"ერთი მებრძოლი ჩემი ძმის ძმაკაცი იყო და ჩემ გვერდით მოკლეს. ზურგზე მოვიკიდე, ამ დროს სნაიპერმა ამომიღო მიზანში და მესროლა" - კვირის პალიტრა

"ერთი მებრძოლი ჩემი ძმის ძმაკაცი იყო და ჩემ გვერდით მოკლეს. ზურგზე მოვიკიდე, ამ დროს სნაიპერმა ამომიღო მიზანში და მესროლა"

სვანი ქალის შემაძრწუნებელი ამბავი, რომელმაც აფხაზეთის ომი გამოიარა

ომში დაღუპულთა რაოდენობა მხოლოდ სტატისტიკაა, მაგრამ თითოეული მოკლულის უკან სულისშემძვრელი ამბავი დგას.

თამილა გასვიანი აფხაზეთის ომის ვეტერანია, 7 დედმამიშვილიდან მხოლოდ თვითონ გადარჩა და ისიც, ბედის წყალობით, მოკლულმა თანამებრძოლმა გადაარჩინა.

ზურა

- 7 დედმამიშვილი ვიყავით - 2 და და 5 ძმა. ერთი ძმა ადრევე დაგვეღუპა, მოჭიდავე გახლდათ და ტატამზე გაუსკდა გული. გუდაუთაში ვცხოვრობდი, მხოლოდ ერთი ძმა - ზურა ცხოვრობდა გაგრაში. ჰყავდა 2 შვილი, იმ დროს ბიჭები 16 და 14 წლისანი იყვნენ. 1992 წელს ომი რომ დაიწყო, ჩემმა ძმამ ძველი ნაწილებისგან თავისი ხელით ააწყო ბე-ემ-პე (ქვეითთა საბრძოლო მანქანა - ავტ.) და ქალები, ბავშვები და მოხუცები გადაჰყავდა უსაფრთხო ადგილას - ლესელიძემდე და მერე უკან ბრუნდებოდა, რომ სხვები წაეყვანა. ჩვენ შეგვატყობინა, საქმე გართულებულია, ხალხი გამყავს, თქვენც წადით და ჩემი შვილებიც გადაარჩინეთო. სხვებზე ზრუნავდა და თავისი ოჯახისთვის ვერ მოიცალა, ჩვენ მოგვანდო. რა მომათმენინებდა? წავედი ბავშვების წამოსაყვანად, მაგრამ ისეთი ვითარება იყო, ტყით უნდა მევლო. როგორც იქნა, წვალებ-წვალებით მივაღწიე. შევხვდი ზურას და შემძრა იქაურმა სიტუაციამ, აღარ მოვშორდი ძმას, ბავშვებს დედამისი მიხედავს-მეთქი, ვუთხარი და ჩავუჯექი ტანკში. სიტუაცია თანდათან გამწვავდა, აირია ყველაფერი, ვინ ვის ესროდა, ვეღარ გაიგებდი. 1992 წლის 3 სექტემბერს, ლესელიძიდან რომ ვბრუნდებოდით, რუსების ტანკი გადაგვეღობა და გვესროლეს, ტანკი დაგვიზიანეს. ჩვენმა ტანკმა მიმართულება დაკარგა, დაღმართზე დაგორდა და ხეს შეეჯახა იმ მხარეს, სადაც ჩემი ძმა იჯდა. როგორც მივხვდი, ჩემი მხარე განგებ აარიდა და თავი ჩაიგდო საფრთხეში. ბენზინის ბაკი დაზიანდა და საწვავმა სალონში იწყო დენა, ხოლო გაჩენილმა ნაპერწკალმა ცეცხლი შიგნით გააჩინა. ფაქტობრივად, დახურულ რკინის კოლოფში ვიწვებოდით. გახურდა ყველაფერი, კვამლი დადგა. ჩემი ძმა პერიოდულად გონს კარგავდა. ლიუკის ახდას ვცდილობდი, მაგრამ, როგორც ჩანს, შეჯახების გამო დეფორმირდა და ძალიან გამიჭირდა. ალბათ, ასეთ დროს ადამიანს ძალა გემატება და როგორც იქნა, ავხადე ლიუკი. ამოვძვერი და ჩემს ძმას დავეჯაჯგურე ამოსათრევად. ვეხვეწები, მიდი, ზურა, დამეხმარე, ამოდი, ბიჭო-მეთქი... ვხედავდი, რომ ცეცხლი ფეხებზე ეკიდა და ვჩქარობდი, მთლიან ტანზე არ მოსდებოდა. როგორც იქნა, მოვიკრიბე ძალა და ამოვწიე, თითქმის ამოვიყვანე და შევატყვე, რომ დამჩატდა. ბოლომდე რომ ამოვათრიე, ვნახე, რომ წელს ქვემოთ ჩამწყდარი იყო და ნახევარი კაცი ამოვიყვანე. ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, სუნთქავდა და მისი მზერა გულს მიგლეჯდა, მაგრამ მისი გადარჩენის შანსი აღარ იყო. გული გასკდომაზე მქონდა. ჯერ ვიფიქრე, დავმარხავ-მეთქი, მაგრამ არც ნიჩაბი მქონდა, არც რამე სხვა იარაღი, რითაც საფლავს გავუთხრიდი. მისი დატოვება გარეთ არ შეიძლებოდა, ვინმე იცნობდა, თავს მოაჭრიდა და ბურთს ითამაშებდა, მიცვალებულს შეურაცხყოფდა. ამიტომ ისევ ცეცხლმოკიდებულ ტანკში ჩაბრუნება გადავწყვიტე. როგორც იქნა, ისევ მივიყვანე ლიუკამდე. ჩავსვი ბოლომდე, ხელი რომ უნდა გამეშვა, ამომხედა და ნახევრად გონდაკარგულმა ამოილუღლუღა, შვილებს მიმიხედეო. თვალებზე ვაკოცე ჩემს ზურას და ჩავუშვი ტანკში...

გონარეულმა და გულგაგლეჯილმა დავტოვე იქაურობა. ჯერ სიკვდილია უბედურება და მერე ასეთი სიკვდილი, თან შენ რომ ხარ შემსწრე. მთელი ცხოვრების სატანჯველია ეს.

იქ გაჩერება არ შემეძლო. მდუმარედ გამოვემშვიდობე და მისი სახლისკენ წავედი, თან უკან ვიყურებოდი, იმ ტანკს, რომელშიც ჩემი ძმის სხეული იფერფლებოდა, თვალს ვერ ვაშორებდი.

ბნელოდა. უმეტესი გზა ფორთხვით გავიარე, ხან ბუჩქებს ვეფარებოდი, ხან ხეებს, სროლის ხმები ახლოდან ისმოდა. ახლა მთავარი იყო, სახლამდე მიმეღწია, რომ ჩემი ზურას უკანასკნელი სურვილი ამესრულებინა და მისი ოჯახი სამშვიდობოს გამეყვანა. როგორც იქნა, მივაღწიე, მაგრამ სახლი ცარიელი დამხვდა. ჩემს რძალს ბავშვები სოჭში გადაეყვანა, თუმცა მაშინ ეს არ ვიცოდი და შევძრწუნდი. იქნებ გაიყვანეს და დახვრიტეს სადმე-მეთქი, ვფიქრობდი.

იქაურობას ვერ დავტოვებდი, უნდა დამეცადა და სახლში ჩავიკეტე. სარდაფი ჰქონდა ისეთი, ლიუკით იხურებოდა და შიგნიდანაც იკეტებოდა. მესმოდა, როგორ შემოდიოდნენ და გადიოდნენ ვიღაცები, გაჰქონდათ სახლიდან, რასაც ნახულობდნენ. მე ვერ მომაგნეს. ერთი დღე-ღამე გავატარე იქ, მერე ფრთხილად გამოვედი.

გუდაუთა და სოხუმი

- ჩემს სახლამდე 50 კილომეტრი მაინც იყო და ღამით დავადექი გზას. დღე-ნახევარი მოვუნდი მისვლას, ისევ ფორთხვითა და მალვით. ჩვენს სოფელში ძირითადად სვანები ვცხოვრობდით, მაგრამ აფხაზიც ბევრი იყო. ქუჩაზე მონაცვლეობით ვცხოვრობდით, სვანი-აფხაზი, სვანი-აფხაზი. აქ სიტუაცია იმდენად გართულებული არ იყო, რადგან ჩვენი აფხაზები გვიცავდნენ ჩვენც და ტერიტორიასაც. ნათესაობა, მეზობლობა, კლასელობა, ნათლიობა თავისას შვრებოდა. დედაჩემის ძუძუ ჰქონდა ნაწოვი ერთ აფხაზ ბიჭს და აბა, ჩვენ რას დაგვიშავებდა? ამის გამო რუსები ვერ გვეკარებოდნენ, მაგრამ შემდეგ ეს ჩვენი აფხაზები სხვაგან მცხოვრები აფხაზებით ჩაანაცვლეს. სოფელში ასევე შემოვიდნენ რუსები, ყაზახები, სომხები, ჩეჩნები, სხვა დაქირავებული მებრძოლები. იმათთან ვერაფერს გავხდებოდით, რუსულის ცოდნა გვშველოდა და მეტ-ნაკლებად ვამყარებდით კომუნიკაციას. სახლებში შემოდიოდნენ, კონსერვები და სხვა პროდუქტის მარაგი მიჰქონდათ. უარს ხომ ვერ ეტყოდი? ზოგმა ფული არ მისცა და გამოიყვანეს, ყველას თვალწინ ხეზე მიაბეს და გააუპატიურეს, დახვრიტეს...

სოფელში ერთ ოჯახს ძალიან დიდი სახლი ჰქონდა და მთელი სოფელი იქ შევიყარეთ. ერთად ყოფნა უფრო გვაძლიერებდა, თუ დაგვხოცავდნენ, ერთად დაგვხოცავდნენ. იმათ იცოდნენ, რომ ჩემი ძმა იბრძოდა და ჩვენი ოჯახიდან სამ ძმას დაუწყეს ძებნა. ორი იპოვეს და ისე წაიყვანეს, წინააღმდეგობის გაწევაც ვერ შევძელით. შემდეგ პროცესებში ჩაერთვნენ ტელევიზიები, არასამთავრობოები, ელჩები და გადაწყდა ჩვენი გაყვანა. ავტობუსები მოიყვანეს და სოხუმში გადაგვიყვანეს. მაშინ შევარდნაძემ გამოაცხადა, სოხუმში ბუზიც ვერ შეფრინდებაო და შედარებით მშვიდად ვიყავით.

ამ დროს იქმნებოდა იმ მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც სამშობლოს დასაცავად მზად იყვნენ. ჩემი ერთადერთი გადარჩენილი უმცროსი ძმა გაიპარა და მოხალისეებში ჩაეწერა. ისიც პიკეტზე დახვრიტეს. დავრჩით მე, ჩემი და, დედა და ჩემი შვილი, რომელიც მაშინ 2 წლის იყო. მალევე დაიწყო არეულობა სოხუმშიც. შევატყვე, რომ უკვე ცუდი სიტუაცია იყო, ხალხი ტოვებდა ქალაქს და დედას ვუთხარი, ჩვენც წავიდეთ-მეთქი. გემით წამოვედით ფოთამდე, იქიდან ავტობუსით, თბილისში. სასტუმრო "ივერიაში" შეგვასახლეს. ამ პერიოდში სულ დავეძებდი ჩემს რძალსა და ძმისშვილებს, ძლივს მივაგენი სოჭში და ისინიც თბილისში გადმოვიყვანე. ერთი თვე მაინც დამჭირდა, რომ ამ ტრაგედიების შემდეგ გონს მოვსულიყავი.

"ჩემი მომაკვდავი ძმის ბოლო სიტყვები ჩამესმოდა ყურში, შვილებს მიმიხედეო"

- ერთ დღესაც ჩემი უფროსი ძმის, ზურას 16 წლის შვილი აფხაზეთში გაიპარა. იმ პერიოდში თბილისელმა ბიჭმა, მერაბ ლორთქიფანიძემ გაგრის ბატალიონი ჩამოაყალიბა, მერე ბორის კაკუბავამ გადაიბარა ბატალიონის უფროსობა და ბოლოს მურთაზ ჭელიძემ. ჩემი ძმისშვილი სწორედ მათთან მივიდა. მაშინ სად იყო ასეთი კომუნიკაცია, გაჭირვებით ვიგებდი მის ამბებს და მოსვენება არ მქონდა. სულ ჩემი მომაკვდავი ძმის ბოლო სიტყვები ჩამესმოდა ყურში, შვილებს მიმიხედეო. ნერვიულობის გამო უძილობამ გამაგიჟა, ჩემი ძმისშვილის გარდა, სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობდი. ერთ დღეს გადავწყვიტე, რომ მის გვერდით უნდა ვყოფილიყავი. ჩემი შვილი დას დავუტოვე, ჩაიბარე, მე თუ რამე მომივა, გზაზე დააყენე-მეთქი.

სამხედრო თვითმფრინავით ჩავფრინდი სოხუმში და ბატალიონის დისლოკაციის ადგილას მივედი. იქ სხვა მებრძოლი ქალებიც დამხვდნენ, უმეტესობა სვანი იყო. ყველას ერთი გაჭირვება გვქონდა გამოვლილი და ერთმანეთს ვამხნევებდით.

მინდოდა იმ ოცეულში მოხვედრა, სადაც ჩემი ძმისშვილი იყო, და პიკეტირებაზე მასთან ერთად წავსულიყავი, მაგრამ იმ ოცეულში არ ჩამსვეს. წესი ყოფილა, თურმე ნათესავი სადაც არის, იქ არ გაგიშვებენ, რადგან ბრძოლის დროს ადამიანი სისუსტეს ავლენს. თუმცა გვერდიგვერდ აღმოვჩნდით და ესეც ბედნიერება იყო.

მერე იარაღის სროლა მასწავლეს და ისე კარგად გამომდიოდა, ბატალიონის უფროსმა სნაიპერად ამიყვანა. სამწუხაროდ, ომში ადამიანი ყველაფერზე ხარ წამსვლელი. პირველი ეტაპი გუმისთაში გადავლახე, შემდეგ ტამიშში, ლაბრაში, ოჩამჩირეში... ბატალიონში მოხალისეები გვემატებოდნენ, მაგრამ უმეტესობა ბავშვი იყო, თბილისიდან გამოპარული. ბატალიონის უფროსმა მოგვამაგრა რამდენიმე და ეს ერთი ციდა ბიჭები პიკეტირებაზე უნდა წაგვეყვანა. ფაქტობრივად, ომში მიგვყავდა. გული მეწვოდა. მიუხედავად იმისა, რომ გაფრთხილებული იყვნენ, მოუკიდებდნენ სიგარეტს და სნაიპერი ტყვიას დააჭედებდა. ძალიან ხშირი იყო ასეთი შემთხვევა.

ბოლოს ჩემი უმცროსი ძმისშვილიც ჩამოვიდა, 14 წლისა იყო. მეთაური მისი პიკეტირებაზე წაყვანის უფლებას არ გვაძლევდა და შტაბში იყო ხოლმე. (იხილეთ სრულად)