"აჯანყება გაიცა... ეჭვმიტანილები ამიერკავკასიის ფრონტის სამხედრო ტრიბუნალმა გაასამართლა... 17 ახალგაზრდა სიკვდილით დასაჯეს..." - კვირის პალიტრა

"აჯანყება გაიცა... ეჭვმიტანილები ამიერკავკასიის ფრონტის სამხედრო ტრიბუნალმა გაასამართლა... 17 ახალგაზრდა სიკვდილით დასაჯეს..."

გიორგი ძიგვაშვილი 1942 წლის ანტისაბჭოთა შეთქმულების ერთ-ერთი ლიდერი, ეროვნული გმირი, პოეტი და მთარგმნელი გახლდათ. უნიჭიერეს და პერსპექტიულ ახალგაზრდას უმძიმესი ბედი ერგო - 1942 წლის 17 ოქტომბერს ანტისაბჭოთა შეთქმულებაში მონაწილეობის გამო სიკვდილით დასაჯეს...

გიორგი ძიგვაშვილი 1917 წელს ზედა ციხესულორის კეჭნარას უბანში (ახლანდელი ქალაქი ვანი) დაიბადა. მამის, მიხეილ (მიხაკო) ძიგვაშვილის განკულაკების გამო პატარა გიორგი ძმასთან ერთად ვანის სკოლიდან გარიცხეს, რის შემდეგაც ისინი ბიძამ თბილისში გადაიყვანა და ძმებს საშუალო განათლება მიაღებინა. სკოლის დამთავრების შემდეგ, გიორგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

თანამედროვეების აღწერით, გიორგი მიმზიდველი გარეგნობის, ტანმორჩილი, კეთილი და თავმდაბალი ახალგაზრდა იყო. წერდა ლექსებს, რომლებიც ახალგაზრდებში პოპულარული გახდა. გიორგიმ რობერტ ბერნსის უამრავი ლექსი ქართულად თარგმნა. მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებდა მაშინდელი თაობის ახალგაზრდა პოეტებთან - ლადო სულაბერიძესთან, ლადო ასათიანთან, რევაზ მარგიანთან, მირზა გელოვანსა და სხვებთან...

გიორგის უნივერსიტეტში სწავლისას საბჭოთა კავშირმა დასავლეთ უკრაინის შემოსაერთებლად სამხედრო კამპანია წამოიწყო. იმ დროს უნივერსიტეტი გასამხედროებული იყო და გიორგის ლეიტენანტის წოდება ჰქონდა, ის წითელ არმიაში გამოიძახეს და უკრაინაში გაგზავნეს. დაბრუნებულმა დაწერა ლექსი "შეხვედრა დასავლეთ უკრაინაში"...

ანტისაბჭოთა შეთქმულება

მეორე მსოფლიო ომის დაწყების პირველ თვეებშივე შეიქმნა ანტისაბჭოთა პატრიოტული ორგანიზაცია, რომლის დამაარსებლები იყვნენ ახალგაზრდა მწერლები: კოტე ჯოგლიძე, შალვა შავიანიძე, გიორგი ძიგვაშვილი და მიხეილ იმერლიშვილი; იდეური ხელმძღვანელები კოტე ხიმშიაშვილი და გიორგი იმერლიშვილი იყვნენ.

ამბოხებულებს ჰქონდათ პაროლი: "ვარ უმტკიცესი რვალისა" და ასეთი პროგრამა:

1. საქართველოს დამოუკიდებლობა კერძო საკუთრებით და გერმანიის პროტექტორატი;

2. საკოლმეურნეო სისტემის დარღვევა, მიწის კერძო საკუთრების შემოღება;

3. სიტყვისა და პრესის თავისუფლება;

4. სრული ეროვნული თვითშეგნების მიღწევა "საქართველო ქართველთათვის".

მიუხედავად შეთქმულების მონაწილეთა სიფრთხილისა, აჯანყება გაიცა. 1942 წლის 11 იანვარს შეთქმულთა დიდი ჯგუფი დააკავეს, მათ შორის გიორგი ძიგვაშვილიც - სულ 33 ბრალდებული, ძირითადად, თსუ-ის ასპირანტები და მეცნიერი მუშაკები. ეჭვმიტანილები ამიერკავკასიის ფრონტის სამხედრო ტრიბუნალმა გაასამართლა.

სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ბრალდებულები უარყოფდნენ ორგანიზაციის არსებობას. 1942 წლის 17 ოქტომბერს 17 ახალგაზრდა სიკვდილით დასაჯეს.

განაჩენში წერია, რომ დახვრეტის გარდა, გიორგი ძიგვაშვილს კონფისკაციის სახით ჩამოერთვა სამღებროს ქუჩა #5-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიც. გიორგის დახვრეტის პარალელურად, სამამულო ომის ფრონტზე დაიღუპა მისი ძმა, პიმენ ძიგვაშვილი, რომელიც ასევე იმედისმომცემ პოეტად ითვლებოდა. გიორგის დედას, ნინა სანიკიძეს, კარგა ხანს უმალავდნენ გიორგის დახვრეტის ამბავს. ორი შვილის დაკარგვამ მასზე უმძიIმესი გავლენა მოახდინა და 1959 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თავი ჩამოიხრჩო.

დედის ანდერძის კვალდაკვალ

ოჯახში მხოლოდ სულიკო ძიგვაშვილი, გიორგის უმცროსი ძმა დარჩა. 1959 წელს ის 12 წლის იყო. იმ საშინელ დღეს ასე იხსენებს: "სკოლიდან მობრუნებულს დედა მაგიდაზე ყოველთვის გაზეთგადაფარებულ სადილს მახვედრებდა. იმ დღესაც ასე დამხვდა, მაგრამ დაძახილზე: "დედა!" აღარ გამომეხმაურა. ეზოში ძებნა დავუწყე და ხეზე ბაწრით ჩამომხრჩვალი ვნახე. აღრიალებული მაშინვე ფეხებზე ვწვდი, მაგრამ ბავშვი ვიყავი და ვერ მოვერიე. ჩემს ტირილზე მეზობლები გამოცვივდნენ და ისინი დამეხმარნენ"...

პატარა სულიკო ძიგვაშვილების გამოცარიელებულ სახლში სულ მარტო დარჩა. დედამ სიკვდილის წინადღეს პატარა სულიკო მუხლზე დაისვა, ბავშვს კისერზე სკივრის გასაღები ჩამოჰკიდა, რომელშიც თავისი დაღუპული შვილების პირად ნივთებს, ნაწერებს ინახავდა და სთხოვა, რომ მათთვის სიცოცხლის ბოლომდე ეპატრონა.

სულიკო ობლად იზრდებოდა, მაგრამ დედის დანაბარები მაინც შეასრულა. არაფერი გააჩნდა, თუმცა მის ერთადერთ უძვირფასეს ქონებას ის სკივრი წარმოადგენდა, რომლის გასაღებიც დედამ დაუტოვა.

"ხუთი წელი მარტო ვცხოვრობდი. სკოლის დირექტორი გრიშა ძაგნიძე საარსებოდ ერთ ცალ პურს და ერთ კვერცხს მაძლევდა. მოვხარშავდი, შუაზე ვჭრიდი და ორ დღეზე ვანაწილებდი, ხოლო პური რომ ხმებოდა, წყალში ვალბობდი და ისე ვჭამდი. არც ტანსაცმელი მქონდა და აღარც ფეხსაცმელი, ამიტომ გადავწყვიტე ღამის სკოლაში გადასვლა, თან საკონსერვო ქარხანაში ხის ყუთების მჭედავად დავიწყე მუშაობა. ჩაქუჩს ხშირად თითებზე ვირტყამდი და ფრჩხილებდამძვრალი დავდიოდი","- იხსენებს სულიკო ძიგვაშვილი.

გიორგი ძიგვაშვილის სახელს ტაბუ ედო, მისი ხსენება ყველას ეკრძალებოდა, ამიტომ სულიკოს ახალგაზრდობიდან კა-გე-ბემ თვალთვალი დაუწყო. უფროსი ძმის საქმიანობის შესახებ რამდენჯერმე დაჰკითხეს.

"1980-იან წლებში მწერალთა კავშირში პოეტმა ლადო სულაბერიძემ დამიბარა და გამაფრთხილა, მისი ინფორმაციით, სუკ-ი ვანში ჩვენი სახლის შემოწმებას გეგმავდა. როგორც კი შინ დავბრუნდი, ღამით ბაგაში ხის იატაკი ავყარე, მიწა მოვთხარე და ცელოფანში გახვეული ჩემი ძმის ნივთები, ხელნაწერები და წიგნები ორმოში დავმალე. თვე-ნახევარში მართლაც სუკ-ის სამი თანამშრომელი დაგვადგა თავს. სახლი გაჩხრიკეს, მეზობლები გამოჰკითხეს და მეც დამკითხეს. რამდენიმე თვეში ხელმეორედ ჩამოვიდნენ და ისევ დამკითხეს, მესამედ კი დასაკითხად თბილისში დამიბარეს, მაგრამ 1988 წელს ჩემი ძმის რეაბილიტაციამ მომისწრო, თორემ დაპატიმრებას ვერ გადავურჩებოდი", - გვიყვება ბატონი სულიკო.

1988 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ გიორგი ძიგვაშვილი და მისი დახვრეტილი მეგობრები უდანაშაულოდ აღიარა. სხვა პირებთან ერთად, მასაც სრული რეაბილიტაცია შეეხო. 1991 წელს მისი ლექსებისა და თარგმანების პირველი კრებული გამოიცა სახელწოდებით "გაზაფხული მარაბდის სასაფლაოზე". კრებულის შემდგენელი გიორგის უახლოესი მეგობარი, პოეტი ლადო სულაბერიძეა. ლადო სულაბერიძე: "გიორგის არქივი დაკარგულია, ვერსად აღმოვაჩინეთ. რაც კი გამოქვეყნებული ჰქონდა ჟურნალებში, თავი მოვუყარეთ და ერთი მცირე ფორმატის, მაგრამ დიდად საინტერესო კრებული შედგა".

2017 წლის 20 ნოემბერს პოეტის დაბადების 100 წლისთავზე მწერალთა შემოქმედებითი კავშირის ხელმძღვანელობამ (თავმჯდომარე რევაზ მიშველაძე) გიორგი ძიგვაშვილი მწერალთა საზოგადოების სრულფასოვან წევრად მიიღო (სიკვდილის შემდგომ). 2016 წელს მის სახლში გიორგი ძიგვაშვილის სახლ-მუზეუმი გაიხსნა.

"მე არაფერი მინდა, ოღონდაც ეს სახლ-მუზეუმი მოეწყოს"

სულიკო ძიგვაშვილი: - ამ საქმეში ლომის წილი მწერალ რეზო მიშველაძეს მიუძღვის, მაგრამ რად გინდა? ეს ერთი ოთახი, რომელიც მუზეუმს წარმოადგენს, ვერ გაიმართა, რადგანაც სარემონტოა, სახურავი საფუძვლიანად არის შესაკეთებელი. სანამ შემეძლო, საკუთარი სახსრებით ვარემონტებდი. ახლა ეს შეუძლებელია. სახლი 140 წლისაა და მის ასეთ მძიმე მდგომარეობას ესეც განაპირობებს.

- რა თანხა სჭირდება გარემონტებას? - ამ სივრცის კეთილმოწყობა რომ დამთავრდეს, შემდეგ კი მიიღოს როგორც უცხოელი სტუმრები, ისე ჩვენი მოქალაქეები, 40.000 ლარი სჭირდება. სახელმწიფოსთვის არ არის ეს კატასტროფული ციფრი. სულ ტურიზმზეა ლაპარაკი, ეს სახლ-მუზეუმიც ტურიზმის ნაწილია. ვინც გიორგი ძიგვაშვილის ისტორია იცის, ამისთვის მეტი ყურადღება უნდა მიექცია. ერთი კია, გიორგი ძიგვაშვილის სახელი ვანის რაიონულ ცენტრში ბიბლიოთეკას მიანიჭეს. ეს ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივა იყო. მეშინია ჭერი არ ჩამოინგრეს, ან წვიმამ არ ჩამორეცხოს. სიმწრით გადარჩენილი ექსპონატები: წიგნები, ფოტოები, გიორგის პირადი ნივთები საწოლებზე, ტახტებზე, მაგიდაზე მიწყვია. ვის არ მივმართე, მაგრამ შედეგი არ მოჰყოლია.

- ვანის მერიის პასუხი რა არის? - ის, რომ სახსრები არა აქვთ. სახლს მინიჭებული აქვს მუზეუმის სტატუსი, აქვს მემორიალური დაფა, მე ვარ დანიშნული გიდად, მუზეუმი კი კეთილმოუწყობელია და არ ფუნქციონირებს. ოღონდაც ეს სივრცე მოეწყოს, შემდეგ რა შემოსავალიც მუზეუმს ექნება, სახელმწიფოს ან ვანის რაიონს მოხმარდეს, მე არაფერი მინდა.

გიორგი ძიგვაშვილის მასალებზე მუშაობისას აღმოვაჩინეთ, რომ მუზეუმის რესტავრაციის საქმეში დაახლოებით 2 წლის წინ მხარდაჭერა ბიზნესმენს, მეცენატ ბეჟან წაქაძეს გამოუხატავს. ის ამჟამად ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლის და ტყიბულის სარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატია. ჩვენს კითხვაზე, აპირებს თუ არა სახლ-მუზეუმის რესტავრაციის საქმეში ჩართვას, გვიპასუხა: "მახსოვს ეგ ამბავი, ვიყავი კიდეც ვანში და ვუთხარი, რომ დახმარებას გავუწევდი, მაგრამ იმდენი გაჭირვებულია, რომ ჯერ მუზეუმამდე ვერ მივაღწიეთ. ნელ-ნელა მივყვებით და შეძლებისდაგვარად ყველას ვეხმარებით. ქვეყანაში ბიზნესი რომ მძიმე დღეშია, იცით. ამას "კოვიდიც" დაემატა, ახლა არჩევნები მოდის და რა გითხრათ, ჯერ არ ვიცი, როდის მოხერხდება. თუმცა დახმარებას შევპირდი".

იმედია, სახლ-მუზეუმი მალე სრულყოფილ სახეს მიიღებს და ამ საქმისთვის თავდადებული ძმის, სულიკო ძიგვაშვილის შრომა წყალში არ ჩაიყრება.