"მოდა ყოველთვის საზოგადოების სოციალურ ფონს პასუხობს" - კვირის პალიტრა

"მოდა ყოველთვის საზოგადოების სოციალურ ფონს პასუხობს"

"როდესაც ადამიანი სულიერად აფორიაქებულია, ცდილობს "მუქი" განცდები სამოსის ნათელი ფერებით გაანეიტრალოს"

"მოდა მიდის, სტილი რჩება", - სიტყვებს, რომელიც განუმეორებელ კოკო შანელს უთქვამს, მოდა მუდმივად ადასტურებს - ის ბაზარზე გამუდმებულ ცვალებადობას განიცდის. ბოლო დროს მოდაში უფრო და უფრო მეტად იჭრება ნათელი ფერები და აღმოსავლური სტილი.

ცნობილი ქართველი დიზაინერი გიორგი შაღაშვილი, რომელიც არაერთ წელს ცხოვრობდა აღმოსავლეთში, მოდის ამ ტენდენციებზე გვესაუბრება.

- პირადად მე მოდის ქარიზმად მისი გლობალურობა მიმაჩნია - მოდა არ არის კონკრეტული ხალხის საკუთრება და მთელ მსოფლიოში ვრცელდება დამოუკიდებელი დინებებით.

ყოველთვის, როდესაც ახალი მოდა ყალიბდება, მასში თანამედროვე საზოგადოების ქცევები აისახება. როდესაც იცვლება, ეს ნიშნავს, რომ შეიცვალა საზოგადოების ქცევაც. ამავე დროს, მოდა, როგორც საზოგადოება, ვერ იტანს ერთსა და იმავე მდგომარეობას. ცხადია, დღევანდელ მოდაში აღმოსავლური ტენდენციებიც საზოგადოების სოციალურ ფონს პასუხობს.

აღმოსავლური ტენდენციები პირველად ევროპულ მოდაში 1910-იან წლებში პოლ პუარემ შეიტანა. სწორედ ეს დიზაინერი იყო გლობალური მოდის ის ფუძემდებელი, რომელმაც ქალები კორსეტისგან გაათავისუფლა - ანუ პრაგმატულ მოდას დაუდო სათავე. კორსეტის "გადაგდება" სწორედ ევროპული საზოგადოების სოციალურმა ფონმა განაპირობა - ინგლისელი ქალები ხმის მიცემის უფლებისთვის აჯანყდნენ და გამოჩნდა ავტომობილი, რომლის საჭესთან ქალი კორსეტით ცხადია, ვერ დაჯდებოდა.

გავიდა ხანი, პუარემ ერთხელაც პარიზში გასტროლებზე ჩასული თეატრის აღმოსავლური დეკორაციები ნახა და იმდენად მოიხიბლა, მაშინვე ასახა თავის კოლექციაში.

შემდეგ გამოჩნდა კოკო შანელი, რომელმაც გაათავისუფლა ქალი ფურჩალების, ბუმბულისა და ათასი სისულელისგან. 40-იანი წლების მოდა ომის გამოძახილი იყო, თავისი გეომეტრიული ქვედაკაბებით, რასაც 50-იან წლებში კრისტიან დიორი აუჯანყდა და მოდას ყვავილივით ნაზი ქალი დაუბრუნა.

60-იან წლებში მოდური იყო ჯექსონ პოლაკის სტილი. ამ ამერიკელ მხატვარს, რომელიც იატაკზე გაფენილ ტილოებზე საღებავის დაწვეთებით ხატავდა, ხელოვნების კრიტიკოსები უნიჭობისთვის ლანძღავდნენ, მაგრამ ახალგაზრდებმა მისი ნახატის აპლიკაციები მაინც ჩაიცვეს, რადგან პოლაკის ნახატებში ასახვა პოვა მაშინდელმა ეპოქამ, როცა ახალგაზრდობის უმეტესობა ნარკოტიკის მომხმარებელი გახდა. ესენი იყვნენ მდიდართა შვილები, რომელთაც ყველაფერი ჰქონდათ და აღარაფერი აინტერესებდათ.

70-იანი წლების შლაქსები, მოშვებული თმა და ყვავილებიანი პერანგები ვიეტნამის ომის პროტესტი იყო, რომელმაც ამერიკის ცხოვრება ჯარისკაცურ სტილზე გადაიყვანა.

ყოველივე ზემოჩამოთვლილის მიუხედავად, მოდაში არსებობს ერთი უცვლელი სტილი და ის კლასიკურია.

- უნდა ვაღიაროთ, რომ აღმოსავლური სტილის სიხალისე კლასიკურ მოდასთან შედარებით თვალს ჭრის. - აღმოსავლურ სტილს ყველა ბრენდი იყენებს, ოღონდ სხვადასხვა დოზით, მათ შორის "დოლჩე და გაბანა". აღმოსავლურ სტილს მეტ-ნაკლებად ყველა დიზაინერი მიმართავს. მეც, როდესაც ევროპა მოვიარე, გადავწყვიტე, რომ ჩემთვის ევროპული ტენდენციები ამოიწურა, ამიტომ ჯერ აღმოსავლური მოდა შევისწავლე, მერე აფრიკაში წლების განმავლობაში ვცხოვრობდი ოჯახთან ერთად. ასე რომ, კოლექციაში აღმოსავლური დეტალებიც მაქვს. თუმცა ჩემი სტილი მაინც მკაცრი სილუეტები და ფერებია. დღეს მართლაც მოდურია აღმოსავლური ფერები, ვიდრე კლასიკური შავ-თეთრი, რომელიც ჩემი მოდის პრიორიტეტია.

- რასაც, ცხადია, ყოფითი მიზეზი აქვს. - ჩემი აზრით, როდესაც ადამიანი სულიერად აფორიაქებულია, ცდილობს "მუქი" განცდები სამოსის ნათელი ფერებით გაანეიტრალოს.

- ანუ დღევანდელი სტრესული ეპოქა განაპირობებს მოდაში აღმოსავლური ფერების მოთხოვნას? მე კი ვფიქრობ, რომ ამას აღმოსავლური ტენდენციების პრაგმატულობაც განაპირობებს. ის უფრო მოხერხებულია და ბევრგან შეიძლება გამოიყენო, ვიდრე, მაგალითად გრძელი საღამოს ან მოკლე კლასიკური კაბები. - გეთანხმებით. ჩვენმა უახლესმა ეპოქამ განზე გასწია კლასიკა. პანდემიამ გააქრო წითელი ხალიჩა, საღამოები, სადაც გრძელი კაბები იყო საჭირო. ცხოვრების ტემპი იმდენად აჩქარდა, რომ დიზაინერებს პრაგმატული სამოსის შექმნისკენ უბიძგებს. იმავდროულად, მსოფლიო მოდაში გაუყიდავი პროდუქციის გლობალური პრობლემა გაჩნდა. სწორედ ეს აიძულებს ბრენდებს უფრო იოლად გასაყიდი მოდელების შექმნას.

- ევროპაში მოჭარბებული აღმოსავლური სოციალური ფონიც ხომ არ განაპირობებს სამოსში აღმოსავლური ელემენტების უხვად შეტანას? ეს პროდუქციის გასაღებას უწყობს ხელს? - შეიძლება ასეც ითქვას. გარდა ამისა, ევროპაში ბევრი აღმოსავლელი მილიარდერი მიდის სხვადასხვა ცნობილი დიზაინერის კოლექციების შესაძენად. ამით ნაწილობრივ იხსნება გაუყიდავი პროდუქციის პრობლემა, რომლის გამო გაჩნდა მოდის ახალი მიმართულება: ეთიკური მოდა!

- ეთიკური მოდა, ანუ... - ეთიკური მოდა გულისხმობს, რომ პროდუქცია, რომელიც ვერ გაიყიდა, კი არ გადაიყაროს, არამედ მისგან ახალი მოდელები შეიქმნას, რათა სამყარო ნაკლებად დაზარალდეს: ნაკლებად იმუშაონ ქარხნებმა, რომლებიც გარემოს აბინძურებენ, დაიხარჯოს ნაკლები ბუნებრივი რესურსები და ა.შ. დღეს ეს მიმდინარეობა მთელ მსოფლიოში პოპულარულია. მაგალითად, ცნობილი შვედი დიზაინერი ნილსენ მარტინი უკვე დიდი ხანია ქმნის არსებული ბრენდებიდან ახალს. მეც არაერთხელ გამიკეთებია იგივე - ფასდაკლებული პერანგების სახელოები მომიხსნია და სულ სხვა, საინტერესო პროდუქტი ამიწყვია.

- რა ვითარებაა ჩვენთან მოდური პროდუქციის რეალიზაციის საქმეში? - ცუდი, ისევე როგორც ყველგან. როგორც ამბობენ, შესაძლოა ცნობილმა ბრენდებმა საქართველო დატოვონ. მთავრობამ მოდის ბრენდებს რთულ პერიოდში შეღავათი არ გაუწია, რასაც მოდაში ისედაც არსებული კონკურენცია ერთვის. როცა კოპენჰაგენში ვცხოვრობდი, იმ პერიოდში "კენზოს" სამსართულიანი შენობა ჰქონდა დაქირავებული და ორ წელიწადში გაკოტრდა და წავიდა. სამაგიეროდ, მისი ადგილი დაიკავა შვედურმა ბრენდმა, რომელმაც ხალხს პრაგმატული პროდუქტი და ადეკვატური ფასები შესთავაზა. ეს შვედური კომპანია მილიონებს შეიტანს თავის ქვეყანაში.

ეროვნული ბრენდი ფეხზე რომ დადგეს, სახელმწიფომ დიდი გადასახადებით კი არ უნდა დაახრჩოს, პირიქით, უნდა გააძლიეროს. ეს ჩვენს ხელისუფლებას არ ესმის. სამაგიეროდ, ესმის თურქეთს, რომელმაც მსუბუქი მრეწველობა იმდენად გააძლიერა, ლამის მთელი მსოფლიო ყიდულობს ამ ქვეყნის პროდუქციას.

ეთერ ერაძე