"ეგ კაცი თავის დროზე შეცდომაში შეიყვანეს" - როგორ აფასებენ ბუბა კიკაბიძის გადაწყვეტილებას საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები - კვირის პალიტრა

"ეგ კაცი თავის დროზე შეცდომაში შეიყვანეს" - როგორ აფასებენ ბუბა კიკაბიძის გადაწყვეტილებას საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები

"კაცი არ არის კარგად და მაინც არ ეშვებიან... სინამდვილეში ხელოვანებს ვინ ეკითხება რამეს! მოჰყავთ იმიტომ, რომ წინასაარჩევნოდ მათი პოპულარობა გამოიყენონ. თავის დროზე სააკაშვილის გვერდით იმიტომ დადგა, რომ რუსეთიდან სატვირთო თვითმფრინავებით გამოყარეს ქართველები და გაღიზიანდა... ეს აიტაცეს "ნაციონალებმა", ბუბა სათავისოდ გამოიყენეს, თუმცა სააკაშვილის მთავრობა არ იყო ის მთავრობა, რომლის გვერდითაც უნდა დამდგარიყავი..."

"ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის პირველ ნომრად მსახიობისა და მომღერლის, ბუბა კიკაბიძის დასახელებამ საზოგადოების ნაწილის გაოცება და უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. "როგორ დათანხმდა, რა უნდა გააკეთოს პარლამენტში? ალბათ, იმღერებს!" "ღმერთო ჩემო, რას არ გაიგებ! ამის იმედად დარჩა ნაცპარტია?!" "ხუმრობაა?" "მომავალი პარლამენტის პირველ სხდომას გახსნის უხუცესის რანგში და ავყვავდებით!" - ვკითხულობთ სოცქსელში. "კვირის პალიტრა" ცნობილ სახეებს დაუკავშირდა და ამ საკითხთან დაკავშირებით მათი შეფასებებიც მოისმინა.

"ბუბას მხრიდან ეს არასერიოზული ნაბიჯია"

ბუბა ხოტივარი, რეჟისორი: - როგორ შევხვდი ბუბა კიკაბიძის "ნაციონალების" სიაში პირველ ნომრად გამოჩენას? მაგათ პირველი ხმა აკლდათ და აი, ისიც... ბანი ჰყავთ პაატა ბურჭულაძის სახით, დანარჩენები მეორადები არიან....

ბუბას მხრიდან ეს არასერიოზული ნაბიჯია. ბუბა ძალიან კარგი არტისტია, მაგრამ, ჩემი აზრით, პოლიტიკიდან შორსაა.

ზოგადად, არ ვუყურებ უარყოფითად ხელოვანებისა და სპორტსმენების პოლიტიკაში მოსვლას. პოლიტიკოსებად არ იბადებიან, იბადებიან ნიჭიერ ადამიანებად. რონალდ რეიგანიც ხელოვანი იყო. არნოლდ შვარცენეგერიც თავის დროზე მშვენიერი სპორტსმენი გახლდათ...

- თქვენ თუ გიფიქრიათ, პარლამენტში რომელიმე პარტიის ინტერესები დაგეცვათ? - გვიანია. მქონდა შემოთავაზება, მაგრამ ჩემს ასაკში პოლიტიკაში წასვლა არასერიოზული ნაბიჯი იქნება.

"არ მინდა, ჩემთვის სათაყვანებელი ხალხი ჩაებას ამ სფეროში..."

გია კორკოტაშვილი, არტისტი: - ჩემთვის ბუბა ყოველთვის არტისტად დარჩება. ჩემი ყრმობა, ახალგაზრდობა ბუბასთან არის დაკავშირებული და ვერ შევხედავ, როგორც პოლიტიკოსს. ვუყურებ, როგორც ბენჟამენ ღლონტს, როგორც გენიალურ მსახიობსა და მომღერალს. საქართველოში პოლიტიკა ისეთი არასწორია, რომ არ მინდა ამ კუთხით ბუბაზე ვილაპარაკო, არ მინდა, ჩემთვის სათაყვანებელი ხალხი ჩაებას ამ სფეროში...

- თქვენ თუ მოხვიდოდით პოლიტიკაში? - მე ამ საქმისთვის არ გამოვდგები - მაკლია მოქნილობა, ფეთქებადი ვარ, ემოციური, შესაძლოა, ვიღაცამ ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ განცხადებებში დამადანაშაულოს. მირჩევნია გარეთ ვიყო და ამ ჯგუფთან ერთად ვაკონტროლო პარლამენტის საქმიანობა, რათა ზღვარს არ გადავიდეს და უფრო ეროვნული სულისკვეთებით წარიმართოს მისი მუშაობა.

"ეგ კაცი თავის დროზე შეცდომაში შეიყვანეს"

გიორგი გურგულია, მსახიობი: - ძალიან გამიკვირდა, რომ ბუბა კიკაბიძის სახელს ისევ იყენებს "ნაცმოძრაობა". ეგ კაცი თავის დროზე შეცდომაში შეიყვანეს. მთელ საქართველოს უყვარდა და იმის გამო, რომ პოლიტიკაში გამოიყენეს, ნახევარ საქართველოს მის მიმართ გული გაუცივდა.

ბუბას ამ გადაწყვეტილებას ძალიან ცუდი რეზონანსი ჰქონდა ჩემს წრეში. გული მტკივა - კაცი არ არის კარგად და მაინც არ ეშვებიან... სინამდვილეში ხელოვანებს ვინ ეკითხება რამეს! მოჰყავთ იმიტომ, რომ წინასაარჩევნოდ მათი პოპულარობა გამოიყენონ.

- შეგიძლიათ გაიხსენოთ ქართველი ხელოვანი ან სპორტსმენი, რომლის პოლიტიკური საქმიანობა შთამბეჭდავი აღმოჩნდა? - ვიცი, რომ ზაზა პაპუაშვილი ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარებოდა; მეც მქონია მასთან კონტაქტი... კიდევ ვიცი რამდენიმე ზაზასნაირი კაცი, ვისაც გულთან მიაქვს ადამიანის ტკივილი. არ მახსოვს, ზაზას ვინმესთვის არ მოესმინა და არ მოენდომებინა მისი დახმარება. სხვა პარტიებშიც არიან ასეთები... მთავარია, პოლიტიკაში მოვიდეს პატრიოტი ხალხი. ქვეყნის სიყვარული ნიშნავს ხალხის სიყვარულს. ქართველი ერი მძიმე დღეშია - ოჯახები ინგრევა, კონფლიქტის მიზეზი კი, ძირითადად, უკიდურესი გაჭირვება და სოციალური პრობლემებია...

ხელოვანები ცუდ დღეში ვართ, პანდემიის ფონზე პრობლემები იმატებს, ამიტომ უწევთ ხელოვანებს პოლიტიკაში ჩაბმა... მე ბუბასიც მესმის. თავის დროზე სააკაშვილის გვერდით იმიტომ დადგა, რომ რუსეთიდან სატვირთო თვითმფრინავებით გამოყარეს ქართველები და გაღიზიანდა... თვითონაც წამოვიდა რუსეთიდან. მაშინ კაცმა თავისი აზრი გამოხატა, თავისი ქვეყნის გვერდით დადგა და ეს აიტაცეს "ნაციონალებმა", ბუბა სათავისოდ გამოიყენეს, თუმცა სააკაშვილის მთავრობა არ იყო ის მთავრობა, რომლის გვერდითაც უნდა დამდგარიყავი... ჯობს თენგიზ არჩვაძესავით იყო გარიდებული ყველა პოლიტიკურ პლატფორმას და დარჩე ხელოვანად, მაგრამ პოლიტიკაა ხვალინდელი დღე, შემოსავალი, კინოს, თეატრის ბედი... როცა შენს აზრს გამოხატავ, ეს ვიღაცისთვის მისაღებია, ვიღაცისთვის მიუღებელი და იძენ მტრებს.

"ისეთი კმაყოფილია, ეჭვი აღარ მაქვს, რომ პოლიტიკაში წასვლა მისი გადაწყვეტილება იყო"

მერაბ კოკოჩაშვილი, რეჟისორი: - ძალიან გამიკვირდა ბუბას ამბავი და არ მაქვს სურვილი, ამ თემაზე ვილაპარაკო. ვნახე კადრები. ისეთი კმაყოფილია, უკვე ეჭვი აღარ მაქვს, რომ პოლიტიკაში წასვლა მისი გადაწყვეტილება იყო. ეს ჩემთვის საკვირველია და აღარ მინდა რამის თქმა...

თქვენც მოისმინეთ, ალბათ, "ქართული ოცნების" განცხადებები... ბოლოს გამოვიდა ადამიანი და კულტურაზე ორი სიტყვა თქვა. ილაპარაკა იმის შესახებ, რაც გაკეთდა. დარბაზები, თეატრები კარგია, მაგრამ სიღრმისეული განათლების გარეშე შეუძლებელია კულტურული ქვეყნის შექმნა. ეკონომიკა, ჯანმრთელობა, სპორტი, დასაქმება, ფიქრი ადამიანზე - ეს ყველაფერი კულტურას ეხება და კულტურაზე ორი სიტყვის თქმა არ არის სწორი... როდესაც ტელევიზიით ვხედავთ მდარე ხარისხის სერიალებს, უწყვეტ ნეგატიურ ინფორმაციას, რა კულტურაზეა ლაპარაკი?

იხილეთ ასევე: "რატო "ნაციონალებთან"? იმიტომ, რომ მე და მიშა მეგობრები ვართ... მე რუსეთშიც მეთქმის სიტყვა, უკრაინაშიც"