დაანახეთ თვალებს მხოლოდ სიყვარული და გულს აღარაფერი დაემუქრება! - კვირის პალიტრა

დაანახეთ თვალებს მხოლოდ სიყვარული და გულს აღარაფერი დაემუქრება!

მსოფლიოში საგანგაშო სტატისტიკაა - ყოველწლიურად გულის დაავადებებით უამრავი ადამიანი იღუპება. განვითარებულ ქვეყნებში ცდილობენ, სოციალური სფეროს გაუმჯობესებითა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდით ხალხი როგორმე იხსნან ამ პრობლემისაგან.

რა ხდება საქართველოში? გულით გარდაცვლილთა რაოდენობა კატასტროფულად გაიზარდა, ასაკი კი უკიდურესად გაახალგაზრდავდა.  ექიმების განმარტებით, ზრდასრულის გულის დაავადებებს მისი ცხოვრების წესი იწვევს.

მამაჩემი მოულოდნელად ინფარქტით გარდაიცვალა, 56 წლისა. მას შემდეგ ამეკვიატა სურვილი, მენახა ნამდვილი გული და დამედგინა, ადამიანი ღალატობს მას, თუ თავად ღალატობს პატრონს. ვფიქრობდი, განწირული ადამიანის გულზე ხელით შეხება რომ შემძლებოდა, მანამდე არ გავუშვებდი, სანამ სრულად არ მივცემდი სასიცოცხლო ძალას. ექიმებს ჩემს ფიქრზე ეღიმებათ, თუმცა არ უარყოფენ, რომ სიყვარული გულის საუკეთესო წამალია.

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ კლინიკაში გულის ოპერაციაზე დასწრების უფლება მომცეს. გგონიათ, გადახსნილ მკერდს და მფეთქავ გულს ვერ შეხედავთ? თუ გულის სითბო სხვა გულისთვის გემეტებათ, ეს სულაც არ არის ძნელი. უფროს ექთანთან ერთად ბავშვთა რეანიმაციულ განყოფილებაში შევიხედე - ოთახში ძლივს ვარჩევ პატარა, ვარდისფერ სახეებს და ციცქნა, დაბინტულ სხეულებს. ამ ჩვილებს თანდაყოლილი გულის დაავადების გამო ოპერაცია გაუკეთეს, მალე შინ ჯანმრთელი გულით დაბრუნდებიან.

საოპერაციოში შევდივართ... პაციენტი მამაკაცია, 60 წელს გადაცილებული. სამი კარდიოქირურგი - არტურ ლემონჯავა, ოთარ რუხაძე და თენგიზ შირიაევი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი დათო კაპანაძე, ოპერაციის მედდა, კიდევ ერთი ექთანი და სანიტარი თავ-თავიანთ საქმეს აკეთებენ. მოგვიანებით ოპერაციაზე ავთანდილ ცინცაძე შემოდის. ის  უწვრილეს სისხლძარღვებს აკერებს დაზიანებულ ადგილზე. მისი თითები ძალიან ფაქიზად და თან სწრაფად მოძრაობენ. აქ  წამები განსაზღვრავს შედეგს.

KvirisPalitra.Geყურადღებას არავინ მაქცევს, მხოლოდ დროდადრო გამომხედავენ და უკვირთ, ასეთი “უვიცი”(მათ სტუდენტი ვგონივარ) როგორ ვარ, რომ დათო კაპანაძისგან ამდენი ახსნა მჭირდება. ოპერაციის დასრულებისას შეიტყობენ, ვინ ვარ. ემოციებს ოპერაციის დროს არა, მაგრამ მისი დასრულების შემდეგ ძუნწად მაინც ავლენენ: "რა კარგად წავიდა ყველაფერი, აგაშენა ღმერთმა, დიდებულია, ყოჩაღ, ბიჭო!" მათ თვალებში დაღლილობანარევი სიხარული ჩანს. დიახ, ისინი, ვინც სხვათა გულების გადასარჩენად იღვწიან,  საკუთარ გულს ღლიან. ოპერაციაზე რომ შევედი, მკერდი უკვე გადახსნილი იყო.

მომეჩვენა, რომ სივრცე, რომელშიც პერიკარდის, პერანგის გასახსნელად და გულის გამოსაჩენად ელექტროდანით მიიწევდა ექიმი, კრატერს ჰგავდა, სადაც გული ღელავდა და გასკდომას ლამობდა.

კარდიოქირურგი სასწაულთმოქმედს ჰგავდა, რომელმაც გულში ლავა უნდა დაამშვიდოს და ვულკანისგან გადაარჩინოს სხეული. იმ წამს "მარადისობის კანონი" გამახსენდა: "ადამიანის სული გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული; თქვენ - ჩემი, მე - სხვისი, სხვამ - სხვისი და ასე დაუსაბამოდ..." კარდიოქირურგების მოქმედება იმწუთას ჩემთვის სწორედ სულისთვის ხელის შეშველებას ჰგავდა; სულისგან დამძიმებულ გულს ამსუბუქებდნენ ექიმები.

"ზოგჯერ, ძალიან იშვიათად, პაციენტი საოპერაციო მაგიდაზე კვდება. ეს დიდი ტკივილია. ვცდილობთ, ამაზე არ ვიფიქროთ, მაგრამ სულ გვახსოვს. ერთადერთი, რაც გვანუგეშებს, ის არის, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ პაციენტის გადასარჩენად, თუმცა ძალიან ძნელი გადასატანია, როცა შედეგს ვერ აღწევ... იმედგაცრუება გიპყრობს... პაციენტის გარდაცვალება  უზარმაზარი ტკივილია", - მიმხელს დათო კაპანაძე.

პაციენტს გულის იშემია აქვს. სამი სისხლძარღვია დაზიანებული, პაციენტის ფეხიდან აღებული ჯანმრთელი სისხლძარღვები ჩაენაცვლება დაზიანებულს და გული ისევ შეძლებს სულის ტვირთვას. ოპერაცია ხუთი საათი გრძელდება, სავარაუდოდ, 5 დღეში პაციენტი შინ წავა.

პაციენტი მწეველი ყოფილა. - შავი მური ფილტვზე ნიკოტინის დამსახურებაა, - მიხსნის დათო კაპანაძე. მექმნება შთაბეჭდილება, რომ ოპერაციის დროს, სანამ გულამდე მივლენ, კარდიოქირურგები პაციენტის მთელ ცხოვრებას კითხულობენ. აქ კარგად ჩანს, რა ფერფლავს, რა სტკივა გულს, რომელსაც თურმე ქონიც ედება და ის ქონი სრულად ფარავს მას. გულზე მიკრულ ქონს ქირურგის დანაც ვერ შეეხება. ეს სიმძიმე ორგანული ხდება გულისთვის, მოუშუშებელ ტკივილს ჰგავს.

პაციენტის გახსნილი მკერდი მეტყველებს, რომ ამ სხეულის და გულის პატრონი ტრადიციული ქართული წესით ცხოვრობდა - ქეიფობდა, სვამდა, ჭამდა, ეწეოდა, დარდობდა, ფიქრობდა...

გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგ მკვლევართა ჯგუფი ექიმ ა. კარპენტიერის ხელმძღვანელობით (Pierre&Marie Curie University, Paris), ადამიანის სრულფასოვანი ხელოვნური გულის შექმნას ცდილობს. ატმოსფერული ინდუსტრიის ტექნოლოგიით დამზადებული მაღალი სიზუსტის სარქველებისა და ჩამრთველების გამოყენებით შექმნილი "გული" ანატომიურად და ფიზიოლოგიურად თურმე ძალიან ჰგავს ადამიანის გულს. მას შემდეგ, რაც ხელოვნური გული საფრანგეთის სამედიცინო პროდუქციის უსაფრთხოების სააგენტოს მიერ დამტკიცდება, მისი კლინიკური გამოცდა დაიწყება.

"თქვენ ხელოვნური გული არ გამოგადგებათ, ხელოვნური გულით თქვენ ვერ იცოცხლებთ..." - გამახსენდა ისევ "მარადისობის კანონი". მაშ, გამოსავალი არ არის? როგორ არა - გულის გადარჩენა მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესს კი არა, სიყვარულს შეუძლია.

გულის ოპერაციაზე დასწრების შემდეგ კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ სიყვარულს უზარმაზარი ძალა აქვს. რომ არა სიყვარული, კარდიოქირურგების გარჯა წყლის ნაყვა იქნებოდა.

უნდა ნახოთ, მათი ხელების, თითების მოძრაობაში რა იკითხება, იმ თითებში მათი გულია, თითქოსდა გული იბრძვის გულის გადასარჩენად. მაშინ, როდესაც სისხლძარღვების ჩაკერების პროცესი მიმდინარეობს, გული სისხლისგან, ტკივილებისგან და საფიქრალისგან დაცლილია, ჩაფუშულია; ამ დროს ხელოვნური გული მუშაობს და ის აცოცხლებს სხეულს, ტვინს. შემცივნულ, პაციენტის უსისხლოდ დარჩენილ გულს კი ქირურგის თითები ათბობს.

ამბობენ, რომ ყველაფერი ადამიანის თვალით იწყება. სიკეთესაც და ბოროტებასაც ჯერ თვალი  ხედავს, შემდეგ გადადის გონებაში, გონებიდან - გულში და ადამიანის სულიერსა და ფიზიკურ სამყაროს მოიცავს. დაანახეთ თვალებს  მხოლოდ სიყვარული  და გულს აღარაფერი დაემუქრება!