რა შეზღუდვები ამოქმედდება აჭარაში? - კვირის პალიტრა

რა შეზღუდვები ამოქმედდება აჭარაში?

აჭარაში 22:00 საათიდან რესტორნები დაიხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი მთლიანად შეჩერდება.

შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განმარტა, დღის განმავლობაში რესტორნები ჩვეულებრივად იმუშავებენ და 22:00 საათიდან დილამდე დაიკეტებიან.

"ხვალიდან, 22:00 საათიდან აჭარაში რესტორნები აღარ იმუშავებს, ასევე ხვალიდან, აჭარის რეგიონში მთლიანად გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ანუ დღის მანძილზე რესტორნები იმუშავებენ 22:00 საათამდე ", - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში 1-ელი ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში მხოლოდ 1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის აღდგება, ფოთსა და გორში კი სასწავლო პროცესი ყველა კლასის მოსწავლეებისთვის სკოლებში განახლდება.

მისივე ინფორმაციით, უმაღლეს სასწავლებებლებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

"ყველგან, სადაც დისტანციურად მიმდინარეობს სწავლა, გარდა აჭარისა, 1-ელი ოქტომბრიდან 1-დან მე-6 კლასის მოსწავლეები სასწავლო ოთახებში გააგრძელებენ სწავლას. ეს ეხება თბილისს, რუსთავს, ქუთაისს და ზუგდიდს, რაც შეეხება ფოთსა და გორს, განსხვავებით ამ ოთხი ქალაქისგან, 1-ელი ოქტომბრიდან ფიზიკურად სწავლა გაგრძელდება ყველა კლასში.

იქ, სადაც დღეს დისტანციურადაა სწავლა და 1-ელი ოქტომბრიდან ჩემ მიერ ჩამოთვლილ ქალაქებში გაგრძელდება საკლასო ოთახებში სწავლა, მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა აირჩიონ სწავლების დისტანციური მოდელი",- განაცხადა მეზვრიშვილმა.

იხილეთ ვიდეო