ მიაყენო, მითუმეტეს რუსეთში შოუბიზნესში ეს ხშირად ხდება. ცოლი თუ გყავს, ერთი ყვავილი ხომ უნდა მოუტანო, მნიშვნელობა არ აქვს მისთვის მანქანას უყიდი თუ ერთ იას აჩუქებ, ყურადღებაა ეს. ერთ ქალს ვაწყენინე, სახელს და გვარს ვერ გეტყვით, ცოცხალია, ძალიან განთქმული მომღერალი იყო საქართველოში და მაბავდა, ჩემი კარგი ნაცნობის ცოლი იყო, ქმარი იყო რუსი, არ ვიტყვი, თორემ მიხვდებიან"

"ყოველთვის დავდივარ არჩევნებზე და ყოველთვის ვიცი ვისაც ვაძლევ ხმას, ახლაც მივალ, მივცემ, რამდენად მოიგებენ, ეგ არ ვიცი". (წყარო)

იხილეთ ასევე: "მე და ბუბას უსიამოვნება არასდროს გვქონია, ბუბულიკოს ვეძახი. რომ დავურეკავ, ისე გაიხარებს, "ვაი, შენ გენაცვალე, ნანუო"..."