"აგვისტოს ხუთი დღის" პრემიერა გაზაფხულზე გაიმართება - კვირის პალიტრა

"აგვისტოს ხუთი დღის" პრემიერა გაზაფხულზე გაიმართება

ფინური წარმოშობის ცნობილმა ჰოლივუდელმა  რეჟისორმა რენი ჰარლინმა მუშაობა დაამთავრა აგვისტოს ომისადმი მიძღვნილ  გახმაურებულ ფილმზე, რომელშიც მთავარ როლს ენდი გარსია თამაშობს.

როდის გამოვა ფილმი ეკრანზე, მოიპოვებს თუ არა წარმატებას, - ამ კითხვით კინოსურათის პროდიუსერს დავით იმედაშვილს მივმართეთ, მან გვითხრა: "ფილმის პრემიერის ზუსტი "დეითი" (ანუ ქართულად თარიღი - ნ.მ.) ჯერ ცნობილი არ არის, მის წარმატება-წარუმატებლობას კი გაყიდული ბილეთების რაოდენობა განსაზღვრავს!" დავით იმედაშვილმა გვირჩია, დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად, ერთ-ერთ ინტერნეტგვერდს გავცნობოდით...

აღმოჩნდა, რომ ამ გახმაურებული ფილმის ჩვენება კინოინდუსტრიის წარმომადგენლებისათვის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში უკვე შედგა. ფილმის ერთ-ერთი შემქმნელი ჯორჯ ლასკუ იმასაც ამბობს, რომ კინოფილმის მსოფლიო პრემიერა ამ გაზაფხულზე გაიმართება. აღსანიშნავია, რომ მისი სათაურიც შეიცვალა - "აგვისტოს ხუთი დღე" და არა "ჯორჯია". საინტერესოა, რომ ფილმის გადაღების პროცესში ჩართული იყო ცნობილი რუსული კასკადიორული კომპანია შტუნტარტ-ი. ფილმის რეჟისორ რენი ჰარლინის კომენტარი კი ასეთია: ეს ფილმი არც ანტიქართულია, არც ანტირუსული და არც ანტიამერიკული, ის, ომის წინააღმდეგ არის მიმართული.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)