"მაშინ ქართველ მეცნიერებზე დიდი მოთხოვნა იყო" - ვინ არის ამერიკაში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, რომელიც სიცოცხლის ქმედუნარიანი წლების გახანგრძლივებაზე მუშაობს - კვირის პალიტრა

"მაშინ ქართველ მეცნიერებზე დიდი მოთხოვნა იყო" - ვინ არის ამერიკაში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, რომელიც სიცოცხლის ქმედუნარიანი წლების გახანგრძლივებაზე მუშაობს

ქართველი ექიმებისა და მეცნიერების წარმატება ხშირად ჩვენი ქვეყნის საზღვრებს სცდება, ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი კი დღევადნელი რესპონდენტია. ამერიკაში, კერძოდ მინესოტას შტატში Mayo-ს კლინიკაში ქართველი მეცნიერი თამარ ჭყონია მუშაობს, თამარი Mayo-ს კლინიკის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია და ამავე დროს ეროვნული გერონტოლოგიის კვლევითი ლაბორატორიის დირექტორია. ის 2 ქართველ მეცნიერთან ერთად მსოფლიოსთვის მეტად მნიშვნელოვან კვლევაზე მუშაობს, რომელიც მალე მედიცინაში გადატრიალებას მოახდენს. თამარს ამერიკაში დავუკავშირდით და კვლევაზე დეტალურად ვესაუბრეთ:

- უკვე 22 წელია, რაც შეერთებულ შტატებში ვცხოვრობ და ვმუშაობ. ამერიკაში მარტივად ჩამოვედი, მაშინ კარიერას ვიწყებდი და ეს ერთგვარი ნაბიჯები იყო ჩემი წარმატებისკენ. 1991 წელს საკანდიდატო დისერტაცია დავიცავი, ვმუშაობდი მოსკოვში მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტში და შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოვედი, სადაც დოცენტი გავხდი, შევადგინე მოლეკულური ბიოლოგიის კურსი და 6 გამოშვება, ბიოლოგიის ფაკულტეტის ბავშვებს ვუკითხავდი ლექციებს. ამავდროულად, ლექციებს ვკითხულობდი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, როგორც მიწვეული ლექტორი. ძალიან მიყვარდა სტუდენტებთან ურთერთობა და სასწავლო პროცესი უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა.

მაშინ ქვეყანაში მძიმე პერიოდი იდგა, ვასწავლიდი უნივერსიტეტში მაგრამ ელემენტარული პირობები არ გვქონდა იმისთვის, რომ რაიმე სახის კველვა ან ექსპერიმენტი ჩაგვეტარებინა, იმ პერიოდში გაიხსნა საზღვრებიც და 1998 წლის 1 სექტემბერს ამერიკაში ჩავედი სტაჟირებაზე. მაშინ ქართველ მეცნიერებზე დიდი მოთხოვნა იყო, ამერიკაში როგორც პოსტ დოქტორანტი ისე მოვხვდი, 2 წელი ბოსტონის უნივერსიტეტში სტაჟიორი ვიყავი და შემდეგ უნივერსიტეტის თანამშრომელი გავხდი, სადაც 9 წელი ვუმუშავე. ჩემი ხელმძღვანელი და ახლა უკვე კოლეგა ცენტრის დირექტორად Mayo-ს კლინიკაში მიიწვიეს, მან შემომთავაზა გადავსულიყავი და იქ მასთან ერთად მემუშავა. 2007 წლიდან კი უკვე Mayo-ს კლინიკის, სიბერის კვლევის ცენტრში ვმუშაობ, ჩემთან ერთად კიდევ 2 ქართველი მეცნიერია. ჩემი ჩამოსვლიდან წელიწად ნახევრის შემდეგ, ქალბატონი თამარ ფირცხალავა ჩამოვიდა, შემდეგ მივიღეთ ახალი გრანტი და ქალბატნი ნინო გიორგაძეც შემოგვიერთდა. ისინი ახლაც ჩვენს ლაბორატორიაში მუშაობენ და შეიძლება ითქვას, რომ Mayo-ს კლინიკაში ჩვენ დავძარით სიბერის კვლევა.

- მსოფლოსთვის მეტად მნიშვნელოვან კვლევაზე მუშაობთ, მოგვიყევით ამის შესახებ...

- Mayo-ს კლინიკის კოგოდის სახელობის სიბერის კვლევის ცენტრის მთავარი ამოცანაა არა სიცოცხლის გახანგრძლივება, არამედ სიცოცხლის იმ პერიოდის გაზრდა, როდესაც ადამიანი ჯანმრთელი და ქმედითუნარიანია. უკანასკნელი საუკუნის მანძილზე კაცობრიობის სიცოცხლე გახანგრძლივდა, რაც უდაოდ ტექნოლოგიური მედიცინის პროგრესს უკავშირდება. კაცობრიობის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა განვითარებად ქვეყნებში 75 წელს აღემატება და შესაბამისად, ხანდაზმული ადამიანების წილი საერთო პოპულაციაში კიდევ უფრო იზრდება.

მიუხედავად მრავალი უმნიშვნელოვანესი მიღწევისა, რაც მედიცინაში გვახსოვს, დაავადებათა მკურნალობისა და მართვის მხრივ, ასაკი კვლავ რჩება ყველაზე მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორად მთელი რიგი დაავადებებისთვის. დღეს, სიცოცხლის უკანასკნელ ათწლეულში ხანდაზმული პოპულაცია მრავალი ქრონიკული დაავადებით ცხოვრობს, ჩვენ სწორედ იმისთვის ვმუშაობთ, რომ გავიგოთ რა არის ამის მიზეზი. მიზეზი იმისა, რომ ასაკი მთელი რიგი ქრონიკული დავადებების გამომწვევია, ასეთი დაავადებებია, მეორე ტიპის დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, თუნდაც სიმსივნური დაავადებები, ასევე ოსტეოართრიტი, დემენცია, ალცჰაიმერი და სხვა. ადამიანების 90%, რომლებიც გადაცილებულები არიან 65 წელს, ცხოვრობენ მინიმუმ ერთი ქრონიკული დაავადებებით, 75 წელს ზემოთ მინიმუმ ორით. გერონტოლოგიაში აქტიური კვლევა მიმდინარეობს იმ პროცესების გასარკვევად, რომელიც ამ ასაკობრივ დაძაბუნებისა და დაავადების მიმართ მდგრადობის დაკარგვის მიზეზია.

კვლევის საფუძველზე, უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში აღმოცენდა გერო-მეცნიერების (Geroscience) კონცეფცია და ამჟამად განიხილება 6-9 ფუნდამენტური მექანიზმი, რომლებიც ასაკთან ერთად იცვლება და რომელიც დაბერების პროცესში, პათოგენეზში იღებს მონაწილეობას. ეს მექანიზმები ქრონიკული დაავადებების პათოგენეზშიც მონაწილეობენ, მათ შორის ერთ-ერთი ასეთი მექანიზმი გახლავთ სინესენტური (დაშავებული) უჯრედების დაგროვება.

როდესაც უჯრედი რაიმე დაზიანებას იღებს, იმისთვის რომ ეს დაზიანებული უჯრედი არ გამრავლდეს, შედის შეუქცევად ფაზაში, აჩერებს გამრავლებას და იგი აღარ იყოფა, სწორედ ეს არი სინესენტური უჯრედი, ასაკთან ერთად ასეთი უჯრედები ადამიანის ორგანიზმში გროვდება. ეს უჯრედები თვისობრივად ნორმალური უჯრედებისგან გასნხვავდებიან, ისინი მუდმივად გამოყოფენ სხვადასხვა ნივთიერებებს, რომელიც აზიანებს მეზობელ ჯანმრთელ უჯრედებს.

ჩვენს ლაბორატორიაში აღმოვაჩინეთ პრეპარატები, რომლებიც კლავენ ასეთ უჯრედებს. ამ პრეპარატების გამოყენებით ექსპერიმენტულ ცხოვეელებში თაგვებში, ვაჩვენეთ, რომ ამ უჯრედების ფარმაკოლოგიურად მოშორება შეიძლება და შესაბამისად, სხვადასხვა ექსპერიმენტულ მოდელებში გავაუმჯობესეთ მთელი რიგი დაავადებების სპექტრი. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ წრუწუნებში, რომელთა 2 წელი ადამიანის 90 წელს უდრის, ამ პრეპარატების მიღების შემდეგ სრულიად მოვსპეთ დაძაბუნობა, გავახანგრძლივეთ საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა და შევკვეცეთ ფიზიკური დაძაბუნების პერიოდი.

ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ჩვენი მიღწევა მსოფლიო მასშტაბით გაშუქდა პრესაში. ეს პრეპარატები უკვე იცდება ადამიანებში, სხვადასხვა დაავადებების დროს. ამჟამად რამდენიმე ათეული კლინიკური კვლევა მიმდინარეობს ამ სახის პრეპარატების გამოყენებით. ჩვენი პროფესიის სამწუხარო ნაწილია ის, რომ ლაბორატორიულ მოდელებში ნაჩვენები შედეგების 90-95% ადამიანებში არ ამართლებს. ამიტომ, სანამ კლინიკური გამოცდები არ დამთავრდება, ძნელია პროგნოზის გაკეთება, გაამართლებს თუ არა ეს მიდგომა კლინიკაში.

- რამდენი ხანია ამ კვლევაში ხართ ჩართული და ახლა რა ეტაპზეა კვლევა?

- 13 წელია ამ კონკრეტულ კვლევაში ვარ ჩართული, 2015 წელს ამ მედიკამენტებით დავბეჭდეთ პირველი ნაშრომი, მაგრამ რა თქმა უნდა, კვლევის წინსვლას დიდი დრო უნდა და ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო. ფუნდამენტური მეცნიერება არასდროს არის კონკრეტული, არავინ იცის კველევა საით წაგიყვანს ადამიანს. ყოველთვის უდიდესი სტიმულია რაღაცის ამოხსნა და ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო.

თამარ ჭყონია დედასთან ერთად

- მარტო ცხოვრობთ ამერიკაში თუ ოჯახთან ერთად?

- მშობლებთან ერთად. მამა 91 წლის ასაკში გარდაიცვალა, ისე იცხოვრა რომ ავად არასდროს გამხდარა, დედა გვერდით მყავს და ისიც 91 წლის არის.

- საქართველოზე რას გვეტყვით, ჩამოდიხართ ხოლმე?

- საქართველო მუდმივად მენატრება და კონტაქტი არასდროს გამიწყვიტავს ჩემს ქვეყანასთან, პანდემიის დაწყებამდე ხშირად ჩამოვდიოდი. ქვეყნის გარეთ ცხოვრება რთულია, უბრალოდ ჩემი კველვა და საქმე ბევრს მაძლევს, Mayo-ს კლინიკა როჩესტერში იზოლირებულ ადგილას მდებარეობს ეს კიდევ უფრო ართულებს აქ ყოფნას.

- რას ამბობენ უცხოელი მეცნიერები საქართველოზე?

- ერთხელ ერთ-ერთ ინტერვიუში ჩვენმა ცენტრის დირექტორმა თქვა, რომ საერთოდ ქართველები ძალიან კარგი ექსპერიმენტატორები არიან, რადგან ამავდროულად კარგი მზარეულები არიანო. ხალხმა ეს ისე გაიგო, თითქოს მარტო პურ-მარილით ვიყავით დაფასებული, მის ნათქვამშიც არის სიმართლის მარცვალი, რადგან კერძის კარგად მომზადებას ხელი უნდა, თითებში გრძნობა უნდა გქონდეს, ასევე ექსპერიმენტის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ აწვეთებ სითხეს სინჯარაში, ესეც ხელზეა დამოკიდებული.

- ბოლოს გკითხავთ, რას აპირებთ სამომავლოდ?

- ჯერ კლინიკური გამოცდების კარგად ჩატარებას ვგეგმავთ, ეს არის სამომავლო გეგმები და ვალდებულება, რომელიც აღებული მაქვს სახელმწიფოს წინაშე. ვიცი, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში ვერ დავბრუნდები, ამ დაწყებულ საქმეს ვერ დავტოვებ, საბოლოოდ მინდა სქართველოში ვიცხოვრო და ოდესმე აუცილებლად დავბრუნდები.

(სპეციალურად საიტისთვის)