"მინდა ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადავუხადო... თანახმა ვარ, ბოლომდე "ქართული ოცნების" ჯარისკაცი ვიყო!" - კვირის პალიტრა

"მინდა ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადავუხადო... თანახმა ვარ, ბოლომდე "ქართული ოცნების" ჯარისკაცი ვიყო!"

"ეს ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველა პრობლემას ერთად წყვეტენ, ერთმანეთი უყვართ და ერთმანეთს აძლიერებენ... ასეთი გუნდის ჩამოყალიბება ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. მინდა, მას მადლობა გადავუხადო, რომ ამ გუნდის წევრად მაქცია. მზად ვარ, ბოლომდე "ქართული ოცნების" ჯარისკაცი ვიყო", - გვითხრა პარლამენტის წევრმა, ცნობილმა ექიმმა ლადო კახაძემ, რომელსაც მრავალ საყურადღებო საკითხზე ვესაუბრეთ.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ამ ინტერვიუში თავის ქებას სულაც არ ვაპირებ. როგორ შეიძლება, ზოგიერთი ოჯახის გაჭირვებას ვერ ვხედავდე, მაგრამ ამ ოჯახებს დიდი დაღი დაასვა არა მარტო პანდემიამ, არამედ სხვა პრობლემებმაც. ჩვენ ისეთი მძიმე მემკვიდრეობა და ისეთი ნაღმები დაგვიტოვა წინა ხელისუფლებამ, რომლის გადალახვაც ერთბაშად ვერ მოხერხდებოდა. ჯერ კიდევ არ ვიცით, რაზე აქვთ ხელი მოწერილი - რა დოკუმენტებზე ან - რა საბუთებზე..."

"იმედი გვაქვს, მეორე ტალღის გადაგორებასაც შევძლებთ. ჩემი აზრით, შეკავების პროცესი სწორად წარიმართა, ამან დრო მოგვაგებინა. ჩვენს ოპონენტებს ყურები თუ არა აქვთ ბამბით გამოტენილი, ამას როგორ ამბობენ?! მაგრამ რას ვიზამთ, მავნეები არიან და პოლიტიკური სიბინძურით აქვთ გონება დაბნელებული! ასე მკაცრად იმიტომ ვაფასებ, რომ მათი განცხადებები ნამდვილი ავანტიურაა - დაახლოებით ისეთი, რომლითაც 2008 წელს ქვეყნის ტერიტორია ჩააბარეს რუსებს. მაშინ ვეებერთელა შავი ფული გათეთრდა იარაღით ვაჭრობის შედეგად! ვინ იცის, ამ ავანტიურას რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა - ნამდვილი ვაჟკაცების სიცოცხლე!.."

"მხოლოდ ცილს გვწამებენ და პოლიტიკურ მეძაობას ეწევიან, ეს კარგად ეხერხებათ, რადგან პოლიტიკური თვალსაზრისით, უსინდისოები და ვერაგები არიან. ისეთ რამეზე ამბობენ ცუდს და აუგს, რაც კარგია. იმასაც ამტკიცებენ, ხალხს ფულს აძლევენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაზარდონო, მაგრამ ამის დაჯერება როგორ შეიძლება?! ან როგორ შეიძლება ყველაფრის უკუღმართულად ახსნა და დანახვა, მაგრამ ბილწი, შხამიანი და გესლიანი ვირუსით შეპყრობილი მოწინააღმდეგეები გვყავს - ვირუსით, რომელიც კორონაზე ბევრად საშიშია..."

"დარწმუნებული ვარ, ოქტომბრის არჩევნებში სწორედ "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს. ძალიან ბევრი პრობლემა და მოუგვარებელი საკითხი გვაქვს, მაგრამ მაინც გავიმარჯვებთ. სხვათა შორის, ოპოზიციას თავად სურდა არჩევნების გადადება, დიდხანს ელოდნენ, რომ ეს პირველად ჩვენ გვეთქვა, მაგრამ არ გამოუვიდათ: ახლა, როცა ვამბობთ, რომ არავისი ხმა არ დაიკარგება - არც ინფიცირებულის და არც პალატაში მყოფის, ჩვენს მოწინააღმდეგეებს ლამის გული გაუსკდეთ. ჩვენი გუნდი არის ნათელი ძალა, რომელიც საქართველოს სჭირდება და ვისაც ამის არ სჯერა, მზად ვარ, დებატებში გამოვიწვიო: ნებისმიერ ოპონენტს დავუმტკიცებ, რა განსხვავებაა ნათელსა და ბნელს შორის..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 24 სექტემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე