"მამაკაცი "საკონტროლო პაკეტს" უნდა ფლობდეს, თავს მასზე მაღლა არ უნდა ვგრძნობდე" - კვირის პალიტრა

"მამაკაცი "საკონტროლო პაკეტს" უნდა ფლობდეს, თავს მასზე მაღლა არ უნდა ვგრძნობდე"

ნანუ მაცაბერიძე "მასტერშეფის" მეოთხე სეზონის გამორჩეული კონკურსანტია. მან იცის, როგორ შეიძლება ერთმანეთს შეუთავსო ფიტნესი, იოგა, კულინარია და რაც მთავარია, ყველგან და ყველაფერში სიჯანსაღე ეძებო. ამბობს, რომ ამ პროექტში დასამარცხებლად არ მისულა, წინ დიდი და "ჯანსაღი" გეგმები აქვს.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"კულინარიამ 12 წლიდან გამიტაცა, ეს ინტერესი ჩემმა გურმანობამ, ჭამის სიყვარულმა გამოიწვია... ყველაფერს ვაკეთებდი: ლობიო, ბაჟე, პიცას ვაცხობდი... თავდაპირველად ტრადიციული კერძებით დავიწყე, შემდეგ ყველა კერძში ჩემი ინტერპრეტაცია შემქონდა, ფანტაზია მქონდა და სულ სიახლეებს ვიგონებდი..."

"რამდენიმე წლის წინ, არჩევანის წინაშე დავდექი: ან კულინარიას გავყოლოდი და აკადემიაში ჩამებარებინა, ან - სპორტს და შესაბამისად, მუდმივად ფორმაში ვყოფილიყავი. კულინარიის აკადემია რომ ამერჩია, მივხვდი, საკუთარ გარეგნობას დიდ ყურადღებას ვერ მივაქცევდი, წონა გამექცეოდა. ამიტომ ფიტნესი ავირჩიე და სამოყვარულო დონეზე კულინარიითაც დავინტერესდი... იცოდეთ, დღეში ხუთჯერადი კვება აუცილებელია"

"დაოჯახებული არ ვარ, შეყვარებულიც არ გახლავართ. ჩემი ცხოვრება მარტივი არ არის, საკუთარი რეჟიმი მაქვს, 18 წელია, ასე ვცხოვრობ. სიჯანსაღე მხოლოდ კვებაში არაფერია, თუ ჯანსაღი აზროვნება არ გაქვს. რიგ საკითხებზე ჩვეულებრივი დამოკიდებულებები არ გამაჩნია. პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემთან ურთიერთობა მარტივი არ არის..."

"ვისთანაც კი ხმა მიმიწვდება, ყველას მოვუწოდებ, ჯანმრთელობას მიხედონ. ეს პროექტი ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაში ძალიან დამეხმარება. მეც ადამიანების დახმარების მეტი შესაძლებლობა მექნება. მინდა, ძალიან დიდხანს დავრჩე ამ პროექტში. დამარცხებისთვის არავინ არსად არ მიდის. გამარჯვების შემთხვევაში გაასმაგებული ენერგიით ვიმუშავებ. კვების და სპორტის მიმართულებით ბევრი ჯანსაღი გეგმა მაქვს..." იხილეთ სრულად

თამუნა კვინიკაძე