"მინდოდა, ისეთი რამე გამეკეთებინა და ისე ორიგინალურად მეთხოვა ხელი, როგორც სხვას არ გაუკეთებია" - კვირის პალიტრა

"მინდოდა, ისეთი რამე გამეკეთებინა და ისე ორიგინალურად მეთხოვა ხელი, როგორც სხვას არ გაუკეთებია"

25 აგვისტოს, მყინვარწვერზე, ზღვის დონიდან 5054 მეტრზე, 26 წლის დუშელმა ბიჭმა - ჯეკო დამაცალაშვილმა თავის ლამაზ შეყვარებულს, 22 წლის გურანდა ჭინჭარაულს საოცარი სიურპრიზი მოუწყო: მწვერვალზე პირველად ასული გოგონა ხედებით ტკბებოდა, როცა შეყვარებულმა ყველაზე ორიგინალურად სცადა მისთვის სიყვარულის დამტკიცება - ცოლობა სთხოვა და ნიშნობის ბეჭედი თითზე წამოაცვა. ამ ლამაზი ცერემონიალის მოწყობაში ჯეკოს მეგობრები დაეხმარნენ.

გურანდას მსგავსად, ამ დღეს მყინვარწვერზე პირველად იყო ასული მისი მამაც და მისთვისაც სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა ეს ყველაფერი. მამა არ დაბნეულა, პირველმა მიულოცა ლამაზ წყვილს ეს ნაბიჯი და ბედნიერება უსურვა. მეგობრებიც ოვაციებით შეხვდნენ ამ ამბავს. მყინვარწვერზე ეს ხელის თხოვნის პირველი შემთხვევა აღმოჩნდა. "ჯერ არ ყოფილა ქალი საქართველოში, ვისაც მყინვარწვერზე სთხოვეს ხელი. ჰოდა, პირველი ჩემი და აღმოჩნდა", - დაწერა ლაშა ტალახაძის ექიმმა, გია ჭინჭარაულმა "ფეისბუკის" გვერდზე და ამ დღის ამსახველი ვიდეო გააზიარა. ნიშნობის ამსახველი ფოტო გურანდამ თურმე, პირველად სწორედ ძმას გაუგზავნა.

"ჩემთვის უდიდესი სიხარული იყო, რომ ჩვენმა "ხევის პატარძალმა" პირველსავე ჯერზე მიმიღო, მიმიღო ჯეკოსა და მამასთან ერთად. თურმე, უფრო დიდი და დაუვიწყარი ემოცია წინ მელოდა... ეს უკვე ისტორიაა, რისთვისაც უპირველესად, მადლობა შენ, ჯეკო და შემდეგ თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც ამ ისტორიის შექმნაში თავისი წვლილი შეიტანა", - დაწერა სოციალურ ქსელში გურანდა ჭინჭარაულმა.

როგორც შევიტყვე, შეყვარებულს ხშირად ანებივრებს და სიურპრიზებსაც ხშირად უწყობს ჯეკო დამაცალაშვილი.

ჯეკო:

- გურანდას მამიდაშვილი ჩემი კლასელი იყო და "ფეისბუკში" აღმოვაჩინე. ძალიან მომეწონა. მერე საუბარში შევიტყვეთ, რომ ჩვენი დედები კლასელები იყვნენ და ესეც მნიშვნელოვანი გახლდათ ჩემთვის. პირველად კულტურის სახლში დავპატიჟე, მერე კონცერტზე წავედით. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. დედას რომ ვუთხარი, მისი კლასელის ქალიშვილი გავიცანი, სიხარულით შეხვდა ამ ამბავს. ერთმანეთი წლების მანძილზე არ ენახათ და ჩვენ ისევ შევახვედრეთ. რაღაცნაირად, დედებიც ბავშვობაში დაბრუნდნენ.

გურანდა:

- დუშეთის სოფელ ლაფანაანთკარში ვცხოვრობ. სამართლის ბაკალავრი ვარ, წელს დავამთავრე უნივერსიტეტი და სამაგისტროს გამოცდები უკვე ჩავაბარე. ჩემი რჩეული, ჯეკო დუშეთში ცხოვრობს და დუშეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ტურიზმის განვითარების ცენტრში სპეციალისტად მუშაობს, ასევე არის სათემო ქსელის, ფშავ-ხევსურეთის, გუდამაყრის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი. ბოლო ორი წელია, სოფლის ინტერნეტიზაციის ამბებშია ჩართული. ბევრი საერთო მეგობარი გვყავს. 2 კვირა ინტერნეტით გვქონდა კომუნიკაცია, შემდეგ დამპატიჟა გოდერძი ჩოხელის წიგნის პრეზენტაციაზე. 2018 წლის 29 თებერვალს, დუშეთის კულტურის სახლში დაიწყო ჩვენი სიყვარულის ამბავი. მერე 8 მარტს ბაზალეთზე წავედით, იქ საოცარი სიურპრიზი მომიწყო: ნავით რომ გავისეირნეთ ერთად, ეს ჩვენი მეოთხე შეხვედრა იყო. როცა ტბაში გარკვეულ მანძილზე შევცურეთ, ჯეკომ ჩვენ შორის ჩადგა ყუთი, რომელსაც ლამაზი, თეთრი გადასაფარებელი ეფარა, შემდეგ ხილის ასორტი, შამპანური და ჭიქები დადგა. მოგვიანებით შევიტყვე, რომ მის დედასა და დას გაემზადებინათ ეს ხილის ასორტი. მოღრუბლული იყო, ცრიდა. ისეთი დაბნეული და სასიამოვნოდ გაოცებული ვიყავი ამ სანახაობით, კარგად არც მესმოდა, ჯეკო რას მელაპარაკებოდა. სადღეგრძელოს მოჰყვა სიმღერა გიტარის თანხლებით. ულამაზესად მიმღერა "ცისფერი კესანები". არასდროს დამავიწყდება ამ დროს მისი ღია თამბაქოსფერი თვალების მზერა. ვერ აღგიწერთ, რა ხდებოდა მაშინ ჩემს გულში. თავზე დრონი დაგვტრიალებდა, თუმცა, რამდენჯერაც ვკითხე, ჩვენ ხომ არ გვიღებს-მეთქი? იმდენჯერ მიპასუხა, რომ ტბის ნაპირზე მიმდინარე სამუშაოებს იღებდა. სანამ ერთმანეთს დავშორდებოდით, ჯეკომ თავისი გადაღებული სურათი მაჩუქა, რომელზეც აღბეჭდილია ხადის ხეობაში არსებული მჟავე წყალი თოვლის ფონზე, დღის ბოლოს კი მოულოდნელად იმ დღეს გადაღებული ჩვენი კლიპი გამომიგზავნა.

სიურპრიზების მოწყობა უყვარს, საკმაოდ რომანტიკული ადამიანია... პირველი საჩუქარი დედას ორიგინალურად მოართვა. 2 მარტს ფილმის ჩვენებას დავესწარით დუშეთში, იქ გაიცნო დედა. სახლში ღამის 11 საათზე დავბრუნდით. თურმე, ყველაფერი ამით არ დასრულებულა. ნახევარ საათში მომდის შეტყობინება, რომ რაღაცის გადმოცემა დაავიწყდა და გარეთ, ეზოს კართან დამიტოვა. გავედი და დამხვდა საჩუქარი დედასთვის, რომელზეც მითხრა, 3 მარტი რომ დადგებოდა, ზუსტად თორმეტ საათზე გადამეცა და მიმელოცა...

თბილისში, უნივერსიტეტში სოფლიდან დავდიოდი, მანქანას გზასთან ვაჩერებდი. ლექციებიდან ზოგჯერ გვიან მიწევდა დაბრუნება. პირველად ყვავილები დამახვედრა მანქანის წინა შუშაზე, ტკბილეულთან და ძალიან თბილ წერილთან ერთად. კიდევ მახსოვს, ერთ დღეს მანქანის კარის დაკეტვა დამავიწყდა და როცა ლექციებიდან დავბრუნდი, ბუშტებითა და ტკბილეულით იყო სულ სავსე. გაცნობიდან მალევე, 14 აპრილს, რადგან სიყვარულის დღეს სამსახურის საქმეზე სხვაგან უწევდა ყოფნა, ერთად სეირნობისას ჩემი პორტრეტი მაჩუქა, რომელიც მეგობარს დაახატვინა. მანქანა მოულოდნელად გააჩერა და ხატვის პროცესის ვიდეორგოლს ერთად ვუყურეთ, ესეც ძალზე ამაღელვებელი იყო. ახლა მყინვარწვერზე კი საოცარი სიურპრიზი მოაწყო, დაუვიწყარი 4 დღე მაჩუქა.

- ჯეკო, როგორც ჩანს, სიურპრიზებით ხშირად ანებივრებთ გურანდას?

- ვცდილობ, როცა საჩუქარს ვუკეთებ, ის არ იყოს ჩვეულებრივად მირთმეული. ამბობენ, რომ გამომდის. როცა ჩვენი ურთიერთობა არ იყო ჯერ კიდევ სიყვარულის ეტაპზე, მაშინ ბაზალეთის ტბაზე ნავით გავისეირნეთ და დრონებით ვიღებდით. რაც შეეხება მყინვარწვერზე ხელის თხოვნის იდეას, მინდოდა, ისეთი რამე გამეკეთებინა და ისე ორიგინალურად მეთხოვა ხელი, როგორც სხვას არ გაუკეთებია, თუმცა ნამდვილად არ ვიცოდი, რომ პირველები ვიქნებოდით. ისე, ბევრს ვმოგზაურობთ მთებში და სხვაგან მაინც ვაპირებდი ასეთი რამის გაკეთებას, მაგრამ კარგია, რომ ეს მყინვარწვერზე გამომივიდა. ჩემთვისაც საინტერესო იყო. მეგობრები საქმის კურსში იყვნენ. ჩემი თანამშრომელი, 67 წლის ბაბუა ალუდაური, მეცამეტედ ამოვიდა მყინვარწვერზე. მან შემიწყო ხელი, გურანდა რომ წამოსულიყო. ბაბუა არაბული გურანდას მამის მეგობარია და მამამისს სთხოვა, რომ გურანდა წამოეყვანა. მე ცალკე ვთხოვდი გურანდას. ერთი სიტყვით, მე და ჩემმა მეგობრებმა ერთად დავგეგმეთ. 22 კაცი, ვინც მოდიოდა, ყველა საქმის კურსში იყო, მარტო გურანდამ და მამამ არ იცოდნენ.

- გამოდის სიმამრსაც მოუწყვეთ სიურპრიზი. - დიახ, ასე გამოვიდა,

- გიფიქრია, რა რეაქცია ექნებოდა სასიმამროს, როცა ამ სიმაღლეზე ასულ მის ქალიშვილს ხელს სთხოვდი? - ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. რაც გავიცანი, მას მერე დავაწყებინე მთაში სიარული. მწვერვალ "ვაჟა-ფშაველაზეც", ჭიუხვის მასივშიც ვიყავით ერთად. მთიან რეგიონში ცხოვრობენ, მაგრამ ასეთი გასვლები არ ჰქონდათ და მამაც ამყვა. ისიც კი მითხრა, ოცნებად მქონდა, მყინვარწვერი დამელაშქრაო... მასთან ისეთი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, ვიცოდი, რა რეაქციაც ექნებოდა. ყოველ შემთხვევაში, იმედი მქონდა. როცა გურანდას ხელი ვთხოვე, მამამისს შეხედა და ჰკითხა, რა ვუთხრაო?

გურანდა:

- მანამდე პატარა მწვერვალზეც არ ვიყავი ნამყოფი, არათუ მყინვარწვერზე. მაგრამ ჩემს თავში ვიყავი დარწმუნებული, ავიდოდი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრისგან გაგებული მქონდა, რთული გზა იყო. ჯეკოსაც ჰქონდა მოლოდინი, რომ არ დავნებდებოდი და იმედი არ გავუცრუე. ორი ჯგუფი ვიყავით. მამა ნერვიულობდა, ასეთ გზაზე ჩემი წაყვანის ეშინოდა და მირჩევდა, დავრჩენილიყავი, მაგრამ ჯეკოს დიდი სურვილის გამო წავედი. თუმცა, ამ სიურპრიზს ნამდვილად არ ველოდი. გზაში ძალიან გაგვიჭირდა, ციოდა, თოვდა. დასაწყისში გერგეტთანაც წვიმდა. მეტეოსადგურში ვიყავით მეორე, მესამე დღესაც, ვერსად გავედით ამინდის გამო. 25 აგვისტოს, ღამის 2-ზე გავედით მეტეოსადგურიდან და 8 საათი დაგვჭირდა ასასვლელად. 12-ის ნახევარზე უკვე მყინვარწვერზე ვიყავით. ჯეკოსთვის ეს მეოთხე ასვლა იყო, მაგრამ ბევრმა აღნიშნა, რომ ურთულესი მარშრუტი გვქონდა. მამა გზადაგზა ხელებს მითბობდა, ისე მეყინებოდა. ბევრი ვერ გადის აკლიმატიზაციას და უკან მობრუნება უწევს, მაგრამ მე არ მიგრძნია არც წნევის ცვლილება, არც სუნთქვის გახშირება მქონია და ეს უკვირდათ. ორი გოგო ავედით ბოლომდე, დანარჩენები უკან მიბრუნდნენ, ზოგი იმის გამო, რომ აკლიმატიზაცია ვერ გაიარა, ზოგს ფეხები გაეყინა, ზოგს შიში ჰქონდა სუნთქვის პრობლემების გამო. ჩემთან ერთად გოგო რომ ამოვიდა, ის უკვე მესამედ იყო მყინვარწვერზე. ორი ჯგუფიდან მამაკაცებსაც მოუწიათ უკან მიბრუნებამ, აკლიმატიზაციის გამო. 25-ნი ვიყავით და 12-ნი ავედით მხოლოდ ბოლომდე. მეტეოსადგურიდან მყინვარწვერამდე გზა ცხოვრებას ჰგავდა. ჩვენ გვქონდა მიზანი, რომლისთვისაც ერთად უნდა მიგვეღწია. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არაფრის ძალა აღარ მქონდა, ფეხებს ყინვის გამო ვეღარ ვგრძნობდი, წყალიც უკვე გვითავდებოდა და კიდევ ორი საათი უნდა გვევლო თოვლიან აღმართში, წამითაც არ მიფიქრია უკან მიბრუნება. ამ გზამ დამანახვა, რომ ცხოვრებაში ისეთი წინაღობა არასდროს იქნება, რომლის გადალახვასაც მე და ჯეკო ერთობლივად ვერ შევძლებთ.

ნახევარ საათზე მეტხანს იქ გაჩერება არ არის რეკომენდებული. ულამაზესი ხედებით ვტკბებოდით, მართლა საოცარია იქაურობა და ამ დროს, ასვლიდან რაღაც 5 წუთში მოხდა ეს ყველაფერი. ჯეკო ფოტოებს გვიღებდა, უცებ სხვას გადასცა ფოტოაპარატი, ბეჭედი ამოიღო და ცოლობა მთხოვა.

- რა რეაქცია გქონდა? - პირველ რიგში, მამას შევხედე. თავიდან ვიფიქრე, მამამაც იცოდა, ეს რომ იგეგმებოდა... მას მშვიდი და ღიმილიანი სახე ჰქონდა. ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა ჯეკოსა და მამას შორის. ჩემი ოჯახის წევრებმაც მერე გაიგეს. გაირკვა, რომ ჯეკოს ოჯახში ყველამ იცოდა. ჩემს ძმას გავუგზავნე ჩვენი ფოტო, სადაც ბეჭედი მეკეთა, მივწერე, გილოცავ-მეთქი. გაუკვირდა. მამას ეხუმრებოდა, ჩემი და გაგაყოლე და ვერ მოუარეო... ორი ძმა მყავს.

- ჯეკო, გურანდა ამბობს, რთული იყო ასვლა და ხალხი გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდაო. არ გეშინოდა, გეგმა რომ ჩაგშლოდა? - მესამედ რომ ავედი, ცუდად ვიყავი აკლიმატიზაციის გამო, თუმცა, მაინც ავედი. ახლაც მეშინოდა, ასვლა მე რომ ვერ შევძლო-მეთქი... გურანდამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, პირიქით, აქეთ მეუბნებოდა, დროზე გაიარე, მალე ადიო. შიში კი მქონდა, მაგრამ წამითაც არ ვუშვებდი, რომ ვერ ავიდოდით... თვალი ცრემლებით გევსება ადამიანს, როცა წვალობ და მიზანს აღწევ. ცრემლები წამომივიდა, მიხაროდა, ყველანი მშვიდობიანად რომ ავედით და ჩემს მიზანს მივაღწიე. ყველამ კარგად შეინახა ჩემი საიდუმლო. ისე, ხელის თხოვნა რომ სხვანაირი იქნებოდა, ამას გურანდა და მისი ოჯახი ალბათ მაინც ხვდებოდნენ. მგონი, მოლოდინი გავამართლე... როცა უკან დავბრუნდით, ქვევით, მეტეოსადგურთან, მეგობრებმა სიურპრიზი ორივეს მოგვიწყვეს და ეს ძალზე სასიამოვნო იყო, გამახარეს.

- ალბათ ჯვრისწერაზეც სიურპრიზის მოლოდინში იქნება... - სიურპრიზად დავტოვოთ ჯვრისწერა. ესეც მოფიქრებულია, ორიგინალური იქნება.

თეა ხურცილავა ჟურნალი "გზა"