რა ხდება დავითგარეჯაში - კვირის პალიტრა

რა ხდება დავითგარეჯაში

"შეცვლის თუ არა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე მოპოვებული ახალი კარტოგრაფიული მასალა 2006-2007 წლების შეთანხმებას"

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან ერთად მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაახმაურა. მინისტრი არ გამორიცხავს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე მოპოვებულმა ახალმა კარტოგრაფიულმა მასალამ 2006-2007 წლების შეთანხმება შეცვალოს. "კვირის პალიტრა" დაინტერესდა, რა კარტოგრაფიულ მასალაზეა საუბარი და როგორ შეიძლება ეს სადავო საკითხი ორივე მხარის სასარგებლოდ გადაწყდეს. ამ კითხვით მივმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, მაგრამ გაირკვა, რომ უწყებას დეტალებზე საუბარი არ სურს. საკითხში გარკვევას უშედეგოდ ითხოვს ოპოზიციაც. ოპოზიციონერ ლიდერთა ერთი ნაწილის აზრით, ეს განცხადებები საარჩევნო ხრიკია და უწყებას ახალი დოკუმენტაცია არა აქვს. მეორე ნაწილის აზრით, ხელისუფლება ხალხის ზურგს უკან გარიგების დადებას ცდილობს, ორივე კი მოითხოვს, რომ უახლოეს პერიოდში პარლამენტს საშუალება მიეცეს თუნდაც დახურულ ფორმატში მოუსმინოს როგორც დავით ზალკალიანს, ასევე გარეჯის პრობლემის შესახებ სპეციალური კომისიის ანგარიშსა და ბოლოდროინდელ ინფორმაციას.

ამ საკითხებზე გვესაუბრება საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი თენგიზ ფხალაძე, რომელიც ჩართული იყო დავითგარეჯის საკითხების მოგვარებაში.

- მივესალმები, რომ ეს საკითხი საჯარო განხილვის საგანი არ გამხდარა. ის ორივე მხარის, როგორც ქართულის, ისე აზერბაიჯანულის, მშვიდ გარემოში, ემოციების გარეშე განხილვას საჭიროებს. ამ საკითხზე დიდხანს ვმუშაობდი აზერბაიჯანულ მხარესთან დიპლომატის სტატუსით და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აზერბაიჯანელებიც დაინტერესებული არიან საზღვრის მოწესრიგებით. ამისთვის საჭიროა დეპოლიტიზაცია, სიმშვიდე და დარგის სპეციალისტებისთვის მუშაობის საშუალების მიცემა. ძალიან დიდი შეცდომაა თემის დაჩქარება და ფორსირება.

- სპეციალისტები ამ საკითხზე დიდი ხანია მუშაობენ. რატომ ვერ მოხერხდა ამდენ ხანს ზუსტი საზღვრის დადგენა? - იმიტომ, რომ საბჭოეთმა მემკვიდრეობად ბევრი ურთიერთგამომრიცხავი საკითხი დაგვიტოვა. ეს სულაც არ იყო შემთხვევითი. საბჭოთა ხელისუფლება დაინტერესებული იყო, რომ საზღვრები კავშირის დაშლის შემდგომ რესპუბლიკებს შორის განხეთქილების საგანი გამხდარიყო. მადლობა ღმერთს, ჩვენ და აზერბაიჯანულმა მხარემ გეოპოლიტიკური მნიშვნელობის პროექტები განვავითარეთ.

- თქვენი ვერსიით, რას შეიძლება გულისხმობდეს მინისტრი ზალკალიანი ახალ კარტოგრაფიულ მასალაში, სად და როგორ შეიძლებოდა ის მოეძიებინათ? - ძნელი სათქმელია. დღემდე ძალიან ბევრი ურთიერთგამომრიცხავი რუკა გვაქვს ნანახი. მთავარია, პროფესიონალებს, კომისიას მიეცეს მუშაობის საშუალება. ეს საკითხი მალე ვერ გადაწყდება, წლების განმავლობაში გაგრძელდება მუშაობა. მივესალმები აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის სწორ და მეგობრულ განცხადებას. ვინაიდან ახალი დანიშნულია პოსტზე, ნიშანდობლივია, რომ დანიშვნიდან ძალიან მალე საქართველოში ჩამოვიდა და პარტნიორისთვის, მეგობრისთვის დამახასიათებელი ძალიან სწორი გზავნილები გაახმოვანა.

- ექსპერტ მამუკა არეშიძის ვერსიით, შესაძლოა მასალა, რომელზეც ზალკალიანმა ისაუბრა, არის რუკა და დოკუმენტის ორიგინალი, რომელიც 1996 წელს დაიკარგა. მისივე ვერსიით, რუკისა და დოკუმენტის გაუჩინარებაში მაშინდელი კომისიის ერთ-ერთი ქართველი წევრის ხელი ურევია, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესს ემსახურებოდა. თქვენ რა იცით ამის შესახებ? - იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი ურთიერთგამომრიცხავი დოკუმენტია, მათი ავთენტურობაც შესასწავლია. წარმოუდგენელია იმის თქმა, რომ რაღაც დოკუმენტი არსებობს, რომლის გამოჩენაც ყველა საკითხს დაუყოვნებლივ გადაწყვეტს. რაც შეეხება სხვა ქვეყნის სამსახურში მყოფი კომისიის ქართველი წევრის საკითხს, თუ ვინმეს მსგავსი ინფორმაცია აქვს, აუცილებლად უნდა მიაწოდოს სამართალდამცავ ორგანოებს. ჩვენი შიდა პრობლემა საერთაშორისო მასშტაბში არ უნდა გადავიყვანოთ. თუ რაიმეში ეჭვი გვეპარება, ჩავატაროთ გამოძიება და გავარკვიოთ, რა და როგორ მოხდა. ეს არის თემა, რომელმაც არათუ ზიანი, ჩრდილიც კი არ უნდა მიაყენოს აზერბაიჯანისა და საქართველოს მეგობრულ ურთიერთობას.

- რამდენად რეალური შეიძლება იყოს ვერსია, რომ სადავო ბერთუბნისა და ჩიჩხიტურის სანაცვლოდ ჩვენ სხვა ტერიტორია გვაქვს მიღებული აზერბაიჯანისგან? - თავს დავდებ, რომ ეს ვერსია სიმართლეს არ შეესაბამება. დავაზუსტებ, ჩვენ არ ვდაობთ დავითგარეჯაზე, ეს სამონასტრო კომპლექსი მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზეა და გასარკვევი არაფერია. ჩვენ ვდაობთ სხვა რამდენიმე კოშკზე. საბჭოთა კავშირმა ძალიან მარტივი და უხეში მეთოდით გაყო ეს ტერიტორია: ქედის აქეთა ნაწილი ჩვენ მოგვაკუთვნა, ქედის იქითა - აზერბაიჯანს. ამაზე წარმოიშვა დავა. ტერიტორიების გაცვლაზე საუბარი არასდროს ყოფილა. დღეს მთავარია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა - ეს ისტორიული ძეგლები არ უნდა დაზიანდეს. სხვა საკითხები, ადრე თუ გვიან, გადაწყდება. ნიშანდობლივი რამ თქვა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომ მესამე ქვეყნები იყვნენ დაინტერესებული ამ საკითხის ესკალაციით და ჩვენ შორის შუღლის ჩამოგდებით. თუ დავაკვირდებით, რა ხდებოდა ჩვენთან, აზერბაიჯანში, რა იწერებოდა რუსულ მედიაში, მივხვდებით, რომ ეს სცენარი ერთ ოთახში დაიწერა.

- საინტერესოა, თუ შეიცვალა აზერბაიჯანული მხარის ვერსია, თითქოს სადავო ტერიტორიაზე განთავსებული კოშკები ალბანური წარმოშობისაა? - ვერ გეტყვით, თუმცა ეს ნამდვილად ისტორიული ვერსიაა. ვერ ვიტყვი, მართებული არის თუ არა, მაგრამ ყურადსაღები ნამდვილად არის. მეცნიერთა ერთი ნაწილი ამბობს, რომ ალბანურია. თუმცა დავაზუსტოთ: ეჭვს არავინ გამოთქვამს, რომ თავად დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი ქართულია. ლაპარაკია იმაზე, რომ მის მიმდებარედ არსებული რამდენიმე ობიექტი შესაძლოა იყოს არა მარტო ქართული, არამედ ალბანურიც. ისიც მინდა დავაზუსტო, რომ ძველ ქრისტიან ალბანელებზეა საუბარი, რომელთა შთამომავლებადაც თავს მიიჩნევენ აზერბაიჯანელები. არიან თუ არა აზერბაიჯანელები ქრისტიანი ალბანელების შთამომავლები, მეცნიერებს შორის ესეც სადავოა.

ამიტომ ვამბობ, რომ ძალიან ბევრი სადავო და საკამათო საკითხია და მათი სახალხოდ გარჩევა საქმეს არ წაადგება. მთავარია, ძეგლი იყოს შენახული, დაცული, დაზღვეული დაზიანებისგან და რაც მთავარია, მომლოცველებს იქ მისვლის საშუალება ჰქონდეთ.

- ამბობთ, რომ ორივე, ქართული და აზერბაიჯანული მხარეც, დაინტერესებულია, რომ სადავო ტერიტორიაზე მოხვედრილი ძეგლები არ დაზიანდეს. თუმცა მე ადგილობრივი გიდისგან მაქვს ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელებმა ქართულ მხარეს ჩიჩხიტურის კოშკის შეკეთების უფლება არ მისცეს და ღვთისმშობლის ფრესკას დღემდე წვიმა რეცხავს. - დიახ, ვიცი. შეცდომები ორივე მხარემ დავუშვით და აღარ უნდა გავიმეოროთ. ეს არ არის საზღვრის ის ჩვეულებრივი მონაკვეთი, რომლის დემარკაცია და დელიმიტაცია სტანდარტული წესების მიხედვით ხდება. ეს ორივე მხარის განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს. ემოციები ორივემ უნდა მოვთოკოთ და თანამშრომლობისთვის სივრცე დავტოვოთ. ამის შესაძლებლობა ნამდვილად არის, რაც მინისტრების დავით ზალკალიანისა და ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებებშიც გაჟღერდა. ყველაფერი უნდა გადაწყდეს საქართველოსა და აზერბაიჯანის პარტნიორობისა და ჩვენი ხალხების გრძელვადიანი თანამშრომლობის კონტექსტში. კარგია, რომ არსებობს გადაწყვეტილება, რომელიც სავსებით შეესაბამება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და, იმავდროულად, არ აზიანებს აზერბაიჯანისას.

- არის თუ არა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებული პარლამენტს ამ საკითხზე სრული ინფორმაცია მიაწოდოს?

- კი ბატონო, პარლამენტის წინაშე აღმასრულებელი ხელისუფლება ყოველთვის ვალდებულია. პარლამენტს შეუძლია მოითხოვოს მოსმენა. ასევე მისი გადასაწყვეტია, ის ღია იქნება თუ დახურული.

ხათუნა ბახტურიძე