გორელოვკა - დუხობორების ფერადი სოფელი ჯავახეთში - კვირის პალიტრა

გორელოვკა - დუხობორების ფერადი სოფელი ჯავახეთში

"დუხობორები ეკლესიას არ აღიარებენ. ჩვენ ჩვენი სამლოცველო გვაქვს, რომელიც ადრე "ობლის სახლი" იყო. იქ ვკითხულობთ ჩვენს "ფსალმუნებს". სხვა, როგორც ქრისტიანულ რწმენაშია, ისეთივე გვაქვს - აღდგომის ღამისთევას ჩვენც 12 საათზე ვიწყებთ, დილით კი წინაპრების საფლავზე წითელი კვერცხებით მივდივართ..."

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2065 მეტრზე, იქ, სადაც ზაფხული ხანმოკლეა, ზამთარი კი ცივი და გრძელი, მდებარეობს ალპური სოფელი გორელოვკა. აქ ცხოვრობენ დუხობორები, რომელთა წინაპრები რუსეთის იმპერატორმა განსხვავებული რელიგიური შეხედულების გამო საქართველოში გადმოასახლა. ხანგრძლივი და დამქანცველი მგზავრობის შემდგომ დუხობორები იქაურობას ფორნებით მიადგნენ. პირველი ღამეები პირდაპირ მიწაზე გაათენეს, შემდეგ კი ისეთივე მიწურების გაკეთებას შეუდგნენ, როგორიც ადგილობრივებს ჰქონდათ - სხვანაირად მკაცრ ჰავას ვერ გაუძლებდნენ. დუხობორები პროტესტანტი ქრისტიანები არიან, რომელთა შეხედულებით, ღმერთი ყველა ადამიანშია განაწილებული, რის გამოც ეკლესია არ არის საჭირო. სამაგიეროდ, საჭიროა თანასწორობა და ერთიანობა, რისი შეგნებითაც მათ საქართველოში "თანასწორთა კომუნა" შექმნეს, რომელმაც დიდხანს ვერ გასტანა. სამაგიეროდ, შემორჩათ იმ ქვეყნის სიყვარული, რომელმაც ისინი მიიღო. დუხობორები შრომისმოყვარე ხალხია, რის გამოც მათი სოფელი ფეხზე დადგა. გორელოვკელი ტატიანა კარაევა თავისი წინაპრების შესახებ გვიამბობს.

- წინაპრების ისტორიას ვინ არ სწავლობს, ასე ვართ ჩვენც, მაგრამ ვერასოდეს ჩავწვდით იმ ჩანაფიქრს, რატომ მაინცდამაინც აქ გადმოგვასახლა იმპერატორმა. ვიცით, რომ აქაური მკაცრი პირობებით ჩვენი დასჯა უნდოდა, მაგრამ სხვა რა განზრახვა ჰქონდა, ჩვენი გამოყენება სურდა? ჩვენ ხომ ის ხალხი არა ვართ, ვინმეს რაიმეში შევეცილოთ. დედა მიამბობდა, თურმე იმ შორეულ დღეს, როდესაც ჩვენი თემი ჯავახეთში ამოდიოდა, წინამძღოლი დაბლობ სოფელში გაჩერებულა და ხალხისთვის უთქვამს, უფრო მაღლა ნუღარ წავალთ, აქ ვიცხოვროთო. დაღლილმა და გაღიზიანებულმა ხალხმა მას არ მოუსმინა და აქეთ-იქით მიმოიფანტა, ზოგი გორელოვკაში დასახლდა.

ამ ქვიანმა ადგილმა საზრდო მოგვცა. 1990-იან წლებამდე სოფელში ბევრი დუხობორი ვიყავით, თუმცა მძიმე წლებმა ბევრს აიძულა წასვლა, მაგრამ ვიცი, მათი სამშობლო ისევ აქ არის და ამის გამო დარდობენ. დანარჩენები წასვლას არ ვაპირებთ. აქა ვართ და ვშრომობთ. ჩემს ბავშვობაში ჯერ კიდევ კოლმეურნეობები იყო და სულ მესმოდა, გორელოვკა მთელ ნინოწმინდაში ყველაზე მეტ პროდუქტს აწარმოებსო.

- რითი ირჩენთ თავს? გორელოვკაში თითქოს ქვების გარდა არაფერია. - ხილის ხეები მართლაც არ გვიდგას, მაგრამ მეცხოველეობას ვეწევით და კარტოფილი მოგვყავს. ბავშვობაში თავადაც დავყვებოდი მამაჩემს ცხვარში. მამა მწყემსების უფროსი იყო. დედაჩემიც ლამის კაცივით შრომობდა. ქალების ბრიგადა ჰყავდა და ხანდახან ბალახს კაცივით ცელავდა, შინ კი სულ კერავდა. ასე იყო ყველა ქალი სოფელში. სამუშაოდან დაბრუნებული კერავდნენ, ქსოვდნენ, ქარგავდნენ. ჩვენს პატარა სახლებში ნაქსოვ-ნაქარგები ცხოვრებას გვილამაზებდა და მშობლიურ ადგილებს გვაგონებდა. გული მწყდება, რომ ამ საქმეს ჩვენი შვილები აღარ სწავლობენ. თავადაც ვეღარ ვქსოვ, სოფლის სკოლის დირექტორი ვარ და დრო არა მაქვს.

- დუხობორ ქალებს ისევ აცვიათ ჭრელ-ჭრელი კაბები. - ასეა, ეს მხოლოდ კაბა როდია, ის დაკავშირებულია ჩვენს ტრადიციებსა და ურთიერთობებთან. ჩვენი კაბების შეკერვა ხარჯიანი საქმეა, მარტო ქვედაკაბას დაახლოებით 3 მეტრი ქსოვილი სჭირდება. ნაკლები არც სამოსის დანარჩენ ნაწილს ხმარდება. ადრე ჩვენს კაბებს ყველა იცვამდა, ახლა მხოლოდ ორი მეგულება სოფელში, დანარჩენები სამლოცველოში ან ეროვნული ცეკვებისთვის მოვიხმართ. დუხობორები ეკლესიას არ აღიარებენ. ჩვენ ჩვენი სამლოცველო გვაქვს, რომელიც ადრე "ობლის სახლი" იყო. იქ ვკითხულობთ ჩვენს "ფსალმუნებს". სხვა, როგორც ქრისტიანულ რწმენაშია, ისეთივე გვაქვს - აღდგომის ღამისთევას ჩვენც 12 საათზე ვიწყებთ, დილით კი წინაპრების საფლავზე წითელი კვერცხებით მივდივართ.

- "ობლის სახლი" რატომ ერქვა? - იმიტომ, რომ გორელოვკაშიც იყო ობოლი და უპატრონო. სამშობლოდან გადმოსახლებულ დუხობორებს სხვებზე მეტად უჭირდათ ობოლი ბავშვების შენახვა-პატრონობა. ჩვენს სკოლაში ქართველებს, სომხებსა და დუხობორებს ერთად ვასწავლი. სხვათა შორის, დუხობორებს ამ სკოლისა და სახლის ასაშენებლად ლევ ტოლსტოი აფინანსებდა. მანვე დაიქირავა გემი, რომელმაც საქართველოს დუხობორები ბათუმიდან კანადაში გაიყვანა.

- დღეს კი, ალბათ, თქვენი კანადელი ნათესავები უკეთ ცხოვრობენ, ვიდრე თქვენ. - ჩვენ არსად წასვლა არ გვინდა. 90-იან წლებში ჩვენს დაცლილ სახლებში სომხები და ქართველები შევიდნენ. დუხობორებმა მეგობრობა უპირველესად ქართველებთან მოინდომეს, სომხებს მოგვიანებით დაუახლოვდნენ. თუ ჩვენთან კონფლიქტებია, მხოლოდ მიწის გამო. ესეც იმის ბრალია, რომ ბევრმა ვერ მოახერხა მიწის საკუთრების საბუთის დროულად აღება. შინ ხომ ვერავინ ვერაფერს მოგვართმევს, სომხები კი ამ საქმეში უფრო მარჯვენი გამოდგნენ.

- როგორ ხვდებით აქაურ მკაცრ ზამთარს? - ღუმელს ვანთებთ. ბუნებრივი აირი არა გვაქვს. კუბური მეტრი შეშა ძალიან ძვირი, 170 ლარი ღირს, უფრო ძვირი კი ნაკელის დაწნეხილი ფილებია, 250 ლარამდე ჯდება.

- ნუთუ ნაკელს ისევ ხმარობთ სათბობად? - გგონიათ, ნაკელს სუნი აქვს? გამოშრობის შემდგომ სუნი ეკარგება, მერე კი ნაკელის ფილებს ზვინებად დგამენ და ინახავენ. ნაკელის ფილების მიწოდებაზე აქ ხალხია დასაქმებული. თუმცა უმჯობესია, ბუნებრივი აირი გვქონდეს, ახალგაზრდობას კი - საქმე, რათა ენერგია გააზრებულად დახარჯონ. ამაზე უპირველესად ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს.