თბილისში პირველკლასელს კორონავირუსი დაუდასტურდა - რას ამბობს სკოლის დირექტორი? - კვირის პალიტრა

თბილისში პირველკლასელს კორონავირუსი დაუდასტურდა - რას ამბობს სკოლის დირექტორი?

თბილისის 21-ე საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ სკოლის დირექტორმა თამარ ამზაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მისი თქმით, ბავშვების ინფიცირება დაკავშირებულია წვეულებასთან, რომელზეც პირველკლასელი შაბათს იმყოფებოდა. დირექტორის განმარტებით, ბავშვს არანაირი სიმპტომები არ უფიქსირდება.

"ბოლოს ბავშვი სკოლაში პარასკევს იყო. როგორც ვიცით, შაბათს იყო რაღაც წვეულებაზე. მშობელმა გაიგო, რომ ვიღაც, ვისთანაც ბავშვს ჰქონდა კონტაქტი, იყო დაინფიცირებული და ამიტომ ჩაუტარა მშობელმა ტესტი, თორემ ბავშვი დღემდე არის უსიმპტომო. გუშინ ღამით შემატყობინეს მე. მაშინვე ჩვენი რაიონის ეპიდემიოლოგს დავურეკე და გადავეცი ინფორმაცია. დღეს დილით დაავადებათა კონტროლის ცენტრს დავურეკე, შევატყობინე, საქმის კურსშია განათლების სამინისტროს, გავაკეთე მიმართვა მშობლებისადმი," - განაცხადა სკოლის დირექტორმა.

მისი თქმით, სკოლამ სადეზინფექციო სამუშაოები საკუთარი ძალებით ჩაატარა, სასწავლო პროცესის დასრულებისას კი სკოლაში სპეციალურ ბრიგადას ელიან.

დირექტორის განმარტებით, დღეს სკოლაში ინფიცირებული ბავშვის არც ერთი კლასელი არ მისულა.

"დილითვე საკლასო ოთახებში ჩვენი ძალებით რაც გვქონდა, ის სამუშაოები ჩატარდა. დღეს რომ დამთავრდება სასწავლო პროცესი, 4 საათზე, გამოვიძახებთ სადეზინფექციო ბრიგადას და იმას გავაკეთებინებთ დეზინფექციას. ჯერჯერობით ამ მომენტისთვის, არც ერთი ბავშვი არ არის მოსული სკოლაში - მის კლასელებზეა საუბარი. დანარჩენ კლასებში ბავშვები იმყოფებიან და ჩვეულებრივად მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. როგორ გადაწყვეტილებას მიიღებენ ეპიდემიოლოგები და როგორ რეკომენდაციას მოგვცემენ, იმის მიხედვით გავაგრძელებთ ხვალინდელ დღეს,"- განაცხადა სკოლის დირექტორმა.

მისი განმარტებით, სკოლაში საგაკვეთილო პროცესი 12 საათიდან იწყება, იქამდე კი გაკვეთილები ონლაინ რეჟიმში ტარდება.