"ჩვენი ქორწინების წლისთავზე ნინი უკეთესს ვერაფერს მაჩუქებდა" - კვირის პალიტრა

"ჩვენი ქორწინების წლისთავზე ნინი უკეთესს ვერაფერს მაჩუქებდა"

"ჩვენი საქმე დილის ექვს საათზე იწყება. ქალაქში მაშინ გავდივართ, როცა ხალხს სძინავს და ვიწყებთ დასუფთავებას. გვერდიგვერდ მუშაობა უფრო სახალისოა..."

დღეს მინდა გაგაცნოთ ნინი და დათო ქვრივიშვილები. ამ ახალგაზრდა წყვილმა ჩემი ყურადღება იმით მიიქცია, რომ ორივე დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია და სამი თვეა, ჩვენი დედაქალაქის სისუფთავეზე ზრუნავს. მათი სიყვარულის ისტორია თოთხმეტი წლის ასაკში დაიწყო და ოცი წლის ასაკში ცოლქმრობით დაგვირგვინდა.

დათო: - ერთმანეთი საერთო მეგობართან გავიცანით. პირველი დანახვისთანავე მომეწონა, ექვს თვეში კი სიყვარული ავუხსენი და იქიდან მოყოლებული, ეს გრძნობა არ გამნელებია. რადგან დამოუკიდებლობას ბავშვობიდან ვიყავით შეჩვეული, დაოჯახების შემდეგ ცხოვრება მაინცდამაინც არ გაგვჭირვებია.

მუშაობა 16 წლისამ დავიწყე. ვმუშაობდი მანქანების სამრეცხაოში, ავტოგასამართ სადგურზე, ბოლოს კი ჩემი პატარა ბიზნესიც დავიწყე - საათებს ვიწერდი უცხოეთიდან და ვყიდდი, მაგრამ პანდემიამ ხელი შემიშალა. უმუშევარი ვერ დავრჩებოდი და დასუფთავების სამსახურში მივედი, რამდენიმე კვირის შემდეგ კი ჩემს მეუღლესაც დავაწყებინე მუშაობა. დედაჩემს არ უნდოდა, ნინის აქ ემუშავა, გოგოა და იქნებ სხვაგან იმუშაოსო, მაგრამ მე მირჩევნია, ერთად ვიყოთ.

ჩვენი საქმე დილის ექვს საათზე იწყება. ქალაქში მაშინ გავდივართ, როცა ხალხს სძინავს და ვიწყებთ დასუფთავებას. გვერდიგვერდ მუშაობა უფრო სახალისოა. ცალ-ცალკე საქმეც გვაქვს - ანი ოჯახებში დადის და მანიკიურს აკეთებს, მე კი ხელობას ვსწავლობ. ჩვენი მიზანია, ფული შევაგროვოთ, რომ სახლი ვიყიდოთ. ჯერჯერობით ჩემს დასთან ვცხოვრობთ დაგირავებულ სახლში.

- არასდროს გიფიქრიათ:, "რას იტყვის ხალხი"? - ვფიქრობდი, მაგრამ იმაზე არა, ხალხი რას იტყოდა. ვფიქრობდი, რატომ ავირჩიო ეს საქმე, როცა შემიძლია უფრო პრესტიჟულ სამსახურში ვიმუშაო ან საკუთარი საქმე წამოვიწყო-მეთქი, მაგრამ ორსაათნახევრიანმა გრაფიკმა მომხიბლა.

- ნინი, ეს სამუშაო გოგონასთვის ძნელი არ არის? ნინი: - მე და დათა ერთად ვმუშაობთ და არ მიჭირს - მე ვგვი, ის კი სიმძიმის აწევაში მეხმარება. ისე მანიკიურის სპეციალისტი ვარ. დათამ გადამიხადა ფული, რომ ეს ხელობა მესწავლა. სალონებში, ესთეტიკურ ცენტრებში ვმუშაობდი. ბოლოს ჩაჩავას კლინიკაში ვიყავი, მაგრამ დათას საქმეში დახმარება სჭირდებოდა და წამოსვლამ მომიწია. ახლა, ფაქტობრივად, ყოველდღიურად დავდივარ ოჯახებში. ბევრი კლიენტი მყავს. სალონში მუშაობა არც მინდა, რადგან ასე მთელი დღე ჩემს განკარგულებაშია და როგორც მინდა, ისე დავგეგმავ.

დათო: - დასუფთავების შემდეგ გამწვანებაში დავიწყე მუშაობა. ესეც მერიის სამსახურია, მაგრამ სეზონურია, ამიტომ გადავწყვიტე, სხვა რამეც მომეძებნა. ახლახან ძალიან კარგი ადამიანები აღმოვაჩინე - სხვადასხვა სარემონტო სამუშაოებს ასრულებენ და მათთან დავიწყე ხელობის სწავლა. თან მცირედი ანაზღაურებაც მაქვს.

- თქვენს ასაკში ბევრმა არც იცის, რა უნდა, თქვენ კი უკვე დიდი გამოცდილება და გეგმები გაქვთ. - მამა მეც ადრე დამეღუპა და ნინისაც და ადრეული ასაკიდან მოგვიხდა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება.

ძალიან კარგად ვსწავლობდი, მაგრამ დედა პენსიაზე გადიოდა, უფროსი დები კი უკვე დაოჯახებული იყვნენ და არავის შეეძლო ჩემს უმაღლეს განათლებაზე ეზრუნა. გავაცნობიერე, რომ თავად უნდა მეღონა რამე. ბევრ ადგილას ვიმუშავე, ერთ დღეს კი აღმოვაჩინე, რომ ფოტოგრაფიის ნიჭიც მქონია. ფოტოშოპი ვისწავლე, ფოტოკამერაც ვიყიდე... გაყიდვამ მომიწია, თუმცა არა უშავს, ახალს ვიყიდი.

ნინი: - რვა წლის ვიყავი, როცა მამა გარდაიცვალა და დედას სამი შვილი დავრჩით. 17 წლის ვიყავი, ძიძად რომ დავიწყე მუშაობა - ახლობლის ბავშვს ვუვლიდი, შემდეგ კიდევ სამ ოჯახში ვიმუშავე ძიძად, მაღაზიაშიც ვმუშაობდი, მერე კი დათოს დახმარებით მანიკიურის გაკეთება ვისწავლე... მე 24-ის გავხდი, დათო ჯერ 23-ისაა, მაგრამ ვხვდებით, რომ გავიზარდეთ.

- როგორ მოახერხეთ, ასეთი მძიმე ცხოვრების პირობებში გზას რომ არ ასცდით? დათო: - როცა იცი, რომ ღმერთი ყველგან გხედავს, ცუდის ჩადენის შანსი რომც მოგეცეს, არ გააკეთებ. შრომაც გვასწავლეს - ორივეს ძალიან მშრომელი დედები გვყავს...

- მამები როგორ დაკარგეთ? ნინი: - მამაჩემი თბილისის ზღვაზე დაიხრჩო... უბედური შემთხვევა იყო...

დათო: - მამას ძალიან მძიმე დაავადებები ჰქონდა, ვეღარ გაუძლო და თავი მოიკლა. კახეთში ვცხოვრობდით და თუ რამე გვქონდა, ყველაფერი გავყიდეთ. ალბათ, ყოველგვარი იმედი რომ დაკარგა, ფსიქიკამ უმტყუნა და ბოლოს თავი მოიკლა.

ნინი: - ძალიან მტკივნეული იყო მამის არყოფნასთან შეგუება. დედას დღემდე ძალიან უყვარს მამა და გაუჭირდა მის გარეშე ცხოვრება. ამაზე ხშირად არ ლაპარაკობდა, მაგრამ ვგრძნობდით. ძალიან სწორად ანაწილებდა თანხას - რამხელა ხელფასიც უნდა ჰქონოდა, გვყოფნიდა, დღემდე მიკვირს - როგორ, თუმცა ჩვენც გამოგვყვა ეს თვისება - ვცდილობთ, რამდენიც გვაქვს, ვიმყოფინოთ. ვალს არასდროს ვიღებთ. გვირჩევნია, მოვითმინოთ.

დათო: - მამის გარდაცვალების შემდეგ, დაუცველობის შეგრძნება გამიჩნდა, ამიტომ ვარჯიში დავიწყე, რომ თავის დაცვა შემძლებოდა. 7 წელი ვვარჯიშობდი. როცა იცი, შენზე მამა ზრუნავს, ეს ბავშვისთვის დიდი იმედია. თუ ამას ვერ გრძნობ, სიმშვიდეს კარგავ, ხვდები - შენ უნდა იყო კარგად, რომ ასაკოვან დედას გვერდში დაუდგე. ჩემი დები დიდები არიან, მე უმცროსი ვარ და დედისთვის ის იმედი ვიყავი, სიბერეში რომ შეჰყურებდა. კარგად ვაცნობიერებდი ამ პასუხისმგებლობას, რამაც დამოუკიდებლობა მასწავლა. ნინისთან ურთიერთობამაც ბევრი სირთულე დამაძლევინა. ჩვენ გარშემო შეიძლება ბევრს მილიონები ჰქონდეს, კარგი სახლი და ასე შემდეგ, მაგრამ არავისას არაფერს ვისურვებთ. თუ გინდა, რამე გქონდეს, უნდა იშრომო და მოიპოვო.

- მატერიალური პრობლემები არ ნიშნავს, რომ ყოველდღიურობა უფერულია ან თქვენი ცხოვრება - დრამატული. რომანტიზმისა და იუმორის შენარჩუნებას ახერხებთ? დათო: - ჩვენი ქორწინების წლისთავზე ნინიმ მაჩუქა ჩვენი სიყვარულის ასი მიზეზი. მას შემდეგ ხშირად ამატებს მიზეზებს ამ წიგნში და უკვე 140-ს გადასცდა. ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასი საჩუქარი იყო. უკეთესს ვერაფერს მაჩუქებდა. მასში ჩვენი ცხოვრების ულამაზესი მომენტებია აღწერილი.

- შვილზე არ ფიქრობთ? - მშობელი შვილისთვის კლდესავით მტკიცე თავშესაფარი უნდა იყოს, ვისი იმედიც ყველაფერში ექნება. ეს პასუხისმგებლობა კარგად გვაქვს გაცნობიერებული. დღეს ჩვენ იმდენი დრო არ გვაქვს, ბავშვის აღზრდა შევძლოთ, ჯერჯერობით - არც პირობები.

- სახლის გარდა რაზე ოცნებობთ? ნინი: - მე ოცნებები არ მაქვს.

დათო: - არც მე მინატრია, ფეხბურთელი მინდა გამოვიდე-მეთქი, ან რაღაც მსგავსი... კარგი ადამიანი უნდა იყო, ჩემი აზრით კი კარგ ადამიანობასაც სჭირდება შრომა.

ზურა სოლომნიშვილი