"იმ ადგილას, სადაც პირველად გაკოცებ, სახლს ავაშენებო, - უთქვამს ვერიკოსთვის და დანაპირებიც შეასრულა" - კვირის პალიტრა

"იმ ადგილას, სადაც პირველად გაკოცებ, სახლს ავაშენებო, - უთქვამს ვერიკოსთვის და დანაპირებიც შეასრულა"

ცოტა არ იყოს რთულია, ღიმილის გარეშე უყურო მეწაღე ბიჭის ამბავს, რომელსაც მაწვნის გასაყიდად სოფლიდან ქალაქში ჩამოსული გოგონა მოეწონება და მაშინვე მის ცოლად მოყვანას გადაწყვეტს. ყოველგვარი შეხვედრების, წინასიტყვაობის, გრძნობის გამხელისა და სამომავლო გეგმებზე საუბრის გარეშე, გოგია იმავე საღამოს მიდის ტასიასთან და "ნიშანს" მიუტანს. ის თანახმაა, დამთავრდა, ქალი მისია, ამ დღეებში ქალაქიდან ამოვა და თავისთან წაიყვანს. მაგრამ ეს "ბანალური იდილია" მაშინ დგება საფრთხის ქვეშ, როცა გოგონა ბატონის სახლში მოსამსახურედ მიჰყავთ და სულ მალე, მასპინძელი ახალგაზრდა ქალზე დაქორწინებას გადაწყვეტს, თუმცა საბოლოოდ, მისი გეგმა არ განხორციელდება და ახალგაზრდების "სიყვარული იმარჯვებს"...

1964 წელს რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი მუშაობას იწყებს მუსიკალურ კომედიაზე "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", რომელშიც იმ პერიოდში საქართველოში ცნობილ მსახიობებს იწვევს. ესენი არიან: აკაკი ხორავა, ვასო გოძიაშვილი და ვერიკო ანჯაფარიძე - მხოლოდ ეს სამი სახელი საკმარისი იყო, ავქსენტი ცაგარელის ამავე სახელწოდების პიესის გადაღებულ ფილმს მაყურებელი მოეზიდა.

ფილმში მთავარ როლებზე დააკავეს ახალგაზრდები: სოფიკო ჭიაურელი და გიორგი შენგელაია. გარდა ამისა, თავიანთ შემოქმედებით გზაზე ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სახე შექმნეს ვახტანგ ნინუამ, რომელიც თავადი ავთანდილის როლს ასრულებს და არჩილ გომიაშვილმა. იმერულ კილოზე მეტყველი, სხარტი კოსტაია, თავის დაუვიწყარი კითხვით "ხაჭაპური ხოჩეშ?" - ღიმილს იწვევს ქართული კინოს მიმართ ყველაზე გულგრილ მაყურებელშიც კი. მიხეილ ჭიაურელი მრავალმხრივი ნიჭისა და ინტერესების ადამიანი იყო. თბილისის სახელოსნო სასწავლებელი დაამთავრა, სადაც სკულპტურა იაკობ ნიკოლაძის ხელმძღვანელობით შეისწავლა. შემდეგ ცოდნა დრეზდენში გაიღრმავა. 1915 წლიდან მუშაობდა თბილისის, ბათუმის და ქუთაისის თეატრებში როგორც მსახიობი, რეჟისორი და მხატვარი. თავდაპირველად კინოში მსახიობის ამპლუაში გამოჩნდა. მონაწილეობდა ფილმებში: "არსენა ჯორჯიაშვილი", სურამის ციხე", "ხანუმა" და სხვა. ხოლო თავად გადაიღო 15 ფილმი, მათ შორისაა: "უკანასკნელი მასკარადი", "არსენა", "ფიცი", "ოთარაანთ ქვრივი"...

გასული საუკუნის 20-იანებიდან მოყოლებული, მრავალი წელი, ქართული ფილმების უმრავლესობას ბევრი უწუნებდა: მხატვრულ დონეს, შინაარს, ხარისხს, მსახიობსაც ზედმეტ ხელოვნურობაში "ამხელდნენ", თუმცა, როგორც დღეს, ისევე მაშინ, ხელოვანთა წრეში ხშირად ისმოდა ფრაზები: "ყველაფერი ნაცნობობით ხდება"; "ჩაწყობილი ამბავია"; "ყველა საქმეში უპირატესობას ნაცნობ-მეგობრებს ანიჭებენ"; სწორედ ეს ბრალდებები გაისმა მიხეილ ჭიაურელის მისამართითაც, როცა იმ ეპოქის სხვა პოპულარულ მსახიობებთან ერთად, რეჟისორმა თავის ერთ-ერთ ბოლო ფილმში საკუთარი ოჯახის სამი წევრი დააკავა: მეუღლე ვერიკო, შვილი სოფიკო და მაშინდელი სიძის - გიორგი შენგელაიას გადაღებამ საზოგადოების ნაწილში გაღიზიანება გამოიწვია, თუმცა, ფილმი მაინც შედგა და პრემიერის შემდეგ, მიხეილ ჭიაურელმა მულტიპლიკაციაში გადაინაცვლა...

მანამდე, დიდი ხნით ადრე, ვერიკო ანჯაფარიძე და მიხეილ ჭიაურელი საგარეჯოში შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც საფრანგეთიდან დაბრუნებულ გიორგი ჯაბადარს თეატრალური სტუდია ჰქონდა გახსნილი. იქ, ბევრი სხვასავით, მოსკოვიდან ჩამოსული ვერიკოც დადიოდა. ის ყოველთვის იქცევდა მამაკაცების ყურადღებას. ისეთი შარმი ჰქონდა, რომლითაც ძლიერ სქესის იზიდავდა და ყურადღებას იქცევდა.

24 წლის მიხეილ ჭიაურელი მათ შეხვედრას ასე იხსენებდა: "მოდიოდა ქალი დიდი ნაბიჯებით. ეცვა აბრეშუმის გრძელი კაბა. ვერ გაიგებდი, თვალებით ვის უყურებდა, ოდნავ მოზრდილი ცხვირი, უწესრიგოდ, ფაფარივით გადმოყრილი თმა... ყველას მოგვესალმა და მომეჩვენა, რომ განსაკუთრებული ყურადღებით მე შემომხედა. მას პირველად ვხედავდი... და ვხედავდი მხოლოდ მას. ეზოში, მწვანეზე ჩამოვსხედით ყველანი. მოხდა ისე, რომ ვერიკო ჩემთან ახლოს დაჯდა. რა ბედნიერებაა! - ბედნიერებას განვიცდიდი და არ მესმოდა, რას ნიშნავდა ეს... ჯაბადარმა ახალგაზრდა მსახიობს სთხოვა, რამე წაეკითხა. ვერიკომ სასტიკი უარი განაცხადა. სთხოვდნენ ჩვენი მსახიობებიც... "ვთხოვ, იქნებ, დამიჯეროს" - გავიფიქრე და თითქმის ჩურჩულით ვთქვი: მეც გეხვეწებით-მეთქი. მან ერთი შემომხედა და დაუყოვნებლივ დაიწყო... რატომ დაიწყო მაინცდამაინც მაშინ, როცა მე ვთხოვე? არ ვიცი... ვერაფერს ვგრძნობდი... მე ტაში არ დავუკარი, დავიხარე და ხელზე ვაკოცე..."

იმ დღიდან მათ შორის დიდი გრძნობა გაჩნდა. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, ერთმაც შექმნა ოჯახი და მეორემაც. ორივემ თავ-თავის საქმეში გაითქვა სახელი. ცალ-ცალკე ყოფნის მიუხედავად, როგორც ჩანს, მათ შორის გრძნობა არ განელებულა, თუმცა დიდხანს ვერ ბედავდნენ ოჯახებიდან წამოსვლას... ბოლოს, ყურადღება არ მიაქციეს ჭორებსა და განკიცხვას, ერთად ყოფნა გადაწყვიტეს. შეიძლება ჩვენს ეპოქაში აღარავის გაუკვირდეს ორი ზრდასრული ადამიანის ამგვარი გადაწყვეტილება, თუმცა, იმ დროის საქართველოში საკმაო სითამამე სჭირდებოდა ამ ყველაფერს...

ორი ხელოვანი ფიქრის გორაზე დასახლდა. იმ ადგილას, სადაც პირველად გაკოცებ, სახლს ავაშენებო, - უთქვამს მიხეილ ჭიაურელს ვერიკო ანჯაფარიძისთვის და დანაპირებიც შეასრულა. მიხეილ ჭიაურელმა ორსართულიანი სახლი თავისივე პროექტითა და ინტერიერის დიზაინით იმ ადგილზე ააშენა, სადაც პირველად აკოცა ვერიკოს.

სახლი ფიქრის გორაზე კი, წლების განმავლობაში არა მხოლოდ საცხოვრებელი, არამედ უამრავი ხელოვნის თავშეყრის ადგილი იყო. მოგვიანებით აქ გაიხსნა ერთი მსახიობის თეატრი "ვერიკო", რომელსაც სოფიკო ჭიაურელი და კოტე მახარაძე მართავდნენ, მათ პატარა სამყაროს მაყურებელი არასდროს აკლდა...

იხილეთ ასევე: "დაე, ილაპარაკონ! რაც უნდათ, ის თქვან, მე შენ მიყვარხარ!" - ფიქრის გორიდან მთელი სიცოცხლე...

ანა კალანდაძე ჟურნალი "გზა"