უბრძანეს: დაიჩოქეო! - სოხუმის მერმა უპასუხა: "Никогда в жизни!"
უბრძანეს: დაიჩოქეო! - სოხუმის მერმა უპასუხა: "Никогда в жизни!"
სოხუმის დაცემიდან დღეს 27 წელი შესრულდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა "აფხაზურმა გვარდიამ", ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა.

სახელმწიფო საბჭომ სოჭი-ინგირის რკინიგზის მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთში ეროვნული გვარდიის შეყვანა 11 აგვისტოს, ვლადისლავ არძინბასთან შეთანხმების შემდეგ გადაწყვიტა. შეთანხმების მიუხედავად, "აფხაზურმა გვარდიამ" საქართველოს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილებისას წინააღმდეგობა
ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში და ქალაქ სოხუმში გაუწია, რასაც აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა.

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.

1993 წლის 16 სექტემრებს აფხაზურმა მხარემ დაარღვია 27 ივლისის
სოჭის შეთანხმება "ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ" და დაიწყო შტურმი სოხუმის ასაღებად. სოხუმისთვის ბრძოლა 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. აფხაზურ-რუსულმა, ჩრდილოეთ კავკასიელთა და კაზაკთა შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 27 სექტემბერს დილიდანვე დაიწყეს და ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, ქალაქ სოხუმის მერი გურამ გაბესკირია და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი და შემდეგ ყველა მათგანი დახვრიტეს.

რუსულ-აფხაზურმა შენაერთებმა მდინარე ენგურის გასწვრივ პოზიციები 1993 წლის 30 სექტემბერს დაიკავეს. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლება "საქართველოზე გამარჯვებისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის დღეს" ყოველი წლის 30 სექტემბერს აღნიშნავს.

ქართული მხარის ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზური მხარის მონაცემებით კი, დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი.

აფხაზი ტელეოპერატორის გადაღებული კადრები - "დაიჩოქე და შეაგინე ქართველებს!" და სოხუმის მერის გურამ გაბესკირიას პასუხი, - "არასდროს ჩემს სიცოცხლეში!" (რუს. Никогда в жизни!) - ქართულმა საზოგადოებამ მხოლოდ 90-იანი წლების ბოლოს იხილა... (იხილეთ ვიდეო)

სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს, აფხაზმა და დაქირავებულმა ჩრდილოკავკასიელმა ბოევიკიებმა, დატყვევებული მთავრობის წევრები და მათი თანხმლები პირები პარლამენტის შენობის გარეთ გამოიყვანეს და დაჩოქება უბრძანეს...

2017 წლის ოქტომბერში, აფხაზეთიდან 25 ნეშტი გადმოასვენეს, მათ შორის იყო გურაბ გაბესკირიას ნეშტი.

"კვირის პალიტრის" არქივში ინახება ინტერვიუ გმირი მამის შვილთან, ვლადიმერ გაბესკირიასთან:

- სოხუმიდან რომ წამოვედით, 14 წლის ვიყავი, ასე რომ, ყველაფერი კარგად მახსოვს. ბოლო შერიგება რომ გამოცხადდა, 27 ივლისს სოჭში ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, სხვებთან ერთად ჩვენც დავბრუნდით სოხუმში. მაგრამ 16 სექტემბერს აფხაზებმა ეს ხელშეკრულება დაარღვიეს და მამამ კვლავ თბილისში გამოგვიშვა. მას შემდეგ იგი აღარ მინახავს.

გაინტერესებთ, ვინ იყო მამა და როგორი იყო? მოკლედ გეტყვით: ბავშვობიდან ფეხბურთს თამაშობდა და, როგორც ვიცი, სოხუმის "დინამოს" ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო; შემდეგ სოხუმის უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე ისწავლა, მაგრამ მაინც სპორტის სიყვარულმა გადასძალა და მსაჯობას შეუდგა. საკავშირო (მაშინ საქართველო, ხომ, საბჭოთა რესბუბლიკა იყო!) მსაჯის კატეგორიაც მიანიჭეს და უმაღლესი ლიგის თამაშებს მსაჯობდა. წლების განმავლობაში სოხუმის თევზკომბინატის დირექტორად იმუშავა;

გახსოვთ, ალბათ, აფხაზებთან პირველი კონფლიქტი რომ მოხდა, 1989 წელს, სოხუმის "დინამო" დაიშალა და მამამ ახალი გუნდი - სოხუმის "ცხუმი" ჩამოაყალიბა. მისი პირველი პრეზიდენტიც თავად გახდა. 1990 წლიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრად აირჩიეს; აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, 1992 წელს, მამა ქალაქ სოხუმის მერად დანიშნეს. პარალელურად, იგი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოს წევრი იყო და სამხედრო წოდებაც მიიღო - პოლკოვნიკი გახდა...

მახსოვს, 1993-ის სექტემბერში, სოხუმიდან რომ უნდა წამოვსულიყავით, ვილაპარაკეთ. - უნდა წავიდეთ, მამა, სხვა გზა არ არის-მეთქი, - ვუთხარი და მიპასუხა: წადი, წადი, შვილო, მე აქ უნდა დავრჩე, ჩემი ვალია, გვარისა და საქმის გამგრძელებელი კი შენ უნდა იყოო. თითქოს ახლაც ჩამესმის ეს სიტყვები...

უკანასკნელად კი სოხუმის დაცემის წინა დღეს, 26-ში გველაპარაკა - სოხუმიდან დაგვირეკა. ძალიან ოპტიმისტი იყო და დედასაც - დარეჯან დავითაიას ასე, ოპტიმისტურად უთხრა: "ბუდემ ვიბირატსია" - როგორმე გამოვაღწევთო. არადა, იმ დღეს მინისტრთა საბჭოს შენობაში დარჩენილმა მამამ, ჟიული შარტავამ, ჯუმბერ პეტაშვილმა - სულ 27-28-მდე ადამიანმა უკვე იცოდნენ, რაზე მიდიოდნენ. მათ შესახებ ბევრი ვერსია ვრცელდებოდა, ვიდრე ის ცნობილი ვიდეოჩანაწერი არ გამოჩნდა, როდესაც ყაბარდოელებს მინისტრთა საბჭოს შენობიდან გამოჰყავთ.

27 სექტემბრიდან, დაახლოებით, ერთი წლის განმავლობაში ველოდებოდით, რომ ცოცხალი აღმოჩნდებოდა. აფხაზეთიდან გადმოსულ ადამიანებს ვეკითხებოდით ხოლმე ამბებს და ზოგი ამბობდა, გუდაუთის ციხეში ვნახეო, ზოგი გვარწმუნებდა, სვანეთიდან გადმოდისო და ა.შ. ვერ გადმოგცემთ, რა მნიშვნელოვანი იყო ეს ვერსიები ჩვენი ოჯახისთვის და სულ ველოდებოდით. მერე ეს კადრები გამოჩნდა და... (იხილეთ სრულად)

gio
27 სექტემბერი 2020 16:30
უძლიერსი ნათქვამია "Никогда в жизни!" ვრთ ეგეთი ქართველები დღეს კიდევ?
emigranti
27 სექტემბერი 2020 14:10
ცამეტი ტვეო??? ცამეტი ტვე ხომ ძაღლებივით აჩხუბენ ერტი ქვეყნის სვილები დააჭამიენ ერთმანეთი და მის მერე დამთავრდა ვიტომ??? მე ვერ ვატყობ დამთავრებას.
vano
27 სექტემბერი 2020 12:55
მიშასთვის რომ ეთქვათ დაიჩოქეო ისიც ეგრე მოიქცეოდა:))

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თვის კითხვადი სტატიები