რა ანგარიშს წარადგენს კონტროლის პალატის აუდიტი? - კვირის პალიტრა

რა ანგარიშს წარადგენს კონტროლის პალატის აუდიტი?

"უკიდურესად გვიჭირს. ჩვენი ოჯახის სამივე წევრს (მეც, მეუღლესაც და შვილსაც) ნოემბერში დაგვჭირდა გადაუდებელი ოპერაციების გაკეთება. ჩემი ხარჯი ძმამ აანაზღაურა. მეუღლესა და ვაჟიშვილს კუჭის ურთულესი ოპერაციები გაუკეთდათ, რადგანაც სისხლისგან იცლებოდნენ.

აბაშის რაიონის გამგებელმა მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს თხოვნით, რეფერალური პროგრამის ფარგლებში 3.004 ლარის საავადმყოფოსთვის გადარიცხვის თაობაზე, რაც მხოლოდ ოპერაციების ხარჯს აანაზღაურებდა. განცხადება დღემდე განხილულიც კი არ არის,  სოფლის დახმარების იმედად ვართ დარჩენილი. ოპერაციის შემდეგაც კი ჩემი ქმრის მდგომარეობა მძიმეა, აქვს მუცლის შებერილობა, ტკივილი და გამოკვლევას საჭიროებს, რისი სახსარიც არ გაგვაჩნია.

სიღარიბის პროგრამაში ჩასმა მოვითხოვეთ, მაგრამ არ ჩაგვსვეს - სახლში მარჩენალი ძროხა გყავთო... ახლა იმ მარჩენალსაც ვყიდით. ყველას მივმართავ, ნუ გაგვწირავთ, მოგვხედეთ! ეს ქვეყანა ხომ ჩვენიც არის".

ნუნუ შენგელია, აბაშა

არცთუ დიდი ხნის წინ "ნაციონალურმა" ტელევიზიებმა კიდევ ერთი კორუფციული სქემა "გაშიფრეს" სახელმწიფოსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის და "ახალი ტელედაპატიმრებების სერიაც" დაიწყო...  დააკავეს სადაზღვევო კომპანიის რამდენიმე წარმომადგენელი და ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ზოგიერთი თანამშრომელი.

გულწრფელად რომ ვთქვათ, იმხანად "გაშიფრული" "კორუფციული სქემა" ოდნავ ბუნდოვანი იყო - არავის დაუზუსტებია, რომ ე. წ. სიღარიბის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოსგან გამოყოფილი ფულის გაფლანგვის მთავარი მიზეზი გახლდათ ცდომილებებით სავსე ბაზა, რომლის მიხედვითაც 900 ათასამდე მოქალაქეა საბიუჯეტო თანხით დაზღვეული. "კვირის პალიტრის" მოპოვებული მასალები ადასტურებს, რომ ბაზაში არა მხოლოდ მკვდარი სულები და გაყალბებული მონაცემებია, არამედ ისიც გავიგეთ, თავად ხელისუფლების წარმომადგენლებიც, უფრო მეტიც, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებიც კი ყოფილან "სიღარიბის ზღვარს მიღმა".

არადა, იყო დრო, როცა ამ ბაზის შედგენისთვის პრემიერ-მინისტრი გილაური სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს ანდრია ურუშაძეს მადლობას უხდიდა. გვახსოვს, როცა ნიკა გილაურმა ანდრია ურუშაძე ჯანდაცვის მინისტრად წარადგინა, სწორედ ასე განაცხადა: "სოციალურად დაუცველ პირთა ბაზა სწორედ მის ხელში იყო ჩამოყალიბებული და საკმაოდ კარგად გაართვა მან ამას თავი".

მართალია, ურუშაძე სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი იყო, მაგრამ ბაზის შედგენა-დამუშავება მისი მაშინდელი მოადგილის, მორის წამალაშვილის საკურაციო სფეროში შედიოდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ამჟამინდელი ხელმძღვანელი მორის წამალაშვილი ბაზის თაობაზე კომენტარს არ აკეთებს და როგორც პრესსამსახურმა გვითხრა, "ილაპარაკებს მაშინ, როცა კონტროლის პალატის აუდიტი საბოლოო ანგარიშს წარმოადგენს".

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მონაცემთა ერთიან ბაზაში რამდენიმე ათეული ათასი მოქალაქის სახელი, გვარი ან პირადობის მოწმობის ნომერი შეცდომით არის მითითებული, რაც ნიშნავს, რომ ეს მოქალაქეები საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო მომსახურებას ვერ მიიღებენ. ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 45 ათასი დასაქმებული მოქალაქე სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფად არის მიჩნეული, მაშინ, როცა მართლაც ღატაკი სიღარიბის პროგრამაში ვერ ხვდება. სახელმწიფო სტრუქტურაში მომუშავე არაერთ პირს კი თურმე როგორც კორპორაციული, ასევე სახელმწიფო დაზღვევაც აქვს, რასაც კანონი კრძალავს.

ამ ინფორმაციას კონტროლის პალატის აუდიტის ხელმძღვანელი გიორგი ალასანიაც გვიდასტურებს.

- ამბობენ, ბაზაში სადაც 900 ათასამდე მოქალაქეა შეტანილი, დაახლოებით 400 ათასი მონაცემი არასწორი ან გაყალბებულიაო. რამდენად ადასტურებთ ამ ინფორმაციას?

- საბოლოო ანგარიშსა და დაზუსტებულ ციფრებს უახლოეს ხანში წარმოვადგენთ. ჯერჯერობით, არა 400 000, არამედ რამდენიმე ათეული ათასი ცდომილებაა. ზოგჯერ დაზღვეულის გვარი ან პირადი ნომერი პირადობის მოწმობის მონაცემებს არ ემთხვევა, ე .ი. მოქალაქის იდენტიფიკაცია ვერ ხდება. ეს კი იმას განაპირობებს, რომ ბევრი მოქალაქე მომსახურებას დროულად ან სრულიად ვერ მიიღებს. მოკლედ, გააჩნია ცდომილების ხარისხსაც და იმასაც, ჩაიცვამს თუ არა დაზღვეული რკინის ქალამნებს და ჯანდაცვის სამინისტროსა და სადაზღვევო კომპანიას დოკუმენტით დაუმტკიცებს, რომ სახელმწიფო ფულით დაზღვეული სწორედ ის არის.

- ძნელად სავარაუდოა, დაზღვეულმა, რომელიც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს, რკინის ქალამნები ჩაიცვას.

- გეთანხმებით, ამ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიების კეთილსინდისიერებაზეც არის ბევრი რამ დამოკიდებული. რა თქმა უნდა, მაღალია ალბათობა, რომ მავანმა ბაზაში არსებული შეცდომებით ისარგებლოს.

- შესაძლებელია თქვენს ხელთ არსებულმა მასალებმა მაღალი თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა გამოკვეთოს. რამდენად შეძლებთ პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი ანგარიშის შედგენას?

- საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობისა და კანონიერების უზრუნველყოფა უკომპრომისო საკითხია. სახელმწიფომ გამოყო მილიონობით ლარი, რომელიც უნდა მოხმარდეს მოქალაქეთა დაზღვევას.

- გვაქვს ინფორმაცია, რომ ე.წ. სიღარიბის ბაზაში შედიან სხვადასხვა სტრუქტურაში დასაქმებული პირებიც, ბევრი მათგანი სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელიც ყოფილა.

- გეთანხმებით. ბაზაში შეტანილია რამდენიმე ათეული ათასი დასაქმებული მოქალაქე, აქვთ შემოსავალი და რამდენად უნდა მინიჭებოდა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფის სტატუსი, სწორედ ამას ვარკვევთ. მათ შორის არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებიც(?!).

ამგვარად, როგორც კონტროლის პალატის წარმომადგენელი აცხადებს, თუ ბაზაში მართლაც მხოლოდ რამდენიმე ათეულ ათასი ცდომილებაა და არა უფრო მეტი, ამ შემთხვევაშიც კი სახელმწიფოს ზარალი საკმაოდ დიდია. რამდენიმე  ათეული ათასი კაცი არ შეიძლება 20 ათასზე ნაკლებს ნიშნავდეს, აქედან გამომდინარე, თუ გავითვალისწინებთ, რომ თითოეულის ჯანმრთელობის დაზღვევისთვის სახელმწიფომ წელიწადში 132 ლარი გამოყო (თითოეულზე თვეში 11 ლარი), გამოდის, მთავრობას, სულ მცირე, 2 მილიონ 640 ათასი ლარი (მხოლოდ ერთ წელიწადში) სადაზღვევო კომპანიების გასამდიდრებლად გადაუყრია.

"ქურქიც თქვენია და ტანცკლასიცა"...

ზოგჯერ მაღალი თანამდებობის პირები საოცრად ენამჭევრები არიან. ვერ გეტყვით, ეს მათი ორატორული ნიჭის დამსახურებაა თუ სხვა რამის, რომ ამჟამინდელი ჯანდაცვის მინისტრი ნდობას, ერთი შეხედვით, იმსახურებს. მაგალითად, როცა რეფერალური პროგრამით გათვალისწინებული ბიუჯეტის შემცირების მიზეზით დავინტერესდით, მინისტრმა მაშინ ასეთი პასუხი გაგვცა.

ანდრია ურუშაძე: "ეს პროგრამა ვერ გადაიქცევა ინდივიდუალური დახმარების პროგრამად და არც უნდა გადაიქცეს, რადგან ყველა მოქალაქე თანაბრად უნდა ფინანსდებოდეს, ყველას თანაბრად უნდა მიუწვდებოდეს ხელი საბიუჯეტო მხარდაჭერაზე. ასე რომ, ინდივიდუალურ განცხადებებს ჯანდაცვის სამინისტრო აღარ განიხილავს. ეს პროგრამა ამ ფორმით იმისთვის არის შედგენილი, რომ ეჭვი არავის გაუჩნდეს, იყოს გამჭვირვალე როგორც თანხების ხარჯვა, ისე გადაწყვეტილებების საფუძველი. რაც უნდა მაღალი თანამდებობის იყოს პირი, არ შეიძლება მის სურვილზე იყოს დამოკიდებული რომელიმე გადაწყვეტილება, ყველაფერს უნდა ჰქონდეს ობიექტური კრიტერიუმები".

სამწუხაროდ, ამ სიტყვაკაზმულობის საპირისპიროს მეტყველებს დოკუმენტები (რომლებიც კონფიდენციალურად მოვიპოვეთ), რომლებითაც ირკვევა, თუ

რა ოდენობის თანხებს რიცხავდა რეფერალური პროგრამიდან ჯანდაცვის სამინისტრო ანდრია ურუშაძის დედის სამკურნალოდ ვენის საუნივერსიტეტო კლინიკაში.  სხვადასხვა დროს გადარიცხულია: 53.750 ლარი, 16.730 ლარი, 4.155 ლარი, 3.001 ლარი, 645 ლარი, 604 ლარი, 14 ლარიც კი...

შეიძლება იფიქროთ, 53.750 ლართან 14 ლარი რა მოსატანიაო. როგორც აღმოჩნდა, 14 ლარის გადარიცხვა "ვალუტის კურსის ცვლილებამ" გამოიწვია(?!).

აქედან გამომდინარე, რამდენად თანაბრად მიუწვდება რეფერალური პროგრამით გამოყოფილ საბიუჯეტო სახსრებზე მოქალაქეებს ხელი, "საკითხავი, აი, ეს არის"!

რატომ არის ხშირად ხელმიუწვდომელი სახელმწიფო სახსრები გაჭირვებულებისთვის, ხოლო მისაწვდომი თანამდებობის პირთათვის, ძნელი სათქმელია.

ჩვენ კვლავ კონტროლის პალატის წარმომადგენელს, გიორგი ალასანიას დავუკავშირდით:

- თუ გაქვთ შესწავლილი, რა ოდენობის თანხა იხარჯება თანამდებობის პირთა ოჯახის წევრების მკურნალობაზე?

- რეფერალური პროგრამის მიხედვით, დახარჯული თანხები შესწავლის საგანია. სამედიცინო პროგრამები ჩვენი აუდიტორული საქმიანობის პრიორიტეტია, მათ შორის, ეს პროგრამაც, რომელსაც  ახლო მომავალში შევისწავლით: და ყველა დოკუმენტს წარმოვადგენთ.

P.S. ჩვენ ვცადეთ გადარიცხულ თანხებზე მიგვეღო თავად ანდრია ურუშაძის კომენტარიც, მაგრამ უშედეგოდ.

www.kvirispalitra.ge

იყენებთ თუ არა ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისს, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს?

ხვდებით თუ არა წინააღმდეგობას სამედიცინო პერსონალის მხრიდან პოლისის წარდგენის შემთხვევაში?

გამოგვეხმაურეთ!