"მტერმა უყურა ქალაქის ცენტრში ასეთ საშინელებას" - კვირის პალიტრა

"მტერმა უყურა ქალაქის ცენტრში ასეთ საშინელებას"

"საქართველო ჩვენი სახლია და კეთილი ინებეთ, ჩვენც ჩაგვაყენეთ საქმის კურსში"

ჩემო ძვირფასებო,  21-27 თებერვლის "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულმა სტატიამ - "ამაოებას არ ამოება", სულით ხორცამდე შემძრა, სადაც სტალინის ძეგლის ადგილას დასადგმელ მემორიალის ესკიზზეა ლაპარაკი. ვფიქრობ, ეს ძალიან დიდ უარყოფით ზემოქმედებას მოახდენს დღევანდელ და მომავალ თაობებზე.

საკითხს, როგორც ხშირად ხდება, სახელმწიფოებრივად არ უდგებიან და კონკურსში“ვიღაცებს თავისიანები გაჰყავთ, მაგრამ, დალოცვილებო, ცოტა სიღრმისეული ანალიზი გააკეთეთ, მტერმა უყურა ყოველდღე ქალაქის ცენტრში ასეთ საშინელებას, ასე გვინდა ათასეული წლების ქარტეხილებში გამოვლილ ჩვენს ქვეყანას, სამშობლოს სიყვარულით დამუხტული ამაყი და ღირსეული მომავალი თაობები გავუზარდოთ? ისედაც მტირალად ქცეულ ერს კიდევ ეს გვინდა? ნუ დაგვავიწყდება ქართველებს ილიას "მომავალი ჩვენია", ან აკაკის - "დრო მოვა და თავს აიშვებს, იმ ჯაჭვს გაწყვეტს გმირთა გმირი".

ყოვლად უსახურია ერის უმწეობის გამომხატველი ძეგლი, რომელიც საბრძოლველად კი არ განაწყობს, არამედ ფსიქოლოგიურად შეაგუებს და ხელს ჩააქნევინებს მომავალ თაობებს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში და რუსეთისგან თავში ჩარტყმულის სინდრომით იცხოვრებს.

რას ფიქრობთ, ვინმეს შევეცოდებით ან შევებრალებით? - თუნდაც შევებრალოთ, მერე რა? ნუთუ მოგვწონს, როცა ვინმეს ვებრალებით? - ვისაც მოსწონს, მისი პრობლემაა, - ღირსეულ ხალხს ეს არ გვეკადრება!

ერთიც მინდა გითხრათ, ჯერ კიდევ კომუნისტური მმართველობის დროს გაზეთ "თბილისში" გამოქვეყნდა წერილი, სად დადგმულიყო დავით აღმაშენებლის ძეგლი. არ ვიცი, სამი თუ ოთხი გაზეთი აჭრელებული იყო საქართველოს ყველა კუთხიდან რედაქციაში შესული წერილებით. იმ ზღვა წერილებში ჩემი ნალოლიავები ფიქრებიც იყო გამოქვეყნებული. სასტუმრო "ივერიასთან" ვითხოვდი დადგმულიყო, ოღონდ უფრო მაღალ კვარცხლბეკზე... სასურველი იქნება, ასეთი გადაწყვეტილებები საზოგადოებასთან ერთად მივიღოთ.

საქართველო ჩვენი ოჯახია, ჩვენი სახლია და კეთილი ინებეთ, ჩემო ძვირფასებო, მისი თითოეული წევრი დროულად ჩაგვაყენეთ საქმის კურსში, როცა რაიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებთ.

პატივისცემით, რაინდი (ჯონი) მეტრეველი, ონი

წინა ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას: "ამაოებას არ ამოება" ჩვენს საიტზეც უამრავი  მკითხველი გამოეხმაურა:

www.kvirispalitra.ge

neka: "ეგ მემორიალი გორში რომ უნდა დადგან, არის საშინელება და საერთოდ არ შეეფერება გორს. ღმერთო ჩემო, ნუთუ არ არსებობს სხვა უკეთესი მემორიალი. ამ მემორიალს რომ ვუყურებ, უფრო სასოწარკვეთა, სიკვდილი და გაჭირვება მიდგება თვალწინ. ეს რა არის?! მე არ ვიცი, ვის როგორი ფანტაზია აქვს, მაგრამ გორის მოსახლეობა ამ ძეგლს არ მიიღებს!"

tamada: "მგონი, მშვენიერია. ეს სიმახინჯე მშვენივრად გამოხატავს ჩვენი "ნაცუკების" სახეს, სულსა და ცოდნა-განათლებას. ეგ არის, ადგილია ცუდად შერჩეული. ეგ "უჟასი" გორში კი არა, თითოეული "ნაცუკას" ფეშენებელურ სრა-სასახლეებში უნდა დაიდგას. მადლია მაგათზე რა..."

nana: ძალიანაც კარგი მემორიალია. მე მომწონს და თქვენი არ ვიცი. საერთოდ, ქართველებს ყველაფერი ახლის დაწუნება გვჩვევია. მერე კი ვეჩვევით და მოგვწონს.

VAXO: "ძეგლი კი არა,  საფრთხობელაა".

aleqsandre barbaqadze: "პირველად მაშინ მიქარეს, სტალინის ძეგლთან უზარმაზარი, ლამაზი ნაძვები რომ მოჭრეს, შადრევნების გაკეთების მიზეზით. ახლა ამ "ამაოებას" დადგამენ და სულ დაამახინჯებენ გორის მთავარ ქუჩას".