რაფაელი - "მიწიერი ანგელოზი" - კვირის პალიტრა

რაფაელი - "მიწიერი ანგელოზი"

აღორძინების ხანის ერთ-ერთი გენია, რაფაელ სანტი დაიბადა 1483 წლის 6 აპრილს ქალაქ ურბინოში, იქაური ჰერცოგის სასახლის კარის პოეტისა და მხატვრის, ჯოვანი სანტის ოჯახში. მამამ აზიარა მომავალი გენიოსი ხელოვნების სამყაროს...

1491 წელს რაფაელს დედა გარდაეცვალა, სამი წლის შემდეგ კი მამის, ორი ბიძისა და დედინაცვლის ხელში დარჩენილ ობოლს მხატვრობას 5 წლის განმავლობაში სასახლის მხატვარი - ტიმოთეო ვიტი ასწავლიდა.

1500 წელს რაფაელი პერუჯაში მიდის, სადაც სწავლას უმბრიული სკოლის წამყვანი მხატვრის - პიეტრო პერუჯინოს სახელოსნოში განაგრძობს და მალე შეკვეთებსაც იღებს. ალბიცინების საგვარეულოს შეკვეთით პატარა ქალაქ ჩიტაში სან-ფრანჩესკოს ეკლესიის საკურთხევლისთვის შექმნილმა ბრწყინვალე "მარიამის ნიშნობამ"” ფაქტობრივად დაასრულა მისი შემოქმედების ადრეული - "პერუჯინული" პერიოდი.

1503 წელს 20 წლის რაფაელი ფლორენციაში გადადის, რომლისთვისაც უკვე ვიწროა უმბრიული სკოლის ჩარჩოები... აქ იგი დაუახლოვდა მხატვრებსა და არქიტექტორებს, მაგრამ მთავარი მისთვის ლეონარდო და ვინჩის მეთოდის გაცნობაა - დიდი მხატვრის კვალად, ის იწყებს მუშაობას ნატურიდან, სწავლობს ანატომიას, სხეულის მოძრაობის მექანიკას, რთულ პოზებსა და რაკურსებს, ეძებს დაბალანსებულ კომპოზიციურ "ფორმულებს".

KvirisPalitra.Geფლორენციულ პერიოდში მხატვარი ქმნის "მადონების" მთელ გალერეას - "მადონა ღრუბლებში", "მადონა მწვანეზე", "მადონა ჩიტბატონათი"...

1508 წელს რომის პაპის, იულიუს მეორის მიწვევით რაფაელი რომში მიემგზავრება ვატიკანის ძველი სასახლის სააღლუმო დარბაზების მოსახატად.  მისი პირველი ნამუშევრების ხილვისთანავე პაპი სასახლის სრულად მოხატვას ავალებს... რაფაელის წინაშე ურთულესი ამოცანა დადგა - ფერწერისა და არქიტექტურის შეთავსება.

მას ორგანულად უნდა შეეერთებინა კედლები ნახევართაღებთან, კარებსა და ფანჯრებთან, რაც  ფრესკების სიბრტყეს არღვევდა. რაფაელი არქიტექტურასაც ბრწყინვალედ ითვისებს და ქმნის  ნამდვილ შედევრებს. 1513 წელს ახალი პაპის - ლეო  X-ისგან ახალი შეკვეთების მიღების შემდეგ მისი გენია "ფრთებს შლის" - ავალებენ კათოლიკური ეკლესიისა და პაპების განდიდებას, ის კი ადიდებს ადამიანის მშვენიერებას, ნიჭსა და მიწიერ თავისუფლებას.

1514 წელს პაპი რაფაელს წმინდა პეტრეს ტაძრის მშენებლობის მთავარ არქიტექტორად ნიშნავს. ამასთან, ასრულებს ძველი რომის სიძველეთა და ძეგლთა  აღწერისა და დაცვის კომისრის მოვალეობასაც. რაფაელი - პორტრეტის უზადო ოსტატი  და ადამიანთა ხასიათის ჯადოქარი - პაპებისა თუ კარდინალების გარდა თავის შედევრებში არაერთ ისტორიულ პიროვნებასაც უკვდავყოფს.

დაახლოებით 1515 წელს საყოველთაოდ აღიარებულ მხატვარს სურათის შესაკვეთად  ბერები ეწვივნენ - პიაჩენცის წმინდა სიქსტეს მონასტრის ბერებმა ისურვეს, სურათზე ყოფილიყო გამოსახული ღვთისმშობლის სახე, რომელსაც აქეთ-იქით ამოუდგებოდნენ მესამე საუკუნეში მოღვაწე პაპი სიქსტე II მეორე და წმინდა ბარბარე... ალბათ, ღვთით შთაგონებულმა რაფაელმა საკუთარი ხელით გადააკრა უზარმაზარი ტილო ჩარჩოს და მრავალრიცხოვანი მოწაფეების დახმარების გარეშე, მხოლოდ თავად შექმნა თავისი შემოქმედების აპოთეოზი, მსოფლიო ხელოვნების ერთ-ერთი უპირველესი ქმნილება "სიქსტეს მადონა", რომლის სანახავად მომავალში თვით გოეთე საგანგებოდ ჩავა იტალიაში...

სიცოცხლის ბოლო ხუთი წელი რაფაელი გატაცებული იყო არქიტექტურით, განსაკუთრებით - რომის ანტიკური ნაგებობებით, ამიტომ  მხოლოდ ხელმძღვანელობდა მოწაფეების მიერ მრავალრიცხოვანი შეკვეთების შესრულებას, რაც, ცხადია, ფერწერის დონეზეც აისახებოდა. თუმცა, მოგვიანებით თავად შექმნა შედევრი - პორტრეტი "დონა ველატა". არავინ იცის ამ ქალის სახელი, ლეგენდის მიხედვით, ეს მისი სატრფო - მშვენიერი ფორნარინაა. რაფაელის ბიოგრაფის, ვაზარის მტკიცებით, სწორედ მის გამო თქვა მხატვარმა უარი არისტოკრატ ქალბატონთან სარფიან ქორწინებაზე; იგი ეტრფოდა ამ მდაბიო წრის მზეთუნახავს, მაგრამ თავისი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე იძულებული იყო, დაემალა ეს გრძნობა. ექსპერტების მტკიცებით, სწორედ მისი სატრფოს სახის ნაკვთებია უკვდავყოფილი კიდევ სამ ტილოზე - "წმინდა ჩეჩილია"”(მარიამ მაგდალინელი), "მადონა სავარძელში" და თვით "სიქსტეს მადონა".

რაფაელი მიწისქვეშა გათხრებს ხელმძღვანელობდა, როცა ციება დაეწყო; ლოგინად ჩავარდა და უეცრად გარდაიცვალა... მთელი რომი, პაპი, კარდინალები, გაოგნებული დასცქეროდნენ უდროოდ გარდაცვლილ გენიას. მან ზუსტად თავის დაბადების დღეს,  1520 წლის 6 აპრილს, საღამოს 10 საათზე მიიძინა და მაშინვე ყველამ იგრძნო, რომ გაჩნდა სიცარიელე, რომელსაც ვეღარავინ შეავსებდა. ლეგენდა ამბობს, იმ დღეს რომში მიწა იძრა და ვატიკანის კედელი გაიბზარაო. იტალიამ მისი სიკვდილი ხელოვნების გარდაცვალებად აღიქვა.  რაფაელი იტალიის გამოჩენილი ადამიანების გვერდით, პანთეონში დაკრძალეს... საუკუნის შემდეგ რომაული სკოლის ცნობილი მხატვარი, კარლო მარატი, იტყვის: "ჩემთვის რომ რაფაელის სურათები ეჩვენებინათ და ეთქვათ, ანგელოზმა დახატაო, დავიჯერებდი!"

რამაზ გურგენიძემ