"კორონავირუსით ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანი ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე სწრაფ იზოლაციას დაექვემდებარება" - კვირის პალიტრა

"კორონავირუსით ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანი ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე სწრაფ იზოლაციას დაექვემდებარება"

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანი ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე სწრაფ იზოლაციას ექვემდებარება.

ამის შესახებ გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანი თვითიზოლაციაში 14 დღის განმავლობაში იქნება.

"ინფიცირებულებიდან ჭარბობს, რა თქმა უნდა, სიმპტომიანი და კონტაქტში მყოფი პაციენტები, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება კონტაქტში მყოფი ადამიანების სწრაფ იზოლაციას. ამაზე გამახვილდა დღეს ყურადღება საკოორდინაციო საბჭოზე, ერთ-ერთი მთავარი ახალი მიდგომა რაც გვექნება იქნება ის, რომ ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანები, რაც შეიძლება სწრაფად, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე, ექვემდებარება სწაფ იზოლაციას. თუ არის სახლში თვითიზოლაციის საშუალება, რჩება ბინაზე, თუ არა და კარანტინში გადაყვანას გულისხმობს 14 დღის განმავლობაში. 14 დღე ყოფნა კარანტინში ან იზოლაციაში, ყოვლეგარი კვლევის გარეშე, ამაზე ახალი პროტოკოლი შემუშავდება. თუ მას სიმპტომები უჩნდება, იძახებს 112-ს, უკეთებენ კვლევას და შესაბამისად, შემდეგ სხვა პროტოკოლით მიმდინარეობს მართვა“, -განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ასევე ამირან გამყრელიძის რეკომენდაციაა, აჭარაში მოსახლეობამ პირბადე ღია სივრცეშიც ატარონ

" მივმართავ აჭარის მოსახლეობას, რადგან აჭარაში ჩვენ გვაქვს სერიოზული გავრცელება, ამიტომ სასურველია და რეკომენდირებულია, ღია სივრცეებშიც ვიხმაროთ პირბადე. თუ ვინმე არ იყენებს, ეს რა თქმა უნდა, დასჯადი არ იქნება, მაგრამ რეკომენდირებულია დღეს, რადგან ინციდენტობის მაჩვენებელი აჭარაში გვაქვს დაახლოებით 7-8 -ჯერ მეტი, ვიდრე საშუალო ქვეყნის მაჩვენებელია, ამიტომ სასურველია, რომ პირბადე აჭარაში გამოვიყენოთ გარეთაც,“- განაცხადა გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო