"ხელვაჩაურში 120 მაშველი და მძიმე ტექნიკა 40 000 ტონა მეწყრულ მასაში მოყოლილ მოქალაქეებს უწყვეტ რეჟიმში ეძებს" - კვირის პალიტრა

"ხელვაჩაურში 120 მაშველი და მძიმე ტექნიკა 40 000 ტონა მეწყრულ მასაში მოყოლილ მოქალაქეებს უწყვეტ რეჟიმში ეძებს"

აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, 120 მეხანძრე-მაშველი და მძიმე ტექნიკა დაახლოებით 40 000 ტონა მეწყრულ მასაში მოყოლილ მოქალაქეებს 24-საათიან რეჟიმში, უწყვეტად ეძებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.

მათივე განმარტებით, ადგილზე დამატებით მობილიზებული არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამნაღმველები, რომლებიც მეწყრულ მასაში მოყოლილ ავტომობილს ეძებენ. საძიებო სამუშაოები, ასევე, მიმდინარეობს მდინარე სატეხიაში, საიდანაც გადავარდნილი ავტომობილი უკვე ამოღებულია, ხოლო მისი მძღოლი დაკარგულია.

უწყების ცნობით, გვიან ღამით, აჭარაში სპეციალური აღჭურვილობით ჩავიდნენ დამხმარე ძალები სამეგრელოდან, იმერეთიდან და თბილისიდან და 60 მეხანძრე-მაშველი სამუშაოებში ჩაერთო. ასევე, 2 ოქტომბერს, დილით, 50-კაციანი ჯგუფი შესაბამისი აღჭურვილობით დაიძრა თბილისიდან.

მათივე ინფორმაციით, აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში 440 შეტყობინება შევიდა. შეტყობინებების უმრავლესობა ეხება დატბორილ ქუჩებს, საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებს, ეზოებს და სარდაფებს. რამდენიმე ადგილას, გზაზე, ჩამოწოლილია მიწის მასა, ჩახერგილია გზა, ადიდებულია მდინარეები და ღელეები.

იხილეთ ვიდეო