"ყველაფრის მიუხედავად, აფხაზებს შემიძლია ვაპატიო, ეს ერთ ოჯახში კონფლიქტს ჰგავს..." - კვირის პალიტრა

"ყველაფრის მიუხედავად, აფხაზებს შემიძლია ვაპატიო, ეს ერთ ოჯახში კონფლიქტს ჰგავს..."

"ვერასდროს ვაპატიებ სომხებს, მათ ზურგში მახვილის ჩაცემით ისახელეს თავი... ასევე არ ვაპატიებ რუსებსა და ჩრდილოკავკასიელებს, რომლებიც არაადამიანურად აწამებდნენ ჩვენს მოსახლეობას, ათეულობით მოსახლე სოფლის მოედანზე გაიყვანეს და დახვრიტეს..."

27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა. გამყოფი ხაზის სხვადასხვა მხარეს მცხოვრები მოსახლეობა ომის დასრულებიდან საუკუნის მესამედის გასვლის შემდგომ ბევრ რამეს ახალი თვალით აფასებს. "ეს იყო ომი, რომელშიც ორივე მხარე დავმარცხდით", - ითქვა აფხაზურ მხარესაც, თუმცა აფხაზების ხმა ჯერჯერობით სუსტად ისმის.

ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბას ომამდე სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. ის საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხით იყო დასახლებული - რაჭველებით, ლეჩხუმელებით, მეგრელებით... სოფელი თბილისი-ლესელიძის გზატკეცილის გასწვრივ მდებარეობდა და ამიტომაც 1993 წლის 19 სექტემბერს ძალზე მძიმედ დაზარალდა. სოფლის სასტიკი დაბომბვისა და განადგურების შესახებ საუბარს დღემდე ერიდებიან ისინი, ვინც სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ. სამი მხრიდან ორგანიზებულ შეტევას ადგილობრივები მწირი ძალებით სამ დღეზე მეტხანს იგერიებდნენ. ახლა ახალდაბას სიცოცხლის კვალი აღარ ეტყობა.

დათო გიორბელიძე, ახალდაბელი:

- მე-5 ბატალიონში ვიბრძოდი, ათარალაბრის მიმართულებით. ჩვენი სოფლის დაცვა ახალდაბელებმა ვიკისრეთ. გადავწყვიტეთ ბავშვები, ქალები და მოხუცები არ გაგვეყვანა, აფხაზებსა და რუსებს არ ვათქმევინებდით, ჩვენი შეეშინდათო... არადა, ვის ვეომებოდით დათვლილი ტყვიებით, კბილებამდე შეიარაღებულ რუსებსა და ჩრდილოკავკასიელებს?! მანამდე ხელში იარაღი არასდროს ამიღია, სოხუმის სკოლაში ბიოლოგიას ვასწავლიდი. თუმცა ომმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა და მამასა და ძმასთან ერთად იმ ქარცეცხლში მომიწია ჩართვამ. ოჯახის არც ერთ წევრს სოფლიდან ფეხი არ მოგვიცვლია, არადა, ორი მცირეწლოვანი შვილი მყავდა, მეუღლე, დედა, და, მამიდა, ბებია. არავინ წასულა, სანამ ალყაში არ მოგვაქციეს.

16 სექტემბრის დილას დაიწყო შემოტევა სოფელ ახალდაბაზე. სამი დღე-ღამე ფრონტის ხაზზე ვიყავით. ყუმბარსატყორცნი მქონდა, სულ 86 ჭურვი. სადაც ყველაზე მეტად გაუჭირდებოდათ ბიჭებს, გადმომცემდნენ და მაშინვე ჩავაჩუმებდი მოწინააღმდეგის პოზიციებს. 19 სექტემბერს მძიმე ტექნიკით შემოგვიტიეს. აფხაზებს უთქვამთ, რას ვიფიქრებდით, ამხელა წინააღმდეგობას სოფლის მოსახლეობა თუ გვიწევდაო. ერთი სიტყვით, ცენტრალური ფლანგი გამოარღვიეს და ზურგიდან დაგვარტყეს. არ ველოდით, ერთმანეთს შორის კავშირი არ გვქონდა და ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით.

- როგორ უშველეთ თავს? - ჩვენი სოფლის მეზობლად დიდი არხი იყო, მანქანა რომ ჩავარდნილიყო, ვერ ამოვიდოდა. 1948 წელს გერმანელ ტყვეებს გაათხრევინა ბერიამ. იქაურობა ჭაობიანი იყო და წყალდიდობა რომ არ ყოფილიყო, ამისთვის გათხარეს. იმ არხით მოსაზღვრე სოფელ დაჩამდე გავაღწიეთ. იქ უმეტესობა სომხები ცხოვრობდნენ და სანდო არ იყო, ამიტომ ჯგუფ-ჯგუფად მოვდიოდით, თან ნაძვნარს ვაფარებდით თავს. რომ დაღამდა, სოფელ კინდღში გადავედით, ერთადერთ ქართულ სოფელში. ყველამ თავი რომ მოვიყარეთ, კონტრშეტევისთვის მზადებას შევუდექით, "თეთრი არწივი" და სხვა ბატალიონებიც იქ იყვნენ მეთაურებიანად... სოხუმის აღება მხოლოდ დროის ამბავი იყო. მის გასათავისუფლებლად ახალდაბის მხარეს დაირაზმნენ. არ გამოვიდა, რადგან ეს იყო წინასწარვე წაგებული ომი, არც მხედართმMთავარი გვყავდა და აღარც სტრატეგია გვქონდა. საბრძოლო მოქმედებებს არავინ გეგმავდა, რამდენიმე კაცი იქვე წყვეტდა, როგორ გვებრძოლა. ამასობაში, ახალდაბასა და მის მიმდებარე ტერიტორიას აფხაზებთან ერთად რუსები და ჩრდილოკავკასიელები მოადგნენ, მძიმე ტექნიკა ჰყავდათ მობილიზებული და გეზი სოხუმისკენ ჰქონდათ აღებული. იმ კონკრეტულ და სხვა არაერთ შემთხვევაში აფხაზი სულ ოთხი-ხუთი კაცი იყო, არც კი ომობდნენ, ჩრდილოკავკასიელ მოხალისეებს გზას ასწავლიდნენ.

- ელოდით, რომ ომი დაიწყებოდა?

- 1989 წლის 9 აპრილს მოჰყვა 15-16 ივლისის შეტაკება, რასაც ვოვა ვეკუა შეეწირა. მას შემდეგ დაძაბულობა იგრძნობოდა, მაგრამ ტყვიის გავარდნას არ ველოდი. მე ახალდაბელი ვარ და მამისეული სახლი იქ მქონდა, მაგრამ სოხუმში საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე ვცხოვრობდი, მესამეზე აფხაზი ძმები, აჩბები ცხოვრობდნენ. თანატოლები ვიყავით და ვმეგობრობდით, ერთმანეთის გარეშე არ ვვახშმობდით. 14 აგვისტოს, ომი რომ დაიწყო, მხოლოდ ყურმოკვრით ვიცოდი. ერთ-ერთი ძმა, რუჟანი ლიფტთან შემხვდა, რა ხდება, ბიჭო, რა ამბავია-მეთქი, ვკითხე. პასუხი არ გაუცია, ისეთი ზიზღით შემომხედა, ყველაფერი გასაგები იყო. მანქანაში ჩახტა და გავარდა, თურმე გუდაუთისკენ მიდიოდნენ. ომის დაწყების შემდეგ კარგა ხანს მომიწია იქ ყოფნამ, მაგრამ არც ერთხელ არ გადავყრივარ ნაცნობ აფხაზს. ეს იყო ორივე მხარის შეცდომა, რომელიც არც ერთს გვეპატიება.

- ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შემდეგ განგაიარაღეს, არა? - დიახ, მაშინ სიმწრით ნაშოვნი იარაღი ჩააბარა ხალხმა. ჩვენ თივის ზვინში დავმალეთ, რადგან ვიცოდით, შეთანხმება დროებითი იყო. კიდევ კარგი, ასე მოვიქეცით, თორემ ახალდაბაში ვერავინ გადარჩებოდა, ისედაც ყველაზე მეტად დაზარალდა. სკოლის დირექტორმა მითხრა, 1-ლ სექტემბერს სწავლა უნდა დავიწყოთო. ხალხი დაბრუნდა, ცოლ-შვილი ჩამოიყვანა და სწავლისთვის ვემზადებოდით. თუმცა ვის დასცალდა!

სიმინდის ყანები იყო გარშემო და იქიდან მოგვეპარნენ. სკოლის დირექტორი, მისი და და დედა გაიტაცეს. მაშინ მივხვდით, რომ ვერაგულად დაგვესხნენ თავს.

სოფელი უკვე ალყაში იყო. ჩემთან ერთად ვინც იბრძოდა, ფაქტობრივად, ყველა დაიხოცა. დაჭრილები, რომელთაც ჩვენი ქალები სარდაფებში მალავდნენ, ტყვედ აიყვანეს. ლოგინად ჩავარდნილი მოხუცები ცეცხლმოკიდებულ სახლებში ჩაწვეს...

ყველაფრის მიუხედავად, აფხაზებს მაინც შემიძლია ვაპატიო, ეს ერთ ოჯახში კონფლიქტს ჰგავს, მაგრამ ვერასდროს ვაპატიებ სომხებს, რომლებმაც ჩვენს რაიონში ომით კი არა, უარესით - ქსელური აგენტურით, ზურგში მახვილის ჩაცემით, ინფორმაციის გაცემით ისახელეს თავი. "ბაგრამიანის" ბატალიონზე არაფერს ვიტყვი, ისინი სოხუმი-გაგრის მიმართულებით იბრძოდნენ და მათი სისასტიკე ცნობილი იყო. ოჩამჩირე-გულრიფშის სომხობა ამ მხრივ არ აქტიურობდა, თუმცა ძარცვითა და ჩაშვებით განთქმული იყვნენ. ასევე ვერასდროს ვაპატიებ ჩვენს სისხლს რუსებსა და ჩრდილოკავკასიელებს, რომლებიც არაადამიანურად აწამებდნენ ჩვენს მოსახლეობას, ათეულობით მოსახლე სოფლის მოედანზე გაიყვანეს და დახვრიტეს.

აფხაზები ყველგან არა, მაგრამ ზოგ ადგილას მაინც ცდილობდნენ ქართველი ტყვეების დანდობას, გაცვლას ან სულაც მშვიდობიანად გაშვებას. ჩვენს სოფელში ერთი ექიმი ქალი ცხოვრობდა, მჭედლიძე, მისი ორივე შვილი, ქალ-ვაჟი იბრძოდა. გოგო თბილისში იყო, როდესაც აფხაზებმა ხელშეკრულება დაარღვიეს, ამიტომ ტყვეობას გადაურჩა, მაგრამ დედამისი და მისი დაჭრილი ძმა აიყვანეს. აფხაზები მათ ოჯახს დიდ პატივს სცემდნენ და მიუხედავად იმისა, მათი წინააღმდეგი იყო მთელი ოჯახი, ერთი აფხაზი, გვარად პაპასკირი, გადაეფარა. იმ გავეშებულ სომხებსა და ჩრდილოკავკასიელებთან რომ ვერაფერს გახდა, აფხაზები მოიყვანა, მაგრამ ისინი მაინც არ თმობდნენ. ბოლოს საქმე იქამდე მისულა, აფხაზებმა გასაფრთხილებლად ჰაერში გაისროლეს. ერთი სიტყვით, თავისი გაიტანეს და 20-მდე ქართველი ტყვე გაათავისუფლეს.

- ვიცი, რომ ახლა სოფელი ახალდაბა, ფაქტობრივად, აღარ არსებობს... - ასეა... თურმე ჩემი სახლიდან ჯერ კიდევ 19 სექტემბერს გაზიდეს ყველაფერი, მერე ცეცხლი წაუკიდეს... რადგან თითქმის მთელი სოფელი იბრძოდა, იქაურობა გააცამტვერეს. ჩემს გვარს იმ ომში ყველაზე დიდი დანაკარგი აქვს - ჩემი ოჯახიდან სამი კაცი ვიბრძოდით და გადავრჩით, მაგრამ დამეღუპა ბიძაშვილები, მოგვარეები...

ვიცი, რომ ეს 27 წელი აფხაზებისთვისაც ძალიან მძიმე იყო. გუდაუთელ აფხაზებს, რომლებიც ყოველთვის გამოირჩეოდნენ ქართველების მიმართ რადიკალიზმით, ერთი ჩემი ახლობლისთვის უთქვამთ, როგორ მოგვატყუა იმ ნაძირალა არძინბამ, გმირი გვეგონა, ის კი თურმე სომხებისა და რუსების საქმეს აკეთებდა, ამისთვის დავღვარეთ სისხლი, სად არის ან დამოუკიდებლობა, ან აყვავებული ქვეყანა, სომხები და რუსები გვასხედან თავზეო.

1989 წელს აფხაზეთში აღწერა ჩატარდა. მაშინ, როგორც სკოლის მასწავლებელს, ერთი უბანი მეც ჩამაბარეს - მონაცემები სოხუმის ცენტრალურ შტაბში მიგვქონდა. მაშინდელი მონაცემებით, აფხაზეთში 550 000 კაცი ცხოვრობდა, აქედან 350 000 ქართველი იყო, დაახლოებით 78 000 - აფხაზი (მათ შორის ნაწილი - აფხაზად ჩაწერილი ქართველები), დანარჩენი რუსები, სომხები, ბერძნები, ესტონელები. აფხაზებს ომში ძალიან დიდი ადამიანური დანაკარგი ჰქონდათ. საგანგაშოდ მცირდება მათი რაოდენობა და ამას არც მალავენ, ამიტომ ამბობენ, ამ ომში ორივე მხარე დავმარცხდითო.

- შეგხვედრიათ ისეთი აფხაზი, ვინც ქართველებს არ ებრძოდა? - მოსკოვში შევხვდი ლიხნელ ახალგაზრდას, რომელიც აფხაზეთიდან პირველი ტყვიის გავარდნისთანავე წავიდა. არძინბას თანამოაზრის, კონსტანტინე ოზგანის მრჩევლის ნათესავი იყო. მითხრა, მას შემდეგ აფხაზეთში არ ჩავსულვარო. თუ მომატყუა, მის სინდისზე იყოს. ასეთი მცირე, მაგრამ მაინც ნათელი წერტილი არსებობს და თუ ოდესმე ხიდის აღდგენაზე დაიწყება ლაპარაკი, ისინი უნდა გამოვიყენოთ.