"ახლა ნანობს, არ მინდოდა ჩემი ქმარი დაეჭირათ, უბრალოდ, გამწარება მინდოდაო... შესაძლოა, ციხეში ოთხი წლით ჩამსვან" - კვირის პალიტრა

"ახლა ნანობს, არ მინდოდა ჩემი ქმარი დაეჭირათ, უბრალოდ, გამწარება მინდოდაო... შესაძლოა, ციხეში ოთხი წლით ჩამსვან"

"ქალზე ხელი არასდროს აღმიმართავს. ყოფილ მეუღლეებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს. ამჯერად გაუგებრობა მოხდა და საჯაროდ გამოიტანეს ამბავი, რომელიც ოჯახშივე უნდა დარჩენილიყო"

მსახიობ გიორგი გურგულიას ცხოვრებაში უსიამოვნო სიახლეა - გამოძიება ცოლის შეგინებას ედავება. "გამწარებულზე რაღაც სისულელე დაწერა, რასაც ახლა ნანობს. სასამართლოს სთხოვს, არ მინდოდა ჩემი ქმარი დაეჭირათ, უბრალოდ, გამწარება მინდოდაო", - ამბობს გიორგი და დასძენს, რომ მას მეუღლეზე არასდროს უძალადია. ადვოკატის ინფორმაციით, მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და გიორგი გურგულიას აღკვეთის ღონისძიებად 4.000 ლარი გირაო შეუფარდა. "კვირის პალიტრა" ცნობილ მსახიობს დაუკავშირდა, მაგრამ ინტერვიუ რამდენჯერმე გადავდეთ. ერთხელ იმიტომ, რომ შვილებს სადილს უმზადებდა, მერე ნაბოლარას აძინებდა. ბოლოს, როგორც იქნა, ჩვენთან საუბრისთვისაც მოიცალა...

- მარინოლამ დაიძინა, ანდრია კი გვიანობამდე არ იძინებს. ბიჭი 12 წლისაა, გოგონა - 5-ის. ანდრია სულ ჩემთან ცხოვრობს, მარინოლასაც რომ მოვიყვან, წასვლა აღარ უნდა.

მე და ჩემი მეუღლე მეტწილად ცალ-ცალკე ვცხოვრობთ. მშვიდი და ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. ადრე მის მეზობლად გოგონა ცხოვრობდა, რომელსაც ძალიან ცელქი შვილი ჰყავს. ერთხელ მარინოლას ახრჩობდა. ეს სიფრიფანაა, ის კი ღონიერი ბიჭია, თან მარინოლაზე რამდენიმე წლით უფროსი. ხან ცხოველებს აწვალებს, ხან ბავშვებს ველოსიპედით ეჯახება... დაახლოებით ექვსი თვის წინ ამ ბავშვის დედა, რომელიც ადვოკატია, დამემუქრა, ნახე, რას გიზამო. მაშინ მას ჩემს მეუღლესთანაც არ ჰქონდა მაინცდამაინც კარგი ურთიერთობა...

- რატომ დაგემუქრათ? - ადვოკატი ქალბატონის პატარა ბიჭს კაცივით დაველაპარაკე, ვუთხარი, მარინოლა გოგოა, შენ კი კაცი ხარ და უნდა დაიცვა, გოგოს როგორ უტყამ-მეთქი... პანდემიის დროს რემონტი ჰქონდა და ჩემს ცოლს სთხოვა, შენს სამზარეულოს გამოვიყენებო. თითქოს რაღაცნაირად მოახერხა მასთან ურთიერთობების მოგვარება, სინამდვილეში თურმე ინტრიგებს ხლართავდა - რაღაცები მომიგონა. ჩემს მეუღლეს ეუბნებოდა, შენი ქმარი შემხვდა და შენზე ესა და ეს მითხრაო. ამ ტყუილების გამო ცოლ-ქმარს კონფლიქტი მოგვივიდა. უცხო ადამიანს რატომ დავუწყებდი ჩემს მეუღლეზე ლაპარაკს?!...

- კონფლიქტი, რომელიც პოლიციის ჩარევით გაგრძელდა, რის გამო მოხდა? - ამ კონფლიქტამდე ლარისა და მარინოლა სამი დღე ჩემთან დარჩნენ. მერე წავიდა, ბავშვი კი დამიტოვა. მამაჩემს სადილს მოვუმზადებ და ისევ მოვალო. შინ რომ მივიდა, მამამისი შინ აღარ დახვდა, სოფელში წასულა და თვითონაც აღარ გამოვიდა. დამირეკა, მარინოლას მოატყუე, ვითომ სასეირნოდ მიგყავს და მომიყვანეო. ბავშვი რომ იგებს, ჩემგან მიმყავს, არ მომყვება... მოკლედ გავიტყუე. იქ რომ მივედით, ლარისამ სადილი დაახვედრა და პირი არ დააკარა. შენთან თუ წამიყვან, შევჭამო, მითხრა. დავპირდი, თუ შეჭამ, მეც აქ დავრჩები-მეთქი. ჩანთას ვუტოვებ ხოლმე, უჩანთოდ ხომ ვერ წავალ-მეთქი და ასე ვატყუებ. ახლაც ასე მოვიქეცი. მარინოლას დედამისი აძინებდა, მე მეზობლებთან ერთად ეზოში ვიჯექი. ცოტა ხანში ლარისამ დამირეკა. ყვიროდა ტელეფონში, თუ მიდიხარ, წადი, ხომ ხედავ, ბავშვი არ იძინებს, შენი ხმა რომ ესმისო. ამ დროს ჩემმა ძმაკაცმა მომაკითხა, მოტოციკლით უნდა წავეყვანე შინ. ორივე შევედით ლარისასთან და მშვიდად დაველაპარაკე, რა გჭირს-მეთქი. გაღიზიანებული იყო, არ იძინებს ბავშვიო. მარინოლაც ადგა, შენთან წამოვალო და გამომყვა.

ეზოს წრე დავარტყით... რომ შევბრუნდით, ლარისას ვუსაყვედურე, არ იყვირო, ერთ ზღაპარს წავუკითხავ და ჩაეძინება-მეთქი. ასე ერთმანეთის მიმართ საყვედურებით ნელ-ნელა გამოვედით ეზოში. ახლა სულაც პოლიციაში დავრეკავო, დამემუქრა. მე მოვთხოვე, ჩემი ნაყიდი ტელეფონი მომეცი, დილას დაგიბრუნებ, როცა დამშვიდდები-მეთქი. ასეთ სისულელეზე ადრეც დაურეკავს პოლიციაში.

- ამჯერად რა მოხდა? - პოლიცია ჩემი წამოსვლის მერე მოსულა. რომ წამოვედი, ბავშვის ტელეფონიც წამოვიღე, სულელურად არ დარეკოს-მეთქი, მაგრამ უარესი ქნა - იმ ადვოკატთან ერთად დაჯდა და დაწერა, თითქოს ოდესღაც ბავშვის თანდასწრებით ხელი დავარტყი, რაც ტყუილია.

პოლიცია რომ მოვიდა, ის მეზობელი ადვოკატი ჰკარნახობდა, თუ გინდა, გაამწარო, ეს და ეს უნდა დაწეროო. არც მიკვირს, ის ხომ დამემუქრა! ჩააწერინა, ვითომ ოთხი თუ ხუთი წლის წინ ლარისას მარინოლას თვალწინ გავარტყი. ბავშვი სულ ხუთი წლის არის და ეს როდის მოვასწარი? მანამდე ტელეფონის წართმევაზე მიჩივლა, მერე - შეგინებაზე. თურმე გინება ორნაირი ყოფილა. "შენი დედა ვატირე" არის ჩვეულებრივი გინება, მაგრამ "დედას გიტირებ" არის მუქარა, რომ მოვკლავ. დაახლოებით 70% ციხეში იმისთვის ზის, რომ ცოლს შეაგინა.

ვაფუძნებდი მოძრაობა "ქალაქელთა ერთობას", მაგრამ მივხვდი - რა "ქალაქელთა ერთობა"! ამქვეყნად ყველას დამცველი ორგანიზაციები არსებობს - ქალების, ბავშვების, ცხოველების, ლგბტ თემის, მაგრამ კაცების დაცვაზე მთელ მსოფლიოში არავინ ზრუნავს! დღეს ოჯახებში კონფლიქტის მთავარი მიზეზი ის არის, რომ მამაკაცების უმრავლესობა უმუშევარი დარჩა. ქალი მუშაობს, კაცი - არა. ფულს ქალი შოულობს, კაცი ოჯახში დომინანტი ვეღარ არის და სიმშვიდეც ირღვევა...

ჩემი ცოლი რომ მიხვდა, მიჭერდნენ, მივიდა და პოლიციაში თქვა, არ მინდა, რომ დაიჭირონო. სამი დღე ტიროდა. ცოლების 90% ასეთ დღეშია. ცხელ გულზე დაწერენ რაღაც სისულელეს, მერე კი, რომ მიხვდებიან, მათ ქმრებს მართლა იჭერენ, ტირილით დარბიან და იხვეწებიან, გამოუშვითო, მაგრამ ჩვენებას თუ შეცვლიან, მაშინ თვითონ მოუწევთ პასუხისგება ცილისწამებისთვის. მოკლედ, გამოსავალი არ არსებობს - თუ პოლიციაში საჩივარი შევიდა, ან ქალი უნდა ჩაჯდეს, ან - კაცი. საოცარი კანონია! მე არ ვიქნები თანახმა, რომ მეუღლე ცრუ ჩვენებისთვის გაასამართლონ. ბავშვისთვის უფრო დიდი უბედურება არ არის, მამა გარეთ იყოს და დედა დაიჭირონ?! ვნახოთ, რა მოხდება... არ შეიძლება სხვისთვის დაწერილი კანონი ჩვენთან ასე უცვლელად გადმოიტანონ.

ოჯახს არ სჭირდება პოლიცია, მომრიგებელი სჭირდება, სოცმუშაკებს კი მინიმალური ხელფასი აქვთ. ფსიქოლოგი რომ დაგჭირდეს, თუ კერძო კლინიკის ფული არ გაქვს, ექვსი თვე უნდა ელოდო, რომ ფსიქოლოგთან მოხვდე.

- საიდანაც ეს კანონი გადმოიღეს, იქ ხომ სოცმუშაკიც არსებობს ყველასთვის და ფსიქოლოგიც... - რა თქმა უნდა! იქ ოჯახურ კონფლიქტში ჯერ ფსიქოლოგი და სოციალური სამსახური ერევიან, პოლიციას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში თუ გამოიძახებენ... ყველა ცდილობს, ოჯახური კონფლიქტი მოგვარდეს, აქ კი ყველაფერი პირიქით არის.

რაც განვაცხადე, რომ კაცთა დაცვის ორგანიზაცია უნდა ჩამოვაყალიბო, ძალიან ბევრი გამომეხმაურა, ვისაც ეს პრობლემები აწუხებს. არასამთავრობო ორგანიზაციები და ფსიქოლოგები აქეზებენ ქალებს, რომ მათ ყველაფრის უფლება აქვთ, აღზრდა, რელიგია და მენტალიტეტი კი პირიქით, მიტევებისა და თმენისკენ მოუწოდებს. ასეთი უაზრო მიზეზებით ოჯახები არ უნდა ინგრეოდეს.

- დღეს როგორი ურთიერთობა გაქვთ თქვენ და თქვენს მეუღლეს? - გადასარევი! ფიცხია და მაშინაც სიფიცხით მოუვიდა. სულ არ უფიქრია, რომ ამ ყველაფერს ასეთი ამბავი მოჰყვებოდა... ოჯახის დანგრევა ქვეყნის დანგრევაა, ძლიერი ოჯახი კი ძლიერ ქვეყანას ნიშნავს.

- ადრე ორჯერ იყავით დაქორწინებული... - სამჯერ, და ასეთი რამ არავისთან მომსვლია, ქალზე ხელი არასდროს აღმიმართავს. ყოფილ მეუღლეებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს. ამჯერად გაუგებრობა მოხდა და საჯაროდ გამოიტანეს ამბავი, რომელიც ოჯახშივე უნდა დარჩენილიყო. 30 სექტემბერს მაქვს სასამართლო და ვნახოთ, რა მოხდება.

- ცუდ და კარგ ვარიანტებად რას ელით? - ცუდი ვარიანტია, რომ არაფერი გაითვალისწინონ და ციხეში ჩამსვან, ალბათ, ოთხი წლით. კარგ ვარიანტში უნდა გამამართლონ, არადა, ვარ კიდეც მართალი და ჯარიმას გადავიხდი.