ანტონ ფურცელაძე იარაღით მიიჭრა სტამბაში... - კვირის პალიტრა

ანტონ ფურცელაძე იარაღით მიიჭრა სტამბაში...

ხუთშაბათს, ჟურნალ "გზასთან" ერთად, ქართული პროზის საგანძურის სერიით, მკითხველი ანტონ ფურცელაძის "მაცი ხვიტიას" მიიღებს

რომანი "მაცი ხვიტია" ძალიან პოპულარული და გახმაურებული იყო. მას მერე კი, რაც კინოფილმი "მაცი ხვიტია" გადაიღეს (1966 წ.), იმათაც აიტაცეს, ვინც ლიტერატურას "ეკრანიდან კითხულობს". მოგეხსენებათ, ფილმი მაინც რეჟისორის გააზრებული და გარდაქმნილია. საინტერესოა, დღეს რას გეტყვით ეს წიგნი, როგორ დაინახავთ იმ ეპოქასა და ამბებს, რომელსაც თავის დროზე ანტონ ფურცელაძე აღწერდა...

ბავშვობის წლები ანტონმა თავის სოფელში, მერეთში, გაატარა. ხელმოკლეობის გამო მშობლებმა ვერ შეძლეს მისი სამოქალაქო სასწავლებელში მიბარება. მხოლოდ ისღა მოახერხეს, რომ 11 წლის ბავშვი ორიოლის კადეტთა კორპუსში მიაღებინეს სახელმწიფო ხარჯზე. აქ ანტონი სამიოდე წელი დარჩა. ერთხელ, ვარჯიშის დროს, ორძელიდან ჩამოვარდა, სამუდამოდ დაკოჭლდა და იძულებული გახდა, სამშობლოში დაბრუნებულიყო.

ერთხანს თავის სოფელში დარჩა, მერე დავრდომილთა თავშესაფარში გადამწერად მოეწყო. აქ დიდხანს არ დარჩენილა. მალე თბილისში გადმოვიდა და რამდენიმე სემინარიელთან ერთად დაიქირავა ოთახი კალოუბნის ქუჩაზე (ახლანდელი ფურცელაძის ქუჩა). მისი ბინა მაშინდელი მოწინავე ახალგაზრდობის თავშესაყრელ ადგილად იქცა...

ამ დროიდან ფურცელაძე თანამშრომლობს "ცისკრისა" და "დროების" რედაქციებთან. 1867 წელს ფურცელაძე ზუგდიდში სასამართლოს გამომძიებლად დანიშნეს, მაგრამ "დროებაში" თანამშრომლობა ამის შემდეგაც არ შეუწყვეტია.

ორი წლის შემდეგ თბილისში ბრუნდება. სწორედ ამ პერიოდში წერს რომანს "მაცი ხვიტია" და ტრაგედიას "დიდი მოურავი".

1869 წლის მარტიდან გამოსვლას იწყებს ყოველთვიური სამეცნიერო და სალიტერატურო ჟურნალი "მნათობი". სწორედ "მნათობს" უკავშირდება ერთი ტრაგიკული ამბავი - ნიკო ნიკოლაძემ მკაცრი წერილი დაწერა "მნათობზე": "თავდება "მნათობის" გამოცემა.

როგორც შეეფერება დავსებულ სანათს, "მნათობმა" სიკვდილის დროს შეჰკრიბა, რაც ღონე ჰქონდა, გაიელვა, აპრიალდა და ისე ჩაჰქრა, მაგრამ ამ გაჭირვებულ აპრიალებას და აუცილებელ გაქრობას ისეთი კვამლისა და ხრაკის სუნი ამოჰყვა, რომ ხანგრძლივი იქნება მისი მოგონება და ზიზღიო". ფურცელაძემ წონასწორობა დაკარგა, მივარდა სტამბაში, ნიკოლაძეს გულზე რევოლვერი მიაბჯინა და გაისროლა. კიდევ კარგი, ნიკოლაძემ იმარჯვა, სწრაფი მოძრაობით ლულა განზე გასწია და ტყვიამ მხოლოდ ხელი გაუკაწრა.

როცა ბატონმა ნიკოლაძემ სიცილით ჰკითხა მოწინააღმდეგეს, "ხომ არ გაგიჟებულხარო", მან ჩახმახი ისევ ფეხზე შეაყენა, ტყვია მეორედ გავარდა, მაგრამ ნიკომ მოახერხა, რევოლვერი წაერთმია. ამ ამბავმა შეძრა თბილისი: ილია ჭავჭავაძე რუსეთიდან იწერებოდა წერილს, იონა მეუნარგია კი თავის დღიურში წერდა: "ფურცელაძემ თავისი სიბეცე გუშინწინ დაამტკიცა, ნიკოს რომ ესროლა". ნიკო ნიკოლაძე საქართველოდან წავიდა...

ეს ინციდენტი ანტონ ფურცელაძეს სიცოცხლის ბოლომდე ლაქასავით გაჰყვა...