"ფშაველი ახალგაზრდები ნასახლარებში ბრუნდებიან" - კვირის პალიტრა

"ფშაველი ახალგაზრდები ნასახლარებში ბრუნდებიან"

"ჯერ 20-მდე მოსახლეა, თანდათან დანარჩენებიც შეუერთდებიან, როგორც კი საშუალება მიეცემათ, ოღონდ ყველა მათგანი ფშავურ სახლებს ააგებს. თუკი რომელიმეს რეაბილიტაცია შესაძლებელი იქნება, ტრადიციულ იერს აღუდგენენ. გარდა იმისა, რომ საცხოვრებლად აპირებენ დაბრუნებას, მიხა ხელაშვილის ოცნების ახდენაც უნდათ - მიხა ნატრობდა, მისი საფლავი ახადში ყოფილიყო, საგვარეულო საძვალეში. ის ჩარგალში მოკლეს და კი არ დაუკრძალავთ, დაფლეს, თანაც იმ სასაფლაოზე, სადაც მისი მტრები არიან დასაფლავებული"

საქართველოს არაერთ სოფელს, რომლებიც სხვადასხვა დროს ამა თუ იმ მიზეზით დაიცალა, დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, თუმცა ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო ან აუთვისებელი, ან დაცლილია. ერთ-ერთი ასეთია დუშეთის მუნიციპალიტეტის უკანა ფშავის თემის ისტორიული სოფელი ახადი. ბოლო წლებში ფშავის ყველაზე მაღალ სოფელში, რომელიც ზღვის დონიდან 1 920 მეტრზეა, რამდენიმე ფშაველი გვიან გაზაფხულზე ადიოდა და ოქტომბრის ბოლომდე რჩებოდა, ვერ ელეოდნენ მამა-პაპის მხარეს. სოფლიდან მთელი არაგვის ხეობა ხელისგულივით ჩანს. ახადში გზის გაყვანა, მიხა ხელაშვილის სახლ-მუზეუმის გახსნა და გოდერძაულთა ისტორიული ციხის აღდგენა ამ სოფელს, და საზოგადოდ, ფშავს, საინტერესო ტურისტულ ადგილად გადააქცევს. აქ ხიდის აგება დაიწყო, რამაც მოსახლეობას უგზოობის პრობლემის მოგვარების იმედი გაუჩინა.

დიმიტრი ქართლელიშვილი, თადარიგის პოლკოვნიკი: - სამი წლის წინ სამოგზაუროდ ვიყავი ბორბალოს მთაზე, საიდანაც იორი და არაგვი იღებენ სათავეს. უამრავი რამ ვნახე, მათ შორის უგზოობის გამო გავერანებული სოფლები. ერთგან ერთი ფშაველი, შალვა წიკლაური შემხვდა და გარშემო სოფლების პრობლემებზე მიამბო. დილით ორი ახალგაზრდა მოვიდა, სოფელ ახადის ასაღორძინებლად ხელმოწერებს აგროვებდნენ. უპირველესად ხიდი სჭირდებოდათ გარე სამყაროსთან დასაკავშირებლად. ამ სოფელს ისტორიული მნიშვნელობა აქვს - აქ ცხოვრობდა ცნობილი პოეტი მიხა ხელაშვილი. კომუნისტებმა სწორედ ამიტომ დაცალეს აქაურობა, ხალხი კი სამაგალითოდ დასაჯეს, რადგან მიხასაც უმართავდნენ ხელს და ქაქუცა ჩოლოყაშვილსა და მის რაზმსაც იფარავდნენ. ერთი სიტყვით, მთელი სოფელი იმ ეროვნული გმირისა და მისი მეგობრების ხელშეწყობას გადააყოლეს. უკანა ფშავს რომ გადახედოთ, ისეთი განადგურებულია, თითქოს თემურ-ლენგმა დაარბია. სულ დაცლილ-მიტოვებულია...

აქაურების ძალისხმევას ამაოდ არ ჩაუვლია - თავდაცვის სამინისტრომ ფშავის მოსახლეობას 60 ტონა გამავლობის სამხედრო ხიდი აჩუქა და თან საჭირო ტექნიკა გამოაყოლა. ხიდი ახადში მდინარე არაგვზე გაიდება და ჭალაში გავა. ამის შემდეგ 2,5 კმ-იანი გზა არის გასაყვანი, ისეთი, ტრაქტორმა რომ გაიაროს.

- მოსახლეობა დაბრუნებას აპირებს? - დიახ, ჯერ 20-მდე მოსახლეა, თანდათან დანარჩენებიც შეუერთდებიან, როგორც კი საშუალება მიეცემათ, ოღონდ ყველა მათგანი ფშავურ სახლებს ააგებს. თუკი რომელიმეს რეაბილიტაცია შესაძლებელი იქნება, ტრადიციულ იერს აღუდგენენ. გარდა იმისა, რომ საცხოვრებლად აპირებენ დაბრუნებას, მიხა ხელაშვილის ოცნების ახდენაც უნდათ - მიხა ნატრობდა, მისი საფლავი ახადში ყოფილიყო, საგვარეულო საძვალეში. ის ჩარგალში მოკლეს და კი არ დაუკრძალავთ, დაფლეს, თანაც იმ სასაფლაოზე, სადაც მისი მტრები არიან დასაფლავებული. იგეგმება მიხა ხელაშვილის საზოგადოების დაარსებაც, სერგი მაკალათიას ნამუშევრების მიხედვით, მუშავდება პროექტი მუზეუმის გასახსნელად, მანამდე კი გულანთებული ფშაველი ახალგაზრდები ნასახლარებში დაბრუნებას გეგმავენ.

ელექტროენერგია არასდროს ყოფილა, მაგრამ იმედია, ეტაპობრივად, ყველაფერი გაკეთდება. ეს ხომ ტურისტულად ძალიან საინტერესო ზონაა. ბევრად გრძელი ტრასებია, ვიდრე გუდაურში, თოვლიც გვიანობამდეა მთებზე; კალმახით სავსე მდინარეებია, მოკლედ, ულამაზესი ბუნებაა. არ შეიძლება ამ პოტენციალის დაკარგვა.

ხალხს გზა რომ ექნება, გარე სამყაროსთან კავშირს ზამთარშიც არ გაწყვეტს. აქაურებს ზამთარში საქონელი ვერ გადმოჰყავდათ. არადა, შუაფხოში უკვე აშენდა რძის ჩამბარებელი პუნქტი, ხიდის წყალობით კი ხალხს საქონლის შენახვის საშუUალება მიეცემა. გარშემო სოფლებშიც ცოტა ხალხია, მაგრამ თუ მიმოსვლის საშუალება ექნებათ, იქაც დაბრუნდებიან, ზოგი სამუდამოდ, ზოგიც დროებით... არაგვს გადაღმა სოფელ ჭიჩოში ერთი მოხუცია დარჩენილი და იქაურობას არ ტოვებს - მე აქ უნდა აღვესრულოო.

მეფუტკრეობისა და მესაქონლეობის აღორძინებაც შეიძლება. 1950-60-იან წლებში იქ ხორბალიც მოჰყავდათ.

თორნიკე გორელაშვილი: - ჩემი ოჯახი პანკისში ცხოვრობდა. ფშავლები ვართ და იქაც საქონელს ვუვლიდით - ზამთარში პანკისში გვყავდა, ზაფხულში მთაში ვერეკებოდით. იქ რომ დაძაბულობა დაიწყო, მე და ჩემი ოჯახი ფშავში დავბრუნდით და ორ ზამთარს დავრჩით. სულ ორი მოსახლე ვიყავით, მაგრამ როგორღაც გავძელით. როდესაც ბავშვებს სასკოლო ასაკმა მოუწია, რუსთავში გადმოვედით. პაპაჩემი ცოცხალი აღარ იყო, ბებოს კი მარტო ვერ დავტოვებდით და იქაურობას მოვწყდით. ცოტა ხნის წინ მამაჩემმა, მე და ჩემმა ძმამ ჩვენი სახლის აღდგენა დავიწყეთ, ფაქტობრივად, კედლებიღა იყო დარჩენილი, ოღონდ უცემენტოდ, ქვის ქვაზე დადებით, ძველი ფშაური ტრადიციით... იქ ქვიშისა და ცემენტის ატანა შეუძლებელია. ბოლო წლებია მამაჩემი სოფელში ადის და ოქტომბრამდე იქ ცხოვრობს.

- ვიცი, თქვენც აპირებთ იქ დასახლებას. - მე და ჩემი ძმა სასაზღვროში ვაპირებთ მუშაობას და ეს იქ გადაბარგების კიდევ ერთი მიზეზი იქნება. ხიდი კიდევ ერთი სტიმულია მათთვის, ვისაც დაბრუნება სურს. ჩვენი სახლის უკან, 10 მეტრში, მიხა ხელაშვილის ნასახლარია და მარტო ჩვენი სახალხო გმირის სულისთვის ვერ შეველევით იქაურობას.

სოფელში რომ ავსულიყავით, ჯერ ცხენები უნდა გვეპოვა ბარგის ასატანად, მანქანა ვერ ადიოდა. ჭალაში, სადაც ხიდი უნდა გაიდოს, მდინარე რომ ადიდდებოდა, საქონელი ვერ გადმოგვყავდა და რამდენიმე დღეს ველოდით წყლის დაწევას. საქონელიც არაერთხელ გაუტაცია. მერე დროებით ხის ხიდს ვაკეთებდით. იმედია, მომავალი წლიდან ამ ხიდით ვისარგებლებთ, და გზასაც თუ გაიყვანენ, სხვა დანარჩენს მოევლება.

მიხა ხელაშვილი

მიხეილ (მიხა) ხელაშვილი ფშავის სოფელ ახადში დაიბადა 1900 წელს, სახალხო პოეტი, 20-იანი წლების ანტისაბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილე და შეფიცულთა რაზმის წევრი იყო. 1922-1924 წლებში ფშავსა და ხევსურეთში ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით შეიარაღებულ გამოსვლებში მონაწილეობდა.

თავისი მოკლე სიცოცხლის პერიოდში არაერთი ცნობილი ლექსი შექმნა, რომლებიც დიდხანს ხალხურად ითვლებოდა, რადგან საბჭოთა პერიოდში მისი ლექსები ხალხური პოეზიის ანთოლოგიებში ავტორის მითითების გარეშე იბეჭდებოდა. ერთ-ერთი ასეთია "ბინდისფერია სოფელი", რომელიც ხალხში ზეპირად ვრცელდებოდა. გავრცელებული ვერსიით, 25 წლის მიხა ხელაშვილი საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოსყიდულმა მეგობარმა მისივე დაბადების დღეზე მოკლა. სხვა ვერსიით, დუშეთის მილიციის რაზმთან შეტაკების დროს დაიღუპა. დაკრძალულია ჩარგლის სასაფლაოზე.