"ვერ დავუშვებ, რომ ბოლომდე აქ დავრჩე, ოდესმე აუცილებლად ჩამოვალ საქართველოში"
"ვერ დავუშვებ, რომ ბოლომდე აქ დავრჩე, ოდესმე აუცილებლად ჩამოვალ საქართველოში"
ქართველი მზარეული იტალიელი შეფების კონკურსში

იტალიაში მცხოვრებმა ქართველმა ნინა უხურგუნაშვილმა, კულინარიულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და იტალიელ შეფებს ქართული კერძები გაასინჯა. 40 წლის ქართველი მზარეული ლომბარდიის რეგიონში, ქალაქ პავიაში ცხოვრობს და პატარა ქართული რესტორნის ზედამხედველი და შეფია. კონკურსში მონაწილეობასა და თავის ცხოვრებაზე ნინა გვესაუბრება:

- 12 წელზე მეტია იტალიაში ვცხოვრობ და რესტორანში "დედას პური" შეფად ვმუშაობ, რომელიც პატარა ოჯახური ტიპის რესტორანია. კულინარიულ კონკურსში სრულიად მოულოდნელად აღმოვჩნდი, კონკურს "იტალიის მზარეულები" ჰქვია, ადრე
იტალიის მასშტაბით ქალაქებს შორის ტარდებოდა, ახლა წესები შეიცვალა და ორი სეზონია კონკურსში ერთნიკური ჯგუფები ჩაერთვნენ. საქართველო ამ კონკურსში პირველად გამოჩნდა და მე ქართული სამზარეულო წარვადგინე, თუმცა მონაწილეობის მიღება არ მინდოდა. კონკურსში მონაწილეობის შესახებ არავისთვის არაფერი მითქვამს, მეგობრებმაც შემთხვევით გაიგეს, ჩემს გვერდზეც არ გამიზიარებია იმიტომ, რომ
ნამდვილად არ ვთვლიდი რომ სასწაული ჩავიდინე.

იტალიაში, მილანში ერთი მოგზაური ბლოგერია, რომელიც რამდენიმე წლის წინ საქართველოს სტუმრობდა, გადარეულა ჩვენს ქვეყანაზე და იტალიაში ქართული რესტორნები მოძებნა, მალევე პავიაში მოვიდა და ჩვენი კერძები დააგემოვნა. ხშირად მოდის ხოლმე და თავის ემოციებს ხალხს სოციალურ ქსელში უზიარებს. კულინარიული შოუს ორგანიზატორებმა სწორედ ამ გოგოს მეშვეობით გვიპოვეს და დაგვიკავშირდნენ. თავიდან კონკურსში მონაწილეობის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, ვერ ვგრძნობდი თავს იმ სიმაღლეზე, რომ მონაწილეობა მიმეღო, დრო საკმაოდ ცოტა გვქონდა და სხვა შეფის მოძებნას და მისთვის ქართული კერძების სწავლას ვერ შევძლებდით, ამიტომ შემოთავაზებაზე დათანხმება მომიწია.

პროექტში გამოსვლა და შენი ქვეყნის სახელით მონაწილეობა კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობაა. კორონავირუსის გამო შესარჩევი "ქასთინგები" ონლაინ ტარდებოდა და ვიდეო გავაგზავნე, თუ როგორ ვაკეთებდი ხინკალს, დამიკავშირდნენ და მითხრეს რომ მოეწონათ და პირველ ტურზე უნდა მივსულიყავი.
კონკურსში არაჩვეულებრივი ხალხი მუშაობს, შეფები და ყველა თანამშრომელი ძალიან კარგი ხალხია, სულ ცდილობდნენ დაგვხმარებოდნენ და სტრესი და დაძაბულობა მოეხსნათ, თუმცა ჩემთვის ნერვიულობას ორი კვირის განმავლობაში არ გაუვლია. პირველი ტურის შემდეგ ვიფიქრე ვერ გადავალ მეორე ტურში-მეთქი, მაგრამ საოცრება მოხდა და გადავედი. არ ვიყავი მზად ამხელა კონკურსისთვის. ხალხს ჰგონია, რომ რადგან იტალიაშია კონკურსი ყველაფერი არაჩვეულებრივად არის, თუმცა ეკრანის იქით ბევრი რამ იმალება. სულ ვამბობდი ქართველებმა რომ ჩემი ლობიანი ნახონ, რას იფიქრებენ მეთქი, იქ ცომი ჩემი მოზელილი არ იყო, პირველ ტურში ბლენდერი არ მუშაბოდა, რომ ნიგოზი დამებლენდერებინა. როდესაც გადაცემა მონტაჟდება იდეალური გამოდის და სხვა რაღაცები ეკრანზე აღარ ჩანს.

მეორე ტურში გადავედი და მოწინააღმდეგეზე, 1 ქულით ნაკლები ავიღე, მეორე ტურიდან გამოვეთიშე კონკურსს. ახლა რომ ვუყურებ გადაცემას, ვფიქრობ, პირველ ტურში უფრო მეტი ქულები მისცეს ჩემს მოწინააღმდეგეს, ხოლო მეორე ტურში ჟიური სრულიად ობიექტური იყო, თევზი უნდა მოგვემზადებინა და მას ტყემალი დავუმატე, გაგიჟდნენ შეფები ტყემალზე, გადაცემა რომ მორჩა, მოვიდნენ და კოვზით მიირთმევდნენ.

კონკურს ერთი პრინციპი აქვს, კერძის კეთებისას თან უნდა ისაუბრო, მიჭირდა თან ლაპარაკი, ქართულიდან იტალიურად თარგმნა და პარალელურად კერძზე კონცენტრაცია. გადაცემის წამყვანი ბრუნო ბარბიერი იყო, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შეფი, ბარბიერი მეუბნებოდა, არ გაჩერდე, ილაპარაკე და განავრცეო.

- რას ამბობდნენ იტალიელი შეფები საქართველოსა და ქართულ სამზარეულოზე?
- სამწუხაროდ, საქართველოზე ბევრი რამ არ იცოდნენ და ქართული კერძები ძალიან კარგად მიიღეს. თავიდან შეფებმა ბევრი რამ არ იცოდნენ, მაგრამ როდესაც გაიგეს, მითხრეს რომ ჩვენ არაჩვეულებრივი სუნელები გვაქვს, გემოს შეგრძნება არ გვეშლება და იდეალური ღვინო გვაქვს. სამწუხაროდ ქართული კერძები აქ ისეთი ცნობილი არ არის როგორც ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.

ნელ-ნელა უფრო ცნობილები ვხდებით, ჩვენს რესტორნაში ბევრი ისეთი მოდის, ვინც საქართველოში ჩასვლასა და კერძების დაგემოვნებას აპირებს. აქ დიდი პოპულარობით სარგებლობს ნიგვზიანი ბადრიჯანი და მინდა აღვნიშნო, რომ კონკურსის პირველ ტურში ბროწეული არ იყო და ვერ დავამატე, ამხელა სამზარეულოში ერთი ბროწეულიც ვერ ვნახე, ასევე კომენტარი დამიწერეს, ნიგოზი ტარდება, არ ინაყებაო, ეგ კი ვიცი, მაგრამ ბლენდერი არ მუშაობდა და სხვა გამოსავალი არ დამიტოვეს.

- რამდენი ხანია იტალიაში ცხოვრობთ?

- იტალიაში მე-12 წელია ვცხოვრობ, სამუშაოდ წამოვედი და მაშინ ვაპირებდი 2 წლით დარჩენას, მაგრამ ეს 2 წელი შემდეგ 12 წელი გახდა. თავიდან ისე ჩანს, რომ მალე დაბრუნდები და ისე მალე გადის წლები, რომ ვერც ასწრებ რაიმეს გააზრებას. თავიდან ძალიან მიჭირდა, სულ მინდოდა დარუნება, ალბათ ყველას სჭირდება 4-5 წელი იმისთვის, რომ მოერგოს აქაურ გარემოს. ბევრ ადგილას ვმუშაობდი და საბოლოოდ რესტორანში მოვხვდი. იტალიაში ჩამოსვლისას ენა საერთოდ არ ვიცოდი, მხოლოდ ჩაო-ს ვამბობდი იტალიურად, სასწავლო კურსებზე არ მივლია, ჩემით შევძელი ენის სწავლა, რაშიც გარემო ძალიან დამეხმარა.

აქ მარტო ვცხოვრობ, მშობლები გარდაცვლილები არიან, ერთი ძმა მყავს, რომელიც ამერიკაშია. იტალიაში მე და ჩემი დეიდაშვილი ჩამოვედით, ახლა ის სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად.

- საქართველო არ გენატრებათ?
- საქართველო სულ მენატრება. ზოგადად ეჩვევი საზღვარგარეთ ცხოვრებას და ინტერნეტმა მონატრება კიდევ უფრო შეამსუბუქა. თითქმის ყოველ წელს ჩამოვდიოდი საქართველოში და წელს ვირუსის გამო ვერ ჩამოვედი, გაზაფხულზე მიყვარს ხოლმე ჩამოსვლა. თავიდან, როდესაც საბუთები არ მქონდა, მეშინოდა რომ ვერ დავბრუნდებოდი და არანორმალური ნოსტალგია მქონდა, შემდეგ როდესაც ეს პრობლემა მოვაგვარე, დავმშვიდდი, ვიცოდი რა დროსაც არ უნდა მომესურვებინა, წავიდოდი ჩემს ქვეყანაში.

- რას აპირებთ სამომავლოდ, საქართველოში ხომ არ დაბრუნდებით?
- ეს ყველაზე დიდი დილემაა, როდესაც დიდი ხნით შორდები გარემოს, ყველაფრის თავიდან დაწყება გიწევს, რაც ცოტა არ იყოს მაშინებს. 40 წელი საქართველოში დიდი ასაკია, იტალიაში კი ძალიან ახალგაზრდად ვითვლები. საბოლოო ჯამში, ფიქრები ყოველთვის საქართველოში მოდის. სულ ვიძახი, იქ გავაკეთებ, იქ გავხსნი რესოტორანს-მეთქი, ვერ ვფიქრობ ვერასოდეს, რომ სულ აქ ვიქნები. ვერ დავუშვებ რომ ბოლოდმე აქ დავრჩე, ოდესმე ჩამოვალ აუცილებლად, როდის ჩამოვალ არ ვიცი, მაგრამ დავბრუნდები. დავბრუნდები და იტალიურ რესტორანს გავხსნი საქართველოში.

(სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
დღის კითხვადი სტატიები