"ისეთ უბედურებას, რომელიც ჩვენ გადაგვხვდა, არავინ იმსახურებს" - საქართველოდან ბელარუსში ოჯახთან ერთად ჩასული ქართველი ქალის ისტორია - კვირის პალიტრა

"ისეთ უბედურებას, რომელიც ჩვენ გადაგვხვდა, არავინ იმსახურებს" - საქართველოდან ბელარუსში ოჯახთან ერთად ჩასული ქართველი ქალის ისტორია

ბელარუსის ტელეკომპანია "სტოლიჩნოე ტელევიდენიემ" ("СТВ – Столичное телевидение") 4 ოქტომბერს ეთერში გადასცა ვრცელი ვიდეოსიუჟეტი ბელარუსში მცხოვრები ქართველი მოქალაქის საქმიანობის შესახებ, "რომელმაც არაერთი წლის განმავლობაში ქალაქ გომელში პატარა საქართველო შექმნა" (ჟურნალისტ ალექსანდრ დობრიანის რეპორტაჟი ტელეარხის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სათაურით "იგი ბელარუსში საქართველოდან 27 წლის წინ ჩამოვიდა").

"ოჯახური კაფე ტრადიციული ქართული კერძებით - ხინლით, ხაჭაპურით, სულგუნით... მარინე ყოლბაიასათვის ეს არა მარტო ბიზნესია, არამედ თვით ცხოვრებაა - კულტურული კავშირი შორეულ სამშობლოსთან. ეს არის მცდელობაც მადლობა გადაუხადოს ბელარუსებს მათი სტუმართმოყვარეობისა და მძიმე წუთებში აღმოჩენილი დახმარებისთვის", - ამბობს კორესპონდენტი და ბელარუს ტელემაყურებელს მარინე ყოლბაიას ვინაობას აცნობს: იგი ბელარუსის ქალაქ გომელში ოჯახთან ერთად საქართველოდან, აფხაზეთიდან შორეულ 1995 წელს ჩავიდა. იქ მიმდინარე კონფლიქტმა ათი ათასობით ადამიანი ლტოლვილად გადააქცია. ოდესღაც სამოთხის მსგავსი მხარიდან, რომელიც განთქმული იყო თავისი კურორტებით, ადამიანები ტანკების შიშით გარბოდნენ. მარინე ყოლბაიამ, მეუღლესთან - თენგიზთან და შვილთან ერთად, მთიანი უღელტეხილებით იარა და კინაღამ გაიყინა, ბოლოს კი ისინი ბელარუსში ჩავიდნენ, სადაც თენგიზს სასოფლო-სამეურნეო აკადემია ჰქონდა დამთავრებული. ცხადია, თანაკურსელებმა ქართველი მეგობარი და მისი ოჯახი არ მიატოვეს და დაეხმარნენ.

"მას შემდეგ 27-მა წელმა გაიარა. ისეთ უბედურებას, რომელიც ჩვენ გადაგვხვდა, არავინ არ იმსახურებს - არც ქართველი, არც სომეხი და არც აზერბაიჯანელი. მე მხოლოდ ერთი რამ მიკვირს: რატომ აკეთებენ ამას პოლიტიკოსები? ძალიან ვდარდობ ბელარუსში მიმდინარე მოვლენებზეც. ყველას ვეუბნები, რომ ერთმანეთს უნდა გავუგოთ-მეთქი. ცხოვრება წინ მიდის, არაფერი მარადიული არ არის. მთავარია ვიცხოვროთ ოჯახისათვის, შვილებისათვის, ქვეყნის სასარგებლოდ. აი, ესაა მთავარი", - ამბობს ვიდეოსიუჟეტში მარინე ყოლბაია. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ