"წინა ურთიერთობამ დიდი ტრავმა დამიტოვა - არ მეგონა, თუ ოდესმე ვინმესთან ურთიერთობას შევძლებდი" - კვირის პალიტრა

"წინა ურთიერთობამ დიდი ტრავმა დამიტოვა - არ მეგონა, თუ ოდესმე ვინმესთან ურთიერთობას შევძლებდი"

სახელი, გვარი: მარტა ბარამიძე. ასაკი: 30 წლის.

განათლება: დაამთავრა ქართული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგიის, ასევე - მარკეტინგის და პიარის ფაკულტეტი.

ინტერესის სფერო: ჟურნალისტიკა, მზარეულობა, პიარი და მარკეტინგი, პროდიუსინგი, მსახიობობა... უმუშავია ლექტორადაც, ასევე - კასტინგ-მენეჯერად.

ამჟამინდელი საქმიანობა: კულინარიასთან დაკავშირებული სხვადასხვა პროექტითაა დაკავებული.

ჰობი: ფურშეტების კეთება.

- როცა სარკეში იყურები, ვის ხედავ?

- ძლიერ ადამიანს, რაც ძალიან მახარებს. ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როცა სარკეში ვიყურები.

- შენი ცხოვრების რომელი ეპიზოდის გახსენებისას გეღიმება ყოველთვის? - ასეთი ბევრია და ძირითადად, ადამიანების სასაცილო ქცევებს უკავშირდება.

- მაგალითად? - კონკრეტული არაფერი მახსენდება, მაგრამ ადამიანები სულელურად იქცევიან, ანუ თითქოს რაღაცას ბოროტულად, ქვეშქვეშურად გიკეთებენ (რა თქმა უნდა, არ გამოსდით), შენ კი ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცი... თუ რამე მსგავსი ისტორია მომხდარა და გონების თვალს გადავავლებ ხოლმე, ძალიან მეცინება, მეღიმება ხოლმე.

- საკუთარი საქციელის შეგრცხვენია? - კი. საკუთარი საქციელის ერთადერთ შემთხვევაში მრცხვენია: თუ პასუხისმგებლობას ვიღებ, მაგრამ ისე ვერ ვასრულებ, როგორც მინდა შევასრულო. სხვა შემთხვევებში, ჩემი საქციელის გამო, სირცხვილის გრძნობა არ მაწუხებს. ბოლო შემთხვევა, როცა ძალიან შემრცხვა, "მასტერშეფის" პირველ ტურში იყო: პირველი კერძი "ჩამივარდა". საკუთარი თავის და სხვა ადამიანების წინაშე დიდი პასუხისმგებლობა ავიღე, მაგრამ საჭიროებისამებრ ვერ შევასრულე და ძალიან შემრცხვა. მახსოვს, კერძს ხელსახოცები გადავაფარე, ისე მრცხვენოდა, ვინმეს არ დაენახა.

- ყველაზე დიდი ხნით სად და რამდენი წუთით, საათით დაგიგვიანია? - ოფიციალურ შეხვედრაზე არასოდეს დამიგვიანია, მეგობრებთან კი - რა თქმა უნდა (მაგალითად - 40 წუთით) ან მითქვამს, რომ დამაგვიანდებოდა.

- ადამიანთან შეხვედრისას, მისი გარეგნობიდან პირველად რა დეტალი იქცევს შენს ყურადღებას? - საერთოდ, ვცდილობ, ადამიანებს მოვუსმინო. ჩემთვის ძალიან საინტერესოა, როგორ შეესაბამება ადამიანის შინაგანი სამყარო, აზროვნება მის ვიზუალს. შესაბამისად, შემდეგ ამ "ნაზავს" ვაკვირდები. ყველა ადამიანი ინდივიდუალური, განსხვავებულია. კონკრეტულად, თვალის ფერს თუ ტუჩის ფორმას არ ვაკვირდები - ასეთი დამოკიდებულება არ მაქვს, რადგან ჩემთვის ვიზუალური მხარე პრიორიტეტული არ არის. რა თქმა უნდა, გარეგნობა მნიშვნელოვანია - პირველად მას ვხედავთ და აღვიქვამთ, მაგრამ შემდეგ, თუნდაც საუბრისას რაც "მოდის", ის გაცილებით მნიშვნელოვანია და ადამიანის შესახებ ბევრად მეტ ინფორმაციას გაძლევს, ვიდრე გარეგნობა.

- ძირითადად, როგორ შემთხვევებს აწყდები - ადამიანის გარეგნობა და შინაგანი სამყარო ერთმანეთთან ჰარმონიულადაა შერწყმული?

- ძირითადად - კი. როგორც ამბობენ, ავტომობილი ან თუნდაც, შინაური ცხოველი პატრონს ჰგავს. ყველა ნივთი, რაც გვაქვს, რაღაცით ჩამოგვგავს. შესაბამისად, ჩვენი შინაგანი სამყარო რეალურად, გარეგნობაზე მართლაც აისახება.

- როდის გააცნობიერე, რომ მომხიბვლელი გოგო ხარ? - ალბათ - ბავშვობაში, როცა თაყვანისმცემლები გამიჩნდა, მაშინ ვიფიქრე, - უი, ვიღაცებს მოვწონვარ-მეთქი.

- ამჟამად, მეგობარი ბიჭი თუ გყავს? - კი. რამდენიმე თვეა, რაც ურთიერთობა გვაქვს. ეს ჩემს ცხოვრებაში უეცრად მოხდა. წინა ურთიერთობამ დიდი ტრავმა დამიტოვა - არ მეგონა, თუ ოდესმე ვინმესთან ურთიერთობას შევძლებდი. ეს ისე უეცრად მოხდა, რომ შოკირებული ვიყავი, თუმცა გავრისკე...

- მოქმედი ქართველი პოლიტიკოსებიდან ღირსეულად ვის მიიჩნევ? - ზურა ჯაფარიძეს. ძალიან გულწრფელი, პირდაპირი ადამიანია - ყოველთვის იმას ამბობს, რასაც ფიქრობს და სხვა ზრახვები არ აქვს; ტიპური პოლიტიკოსი არ არის, ვინც პოლიტიკაში მოსასვლელად ათას რამეს აკეთებს. ვფიქრობ, ამ ეტაპზე, არც ერთ პარტიას, არც ერთ ადამიანს ქართველებისთვის იმდენი კარგი რამ არ გაუკეთებია, რამდენიც ზურა ჯაფარიძემ გააკეთა. ბოლოს და ბოლოს, ქუჩიდან ადამიანები მოსაშარდად პოლიციის განყოფილებებში არ გადაჰყავთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჯარში აღარ მიჰყავთ ადამიანები და ყარაულებად არ ამუშავებენ... ეს მაგალითებიც კი საკმარისია, თუ რატომ შეიძლება, ზურა ძალიან ღირსეულ პოლიტიკოსად მიიჩნიო.

- "გირჩის" პიარში ხომ არ გიმუშავია? - კი, გარკვეული პერიოდი ვმუშაობდი. ზურას და "გირჩის" სხვა წევრებსაც კარგად ვიცნობ. ვიცი, როგორი გულწრფელი ადამიანია. მისი ქმედების სისწორეში ეჭვი არასოდეს შემეპარება. მიუხედავად იმისა, რომ ისეთ განცხადებებს აკეთებს, რაც ხშირად ჩვენთვის უცხო, მიუღებელია, შეიძლება, აზრი ხისტად გამოხატოს, ცდილობს, ის ილაპარაკოს, რაც ქართველ ხალხს, ჩვენს ქვეყანას ძალიან გამოადგება.

- ბოლოს შენი გვარ-სახელი როდის "დაგუგლე"? - ალბათ - 4 წლის წინ: მე და ერთი ადამიანი ვისხედით. ის ამბობდა, - არ იცი, რა ცნობილი ვარო. - კარგი, მოდი, ჩვენი გვარ-სახელები "დავგუგლოთ"-მეთქი, - ვუთხარი. ჩვენთან ერთად სამეგობროც იმყოფებოდა. ყველა საკუთარ გვარ-სახელს "გუგლავდა" - ვის რა ინფორმაციას "ამოუგდებდა". იმ პერიოდში, ტელევიზიაში ვმუშაობდი. შესაბამისად, ჩემი სიუჟეტები "ამომიგდო"...

- შენი საყვარელი სერიალი დაგვისახელე... - სერიალებიდან მიყვარს: Breaking Bad, Better Call Saul, Friends, Shameless, killing Eva და ანიმეები.

- დღის განმავლობაში, ყველაზე ხშირი ურთიერთობა ვისთან გაქვს? - დღეს გააჩნია. თუ გარეთ საქმის გამო გავდივარ - მათთან, ვისთანაც საქმიანი კომუნიკაცია მაქვს; სახლში ყოფნისას - ფისოსთან და ჩემს მეგობარ ბიჭთან.

- დიდი ხანია, რაც ოთხფეხა მეგობარი გყავს?

- არა. სულ რამდენიმე დღეა.

- რომელი ზებუნებრივი ძალის ფლობას ისურვებდი? - საერთოდ, მიფიქრია - მინდა, ჯადოსნური ჯოხი მქონდეს-მეთქი, რომელშიც რამდენიმე ზებუნებრივი ძალა იქნება, მაგალითად - ადამიანების ტვინებში შეღწევა და მათი აზრების შეცვლა რომ შემეძლოს. ამას ძალიან კარგად გამოვიყენებდი და მგონია, რომ საქართველოში კარგი სიტუაცია იქნებოდა: ყველა პოლიტიკოსს ტვინს გადავუტრიალებდი და ყველაზე კარგ აზრს მივაწვდი (იღიმის).

- შეგიძლია, შენს ცხოვრებაში საუკეთესო საზაფხულო არდადეგების შესახებ მოგვიყვე? - ეს 2 წლის წინ, სარდინიის კუნძულზე იყო: მე და ჩემი ორი მეგობარი იტალიაში გავემგზავრეთ. იქ 20 დღე დავყავით. სარდინიის კუნძული ფეხით მოვიარეთ, კარვებში ვცხოვრობდით... კიდევ, შარშანწინ ხორვატიაში, ერთ-ერთ კუნძულზე, კარვებით აღჭურვილები წავედით. 2 კვირა კუნძულზე ვიყავით. ფანტასტიკური იყო! იქ ჩემი ოცნების სანახაობა ვნახე: ზღვის ბაქტერიები - პლანქტონები ღამით ანათებენ. თავდაცვის ინსტინქტი აქვთ - თუ ვინმემ "შეჭმა" დაუპირა, ნათებას იწყებენ. ადამიანის ხელის და ფეხის გამოძრავებისას მთელი წყალი ანათებს. BBC-ის ამ თემაზე საინტერესო დოკუმენტური ფილმი აქვს ავსტრალიაში გადაღებული. ვოცნებობდი, ოდესმე პლანქტონები მენახა... ერთხელაც, შემთხვევით, ღამით წყალში შევედი. ხელში ფარანი მეჭირა, რადგან ძალიან ბნელოდა. ამოსვლისას ფარანი ჩავაქრე. ჩემი ფეხის მოძრაობისთანავე, წყალმა ნათება დაიწყო! კივილი დავიწყე, - ჩამოდით, ნახეთ, ოცნება ავისრულე-მეთქი! მთელი ღამე ვბანაობდი...

- რომელი მავნე ჩვევის დაძლევას ცდილობ? - რომ ვცდილობდე, ალბათ, დავძლევდი. მაგალითად, სიგარეტს ვეწევი.

- საკუთარი ხასიათის თვისებებიდან რა გეამაყება ყველაზე მეტად? - შრომისმოყვარეობა.

- ბავშვობაში როგორ ცხოვრებაზე ოცნებობდი და დღეს როგორი რეალობაა? - ბავშვობაში ვოცნებობდი, საკუთარი ოთახი მქონოდა. პირველად ცალკე საცხოვრებლად რომ გადავედი (ბინა ვიქირავე), სიხარულისგან კედლებს ვკოცნიდი. წარმოიდგინე, საკუთარ ოთახზე მეოცნებე, დღეს როგორი ბედნიერი ვარ - ბინაში ვცხოვრობ, სადაც საკუთარი ნივთები მაქვს, მარტო ვცხოვრობ... ისეთი გარემო მაქვს შექმნილი, სადაც თავს კომფორტულად და ბედნიერად ვგრძნობ. ბინა ჩემი საკუთრება არაა, მაგრამ ისე მოვაწყვე, "ჩემეულად" აღვიქვამ.

- ცხოვრებაში შენს ქმედებებს რა მთავარი ღირებულება განსაზღვრავს? - სხვას ის არ გავუკეთო, რაც თავად მწყინს და მტკივა; ჩემი სურვილებით სხვისი თავისუფლება არასოდეს შევზღუდო...

ეთო ყორღანაშვილი ჟურნალი "გზა"