სტუდენტის პირადი კოლექციით მსოფლიოში საუკეთესო მუზეუმი შეიქმნა!
სტუდენტის პირადი კოლექციით მსოფლიოში საუკეთესო მუზეუმი შეიქმნა!
"დღეს ვენდას მუზეუმი მსოფლიოში ცივი ომის თემატიკაზე შექმნილ მუზეუმებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია"

მსოფლიოში არაერთი მუზეუმი არსებობს, რომელიც ცივი ომის პერიოდს მიეძღვნა, თუმცა ამერიკაში, კალიფორნიის შტატში, ვენდას მუზეუმი ყველასაგან გამორჩეულია. ამერიკელი სტუდენტი, რომელიც თავისი სადოქტორო კვლევისთვის მასალებს აგროვებდა, ვერც წარმოიდგენდა, რომ მისი კოლექცია მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი მუზეუმის არსებობის საფუძველი გახდებოდა. როგორ აქცია სტუდენტმა ოცნება რეალობად და რატომ არის ვენდას მუზეუმი ყველასაგან გამორჩეული? ამის შესახებ ვენ
დას ცივი ომის მუზეუმის მთავარი კურატორი და პროგრამების დირექტორი ჯოს სიგალი "კვირის პალიტრის" მკითხველს კალიფორნიიდან მოუთხრობს:

- მუზეუმი 2002 წელს დააარსა 24 წლის იუსტინიან ჯამპოლმა და მას ძალიან­ საინტერესო ისტორია აქვს. საინტერესო ნივთების შეგროვებით გატაცებულმა ადამიანმა პირადი კოლექცია მუზეუმად აქცია. ჯამპოლი წლების განმავლობაში აგროვებდა საიუბილეო დროშებსა და ცივი ომის პერიოდში შექმნილ
კერამიკულ ნაკეთობებს პოლიტიკური იკონოგრაფიით. თავდაპირველად მასალას კვლევის მიზნით, დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად აგროვებდა, მერე აპირებდა, შეგროვებული მასალა მოქმედი მუზეუმებისთვის გადაეცა,­ მაგრამ მუზეუმები არ დაინტერესდნენ ამ კოლექციით. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა, უფრო მრავალფეროვანი გაეხადა მასალა და თავისი მუზეუმი შეექმნა. დღეს ვენდას მუზეუმი მსოფლიოში ცივი ომის თემატიკაზე შექმნილ მუზეუმებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია. ჩვენთან 100 000-ზე მეტი არტეფაქტია დაცული და რამდენიმე განსაკუთრებული კოლექციითაც გამოირჩევა.



- სად შეგროვდა მუზეუმში დაცული ექსპონატები?
- იუსტინიანი აღმოსავლეთ ევროპაში­ დადიოდა არტეფაქტების შესაგროვებლად. მოიარა ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნები. ბევრი რამ თვითონ შეიძინა, ბევრი კი კოლექციონერებმა უსახსოვრეს. მისი ნაცნობები ყოფილ საბჭოთა ქვეყნებშიც კი ეძებდნენ საინტერესო მასალებს და თუ რამეს წააწყდებოდნენ, მაშინვე იუსტინიანს უკავშირდებოდნენ, კოლექციის ნაწილი კი აუქციონებზე შევიძინეთ. კოლექციებს შორის განსაკუთრებულია ბერლინის საკონტროლო-გამშვებ პუნქტ "ჩარლის" მესაზღვრეთა პირადი არქივები (საკონტროლო-გამშვები პუნქტი "ჩარლი" აღმოსავლეთ და დასავლეთ ბერლინს შორის მოქმედებდა ბერლინის კედლის არსებობის დროს. - ავტ.), ასევე ერიხ ჰონეკერის (გერმანელი კომუნისტი პოლიტიკოსი, გდრ-ის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე) პირადი ჩანაწერები. ამერიკა ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე იყო საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე ცივი ომის პერიოდში. ეს არა მარტო სამხედრო, არამედ კულტურული და იდეოლოგიური ბრძოლა იყო. ამერიკა ირწმუნებოდა, რომ მას შეეძლო თავისუფლების, დემოკრატიისა და კაპიტალიზმის წარმოჩენა. ამერიკელი ხალხის აზრი მაშინ ორად გაიყო. ნაწილი დაუფიქრებლად ემხრობოდა ამერიკის პოზიციას ცივი ომის პერიოდში, ნაწილი კი, განსაკუთრებით - 1960-იანი წლების ბოლოს, აკრიტიკებდა ამერიკის პოლიტიკას ეკონომიკური უთანასწორობის, რასიზმისა და ვიეტნამის ომის გამო.

- რა მოსწონთ ყველაზე მეტად დამთვალიერებლებს?
- ვიზიტორები ყოველთვის განსაკუთრებით გამოყოფენ ჩვენი გამოფენების მონაწილეებს, რომლებიც ინსპირაციის წყარო ხდებიან ხოლმე. სწორედ ისინი უბიძგებენ დამთვალიერებელს, ჩაუღრმავდეს ჩვენს წარსულს და აწმყოს და მათ შორის პარალელი გაავლოს. მაგალითად, ჩვენ ვუმასპინძლეთ დისიდენტ და კონტრ-კულტურული შეხედულებების ქალ ხელოვანებს აღმოსავლეთ ევროპიდან, შევეხეთ ისეთ თემებს, როგორიც არის საბჭოთა პერიოდის ტელევიზია, აღმოსავლეთისა და დასავლეთისთვის დამახასიათებელი საერთო თვისებები, შიში, ხელოვანი ადამიანების ყოფა მკაცრ პოლიტიკურ პირობებში.

- საქართველოდანაც ხომ არ გაქვთ რომელიმე ექსპონატი?
- ჩვენ უამრავი მასალა გვაქვს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან. სამწუხაროდ, ყველა ქვეყნიდან არა გვაქვს არტეფაქტები, თუმცა ზოგიერთი არტეფაქტი არც კი ვიცით, საბჭოთა კავშირის რომელი ქვეყნიდან არის. შეიძლება რომელიმე ნივთი საქართველოდანაც იყოს.

- პანდემიის პერიოდში როგორ ახერხებს მუზეუმი მუშაობას?
- ეს პერიოდი, როგორც სხვა მუზეუმებისთვის, ჩვენთვისაც რთულია, თუმცა ამ ამბავს მეორე მხრიდან რომ შევხედოთ, პანდემიამ შექმნა ერთმანეთთან დაკავშირების გლობალური პრეცედენტი. ჩემი აზრით, სწორედ ახლაა დრო, დავფიქრდეთ, რა არის მთავარი ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენი წარსული აწმყოში აირეკლება, ორივე ერთად კი მომავლის ნაწილია.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები