"არც მე მავიწყდება, როდესაც მას ჩავეხუტე..." - რას წერდა ჯეიხუნ მუჰამედალი საქართველოს პატრიარქს საიუბილეო მილოცვაში - კვირის პალიტრა

"არც მე მავიწყდება, როდესაც მას ჩავეხუტე..." - რას წერდა ჯეიხუნ მუჰამედალი საქართველოს პატრიარქს საიუბილეო მილოცვაში

მარნეულში "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეკომპანია"მთავარის" 2 ჟურნალისტს და 2 ოპერატორს, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს.

მარნეულის ინციდენტის დროს დაშავებული  ჟურნალისტი ჯეიხუნ მუჰამედალი თავის დროზე აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებას ეწეოდა. სწორედ მან მიულოცა 2016 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს 83 წლის იუბილე, საკუთარ ბლოგზე, სახელწოდებით "ერთი მუსლიმის მილოცვა პატრიარქს".

– მე, ჯიხუნ მუჰამედალმა (ნარზალოვი), როგორც საქართველოს ერთ-ერთმა შვილმა, მინდა, ჩემი მუსლიმი ახალგაზრდა სამეგობროს სახელით, მივულოცო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღე. მინდა ვუსურვო ჯამრთელი და ბედნიერი, დღეგრძელი ცხოვრება.

იგი არა მარტო ქრისტიანების, არამედ ჩემი სულიერი მამაცაა. პატრიარქს განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი საქართველოში ერებსა და რელიგიებს შორის ურთიერთგაგებისა და ნამდვილ ტოლერანტობაში მისი უდიდესი წვლილისთვის. იგი ყოველთვის ცდილობს საქართველოში დანერგოს ერთიანობა და ქვეყანა გაამთლიანოს. უფალს ვთხოვ, რომ ეს ოცნება მას მალე აუხდეს. პატრიარქის მუსლიმებთან განსაკუთრებული ურთიერთობები არავისთვისაა საიდუმლო.

არც მე მავიწყდება, როდესაც მას ჩავეხუტე და მის მიმართ ჩემი სიყვარული გავამხილე. ჩვენ უფალი ერთი გვყავს და მხოლოდ უფლის მიმართ მისასვლელი გზები გვაქვს განსხვავებული. ჩვენ უფალთანაც გავერთიანდებით, როგორც აქ ვართ ერთიანნი. უფალი იყოს უწმიდესისა და უნეტარესის – ილია მეორეს, საქართველოსა და ჩვენი მფარველი ამინ!!" – წერს ჯეიხუნი.

ინფორმაციისთვის, ჯეიხუნ მუჰამედალი (ნარზალოვი) იყო მონაწილე 2015 წლის დასაწყისში პარლამენტის წინ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი სტუდენტების ორგანიზებით გამართული აქციისა, რომელიც მიმართული იყო რელიგიური თუ ეთნიკური ჯგუფის ან მრწამსის შეურაცხყოფის წინააღმდეგ.

"იცით ჯეიხუნი რომელი ბიჭია? საოცარი მისალოცი რომ დაუწერა საქართველოს პატრიარქს..." - რას წერს მარნეულში დაშავებულ ჟურნალისტზე ნათია კუპრაშვილი?

წყარო