"მე და ჩემს მეუღლეს სიყვარულის გარდა, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ გვაერთიანებს..." - კვირის პალიტრა

"მე და ჩემს მეუღლეს სიყვარულის გარდა, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ გვაერთიანებს..."

"მშვიდობიანი დაბრუნება მინდა ჩემს ოდაბადეში, ჩემს ლამაზ სოხუმში"

ახალგაზრდა მხატვარ-ილუსტრატორმა, გრაფიკოსმა ეკატერინე ქარჩავამ აფხაზებთან შერიგება ფერებში ასახა და ტილოზე გადაიტანა. მისმა ნამუშევარმა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებულ ონლაინკონკურსშიც გაიმარჯვა. ეკატერინე ქარჩავა არაერთი წიგნის ილუსტრატორია და ამ საქმეში დიდი მიღწევებიც აქვს. მაგალითად, მისი ილუსტრირებული წიგნის პოლონეთის Book Art Museum-ში განთავსების საკითხსაც განიხილავდნენ. "კვირის პალიტრა" ეკატერინე ქარჩავას დაუკავშირდა:

- დავიბადე სოხუმში, ყველაზე ლამაზ, ნათელ და თეთრ ქალაქში. მე და აფხაზი ბავშვები ერთად ვთამაშობდით, თუმცა ბედის უკუღმართობით ომიანობისა და განშორების ჟამი დადგა. მას შემდეგ თბილისში დავსახლდით და ბევრი სირთულის მიუხედავად, ფეხზე დავდექით. ამაში ხელოვნების სიყვარული ძალიან დამეხმარა.

- თქვენმა ფერწერულმა ტილომ "შერიგება" კონკურსში გაიმარჯვა. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა მისი წარმატება?

- ტილოზე რთული, მრავალგამოსახულებიანი კომპოზიცია შევქმენი, სადაც წარმოდგენილია ორივე მხარე - ქართველებიც და აფხაზებიც. ჩანს შვილმკვდარი დედების მსვლელობა, ზოგს ომში დაღუპული ოჯახის წევრების ფოტოები მიაქვს, ზოგს ხატი, ზოგსაც ჯვარი და სანთელი. საყოველთაო შერიგების იდეას ისინი ასახავენ. კომპოზიციის ცენტრში""იმედის დედები" ერთმანეთს უყოფენ მანდარინს, რასაც სიმბოლური დატვირთვა აქვს. იმედია, რომ ჩემი მხატვრული წარმოსახვა ოდესმე რეალობად იქცევა, ომისა და შფოთის ჟამს მშვიდობა და შერიგება შეცვლის.

- თქვენ წიგნების ილუსტრატორიც ხართ. წარმატებას ამ სფეროშიც იოლად მიაღწიეთ? - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ფაკულტეტი წიგნის ილუსტრაცია-დიზაინის სპეციალობით დავამთავრე. შემდეგაც სწავლა გავაგრძელე ამავე უნივერსიტეტის სახვით ხელოვნებაზე - გრაფიკას, პლაკატის დიზაინს, სარეკლამო გრაფიკას უკეთ დავეუფლე. უკვე ბევრი ილუსტრაცია მაქვს შექმნილი. განსაკუთრებით მიყვარს ჩემი საავტორო წიგნი, ხელნაკეთი იაკობ ხუცესის "შუშანიკის წამება". ის ლინოგრავიურაშია შესრულებული. წიგნში არის მრავალფიგურიანი კომპოზიციები: შუშანიკის წამების სცენა, ვარსქენის მრისხანება და ა.შ. ილუსტრაციებში ჩართული მაქვს ძველი ქართული ორნამენტები, ზოგან ცხოველების გამოსახულებებით, რომლებიც სურათს უფრო საინტერესოს ხდის. წიგნში ჩემი ხელით შექმნილი ქაღალდის ფურცლებიც არის (ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია). ისინი აკადემიაში სწავლისას ქაღალდის ქარხანაში თავად გავაკეთე. მათზე ხელით დატანილია ტექსტები.

ყველაზე შრომატევადი ხეზე წიგნის ყდის დამუშავება იყო. დიახ, წიგნს აქვს ხის ყდა, რომელიც ტყავის ელემენტებით და მომჭერებით მაგრდება, ყდის შუაგულში კი ამოტვიფრულია ბოლნური ჯვარი, რომელმაც წიგნი ძალიან დაამშვენა. ამ წიგნის შექმნაზე მთელ წელს ვიმუშავე. ის უამრავი ამონაბეჭდის, საცდელი გრავიურისა და ვარიაციის შედეგია.

- ვიცი, რომ წიგნს დიდი წარმატება ხვდა.

- დიახ, არნახული შეფასება მიიღო გამოფენებზე, უამრავი შემოთავაზება მივიღე წიგნის განთავსების თაობაზე. პოლონეთის ელჩმა მირჩია, პოლონეთის წიგნისა და ხელოვნების მუზეუმში განმეთავსებინა ჩემი ნამუშევარი. თუმცა წიგნს ვერ შეველიე. სიმართლე გითხრათ, არც ვნანობ, მიუხედავად იმისა, რომ დიდი პატივი იყო იმ მუზეუმში მისი განთავსების იდეა. ამ წიგნმა შემდგომშიც არაერთი წარმატება მომიტანა. ვინაიდან საავტოროა, გადავწყვიტე, რომ თავად უნდა ვუპატრონო, თუმცა შეიძლება აზრიც შემეცვალოს. სხვათა შორის, 2014 წელს ჩატარდა აფხაზეთის მხატვართა კავშირის კონკურსი წლის საუკეთესო ნამუშევრის გამოსავლენად და ამ წიგნმა გაიმარჯვა - "წლის საუკეთესო გრაფიკულ ნამუშევრად" აღიარეს.

- რატომ აირჩიეთ რელიგიური თემატიკა? - მინდოდა რაღაც ღირებულს, რთულსა და საინტერესოს ჩავჭიდებოდი, სულიერს, დიად წარსულს, რაც არ წაუშლია დროს, ომებს, სირთულეებს.

- კიდევ რომელი ნამუშევარი იყო ასეთივე წარმატებული? - მაკეტი მერაბ ელიოზიშვილის "ბებერი მეზურნეების", ძველი თბილისის მოტივებზე. აქ ასახულია იმდროინდელი ყოფა, ხასიათი, ტიპაჟები, სტუმარმასპინძლობა, მუსიკოსების სევდიანი თუ დარდიმანდი ცხოვრება. მოკლედ, ყველაფერი იმდროინდელი ცხოვრების მაჯისცემას ასახავს. ეს ყველაფერი გრაფიკულად ჩემი ინტერპრეტაციით გადმოვეცი, რამაც სახელოვნებო წრეების დიდი მოწონება დაიმსახურა.

- ვიცი, რომ საბავშვო ლექსებსაც წერთ და მათთვის ილუსტრაციებსაც ქმნით. - საბავშვო ლექსების წერა 2017 წლიდან უფრო ნაყოფიერად დავიწყე. მინდოდა ჩემი ლექსები ჩემს შვილებს სცოდნოდათ პირველად და თუ ისინი ადვილად დაიმახსოვრებდნენ, ე.ი. ლექსი კარგი იყო.

შექმნილი მაქვს ქართული ზღაპრების ილუსტრაციებიც, მაგალითად, "რწყილი და ჭიანჭველა" შერეული ტექნიკითა და ფერადი კოლაჟებით. ასევე, ვქმნი ილუსტრაციებს სხვა ცნობილი პოეტების თუ მწერლების ნაშრომებზე. გასახარია, როცა საბავშვო ბაღებში ასწავლიან ჩემს ლექსებს, რაც შრომისთვის სტიმულს მაძლევს.

ბავშვის ფსიქიკა სათუთი და მოსაფრთხილებელია, მას დიდი დაფიქრებით უნდა მიაწოდო ჯადოსნური სამყარო, რომ იოლად აღიქვას.

- პანდემიის პერიოდი როგორ აისახა თქვენს შემოქმედებაზე? - პანდემია ძალზე მოულოდნელად შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში და არცთუ ისე მომზადებული დავხვდი ფსიქოლოგიურად. თითქოს დრომ უჩვეულოდ სვლა დაიწყო, ბოლოს კი ყველასთვის ერთნაირი, ერთფეროვანი გახდა. დრო თითქოს ძალიან მკაცრ მასწავლებლად მოგვევლინა, ცოტა ხნით კუთხეში დაგვაყენა და ჩაგვაფიქრა. ჩვენ ბევრი რაღაცების გადაფასება დავიწყეთ, ადამიანებს ერთმანეთი მოგვენატრა, მივხვდით, თუ როგორ გვეძვირფასება ერთმანეთი.

ვფიქრობ, ყველასთვის რთული იყო ჩაკეტვა და წესებს დამორჩილება. აი, სწორედ ამ დროს ხელოვნება ერთ-ერთი ანტიდეპრესანტია. ალბათ, ამიტომაც იყო ჩემთვის ნაყოფიერი ეს პერიოდი, რასაც ახლდა ბევრი გათენებული ღამე, უამრავი ნამუშევარი და სხვადასხვა კონკურსში ჩართვა. სხვათა შორის, მონაწილეობა მოვიღე თბილისის საკრებულოს ონლაინგამოფენაში თემაზე "დარჩი სახლში!", სადაც წარვადგინე ფერადი გრაფიკული ნამუშევარი "დრო", რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. მას მალე თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში გამოფენენ.

- თქვენი ოჯახის შესახებ რას გვეტყვით? - ჩემი მომავალი მეუღლე ლევან ლაშხია მაშინ გავიცანი, როცა აკადემიაში დიპლომის დასაცავად დიდი სამზადისი მქონდა, მახსოვს მისი გულშემატკივრობა, გამხნევება. ის ეკონომისტია, გატაცებები უფრო სპორტული აქვს და ხელოვნება მისთვის ნამდვილად საინტერესო სიახლე აღმოჩნდა. კარგ გემოვნებას ავლენს და მისი აზრი ჩემს ახალ ნამუშევარზე ყოველთვის მაინტერესებს. სიყვარულის გარდა, ჩვენ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ გვაერთიანებს - ჩვენი უსაყვარლესი აფხაზეთი! აქედან გამომდინარე, ერთი მიზანი და ერთი ოცნება გვაქვს, რასაც უთქმელადაც მიხვდებით - დაბრუნება აფხაზეთში!

გვყავს ორი შვილი, 5 წლის ანდრია და 3 წლის ნიკოლოზი. მიხარია, რომ ანდრია ხატვის ნიჭს უკვე ავლენს.

სხვა რა გითხრათ - მინდა საქართველოს ძლიერსა და ერთიანს ვხედავდე, რაც ყველა ჩვენგანის სანუკვარი ოცნებაა. მშვიდობიანი დაბრუნება ჩემს ოდაბადეში, ჩემს ლამაზ სოხუმში - ეს იქნება უდიდესი ბედნიერება!