რას ამბობენ ჯანდაცვის სამინისტროში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებს - კვირის პალიტრა

რას ამბობენ ჯანდაცვის სამინისტროში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებს

ჯანდაცვის სამინისტროში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

"არ ვადასტურებთ", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" უწყებაში.

ამასთან, გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მედიამ დღეს შეკითხვით მიმართა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასაც. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თენგიზ ცერცვაძე აჭარაში უახლოს დღეებში ვიზიტს გეგმავს, რათა ეპიდვითარებას ადგილზე გაეცნოს.

"ასეთი ინფორმაცია მე არ მაქვს. ამ ინფორმაციას ჩვენამდე არ მოუღწევია, თუმცა ერთი ვიცი, რომ ბატონი თენგიზი ემზადება ბათუმში ვიზიტისთვის. ვიცი, რომ აპირებს ამ დღეებში ჩამოსვლას, როგორც ქალბატონი მარინა ეზუგბაია იყო ჩამოსული", - აცხადებს გაბუნია.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებს.

"ინტერპრესნიუსი"