"შევარდნაძემ მკითხა,''ეს რეი ჩარლზი ინაუგურაციების მუსიკოსია, ხო ?'' - რა ისტორია გაიხსენა ზაზა შენგელიამ, ლეგენდარული მუსიკოსის თბილისში ჩამოყვანაზე? - კვირის პალიტრა

"შევარდნაძემ მკითხა,''ეს რეი ჩარლზი ინაუგურაციების მუსიკოსია, ხო ?'' - რა ისტორია გაიხსენა ზაზა შენგელიამ, ლეგენდარული მუსიკოსის თბილისში ჩამოყვანაზე?

ხმის ჩამწერი სტუდის "ბრავო რექორდსის“ ხელმძღვანელი, პროდიუსერი, მელომანი ზაზა შენგელია "ფეისბუქის“ პირად გვერდზე საინტერესო, სახალისო ამბავს აქვეყნებს. ის ლეგენდარული მუსიკოსის, რეი ჩარლზის საქართველოში 1996 წელს ჩამოსვლის ამბავს იხსენებს, რომელიც თავად მას და მის მეგობარ ვათა ჯორჯიკიას უკავშირდება.

ტექსტს kvirispalitra.ge მცირეოდენი შემოკლებით გთავაზობთ:

"სახალისო, თითქმის დაუჯერებელი ამბავი: ''როგორ ჩამოვიყვანეთ რეი ჩარლზი საქართველოში 1996 წელს''

ამ დღეებში მისი დაბადებიდან 90 წელი შესრულდა...ალბათ არ შევცდები თუკი ვიტყვი, რომ ყველაზე დიდი მუსიკოსი მსოფლიოს უდიდეს მუსიკოსებს შორის, რომელიც საქართველოში დღემდე ოდესმე ჩამოსულა, იყო და არის ლეგენდარული რეი ჩარლზი და რომლის ჩამოყვანის ბედნიერება და პატივი მე და ჩემს მეგობარს და იმდროინდელ პარტნიორს ვათა ჯორჯიკიას გვხვდა წილად 1996 წლის 17 ოქტომბერს, ჩვენი კომპანიის "სინკოპა+"-ის მეშვეობით. მემუარების წერამდე ჯერ კიდევ გარკვეული დრო მაქვს, მაგრამ ეს უდიდესი მოვლენა საქართველოს კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში (და თუ რატომ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ამაზე ქვევით დავწერ) ნამდვილად იმსახურებს იმას, მოგითხროთ - თუ როგორ ჩამოვიყვანეთ რეი ჩარლზი საქართველოში.

მე და ვათა სტუდენტობის დროინდელი მეგობრები ვართ და თან ვათა ჩემი მეუღლის, სესილის თანაკურსელია თსუ დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტიდან. გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში მე და ვათა ერთად ვმუშაობდით სახელმწიფო მეთაურის საინფორმაციო პოლიტიკის ბიუროში (პრესსამსახურში), რომელსაც ბრწყინვალე პროფესიონალი და პიროვნება, რამაზ საყვარელიძე R

ხელმძღვანელობდა. ვათა იქ ჩემს მისვლამდე მუშაობდა, ხოლო მე 1994 წელს, ტელეკომპანია "იბერვიზიიდან" წამოსვლის შემდეგ გადავედი ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილედ. იმელის შენობის სხვენის ერთ პატარა, დაახლოებით 25 კვ.მ. ოთახში, რომელიც ზუსტად ედუარდ შევარდნაძის სათათბირო ოთახის თავზე მდებარეობდა, ერთროულად ვმუშაობდით 12-მდე თანამშრომელი. რაც მთავარია, იმელის მთელს შენობაში, სახელმწიფოს მეთაურის მთელს აპარატში სულ 3 ცალი ფაქსი ფუნქციონირებდა (მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა არც ინტერნეტი, არც ელექტრონული ფოსტა და არც მობილური ტელეფონები), რომლებიც უცხოეთთან სატელიტის მეშვეობით პირდაპირ იყო დაკავშირებული, მათ შორის ერთერთი ჩვენს სამუშაო ოთახშიც იდგა... ურთულესი დრო იყო და ძალიან დაძაბული, თითქმის 14-16 საათიანი სამუშაო რეჟიმი გვქონდა, ხშირად მთელი ღამითაც გვიწევდა ხოლმე მორიგეობა...როცა თავისუფალი დრო გვქონდა ხოლმე (ძალიან იშვიათად), ხშირად ვსაუბრობდით ქვეყანაში შექმნილ ურთულეს მდგომარეობაზე და იმაზე, რომ ადამიანებს გარდა სოციალური და ელემენტარული საარსებო პირობების მოგვარებისა, აუცილებლად სჭირდებოდათ რაღაც განსაკუთრებული, ისეთი რამ, რაც მათ მძიმე ყოფას გარკვეულწილად შეამსუბუქებდა....ასე დავიწყეთ ფიქრი დამოუკიდებელ საქართველოში დიდი უცხოელი მუსიკოსების ჩამოყვანაზე და ერთხელაც ვათამ მითხრა, რომ მას ჰყავდა ამერიკელი მეგობარი ქალბატონი - ბარბარა ქუქი, რომელიც თავის დროზე ბროდვეის ერთერთი ცნობილი და სახელოვანი არტისტი იყო (მას თავის დროზე "ტონის" საპატიო ჯილდო ჰქონდა მიღებული) და რომელსაც კარგი კონტაქტები ჰქონდა ცნობილი უცხოელი მუსიკოსების მენეჯერებთან და პრომოუტერებთან. ბევრი ფიქრის შემდეგ არჩევანი ცნობილ ბრაზილიელ ჯაზ-მომღერალზე, ტანია მარიაზე შევაჩერეთ. ჩვენი სამსახურეობრივი ფაქსისა (მისი გამოყენებით კანონი ოდნავ კი დავარღვიეთ, მაგრამ როგორც შემდგომში გაირკვა, ეს დარღვევა გამართლებული აღმოჩნდა) და ვათას ამერიკელი მეგობრის დახმარებით, 6 თვიანი მუშაობის შემდეგ შევძელით ტანია მარიას ჩამოყვანა საქართველოში 3 კონცერტით. 1995 წელს, სწორედ ტანია მარია იყო პირველი საერთაშორისო დიდი პოპულარობის მქონე და საქართველოში მეტ-ნაკლებად ცნობილი არტისტი, რომელიც დამოუკიდებლობა აღდგენილ საქართველოში ჩამოვიდა.

ეს იყო ჩვენი კომპანიის, ''სინკოპა+"-ის პირველი პროექტი, რომელიც სრული ფინანსური კრახით დამთავრდა, რადგანაც მაყურებელთა უმეტესობა უბილეთოდ ხვდებოდა კონცერტებზე და შედეგად სამივე კონცერტზე, საერთო ჯამში ბილეთების მხოლოდ 20% გაიყიდა...ერთის მხრივ ეს ლოგიკური იყო, რადგან გამოცდილება არ გვქონდა, თუმცა მეორეს მხრივ ტანიას 3 კონცერტი ნამდვილად ბევრი იყო იმდროინდელი თბილისელი მაყურებლისათვის (შემდგომ წლებში ტანია მარიამ თბილისში 4 კონცერტი გამართა და ოთხივე სრული Sold Out-ით წარიმართა). მაშინ მე და ვათა ვთვლიდით და ვფიქრობდით, რომ ეს იყო ჩვენი კომპანიის, ''სინკოპა+''-ის პირველი და უკანასკნელი პროექტი, მაგრამ ორივე ვცდებოდით...1996 წელს უკვე ახალ სამსახურში, სახელმწიფო მინისტრის ბატონ ნიკო ლეკიშვილი-ის მოადგილედ ვმუშაობდი სახელმწიფო კანცელარიაში. დაახლოებით აპრილის თვეში ტელეფონზე მირეკავს ვათა ჯორჯიკია და მეუბნება, დღეს აუცილებლად უნდა გნახოო. იმავე დღეს საღამოს კანცელარიაში მოვიდა და მითხრა - შეიძლება არ დაიჯერო, მაგრამ ბარბარას ველაპარაკე და რეალური შანსი გვაქვს საქართველოში რეი ჩარლზი ჩამოვიყვანოთ, თანაც დიდი ბიგ-ბენდის თანხლებითო.... ცოტა ხანი მეტყველების უნარი დავკარგე და გათიშული ვუყურებდი ვათას, რომელიც აჟიტირებულ და აღფრთოვანებულ მდგომარეობაში აგრძელებდა რაღაცეების მოყოლას, რაც უკვე აღარ მესმოდა....პირველი რაც იმ საღამოს გავაკეთე, დავურეკე ჩემს გურუს, ინგლისური ენის ნომერ პირველ მცოდნეს იმდროინდელ თბილისში - რობერტ სულხანიშვილს, რომელიც მთაწმინდაზე ჩვენი მეზობელი იყო და რომელმაც ბავშვობიდან შემაყვარა ჯაზი, ამერიკული ლიტერატურა, მასწავლიდა ამერიკის ისტორიას, რადიო ''ამერიკის ხმაზე'' მასმენინებდა ვილი სკანოვერის გადაცემებს ჯაზის ისტორიაზე. მან ზედმიწევნით ზუსტად იცოდა ჯაზის ისტორია და გენიალური ჯაზმენების ბიოგრაფიები, მათ შორის რეი ჩარლზის ცხოვრებისეული და კარიერული გზა, რომელიც ასევე მოყოლილი ჰქონდა ჩემთვის. მე რობერტს რეი ჩარლზის და მისი მენეჯერის თარჯიმნობა ვთხოვე და ამით გამოვხატე ჩემი განსაკუთრებული მადლიერება ყველაფრისათვის, რაც მან მე მომცა და მასწავლა. მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, თუმცა კი თვალები ოდნავ აუწყლიანდა... ცხადზე ცხადი იყო - ამ სიდიდის ვარსკვლავისა და მისი 30 კაციანი ბიგ-ბენდის ვიზიტს იმ პერიოდში სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე ვერ განვახორციელებდით და რათქმაუნდა ჩემს უშუალო უფროსს, სახელმწიფო მინისტრს ბატონ ნიკო ლეკიშვილს მოვუყევი, რომელიც ძალიან გახარებული ჩანდა და აღფრთოვანებას ვერ მალავდა რეი ჩარლზის მოსალოდნელი კონცერტით თბილისში. კანცელარიაში მუშაობამდე, ბატონი ნიკოს თბილისის მერად მუშაობის წლებშიც მის მოადგილედ ვმუშაობდი. თბილისის მერიაში ერთად მუშაობის პერიოდში ჩვენ ერთად აღვადგინეთ ''თბილისობა'', ''სტუდენტური დღეები'', ბატონ გია ყანჩელის თანადგომით დავაფუძნეთ ფესტივალი ''თბილისური გაზაფხული'', ''დიდი სახალხო სეირნობები'' რუსთაველის გამზირზე და ბევრი სხვა რამ, რომლებმაც გამოაცოცხლეს კულტურული ცხოვრება და მოსახლეობის განწყობა სამოქალაქო ომისა და აფხაზეთის კონფლიქტის შემდგომი პერიოდის თბილისში. სწორედ ამიტომ ბატონ ნიკოსთან ბევრი ახსნა არც კი დამჭირვებია. მან მკითხა რაში შეეძლო მთავრობას დახმარება. მე კარგად მესმოდა, რომ რეი ჩარლზის ჩამოყვანის შანსის რეალურ შესაძლებლობად ქცევისთვის, ფინანსური უზრუნველყოფის გარდა საჭირო იყო რაღაც ''Фишка'', რაღაც ისეთი, რაც საბოლოოდ უარს ვერ ათქმევინებდა რეი ჩარლზის მენეჯმენტს სრულიად არასტაბილური და საეჭვო რეპუტაციის მქონე რეგიონში ჩამოსვლაზე (ახალდამთავრებული სამოქალაქო ომი და კონფლიქტი აფხაზეთში, იმ პერიოდისათვის მიმდინარე უსასტიკესი ომი ჩეჩნეთში). ამიტომ ვთხოვე ბატონ ნიკოს პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, პრეზიდენტ შევარდნაძესთან რეი ჩარლზის შეხვედრის ორგანიზება... პარალელურად დავიწყეთ სპონსორების მოძიება და ხანგრძლივი მუშაობის და მოლაპარაკებების შემდეგ მივიღეთ საბოლოო თანხმობა ''კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას'' გენერალური დირექტორის, ბატონი თემურ ჭყონიასგან და ''თელასის'' გენერალური დირექტორის, ბატონი აკაკი გაბრიჩიძისგან, რაშიაც მაშინდელი თბილისის ვიცე-მერი, ჩემი უნივერსიტეტელი მეგობარი ვანო ზოდელავა დაგვეხმარა...ვათას სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან უმოკლეს ვადებში თავი მოაბა ყველაზე მთავარ პრობლემებს: რეის მენეჯმენტთან კონტრაქტის გაფორმებას, ვიზების საკითხს, ტექნიკური და საყოფაცხოვრებო რაიდერების დამუშავებას ანუ მუსიკოსის და მისი ბიგ-ბენდის მიერ კონცერტის გასამართად მოთხოვნილი ტექნიკური საშუალებების და მუსიკალური ინსტრუმენტების, აგრეთვე სასტუმროს, კვების და ადგილობრივი ტრანსპორტირების საკითხების მოგვარებას...სამი დღის შემდეგ ბატონმა ნიკო ლეკიშვილმა შიდა სელექტორით დამირეკა და მითხრა, რომ უკვე ელაპარაკა პრეზიდენტ შევარდნაძეს და რომ მე უნდა მომემზადებინა მოკლე წერილობითი ინფორმაცია მომავალი კონცერტის შესახებ და რომ იმავე საღამოს 20:00 უნდა შევსულიყავი პრეზიდენტთან... 19:55 უკვე შევარდნაძის მისაღებში ვიყავი. ჩემამდე პრეზიდენტთან პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია იყო შესული, მათი შეხვედრა საკმაოდ გახანგრძლივდა, რის გამოც პრეზიდენტთან ათის ნახევარზე მომიწია შესვლა. თავის კაბინეტში გრძელი სათათბირო მაგიდის თავში იჯდა, ძალიან დაღლილი ჩანდა, შესვლისთანავე სელექტორით ჩაი შეუკვეთა და მეც შემომთავაზა. მაგიდაზე, მასთან ახლოს გვერდითა მხრიდან დავჯექი და წინ დავუდე ინფორმაცია რეი ჩარლზის მომავალი კონცერტის შესახებ, რომელიც ძალიან მოკლედ და ლაკონურად, ერთ გვერდზე ამოვაბეჭდინე ჩემს მდივანს, თან დიდი ინტერვალებით, ვიცოდი რომ პრეზიდენტს არ უყვარდა მიჯრით, ახლოახლო ნაბეჭდი ტექსტების კითხვა. უცებ ეს ფურცელი გვერდით გადადო და მეუბნება - ''ეს რეი ჩარლზი ინაუგურაციების მუსიკოსია, ხო ?'' და თან გულიანად გაიცინა...ცოტა დავიბენი, რას გულისხმობთ მეთქი, ვკითხე...და სიცილით გააგრძელა: ''როგორ კაცო, რეიგანის ინაუგურაციაზეც მაგას უმღერია და კლინტონის ინაუგურაციაზეც'' (მერე გავარკვიე - თავის მრჩეველთან საგარეო ურთიერთობის საკითხებში, ბატონ გელა ჩარკვიანთან გელა ჩარკვიანი გელა ჩარკვიანი. ჩემს შესვლამდე უკვე უსაუბრია რეი ჩარლზის შესახებ და მისგან იცოდა ეს ამბები)...გულზე მომეშვა: ''კი ბატონო ედუარდ, სრული სიმართლეა და თუ მასე წავიდა, რეი ჩარლზი ამერიკის კიდევ ერთი პრეზიდენტის, რიჩარდ ნიქსონის ყველაზე საყვარელი მომღერლი იყო''-მეთქი. მერე დეტალურად მომაყოლა რეის ბიოგრაფია - როგორ იზრდებოდა გაჭირვებაში, როგორ დაეღუპა თვალწინ პატარა ძმა, როგორ დაბრმავდა 7 წლის ასაკში, როგორ გაიკეთა კარიერა თურქი მენეჯერის, არიფ მარდინის დახმარებით (ჩამეკითხა ის თურქი მენეჯერი ლაზი ხომ არ იყოო ?), როგორ მოიხმარდა ნარკოტიკებს და ამისათვის ციხეში იხდიდა სასჯელს, წინა საუკუნის 50-იან წლებში რასობრივი დისკრიმინაციის გამო როგორ ჩაუშალეს კონცერტები ჯორჯიის შტატში და 20 წლის შემდეგ, 1979 წელს ამის გამო როგორ მოუხადა ბოდიში შტატის გუბერნატორმა და ამის მერე როგორ გამოაცხადეს მისი სიმღერა ჯორჯიის შტატის ოფიციალურ ჰიმნად და ა.შ." - იხსენებს ზაზა შენგელია.

წყარო