"სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი, არის ნული!... გიორგი ვაშაძის პოლიტიკოსობა არ გაიშვას!" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი, არის ნული!... გიორგი ვაშაძის პოლიტიკოსობა არ გაიშვას!"

"სულაც არ მინდა, ფილმი გადახრებსა და პათოლოგიებზე გადავიღო. ნუთუ საქართველოში კარგი ადამიანები, დადებითი გმირები არ ცხოვრობენ? მაგრამ თუ პათოლოგიაზე არ გადაიღებ, რომელიღაც "ჩპყ" კონკურსში ვერ გაიმარჯვებ. კიდევ ერთი მწარე სიმართლე - ჩვენ არ გვყავს მწერლები, რომლებიც კარგ სცენარს დაწერენ. დედ-მამის გინება და უშვერი სიტყვების კორიანტელი კარგ სცენარისტობას არ ნიშნავს..."

რეჟისორი ქეთი დოლიძე ყოველთვის აქტიურად ერეოდა ქვეყნის ცხოვრებაში და თავის შეხედულებებს დაუფარავად გამოთქვამდა. ის ამ ტრადიციას დღემდე არ ღალატობს. ცნობილი ხელოვანი გულახდილად გვესაუბრება არა მარტო ქართულ კინოზე, არამედ ჩვენი სამშობლოს მწვავე პრობლემებზეც:

- მეოცე საუკუნეში ქართული კინოს ბუმი იყო, უნდა ვაღიარო, რომ საუკეთესო ფილმებს მაშინ ვქმნიდით, როცა ყველაფერი ცენტრალიზებული იყო და მოსკოვიდან ვიღებდით საჭირო თანხას. დღეს ქართველ რეჟისორებს ამხელა რესურსი აღარა გვაქვს, მეც ამიტომ ვარ გაჩერებული, თორემ განა დამავიწყდა, კარგი ფილმი როგორ უნდა გადავიღო! უზარმაზარი იმპერია დაეცა, ამხელა პოლიტიკურ-ეკონომიკური კოლაფსი განვიცადეთ და სახელმწიფოს შენება ნულიდან დავიწყეთ, ამიტომ ყველაფერს გაგებით ვეკიდები. ასე რომ არ ვფიქრობდე, სულიერად ძალიან გამიჭირდებოდა.

"კუკარაჩა" ამერიკაში რომ გადამეღო, მთელი ცხოვრება ფეხს ფეხზე გადავიდებდი და უზრუნველად ვიცხოვრებდი, მაგრამ ჩემი სამშობლო საქართველოა და არა ამერიკა...

თანამედროვე ქართული კინოს დიდი გულშემატკივარი ვარ, მაგრამ დღეს მოდური გახდა ყოველგვარი პათოლოგიის ჩვენება. ახლანდელი ფილმებიც ამ თემებს ეძღვნება, მათი გმირები ყველაზე მივარდნილ ადგილას მცხოვრები, გაჭირვებული და გაუბედურებული ადამიანები არიან. პერსონაჟი ქალი გზააბნეული უნდა იყოს, რომელსაც მოღალატე და პათოლოგი ქმარი ჰყავს. გადაიღეთ ფილმში დაბზარული, ჩამოფხაჭნილი კედლები და ნებისმიერ ფესტივალზე პრემია გარანტირებული გაქვთ. რაც უფრო უბედური, საწყალი და პათოლოგია გმირი, მით უკეთესი! კინოხელოვნებამ რომანტიზმი დაკარგა! ყველას უნდა ალმადოვარი იყოს, მაგრამ დღეს საქართველოში ალმადოვარი არა გვყავს! მე რომანტიზმის გარეშე კარგი ფილმი ვერ წარმომიდგენია და სულაც არ მინდა, ფილმი გადახრებსა და პათოლოგიებზე გადავიღო. ნუთუ საქართველოში კარგი ადამიანები, დადებითი გმირები არ ცხოვრობენ? მაგრამ თუ პათოლოგიაზე არ გადაიღებ, რომელიღაც "ჩპყ" კონკურსში ვერ გაიმარჯვებ. კიდევ ერთი მწარე სიმართლე უნდა ვთქვა - ჩვენ არ გვყავს მწერლები, რომლებიც ფილმისთვის კარგ სცენარს დაწერენ. დედ-მამის გინება და უშვერი სიტყვების კორიანტელი კარგ სცენარისტობას არ ნიშნავს. მე არ მაინტერესებს ყოველდღიურობის ზუსტი ასლის გადმოღება, რადგან ამას ისედაც ვხედავ.

ხელოვნება სულ სხვა რამეა, ვიდრე ყოველდღიური ცხოვრების კოპირება.

- ძალაუნებურად მივადექით ჩვენს ყოველდღიურობას, რომელიც ცუდი ამბებით და დაძაბულობით არის აღსავსე. ყოველდღე ჩხუბის, მკვლელობისა და თვითმკვლელობის ამბის გაგება უკიდურესად ძნელი ასატანია. როგორ ფიქრობთ, რა ხდება დღეს ჩვენს სამშობლოში? - ისეთი არაფერი, რაც არ ხდება მთელ მსოფლიოში. ჩვენ პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ და მსოფლიოს ანარეკლი აქ ყოველთვის მძაფრად აღიქმება. საუბედუროდ, დღეს ტელევიზია და პრესა ნეგატივზე მუშაობს და ლამის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრად გადაიქცეს.

მცირე ექსპერიმენტი ჩაატარეთ - მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში დააკვირდით, რამდენ დადებით ინფორმაციას ნახავთ სხვადასხვა არხზე, ალბათ, ასეთი 0,01%-იც არ იქნება. მთელი მედია ათასგვარ უბედურებას დასდევს - სად მოხდა მკვლელობა, ვინ ჩამოვარდა, ვინ თავი მოიკლა, ვინ მოკლეს, ვინ დაჭრეს... როგორ, მკვლელობა ან თვითმკვლელობა ადრე არ ხდებოდა? ხდებოდა, მაგრამ იქნებ მე არ მინდა ვიცოდე, რამდენმა კაცმა მოიკლა თავი? როგორც დაგეშილი, მშიერი მგლები, ისე დასდევენ ვიღაცის უბედურებას და ამაზე სიუჟეტებს აგებენ. ავიწყდებათ, რომ ამ ქვეყანაში კარგი ადამიანებიც ცხოვრობენ, ვიღაც კარგ საქმესაც აკეთებს...

- არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპოზიციური პარტიები გააქტიურდნენ. მიხეილ სააკაშვილმაც კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოსვლას აპირებს... - სად ჩამომსვლელია? ყველამ ვნახეთ, აგვისტოს ომის დროს მიწაზე როგორ ხოხავდა! ვინ არის დღეს სააკაშვილი? როგორც პოლიტიკოსი, ის არის ნული! ხომ ხედავთ, რა ჩააბარეს უკრაინაში? იყოს იქ. რაც უფრო კარგად აურევს და დაანგრევს იქაურობას, უფრო მალე მოვლენ გონს...

ბევრი ფიქრობს, რომ "ნაცმოძრაობის" ოპოზიციად დატოვება ე.წ. კოაბიტაციის ბრალია, მაგრამ ეს მხოლოდ ამერიკელებისა და ევროპელების "დამსახურებაა". "ნაციონალებს" ევროპარლამენტში ჰყავთ თანამოაზრეები, კოაბიტაცია მათი კატეგორიული მოთხოვნა იყო და ამ პროცესში დიდი წვლილი "რესპუბლიკურმა პარტიამ" შეიტანა. სწორედ მათ დაღუპეს ივანიშვილი, სწორედ ისინი მართავდნენ პროცესებს მაშინ, როცა ბატონი ბიძინა პოლიტიკას ჩამოშორდა. სწორედ მათ შემოგვისიეს ეს ძველი "ნაციონალები", რომლებიც სადღაც-სადღაც გადაძვრნენ და ვითომ სახე იცვალეს...

- ძალიან ბევრი ადამიანი ახალ ძალას დაეძებს. ზოგი მამუკა ხაზარაძის "ლელოსკენ" გადაიხარა, ზოგი - გიორგი ვაშაძისკენ, ზოგიც "ევროპული საქართველოს" მომხრეა... - სად ხედავთ ამ ქვეყანაში "ახალ ძალას"? თქვენ მიერ ჩამოთვლილ პარტიებზე პირდაპირ გეტყვით - მე მამუკა ხაზარაძეს პოლიტიკოსად ვერ მივიჩნევ, მიუხედავად იმისა, რომ კარგი ადამიანია, ძალიან დიდ პატივს ვცემ და მასთან ბევრი კარგი რამ მაკავშირებს, მისი პოლიტიკაში წასვლა უზარმაზარი შეცდომა მგონია - მამუკა ნამდვილად მეცოდება პოლიტიკისთვის. გიორგი ვაშაძის პოლიტიკოსობა არ გაიშვას! მისი პარტიაც არ მაინტერესებს, ისევე როგორც "ევროპული საქართველო". რეალური პოლიტიკური ძალის შექმნა არც ისე ადვილია, ამიტომაც მჯერა, რომ "ქართული ოცნება" ოქტომბერშიც უპირობოდ გაიმარჯვებს. სწორედ ეს არის რეალური ძალა, რომელსაც აქვს რესურსი ქვეყნის მართვისა, ოღონდ მისი გადახალისებაა საჭირო. მართალია, "ოცნების" წევრებიც ბევრ შეცდომას უშვებენ, მაგრამ აშკარაა, რომ მხოლოდ ამ პოლიტიკურ ძალას აქვს უნარი, ჩვენი ქვეყანა მართოს.

ხათუნა ჩიგოგიძე