"ვხედავ, როგორ შრომობს და წვალობს სოფლის ხალხი" - რას ამბობს სოფლად გადასახლებული ჟურნალისტი? - კვირის პალიტრა

"ვხედავ, როგორ შრომობს და წვალობს სოფლის ხალხი" - რას ამბობს სოფლად გადასახლებული ჟურნალისტი?

ჟურნალისტმა დაჩი გრძელიშვილმა რამდენიმე წლის წინ სოფელ ღულელებში სახლი შეიძინა და ოჯახის წევრებთან ერთად საკუთარი ხელით მოაწყო. სახლის, ეზოს, ბაღის გალამაზებაზე მეუღლე ირმა იანტბელიძესა და ექვს შვილთან ერთად ზრუნავს. ოჯახში ფუნქციები ყველას ინტერესის მიხედვით აქვს გადანაწილებული. სხვადასხვა პერიოდში ოჯახს სხვადასხვა ინტერესი აქვს, მაგალითად გასულ წელს ყვავილებზე ჰქონდათ განსაკუთრებული აქცენტი, შემდეგ ეზოში მდებარე გორაკი ისე მოაწყეს, რომ პატარა სოფელი გეგონებათ, ქვაზე ხატავდნენ სხვადასხვა ნახატს, პერსონაჟებს, ჭიამაიებს, სახლებს და ა.შ. ამასობაში დაჩიმ დურგლობა შეისწავლა. საქანელა, ეზოს მაგიდა, სკამები, ჩიტის სახლები და სხვა  დეკორაციები სახლისთვის საკუთარი ხელით გააკეთა. ცნობილი ჟურნალისტის ოჯახი თავს ბედნიერად გრძნობს სოფლად და ყველანაირად ცდილობს, ქალაქში დაბრუნება გარკვეული დროით გაახანგრძლივოს.

რა უპირატესობები აქვს სოფლად ცხოვრებას?

- სოფლად ცხოვრება რომ იდეალისტურად დავხატო, ცოტა თავხედობა იქნება ჩემი მხრიდან. სადაც ვცხოვრობ, ეს არის სოფელი და არა სააგარაკო ადგილი. ვხედავ, როგორ შრომობს და წვალობს სოფლის ხალხი. ეს იმაზე მძიმე შრომაა, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია. ერთი, რომ მძიმე შრომაა და მეორე, დამოკიდებული ხარ ბუნებაზე, ძალიან არ იწვიმოს, სეტყვა არ მოვიდეს, გვალვა არ იყოს და ა.შ. დაუღალავად შრომობ, თან ცაში იყურები, მაგრამ ამავე დროს ფეხი არაფერს არ უნდა წამოკრა. უპირატესობა აქვს, რა თქმა უნდა, ქალაქელი კაცისთვის სოფელში რამდენიმე დღის გატარებას, სუფთა ჰაერს, ჯანსაღ საკვებს. ბავშვები ეჩვევიან ბუნებასთან ურთიერთობას, შინაურ ცხოველებს არჩევენ ერთმანეთისგან, სუნთქავენ სუფთა ჰაერს, დადიან მდინარეზე, ტყეში და ა.შ.

ჩვენს ეზოში ბინადრობს ჩიტების ნაირსახეობა. გვყავს ხვლიკები, ზღარბები, გველები. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ყველას თავისი ცხოვრება აქვს. ისინი არაფერს გვიშავებენ და ჩვენ მათ არ უნდა ვავნოთ.

- როგორ შეარჩიეთ ეს ადგილი?

- ჩემს მეუღლეს სოფელ დევენაანთხევში ჰყავდა ბებია. ძალიან მოგვწონდა ეს ადგილები, განსაკუთრებით - ღულელები, რომელიც საბადურის ტყის პირას მდებარეობს. ულამაზესი სოფელია. გაგვიმართლა და დაახლოებით 10 წლის წინ ვნახეთ სამოსახლო ადგილი. ვიყიდეთ, შევავლეთ ხელი და ნელ-ნელა ვაკეთებთ რაღაცებს. იხილეთ სრულად+ფოტოები