"ისტორიანი" - კვირის პალიტრა

"ისტორიანი"

ჟურნალი, რომელიც ისტორიას გაყვარებს

"ისტორიანი" მხოლოდ სამი თვისაა და მკითხველი  მომდევნო  ნომრის გამოსვლას უკვე ელის

ერთი ჭკვიანი კაცი ამბობდა: ქართველები სადღეგრძელოს რეჟიმიდან ვერ გამოვდივართო... მართალიც იყო. ძალიან ხშირად იმით შემოვიფარგლებით, რომ მხოლოდ ძარღვიან სადღეგრძელოებს ვამბობთ, საქმითა და ცოდნით კი დღითი დღე ვშორდებით საკუთარ ფესვებს. საბედნიეროდ, არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, საკუთარი წარსულისადმი ინტერესი გაგვიღრმავდეს და ცოდნა - მოთხოვნილებად გვექცეს...

ამიტომაც შეიქმნა ჟურნალი "ისტორიანი". ის მხოლოდ სამი თვისაა და რაც უნდა გასაკვირი იყოს, მომდევნო ნომრის გამოსვლას მკითხველი უკვე ელის.

პრეზენტაციაზე, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში მოეწყო ზიჩის უნიკალური ნამუშევრების ფონზე, უამრავი ადამიანი მოვიდა, მათ შორის - ზიჩის შთამომავლებიც, რომლებიც ძალიან დაინტერესდნენ ღონისძიებითაც და ჟურნალითაც.

- საქართველოში, სადაც ასე უყვართ ისტორია, ამგვარი გამოცემები იშვიათობაა. ისეთი აზრიც კი არსებობდა, თითქოს პოპულარულ ენაზე მიწოდებული ისტორიული შრომები აკნინებს სამეცნიერო მუშაობას. არადა, პირიქით - ხელს უწყობს და  ამგვარი გამოცემის მომზადება გაცილებით ძნელია, ვიდრე კვლევის ჩატარება, - გვითხრა ბუბა კუდავამ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, - როგორც ჩანს, ჟურნალის გამომცემლებმა კარგად დაინახეს, რა  სჭირდებოდა ქართველ საზოგადოებას.

აბესალომ ვეკუა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი: - მომწონს ჟურნალი -  მისი ფორმატი, შინაარსი. დარწმუნებული ვარ, მას ბევრი მკითხველი ეყოლება.

ელდარ ნადირაძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი: - ისტორიულ ლიტერატურას ხშირად ისე არაპროფესიონალურად წერენ, იფიქრებ, რომ ყველამ, ვისაც პროფესია აღარ აქვს, ამ საქმეს მიჰყო ხელი... ამიტომ ხშირად წააწყდები შეცდომებს და კურიოზებსაც კი... ჟურნალ "ისტორიანის" კითხვისას იმედი გვიჩნდება, რომ ყველაფერი გამოსწორდება.  ქართული ეთნოკულტურის მკვლევარი ვარ, ჩემი წერილების დაბეჭდვა ამ ჟურნალში დიდი პატივია...

როლანდ თოფჩიშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,  პროფესორი: - ძალიან ბედნიერი ვარ, "კვირის პალიტრამ" ისტორიკოსებისათვის გამოსცა ჟურნალი! ამაზე ჩვენ მხოლოდ ვოცნებობდით. ქართული სულიერება, ტრადიციები არ უნდა დაიკარგოს. ამ ჟურნალს შეუძლია, ყველა თაობის წარმომადგენელს შეუნარჩუნოს ეს სიმდიდრე. დიდი მადლობა ყველაფრისთვის...

პრეზენტაციაზე კიდევ  ბევრი საქებარი სიტყვა ითქვა. ჟურნალის რედაქტორს, ჯაბა სამუშიას და მის თანამშრომლებს ამიერიდან გაასკეცებულად მოუწევთ მკითხველის მოთხოვნების დაკმაყოფილება.

ჯაბა სამუშია, "ისტორიანის" რედაქტორი: - ბედნიერი ვარ, რომ სხვადასხვა თაობის ისტორიკოსები ულოცავენ ერთმანეთს ახალი ჟურნალის გამოსვლას. ის სულ რაღაც სამი თვისაა და თავისი მკითხველი უკვე ჰყავს. ეს უნდა ყოფილიყო სახალხო ჟურნალი, რომელიც დააინტერესებდა ოჯახის ყველა წევრს. ვფიქრობ, მიზანს მივაღწიეთ. ისტორიკოსებს გასულმა საუკუნემ მკითხველი დააკარგვინა. ისინი ხომ  200-300 ცალზე მეტი ტირაჟით ვერ ახერხებდნენ თავიანთი ნაშრომების გამოცემას.

გვინდოდა, მკითხველი დაგვებრუნებინა ისტორიული თემებისათვის. გასული საუკუნის 50-იან წლებში ფრანგმა ისტორიკოსებმა სოციალურ-პოლიტიკურ კვლევებს იმ პერიოდისათვის ნაკლებად განხილული, ყოველდღიურობასთან დაკავშირებული საინტერესო საკითხები დაუმატეს. ეს თემები მომავალი ნომრიდან ჩვენს ჟურნალშიც გაჩნდება.  მომავალი ნომრიდან ვიწყებთ სურათებითა და კომიქსებით გადმოცემული საბავშვო ისტორიების ბეჭდვას... ჩვენთან წაიკითხავთ არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო ისტორიებსაც.

ჟურნალი მარტო თბილისელი ისტორიკოსებისათვის არ არის, ურთიერთობა გვაქვს თელაველებთან, ბათუმელებთან, ქუთაისელებთან.

მარიკა დარჩია,  მედიასახლ "პალიტრას" კრეატიული დირექტორი: - "ისტორიანი" ინფორმაციულ სიცარიელეს ავსებს. თუ არ იცი ისტორია, მომავლის შენებას ვერ შეძლებ. ამ ნომერთან ერთად მიიღებთ სიურპრიზსაც - თქვენს ბიბლიოთეკას ისტორიული მხატვრული ლიტერატურა შეემატება და პირველი კონსტანტინე გამსახურდიას "დავით აღმაშენებელი" იქნება.