საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული ხვიჩა მღებრიშვილი მისი დაკავების დეტალებზე საუბრობს - კვირის პალიტრა

საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული ხვიჩა მღებრიშვილი მისი დაკავების დეტალებზე საუბრობს

ვნახე ქართველები, კარგად არიან, გამოსვლას ელოდებიან, - ამის შესახებ ხვიჩა მღებრიშვილმა ცხინვალის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ცხინვალში პატიმრობაში ყოფნისას კარგად ექცეოდნენ.

„არცევში მივდიოდი, ტელეფონზე მისმენდნენ, მელოდებოდნენ. სანამ შევიდოდი, დაახლოებით 100 მეტრში დამიჭირეს და ცხინვალში წამიყვანეს. კარგად მექცეოდნენ, პრობლემა არ მქონია. ღამურებთან დაკავშირებით განცხადებები სისულელეა. რა ლაბორატორია, ინგლისური არ ვიცი, რა ამერიკელები.

ვნახე ქართველები, კარგად არიან, გამოსვლას ელოდებიან“,-განაცხადა ხვიჩა მღებრიშვილმა.

ცნობისთვის, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, მიმდინარე წლის 3 ივლისს დააკავეს. მისი დაკავების შემდეგ ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მღებრიშვილის მათ მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლის მიზეზი ღამურები იყო. მათივე მტკიცებით, ის დასახლებულ პუნქტებში ღამურების მოძებნას აპირებდა შემდგომში საქართველოს ტერიტორიაზე თითო ღამურის 5 000 აშშ დოლარად რეალიზაციის მიზნით.

"ინტერპრესნიუსი"