"არ მეშინია, დასამალიც არაფერი გვაქვს..." - კვირის პალიტრა

"არ მეშინია, დასამალიც არაფერი გვაქვს..."

"ისეთი ადამიანები მაინც გამოჩნდებიან, ვინც ცუდი რაღაცების თქმას შეეცდებიან, მაგრამ არა უშავს - ეს ჩვენთვის გადამწყვეტი ნამდვილად არ არის..."

პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციები სკოლაში, ონლაინსწავლის მენეჯმენტი მშობლისთვის, მედიცინა, თავის მოვლასთან დაკავშირებული მოულოდნელი რჩევები და პოლიტიკაში გარევის გავლენა რეპუტაციაზე - ის საკითხებია, რომლის შესახებაც ტელეწამყვან გვანცა დარასელიას ვესაუბრეთ.

ინტერვიუ ახალი სატელევიზიო სეზონის თემით დავიწყეთ.

- როგორც ყოველთვის, ახალ სატელევიზიო სეზონს არაჩვეულებრივი განწყობით ვხვდები, რადგან ცხოვრებაში ძალიან გამიმართლა: ისეთი სამსახური მაქვს, რომელიც მიყვარს; იმ საქმეს ვაკეთებ, რაც ძალიან მსიამოვნებს. მართალია, ერთი სული გვაქვს ხოლმე, შვებულების პერიოდი როდის დადგება, რადგან ყველანი ძალიან ვიღლებით, მაგრამ ასევე, ყოველთვის ერთი სული გვაქვს, ჩვენს ტელემაყურებლებს როდის დავუბრუნდებით. ეთერში გასვლამდე, წინა დღეებში, თანამშრომლებმა შეკრება მოვახერხეთ - დავგეგმეთ, ახალი სეზონი რომელი თემებით დაგვეწყო. სხვათა შორის, "სხვა შუადღეს" მეოცე სეზონი აქვს.

- გილოცავთ!.. როგორც ვიცი, სამედიცინო გადაცემაზე ზაფხულშიც მუშაობდი... - დიახ. გადაცემის - "ჩვენი კლინიკა" წარმომადგენლებს არ დაგვისვენია, რადგან მედიცინა წლის ნებისმიერ დროს აქტუალურია, განსაკუთრებით ზაფხულშია საჭირო და მნიშვნელოვანი. ის ადამიანები, ვინც კვირა დღეს ტელევიზორთან ატარებდნენ, ჩვენი გადაცემიდან ბევრ საინტერესო ინფორმაციას იგებდნენ. წელს ჩვენს ტელევიზიას ასეთი სტრატეგია ჰქონდა, რომ ზაფხული გადაცემებით დატვირთული ყოფილიყო: "დიდი სცენაც" ეთერში იყო, "არ გაჩერდეც"... მოკლედ, მაყურებლებს მოწყენის საშუალებას არ ვაძლევდით.

- საზაფხულო არდადეგების მოწყობა მოახერხე? - წელსაც ჩემი დასვენება ჩემი შვილების დასვენებაზე იყო "მიბმული": ფაქტობრივად, სულ გზაში ვიყავით, ვიმოგზაურეთ. ინდივიდუალურად, ცალკე დასვენება ვერ მოვახერხე, მაგრამ ამას უკვე შევეჩვიე, რომ ძირითადად, შვილების დასვენებასა და საჭიროებაზე ვარ მორგებული. ამიტომ ცოტა ხანს ბაკურიანშიც ვიყავით, ზღვაზეც, სოფელშიც...

- სამუშაო რეჟიმს დასვენებისთვის ხელი არ შეუშლია? - არა. 2 კვირა დასვენება მაინც გამომივიდა.

- სამედიცინო გადაცემაზე მუშაობისას, ისეთი რა შეიტყვე, რამაც ძალზე გაგაოცა? - ასეთი ბევრი რამ იყო, რა თქმა უნდა. ჩემთვის ამ გადაცემის ყოველი ეპიზოდი საოცარია, რადგან მულაჟებით, დადგმული სცენების საშუალებით, სამედიცინო პროცესების, ორგანოს ან პრობლემის (რის შესახებაც ვსაუბრობთ) ვიზუალიზაციას ვახდენთ და ნათლად ვხედავთ. მაგალითად. ჩემთვის დასამახსოვრებელი იყო, როცა სტუდიაში "ყური" გვქონდა. ტელემაყურებლებს ვაჩვენებდით, თუ რა მნიშვნელობა აქვს ყურის გოგირდს და რატომ არ უნდა გამოვისუფთაოთ გოგირდისგან მთლიანად. გვქონდა "ბაქტერიები", "მიკრობები", რომლებსაც ჰაერის ჭავლით ყურისკენ ვუბერავდით... ვინც ამ გადაცემას უყურა, ზუსტად მიხვდა, საერთოდ, რა არის ე.წ. ყურის გოგირდი და როგორ ხვდება ბაქტერიები ჩვენს ყურებში.

- თავის მოვლასთან დაკავშირებით თუ აღმოგიჩენია, რომ თურმე, რაღაცას არასწორად აკეთებდი? - კი, როგორ არა! თავის დაბანის საკითხზე ბევრი ახალი რამ გავიგე, მიუხედავად იმისა, რომ სატელევიზიო სფეროში მუშაობის წყალობით, თავის მოვლის შესახებ ბევრი რამე ვიცი და გამოცდილებაც დავაგროვე. მაგალითად, მიცერალურ წყალს ყველა ვიყენებთ, მაგრამ რეალურად, არ ვიცოდი, ეს მიცერები რა იყო, სახის კანს რა მექანიზმით წმენდდა...

- როგორ ფიქრობ, პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვას სკოლებში ბავშვები შეძლებენ? - ის მშობლები, ვისაც ბავშვები კერძო სკოლაში დაგვყავს, უფრო მშვიდად ვართ, რადგან ჩვენთან, სკოლებში იმის საშუალება არის, რომ კლასები დაიყოს - უფრო ნაკლები ბავშვი იყოს. შესაბამისად, მასწავლებელს შეუძლია, მოსწავლეები მეტად გააკონტროლოს და კონტაქტებიც უფრო მეტად შეიზღუდოს. ჩემი შვილი ახლა რომელ სკოლაშიც სწავლობს, იქ რეგულაციებს მკაცრად იცავენ. ბავშვებს მითითება მაინც სჭირდებათ, რადგან ჩემი შვილი ჯერ მესამე კლასშია - ის ზრდასრული ადამიანი არ არის, რომ ჰიგიენის საჭირო რუტინა გააზრებული ჰქონდეს. სასწავლო რესურსებთან დაკავშირებით, უკვე შეზღუდვებია დაწესებული: მაგალითად, დაფასთან მუშაობისას ყველა მოსწავლეს ინდივიდუალური მარკერი აქვს. საერთო მოხმარების საგნები "ამოღებულია". ეს რეგულაციები წრეებსაც შეეხო: მაგალითად, ჭადრაკის წრე ცოტა ხნით გაუქმებულია, რადგან იქ ბავშვები საერთო სარგებლობის ნივთებს ეხებიან... სრულიად განსხვავებულ რეალობაში ვართ... საბავშვო ბაღს რაც შეეხება, ვერ გადავწყვიტე, როგორ მოვიქცე - შეიძლება, მალე სიტუაცია შეიცვალოს და უმცროსი შვილი ბაღში ვატარო...

- სკოლაში დამატებითი რეგულაციები სწავლის საფასურზე ხომ არ აისახა? - სხვათა შორის, არა. ჩემი შვილისთვის სკოლის შესაცვლელად პანდემიის პერიოდი უმტკივნეულოდ გამოვიყენეთ. თავდაპირველად ხელშეკრულებაში რა ფასიც იყო მითითებული, ის დარჩა. როგორც ჩანს, სკოლამ რესურსი სხვანაირად გადაანაწილა...

- ონლაინსწავლის პროცესში თუ მონაწილეობდი და თავს როგორ ართმევდი?

- ჩემთვის ეს ძალიან რთული იყო, რადგან იმ სკოლაში, სადაც ჩემი შვილი წინათ დადიოდა, იქვე მეცადინეობდა და შინ ისე მოდიოდა - კვირის განმავლობაში, სამეცადინო პროცესთან შეხება საერთოდ არ მქონდა, მერე კი, როცა უკვე ონლაინგაკვეთილები ჰქონდა, სახლში არ ვიყავი. მთელი დღე ვფიქრობდი, რომ შინ მალე მივსულიყავი, დავალებები ამომებეჭდა, ის ყველაფერი (ტექნიკური საკითხი) გამეკეთებინა, რასაც ბავშვი თავად ვერ შეძლებდა, რომ მერე დამჯდარიყო და ემეცადინა. ამ ყველაფრის მენეჯმენტი საკმაოდ დამღლელი გახლდათ. გარკვეული დრო დაგვჭირდა, რომ ბავშვი სწავლის ამ ფორმატს მორგებოდა. სულ არაფერს ჯობდა - ონლაინსწავლას ასე შევაფასებ (იღიმის).

- შენმა შვილებმა კორონავირუსის, არსებული სიტუაციის შესახებ რა იციან? - ალბათ, ამ ყველაფერს გლობალურად ვერ აღიქვამენ, მაგრამ მაგალითად, ლილემ იცის - ბატუტ-ცენტრები და მაღაზიები იმიტომ არ მუშაობს, რომ კორონავირუსია (იღიმის). ალბათ, როგორც ყველასთან, ეს თემა ჩვენთანაც გაცვდა. თავიდან უფრო მეტს ვსაუბრობდით და ისინიც მეტ შეკითხვას სვამდნენ. ახლა მცხეთაში ვართ - გარე სამყაროსთან ბავშვებს აქტიური შეხება არ აქვთ. უფროსმა შვილმა ახლახან სკოლაში სიარული დაიწყო, თორემ მანამდე სულ მცხეთაში იყო. ამიტომ შიში და გარეთ გასვლისას დაძაბულობა დიდად არ უგრძნია. უბრალოდ, სამსახურიდან რომ მოვდიოდი და ბავშვები ჩემკენ გამოიქცეოდნენ, ვაჩერებდი - არა, ჯერ უნდა გამოვიცვალო, მოვწესრიგდე, დავიბანო და შემდეგ თქვენთან კონტაქტს შევძლებ-მეთქი. ასეთი, ცოტათი სტრესული ეპიზოდები იყო...

- მახსოვს, შენი მეუღლე მაჟორიტარობის კანდიდატი იყო. საარჩევნო პროცესში წელსაც ჩართულია? - კი. 4 წლის წინ ჩემი მეუღლე კენჭს იყრიდა ლაგოდეხსა და ყვარელში, პარტია "თავისუფალი დემოკრატებიდან". ისევ ამ პარტიის წევრია, რა თქმა უნდა და ესპარტია ამ საპარლამენტო არჩევნებშიც მონაწილეობს. ჩემი მეუღლე წინასაარჩევნო პროცესში აქტიურადაა ჩართული.

- 4 წლის წინ, მეუღლეს აქტიურად უჭერდი მხარს. მანამდე, რეალურად, პოლიტიკა შენთვის საინტერესო სფერო იყო?

- ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ყოველთვის საინტერესო იყო. ასეთი დამოკიდებულება - "არ მაინტერესებს, არ ვიცი" - ცოტათი გამაღიზიანებელია, რადგან ჩვენი პატარა ქვეყნისთვის პოლიტიკა ყველა ადამიანის ცხოვრების ისეთი განმსაზღვრელია, რომ შეუძლებელია, არ გაინტერესებდეს. უნებურად, ამ პროცესში ყველანი ჩართული ვართ, რადგან ბევრი სისტემა გაუმართავია, ადამიანების სურვილსაც მნიშვნელობა აქვს... პოლიტიკა ყოველთვის მაინტერესებდა: საინფორმაციო გამოშვებებს ვუყურებდი, ვინტერესდებოდი, რა ხდებოდა, რომ ანალიზის საშუალება მქონოდა. არც ერთი არჩევნები არ გამომიტოვებია - ხმას ყოველთვის ვაძლევ. მინდა ვიცოდე, ვის რატომ უნდა გამოვუცხადო ნდობა... მგონია, პოლიტიკური პროცესების მიმართ ყველა მოქალაქეს მინიმალური ინტერესი უნდა ჰქონდეს. რა თქმა უნდა, 4 წლის წინ ამ სფეროში უფრო აქტიურად ვიყავი ჩართული, რადგან ჩემი მეუღლის პირადი მხარდამჭერი გახლდით - ორსულობის მიუხედავად, ყველგან, სადაც საშუალება მქონდა, კარდაკარ დავყვებოდი. მის კამპანიას ახლაც მაქსიმალურად დავუჭერ მხარს, როგორც შევძლებ. მგონია, ჩემი მეუღლეც და ეს პარტიაც ნამდვილად, წარმატების ღირსია, რადგან ალტერნატიული ძალაა, რომელიც წლების განმავლობაში აქტუალურობას მოკლებული იყო, მაგრამ იმედი მაქვს, ძალიან მალე ამომრჩევლამდეც მივლენ...

- ერთ-ერთი ისეთი ტელესახე ხარ, რომლის შესახებაც ჭორები არ ვრცელდება, საზოგადოება კეთილგანწყობილია. პოლიტიკოსების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზე იმავეს ვერ ვიტყვით. არ გიფიქრია, რომ პოლიტიკაში გარევით - თუნდაც, მეუღლისადმი პირადი მხარდაჭერის სახით, - შენ მიმართ ხალხის კეთილგანწყობა შეიცვლებოდა?

- არა, ამაზე არ მიფიქრია, პირიქით - შეიძლება, თამამ ნათქვამად ჩამითვალოთ, მაგრამ მგონია, რომ ამ შემთხვევაში, შესაძლოა, მეუღლისთვის "პლუსად" ჩავითვალო, როგორც კარგი რეპუტაციის (რაც თავად აღნიშნეთ) მქონე (იღიმის). ასე რომ, ნამდვილად არ მეშინია. დასამალიც არაფერი გვაქვს. საშუალო ფენის წარმომადგენლები ვართ, ჩვეულებრივი ქართული ოჯახი გვაქვს... მგონია, ისეთი ადამიანები მაინც გამოჩნდებიან, ვინც ცუდი რაღაცების თქმას შეეცდებიან, მაგრამ არა უშავს - ეს ჩვენთვის გადამწყვეტი ნამდვილად არ არის...

ეთო ყორღანაშვილი ჟურნალი "გზა"