ამირან გამყრელიძე: "ვაქცინა ხელმისაწვდომი ალბათ, გაზაფხულიდან გახდება" - კვირის პალიტრა

ამირან გამყრელიძე: "ვაქცინა ხელმისაწვდომი ალბათ, გაზაფხულიდან გახდება"

"ქვეყანა, ალბათ, აღარ ჩაიკეტება. დღეს ჩვენ უნდა მივდიოთ ბალანსირების პოლიტიკას, რადგან კიდევ წელიწადი-წელიწად-ნახევარი მაინც ინფექცია არ გაქრება. აუცილებელია ინფიცირებულთა სწრაფად გამოვლენა, მათი იზოლირება, სახლში მკურნალობა და, ამასთან ერთად, ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმის გაგრძელება"

ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით "კვირის პალიტრას" დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ესაუბრება.

- ბოლო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების ანტირეკორდული მაჩვენებელი გვაქვს. ბატონო ამირან, ისევ ვრჩებით მწვანე ზონაში თუ არა?

- მწვანე, წითელი, ყვითელი და ნარინჯისფერი - ეს ერთგვარი შუქნიშანი მიგვანიშნებს, როგორ უნდა ვუპასუხოთ გავრცელების სხვადასხვა ინტენსივობას, ამიტომ ეს ფერები შეფარდებითია. ჯერჯერობით მწვანე ზონაში ვართ, მაგრამ ქვეყანაში მატების ტენდენციაა ერთი რეგიონის ხარჯზე. სხვა რეგიონებში ყველგან დაბალია ინფიცირების მაჩვენებელი. შემთხვევათა 60-65% აჭარაზე მოდის, ამიტომ ყველაზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს აჭარაში, რათა ინფექცია შევაკავოთ და იქიდან ნაკლები ინფიცირებული ადამიანი გამოვიდეს. შემთხვევების რაოდენობა იზრდება და ამაზე თვალს არ ვხუჭავთ, პირიქით, მოქმედება უნდა გავააქტიუროთ.

- რეაგირება ხომ არ დავაგვიანეთ? იქნებ უკეთესი შედეგი გვქონოდა მუნიციპალური ტრანსპორტი უფრო ადრე რომ გაგვეჩერებინა, ან რესტორნების 22 საათის შემდეგ მუშაობა უფრო ადრე აკრძალულიყო? - ეს კითხვა ყოველდღე ისმის... ჩვენი ქვეყნის წარმატების საფუძველი ის იყო, რომ დროულად ვახდენდით რეაგირებას და ამიტომაც აგვისტოს ბოლომდე სულ 1400 შემთხვევა გვქონდა. მთელ რეგიონში ყველაზე უკეთ ჩვენ შევაკავეთ ინფექცია. ამის მიზეზი იყო მხოლოდ და მხოლოდ დროული და სწორი რეაგირება. რაც შეეხება აჭარას, ჩვენ მხოლოდ სახელმწიფოს რეაგირებას არ უნდა დავეყრდნოთ. მოსახლეობას ძალიან ხშირად ვაფრთხილებდით, რომ კორონავირუსული ინფექცია არ გამქრალა და მოდუნება და რეგულაციების დაუცველობა სახიფათოა. ვამბობდით, რომ დისტანცია, პირბადე, ხელების დაბანა აუცილებელია, დიდი ქორწილები ან დიდი ჭირის სუფრები არ შეიძლება, მაგრამ სამწუხაროდ, ივნის-ივლისში რატომღაც დავიჯერეთ, რომ საქართველომ კორონავირუსული ინფექცია დაამარცხა. მე ვერ გეტყვით, დავაგვიანეთ თუ არა რეაგირება. აშკარაა, რომ არც მაკონტროლებელმა ღონისძიებებმა და არც ხალხის თვითშეგნებამ არ იმუშავა ისე, როგორც უნდა ემუშავა. ასე მარტო ჩვენთან არ მომხდარა, ეს გლობალური ტენდენციაა.

ხომ ხედავთ, რა ხდება დასავლეთ ევროპის ქვეყნებში?! გუშინდელი მონაცემით, ანტირეკორდი დამყარდა პოლონეთში, ჰოლანდიაში, დღეს დილას - უკრაინაში, აღარაფერს ვამბობ საფრანგეთზე - გუშინ უკვე 16 000 შემთხვევა ჰქონდათ, ესპანეთში 10 000 გადასცდა ახალ შემთხვევათა რაოდენობა. დღეს დილას მსოფლიოს ანტირეკორდი დამყარდა - 218 000 ახალი შემთხვევა ერთდროულად! მოიმატა შემთხვევების დღიურმა რაოდენობამ სომხეთში, რუსეთში, ანუ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი არის ის, რომ გადადების მაჩვენებელი ყველა ქვეყანაში იზრდება.

ჩვენც ველოდით, რომ დაავადებულთა რაოდენობა მოიმატებდა და ეს შავიზღვისპირეთიდან დაიწყებოდა, რადგან ნახევარი საქართველო ბათუმში, ქობულეთში, გონიოსა და სარფში იყო. კარგია, შიდა ტურიზმი რომ განვითარდა, მაგრამ არ დავიცავით დადგენილი წესები და არ შევასრულეთ რეკომენდაციები. ერთდროულად რამდენიმე დიდი ქორწილი იყო ბათუმში. არავინ დააჯარიმეს, მაგრამ მხოლოდ ჯარიმისა და შოლტის იმედად რატომ უნდა ვიყოთ?! მაღალი თვითშეგნება უნდა გამოვიჩინოთ და წელიწადი ან წელიწად-ნახევარი თავი შევიკავოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დიდი შეკრებების დროს ინფექცია ადვილად ვრცელდება.

- უნდა დაწესდეს თუ არა, მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებები?

- დღეს ეს ტაქტიკა და სტრატეგია შეიცვალა. გაზაფხულზე იყო მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებები, რადგან ჩვენ არ ვიცოდით, რა იყო კორონავირუსული ინფექცია. დღეს ცხოვრება გრძელდება.

აი, ახლა მე და თქვენ ვსხედვართ, ჩვენ თვალწინ კი ხალხი აუზში ბანაობს და მშვენივრად ერთობა ("კვირის პალიტრამ" ამირან გამყრელიშესთან ინტერვიუ კახეთში ჩაწერა, სადაც მედიისთვის კოვისემინარი გაიმართა). ეს აღარ უნდა დაუშალო ხალხს, თუმცა მათაც უნდა დაიცვან რეკომენდაციები. ცხოვრება უნდა გაგრძელდეს, სამსახურებშიც უნდა ვიაროთ, მაგრამ რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია.

- აქამდე მიჩვეული ვიყავით, რომ ყველა ღონისძიება წინსწრებით ტარდებოდა, ახლა თითქოს უკან მივდევთ პროცესებს. იქნებ ჩამოვრჩით? - ვერ დაგეთანხმებით. მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიებები ტარდება ყველგან, განსაკუთრებით - აჭარაში.

- მაგალითად? - შეიზღუდა ტრანსპორტის მუშაობა, მთელ აჭარაში სწავლა მიმდინარეობს დისტანციურად, ტურისტები აღარ არიან. ეს შედეგს უსათუოდ მოიტანს, ოღონდ დრო სჭირდება. ტესტირების მაჩვენებლები გაზრდილია და ჩვენ აჭარაში დავიწყეთ იმ პროგრამის პილოტირება, რაც მთელ ქვეყანაში დაგვჭირდება - ეს არის პირველადი ჯანდაცვა და პაციენტების სახლში მართვა. მსუბუქი შემთხვევა ბევრია და ისინი სახლში უნდა იმართოს სწორედ პირველადი ჯანდაცვის ექიმების მიერ. აჭარაში ვისაც შინ არა აქვს პირობები, სასტუმროში გადაჰყავთ, საავადმყოფოებიც იმაზე უკეთ არის მომზადებული, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

რეგიონში დაახლოებით 800 საწოლია მათთვის, ვისაც სტაციონარული მკურნალობა სჭირდება. ლაბორატორიები ძალიან გადაიტვირთა - 4-5 ათას ტესტს აკეთებდნენ დღეში და აჭარას არ ჰქონდა ამის საშუალება, ახლა დაახლოებით 2 000 ნიმუში აქეთ მოდის, თბილისის ლაბორატორიებში, ამიტომ ვერ დაგეთანხმებით, რომ პრევენციული ღონისძიებები არ ტარდება. ჩვენ ვცდილობთ, ვირუსის აჭარიდან აქეთ გავრცელება შევაჩეროთ, თუმცა ყოველთვის ვამბობდი, რომ შემოდგომაზე შემთხვევების რაოდენობა მოიმატებდა და მოიმატა კიდეც.

- რესპირაციული ვირუსების სეზონზე მეტი შემთხვევისთვის უნდა ვიყოთ მზად?

- ვირუსებს შორის არსებობს ე.წ. კონკურენტული დამოკიდებულება. შეიძლება ორი ვირუსის თანხვედრამ გააძლიეროს და შეიძლება პირიქით - დაასუსტოს კიდეც ეს ინფექცია, ამიტომ ერთმნიშვნელოვნად თქმა, რომ ნოემბრიდან სიტუაცია გაუარესდება, არ შეიძლება, თუმცა ექიმები მაინც უარესისთვის უნდა ვიყოთ მზად.

- ქვეყანაში გრიპის ვაქცინა ჩამოდის და ის რისკჯ-გუფებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. რისკჯგუფებში ორსულები იგულისხმებიან? ბევრი თავს იკავებს ამ მდგომარეობაში აცრისგან... - ორსულები გრიპის საწინააღმდეგოდ უნდა აიცრან! ვაქცინა მათთვის უვნებელი და აუცილებელია, ვინაიდან ეს არის ყველაზე სახიფათო რისკ-ჯგუფი. გრიპის ვირუსი სწორედაც ორსულ ქალბატონებს ერჩის.

- სწავლის დაწყება მობილობას გაზრდის. ეს ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდასაც ხომ გამოიწვევს? - დიახ, მაგრამ სწავლა უნდა დაიწყოს ფრთხილად და ეტაპობრივად, როგორც ახლაა, ანუ დასწრებული სწავლება იწყება მხოლოდ პირველიდან მეექვსე კლასების ჩათვლით. დავაკვირდებით, როგორი იქნება ვითარება.

თუ სკოლაში იქნება ინფექცია, შეიძლება დროებით კლასი დაიკეტოს, შეიძლება - სართული, შეიძლება - მხოლოდ ერთი სკოლა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სწავლა უნდა შევწყვიტოთ. ეს დადებითად არ მოქმედებს ბავშვებზე. პირველი-მეოთხე კლასის ბავშვებს არ შეუძლიათ ონლაინსწავლა, თორემ სტუდენტებსა და მე-10, მე-11, მე-12 კლასელებს ეს მაინცდამაინც არ უჭირთ.

კორონავირუსის ინფექციამ განათლების სისტემაშიც ბევრი რამ შეცვალა. უცხოეთში უნივერსიტეტები, სადაც დასწრებული სწავლება აუცილებელი არ არის, ერთიანად ონლაინსწავლებაზე არიან გადასული, მაგრამ პრაქტიკულ მეცადინეობას, მაგალითად, ექიმებისთვის, დისტანციურად ვერ ჩაატარებ.

- რა შემთხვევაში შეიძლება ქვეყანა ჩაიკეტოს? - არ არსებობს ერთი მაჩვენებელი, რომლის მიხედვით ქვეყანა უნდა ჩაიკეტოს. ქვეყანა, ალბათ, აღარ ჩაიკეტება. დღეს ჩვენ უნდა მივდიოთ ბალანსირების პოლიტიკას, რადგან კიდევ წელიწადი-წელიწად-ნახევარი მაინც ინფექცია არ გაქრება. აუცილებელია ინფიცირებულთა სწრაფად გამოვლენა, მათი იზოლირება, სახლში მკურნალობა და, ამასთან ერთად, ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმის გაგრძელება.

- რამდენიმე ვაქცინა კვლევის ბოლო ფაზაშია. საქართველოში როდის გვექნება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა? - ვაქცინა ამ წლის ბოლოს ან 2021 წლის დასაწყისში იქნება, ხოლო ქვეყნებისთვის ხელმისაწვდომი ის, ალბათ, გაზაფხულიდან გახდება.