"მეტრომდე ცალ-ცალკე მიდიოდნენ და მერე იქ ხვდებოდნენ ერთმანეთს" - რა ბედი ეწია მოხუც წყვილს, რომელიც ბათუმში გაპარვასა და ოჯახის შექმნას აპირებდა
"მეტრომდე ცალ-ცალკე მიდიოდნენ და მერე იქ ხვდებოდნენ ერთმანეთს" - რა ბედი ეწია მოხუც წყვილს, რომელიც ბათუმში გაპარვასა და ოჯახის შექმნას აპირებდა
გლდანში, გიორგიწმინდის დასახლებაში არის სახლი, რომელსაც სხვებისგან ვერაფრით გამოარჩევთ. ამ სახლში დიდი სიკეთე ტრიალებს: მისმა დიასახლისმა 2005 წელს მოხუცთა პანსიონატი დააარსა და თავის ბენეფიციარებს სითბოსა და ყურადღებას არ აკლებს. პანსიონატის დამფუძნებელი და სულისჩამდგმელი მაია ახალაძეა, რომელიც თავისი "გოგო-ბიჭების" ამბავს დიდი სიყვარულით გვიყვება.

- ბებიის გაზრდილი ვარ, რომელიც 1990-იან წლებში ავად გახდა. მის მიმართ სათანადო ყურადღება ვერ გამოვიჩინე, რადგან იმ ხანებში პატარა ბავშვი მყავდა. უკმარისობის გრძნობა, რომ ჩემს საყვარელ ბებოს ვერ
მივხედე და მოვუარე, თან დამყვებოდა და ეს პანსიონატი სწორედ მის სახელზე დავაფუძნე. ახლა ჩემს პანსიონატში 7 ქალი და 1 მამაკაცი ცხოვრობენ. მათ მოფერებით "ჩემს გოგოებს და ბიჭს" ვეძახი, რაც ძალიან მოსწონთ და ახალისებთ. სამაგიეროდ, სიტყვა "თავშესაფარი" საშინლად არ მოსწონთ და როცა ესმით, ითრგუნებიან. ამ საქმეში
მთელი ჩემი ოჯახია ჩართული, ვიფიქრეთ და ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, პანსიონატისთვის "ჩემი ოჯახი" დაგვერქმია. ეს სახელწოდება ჩვენს ბინადრებსაც ძალიან მოეწონათ და დღემდე შემოგვრჩა.

- რთულია ამდენი განსხვავებული ადამიანის მოვლა-პატრონობა?
- ამ საქმეს დიდი სითბო და სიყვარული სჭირდება, ამავე დროს, დიდი მოთმინება და ნერვები უნდა გქონდეს. მათი კვება და სისუფთავე მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი მათი მოფერება და ყურადღებიანი, ემოციური დამოკიდებულებაა. ყველას უნდა მოუსმინო, ყველას საფიქრალი გაითავისო. შეიძლება დღეში ასჯერ მოგიყვნენ რაღაცას თავიანთი წარსულიდან და შენც ისეთივე განწყობით უნდა მოუსმინო, როგორითაც პირველად უსმენდი, - გაიკვირვო, მოიწყინო და მათ ემოციებს აჰყვე. ეს ადამიანები ძალიან უნდა გიყვარდეს, თორემ მათ მოვლას მარტო გასამრჯელოსთვის ვერ შეძლებ. საბედნიეროდ, მეხმარება და თავიდანვე მხარში მიდგას მეუღლე - ლევან კაშია. ამ კეთილ საქმეში ჩემი შვილიც იყო ჩართული. ვახო ახლა უკვე ექიმია და ცალკე ცხოვრობს თავის ოჯახთან ერთად. როცა დამჭირდება, მარტო ის კი არა, მისი კლინიკის მთელი პერსონალი მეხმარება - ჩვენს მოხუცებს "ვახოს ბებოებს" ეძახიან და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ.

- ძირითადად, რა კატეგორიის ხალხი ცხოვრობს თქვენს პანსიონატში?
- არიან სოციალურად დაუცველებიც, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს, მაგრამ არის ისეთი კატეგორია, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შინ მარტო ვერ ტოვებენ. შვილებსა და შვილიშვილებს თავიანთი საქმე აქვთ, მთელ დღეს სამსახურში ატარებენ და მოხუცი მარტოა გამოკეტილი. ამიტომ ურჩევნია, აქ ტოლებთან ერთად იყოს და დამლაპარაკებელი მაინც ჰყავდეს. არის კატეგორია, რომელსაც უკვე დემენცია აქვს დაწყებული და სახლში მარტო ვერ ტოვებენ. შვილები სამსახურს თავს ვერ ანებებენ და ოჯახი ერთობლივად წყვეტს, რომ ასე ჯობია. არის ოჯახები, რომლებსაც არ სურთ, სხვამ გაიგოს, რომ მათი მშობელი პანსიონატშია. ზოგი რაიონიდანაა და ერცხვინება, არ უნდა ეს ამბავი გამჟღავნდეს. ამიტომ, თუ მოხუცის სურვილი არ არის, არც ფოტოს ვუღებთ და არც ვიდეოს. ბევრს უთქვამს, ჩემი შვილი არაფრის ღირსი არაა, მაგრამ დედის გულის ამბავი ხომ იციო?! ზოგჯერ მოდიან, დედას პენსიას გამოართმევენ და მიდიან. რაში გჭირდება პენსია, აქ ისედაც ყველაფერი გაქვსო, - ეუბნებიან. მაინც უყვართ და მაინც ერთი სული აქვთ, შვილებს როდის ნახავენ.

- ალბათ ყველას განსაკუთრებული ისტორია აქვს.
- რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაზე ემოციური ჩემთვის ის დღეები იყო, როცა პირველი სოციალურად დაუცველი მოხუცები მივიღეთ: ცხელ სადილს რომ დავუსხამდი, ხელის კანკალით ჭამდნენ და აქეთ-იქით იყურებოდნენ, უკვირდათ - ნუთუ ეს ჩემია, თანაც უფასოდო?! ზოგიერთს ტკბილეულსა და კანფეტს რომ დაუდებ, თან რცხვენია და თან ცდილობს, ხელსახოცში გაახვიოს, რომ მერე სანახავად მოსულ შვილებს ან შვილიშვილებს მისცეს. არ იფიქროთ, პენსია თავისთვის დახარჯონ: ინახავენ, "კაპიკს კაპიკზე" აწებებენ და მერე მთხოვენ, რომ შვილს ანგარიშის ნომერზე ჩავურიცხო. ზოგი წუხს: აქ არაფერი მაკლია და ნეტავ ჩემს შვილებს საჭმელი თუ აქვთო?.. აქაც მათზე ფიქრობენ და ზრუნავენ. ძალიან ბევრი შეშინებულია! იცით, ამას როგორ ვატყობ? როცა მივუახლოვდები ან როცა გრილი დღეა და მინდა, ბეჭებზე რაღაც მოვასხა, შიშისაგან სახეზე ხელებს იფარებენ... ასე ვხვდები, რომ იმ მოხუცს თავის ოჯახში კარგად არ ექცეოდნენ, რომ მას ეშინია, ვიღაცამ არ გაარტყას!..
ერთი ქალბატონი მყავდა, რომელმაც დისშვილი გაზარდა და რაც გააჩნდა, მას დაუმტკიცა. იმან კი აქ მოიყვანა და რამდენიმე თვეში მოგვწერა: აღარ მაინტერესებს, მოკვდება თუ მორჩება, დეიდაჩემის გამო ნუღარ შემაწუხებთო! სამწუხაროდ, ზოგიერთი შვილიც ასე იქცევა: შეიძლება მეზობელმა უფრო კარგად მოგხედოს და მოგიაროს, ვიდრე საკუთარმა შვილმა ან სისხლით ნათესავმა. არადა, ოჯახზე, შვილებზე გადაყოლილი ხალხია: გაზარდეს, ასწავლეს, არ მოუკლიათ მუსიკა, რეპეტიტორები, უმაღლესი განათლება და ბოლოს უთხრეს - შენი ადგილი ამ სახლში არ არის, უნდა წახვიდეო. ზოგი მიყვება, შვილმა სახლ-კარი გამაყიდვინა და ქუჩაში დამტოვაო... ერთ-ერთი ბებო მიყვებოდა, ისეთი უჭმელი შვილი მყავდა, 20 წელი ხელით ვაჭმევდი, ახლა კი მითხრა: შენი ადგილი ჩემს სახლში არ არისო...

ეკონომიკური პრობლემების გამო, ბევრი მოხუცი მოჰყავთ. გვყოლია ძალადობის მსხვერპლი მოხუცებიც - ზოგი რძალს ვერ შეეგუა, ზოგი - შვილს, ზოგს უბრალოდ, ვერ მოუარეს. როდესაც მშობელს გულმავიწყობა ეწყება, უკვე პამპერსი სჭირდება და ხვდებიან, რომ ოჯახში ვერ მოუვლიან, პანსიონატში მოჰყავთ. მკითხველი რომ არ დაითრგუნოს, გეტყვით, რომ საბედნიეროდ, ბევრს კარგი შვილი ჰყავს. ზოგჯერ უცხოეთშია და მშობელს აფინანსებს. მასაც, მარტო ყოფნა სწყინდება და პანსიონატში, თავის ტოლებთან ყოფნა ურჩევნია. რომ ვაკვირდები, პატარა ბავშვებივით არიან. საკმარისია, ერთთან 5 წუთით დიდხანს გაჩერდე, მეორე ეჭვიანობს: მე აღარ გიყვარვარ და აქედან უნდა წავიდეო. ამიტომ, შენი სითბო და ყურადღება ყველას თანაბრად უნდა გაუნაწილო.

- უკან, ოჯახში თუ ბრუნდებიან?
- ზოგჯერ ხდება, რომ უცხოეთიდან შვილი ჩამოდის და მიჰყავს, მაგრამ მაინც იშვიათობაა, ვინმე აქ მოიყვანონ და მერე უკან დააბრუნონ. ერთეულები რეაბილიტაციის პერიოდშიც მოჰყავთ შვილებს: ოპერაციის ან ფეხის მოტეხის შემდეგ. რეაბილიტაციის პერიოდს აქ გადიან, გამოჯანმრთელდებიან და მერე მიჰყავთ.
სხვათა შორის, ასეთი შემთხვევებიც ხდება: საავადმყოფოში მიიყვანენ მოხუცს და უკან აღარ მიჰყავთ. 3-4 თვით უტოვებენ ექიმებს და მერე ისინი ცდილობენ, როგორმე დააბინაონ. სამინისტროს სთხოვენ, სოციალურ პროგრამაში ჩასვან და პანსიონატში გაუშვან.

- რა ღირს ერთი მოხუცის მოვლა-პატრონობა თქვენთან?
- 600-700 ლარი. შეიძლება ითქვას, რომ ეს მიზერული თანხაა, მაგრამ ვაკვირდებით, რა მდგომარეობაა ქვეყანაში და მოსახლეობას რისი გადახდის საშუალება აქვს. ამ თანხაში შედის ყველაფერი, პამპერსისა და ძვირად ღირებული წამლების გარდა: მოვლა, ჰიგიენა, დაბანა, სამჯერადი სრულფასოვანი კვება, კომუნალური გადასახადები, მათთვის კომფორტის შექმნა.

- სახელმწიფო ძირითადად ვის აფინანსებს?
- სახელმწიფოს აქვს პროგრამა სოციალურად დაუცველებისთვის, მაგრამ მათი რაოდენობა შეზღუდულია: წელიწადში 300 კაცამდე, რაც საქართველოს მასშტაბით ძალიან ცოტაა. ზოგჯერ, როცა მეზობლები ან ნათესავები ხედავენ, რომ მოხუცი გაჭირვებულია, მიწურში ცხოვრობს, წვიმა ჩამოსდის, დაუწერენ განცხადებას, მიიტანენ სამინისტროში. სანამ ამ განცხადებას საბჭო განიხილავს, სანამ რაღაც გადაწყდება, წლები გადის. ბევრი მათგანი წლობით დგას რიგში, ზოგიერთი ისე იღუპება, პანსიონატში მოხვედრას ვერ ახერხებს.

- ალბათ პანსიონატში სახალისო სიტუაციებიც იქმნება...
- როგორ არა?! ძალიან უყვართ სიმღერები, ანეკდოტები. პანდემიამდე, "გააცინე და მოიგეს" გადაღებებზე წავიყვანე. ჩემმა ბებოებმა ანეკდოტები თქვეს და 400 ლარი მოიგეს. რომ გენახათ, რა გახარებულები იყვნენ - ერთი ჟრიამული ჰქონდათ! პანდემიამ ძალიან ჩაგვკეტა, არადა, სტუმრები უყვართ. სულ კარისკენ ჰქონდათ თვალები, ახლა კი მთელი დღე სერიალებს უყურებენ. მარტო ეზოში გამოდიან. ქუჩაში გასვლა კი არა, მნახველებიც აკრძალეს. ამიტომ ყველა ახლობელს დავურეკე და ვუთხარი: მოსვლისგან თავი შეიკავეთ-მეთქი. თუ მნახველები მოვლენ და პროდუქტს მოუტანენ, კართან უნდა დატოვონ.

- როგორც ვიცი, შეყვარებული წყვილიც გყავდათ.
- დიახ, შეყვარებულებიც გვყავდა: ქალი 82-83 წლის იყო, ხოლო მამაკაცი - 80-ის. აქედან მეტრომდე ცალ-ცალკე მიდიოდნენ და მერე იქ ხვდებოდნენ ერთმანეთს. თურმე ბათუმში გაპარვასა და ოჯახის შექმნას აპირებდნენ, მაგრამ შვილებმა ეს საქმე ჩაშალეს. როგორც ვიცი, კაცს ბინა ჰქონდა, ქალბატონს - არა და შვილებს ეგონათ, რომ ეს ყველაფერი ანგარების გამო ხდებოდა. ახლა ისინი ჩემს პანსიონატში აღარ ცხოვრობენ.

- დაბოლოს, ვინ გეხმარებოდათ და გეხმარებათ ამ წლების განმავლობაში?
- ძალიან გვეხმარება "ჯიპას" კოლექტივი. როცა პრეზიდენტი იყო, გიორგი მარგველაშვილმა 700 ლარი ჩაურიცხა პანსიონატში მცხოვრებ პენსიონერებს. რამდენჯერმე "წითელი ჯვარიც" დაგვეხმარა. გლდანის გამგეობაც უგზავნის ნობათს ჩვენს ბებოებს. არ მავიწყდება რუსუდან კერვალიშვილი, რომელიც ახლა ციხეშია, - ჩვენს პანსიონატს დაეხმარა. შემოწირულობა გაგვიკეთა არქიმანდრიტმა ადამმა. თითოეულ მათგანს მადლობა უნდა ვუთხრა ამ სიკეთის გამო! ღრმად მწამს, ჩადენილი სიკეთე ადამიანს ადრე თუ გვიან, წინ დახვდება და ცხოვრების გზას გაუნათებს.

ხათუნა ჩიგოგიძე
ჟურნალი "გზა"

lali
26 სექტემბერი 2020 18:20
არ მესმის ,ვერ ვიგებ,დედა ,ან მამა როგორ უნდა მიატოვო სხვას..
გიული
26 სექტემბერი 2020 17:42
გაიხარეტ ამ სიკეტისტვის. ეს სიკეთე თქვენს შვილთაშვილს მიეცემა. ღმერტმა ყველას ტკბილი სიბერე მისცეს.უფალი გფარავდეტ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები