"ღმერთს იმას ვეხვეწები, ნუ მომკლავს სხვის მიწაზე, ჩემს ქვეყანაში ჩამოვიდე და თუ უნდა, სულ ნუ ჩამომიყვანს თვითმფრინავიდან" - კვირის პალიტრა

"ღმერთს იმას ვეხვეწები, ნუ მომკლავს სხვის მიწაზე, ჩემს ქვეყანაში ჩამოვიდე და თუ უნდა, სულ ნუ ჩამომიყვანს თვითმფრინავიდან"

"საქართველო ერთ-ერთია მსოფლიოს იმ 4 ქვეყანას შორის, სადაც მოსახლეობა მცირდება არა ბუნებრივი მატების შემცირების, არამედ ემიგრაციის ხარჯზე"

გულიკო

გულიკო ემიგრანტია, მან 1999 წლის 15 დეკემბერს დატოვა საქართველო და იტალიაში გაემგზავრა. ზუსტად ახსოვს არა მარტო თარიღი, არამედ დღე და ამინდიც, წვიმდაო ამბობს. გულიკო მარტო არ ყოფილა, ის 9 ქალთან ერთად გაემგზავრა უცხოეთში. 1999 წელი ის დროა, როცა ემიგრაცია ყურმოკრული ამბავი იყო და თითზე ჩამოსათვლელი იყვნენ ის ადამიანები, ვინც ემიგრანტის სტატუსს ფლობდა. ბოლომდე არავის ჰქონდა გაცნობიერებული რას ნიშნავდა ემიგრაცია. "ბნელი" 90-იანი წლებიდან თავის დაღწევა, არ გულისხმობდა შემდეგი ეტაპების ბოლომდე გააზრებას, მთავარი იყო უკეთესის რწმენა. იტალია, საბერძნეთი, ესპანეთი... ეს ერთ დროს აკრძალული ხილი ბუნებრივად აჩენდა ახლის და შიშნარევი იმედის განცდებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკები", ილიაუნის "ფინანსური განათლების ცენტრი"


2002-2017 წლებში საქართველოდან გასულია 1.4 მილიონი ადამიანი. ქვეყნაში 90-წლების პერიოდში ემიგრაცია, ძირითადად, არსებული არასტაბილურობით და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გარემოებებით (მაგ.: შეიარაღებული კონფლიქტებით) იყო გამოწვეული. თუმცა მოგვიანებით ემიგრაციული ნაკადების ზრდაში უფრო მნიშვნელოვანი როლი ეკონომიკურმა და სოციალურმა ფაქტორებმა ითამაშეს


"21 წელია რაც იტალიაში ვარ, ერთ-ერთი პირველი "გრუპა" ვართ საქართელოდან იტალიაში წამოსულების. მთელი 6 თვე ტრიალებდა ჩვენი საბუთები მოსკოვში, კიევში, რავიცი სად არა... 6 თვის შემდეგ მოვიდა და მოსკოვის გავლით წამოვედით, თბილისი-მოსკოვი-რომი. 9 ქალი ვიყავით ერთად. 3 დღიანი ვიზები გვქონდა, ტურისტული. რა თქმა უნდა 9 ვე ქალი დავრჩით. ყველა მათგანთან დღემდე მაქვს ურთიერთობა, ვმეგობრობთ, პირველები ვიყავით პრაქტიკულად იტალიაში ვინც ჩამოვედით. დაგვეხმარა უკრაინელი ქალი, რომელიც დაგვიდგა გვერდით და დაგვასაქმა. როგორ მოხდა, არ ვიცი, ვინც წამოგვიყვანა იმათმა გადაუხადეს თუ კეთილი ნებით დაგვასაქმა. დეტალებისთვის არ მეცალა. მაშინ წამოსვლაში (1999 წ.) გადავიხადე 2500 დოლარი, იმ პერიოდში, საქართველოს ნებისმიერი ქალაქის გარეუბანში ამ თანხით ბინას იყიდდი. სახლი გავყიდე 4 ათას დოლარად. არც თუ ისე შორს ცენტრიდან."

"წამოსვლის მიზეზი, გაჭირვება იყო, ყველაფერი იკეტებოდა, ვერ ვარჩენდით არათუ ოჯახს, საკუთარ თავსაც კი. წარმოება კვდებოდა, იყო მასობრივი შემცირებები. "ელექტრო მექანიკურში" ვმუშაობდი კონსტრუქტორად, "სამთო ტექნიკუმი" დავამთავრე და განყოფილებაში ვმუშაობდი წლებია. თითქმის ყველა წარმოება დაიხურა, უკვე აღარავინ მუშაობდა. მერე გადავწყვიტე, საბერძნეთში წასვლა, მაშინ ვერ გავაკეთე საბერძნეთი და აქეთ (იტალიაში) წამოვედი. 2002 წელს ავიღე ბინადრობის ნებართვა. ვინც ვმუშაობდით ყველას მოგვცეს. პირველი სამსახური ბაბუასთან მომიწია, არ ვიცოდი ენა, არ გვესმოდა ერთმანეთის და უკიდურესად გამიჭირდა, ვუვლიდი... მაგ ოჯახში 8 თვე ვიმუშავე, მაგალითად ჩემს გვერდით სახლში უკრაინელი გოგო მუშაობდა, რომელსაც არ აჭმევდნენ და მიმქონდა როცა შესაძლებლობა მიჩნდებოდა და ვაწვდიდი პროდუქტებს. შემდეგ ეს გოგო წავიდა მილანში და რამდენიმე ხნის მერე მეც წამომიყვანა და აქ დავიწყე მუშაობა. მატარებლიდან ჩამოვდგი ფეხი და ისევ უკრაინელებმა მომცეს სამსახური. ბერგამოსთან ახლოს მოვხვდი და ბებია-ბაბუას ვუვლიდი. კარგი, დიდი ოჯახი იყო. ტრაქტორების მაღაზია ჰქონდათ."

"ძალიან უკვირდათ, რომ ქართველი ვიყავი, მაშინ ძალიან ცოტა ქართველი იყო, გაოცდნენ უკრაინელები, თქვენმა ქმრებმა როგორ გამოგიშვესო"

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია, საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილი


საქსტატის შინამეურნეობის 2017 წლის კვლევით დგინდება, რომ 2017 წლის მდგომარეობით საზღვარგარეთ წასულთა დაახლოებით 20 პროცენტი ფლობს ბაკალავრის ან მაგისტრატურის/რეზიდენტურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დიპლომს (2014 წლის მონაცემებით, იგივე მაჩვენებელი ქვეყანაში დარჩენილთათვის 27 პროცენტია). გამოდის, რომ ქვეყნიდან წასულთა თიტქმის მეხუთედი, მაღალი ადამიანური რესურსით ხასიათდება და რომელსაც შეეძლო საკუთარი წვლილი შეეტანა ქვეყნის მწარმოებლურობის ზრდაში


"დაბრუნებაზე ვფიქრობ რასაკვირველია, თუმცა ჯერ აქაური პენსია უნდა გავაკეთო, მაგრამ როგორ გაკეთდება არ ვიცი, ჯერ კიდევ არ ვიცი ბოლომდე რა გზებით კეთდება პენსია. მოქალაქეობისთვის საჭიროა გადასახედების გადახადა, შემოსავლის 21 პროცენტი. ჩემი ხელფასი 950 ევროა, აბა როგორ გადავიხადო 21 პროცენტი... ახლა ვუვლი 98 წლის ბებიას. იქვე ვცხოვრობ, ხელფასსაც მოხუცი მიხდის, დიდი პენსია აქვს. ქართველებს რაც შეეხება, ქალები დალაგებაზე მუშაობენ დილიდან საღამომდე, ბინები აქვთ და ალაგებენ ან მოხუცებს უვლიან, ზოგს უმართლებს, კარგ ოჯახში ხვდება ზოგს არა და ... მამაკაცების საქმე ცუდადაა, სამსახურები ჭირს მათთვის. რაზე მუშაობენ მე ვერ გაგცემ პასუხს. შავ-ბნელი საქმეებიც იქნება ალბათ, მე არაფერი ვიცი. ჩემთვის ვარ უმეტესად სახლში და ვმუშაობ. ჩემს ხელფასს სულ ჩემ შვილებთან ვაგზავნი. ერთ კაპიკს არ ვიტოვებ ჩემთვის. რაც ფული ამიღია ამდენი წლის განმავლობაში, ერთი კაპიკი არ მაქ ჩემთვის.

თავიდან, რომ ჩამოვედით, თითქოს ომში ჩაგვაგდეს, სხვის მიწაზე. არანაირი კომუნიკაცია, არც ინტერნეტი, არც ტელეფონები. სულ ვწუხდი ოჯახზე. ნელ-ნელა მივყვებოდი ცხოვრებას და ტექნოლოგიის წინსვლას, სკაიპი, ვაიბერი და ასე შემდეგ. დღეს 4 შვილიშვილი მყავს და წლებია ისინი არ მინახავს. ამ 21 წლის მანძილზე 2,3,4,5,6, 7-ე ოჯახია ეს (ითვლის) ყველაზე ხანგრძლივად 6 წელი ვიმუშავე ერთ კონკრეტულ ოჯახში. 70 წლის გავხდები მალე, აქ 60 წლიდან უკვე დამხმარე ყავთ და მე ისევ ვმუშაობ, მაგრამ თუ ჩემს ოჯახს დასჭირდება კიდევ გავძლებ თუ არადა კი წამოვალ სახლში. ჩემ თავს ყოველთვის მივხედავ."

მარინა

"როგორც შემიძლია ვეხმარები ყველას. თითქმის ჩავბერდი იტალიაში, 20 წელია აქეთ ვარ. ვეხმარები, რჩევით იქნება ეს თუ ახალჩამოსულების ჩემს ბინაში დატოვებით, ასე ვთქვათ აზრზე მოსვლამდე და რეალობის უკეთ გარჩევამდე, სანამ საკუთარ გზას და მიზანს დაინახავენ, ეს კი ემიგრაციაში ძალიან რთულია"

მარინა საქართველოდან იმ რთულ წლებში წავიდა, როდესაც ქვეყანა პრაქტიკულად გაჩერებული იყო. სახლში დატოვა ორი პატარა შვილი და ოჯახის გადასარჩენად იტალიას მიაშურა. ეს 2001 წელს მოხდა. ახალ საუკუნეში შებიჯება, საქართველოსთვის განსაკუთრებული სიახლეებით არ გამოირჩეოდა, უცვლელი იყო მოცემულობა, შეიარაღებული კონფლიქტებისგან დასუსტებული ქვეყანა, უკიდურესი სიდუხჭირე და ოჯახის გამოკვების პრობლემები, არსებულმა ვითარებამ ათასობით ადამიანი იძულებული გახადა ემიგრანტის რთული გზა აერჩია. საქართველოდან ემიგრაციის ტალღები დაიწყო.

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია, საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილი


თუ 2017 წლიდან 2019 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეთა მიერ ევროკავშირის/შენგენის მიმართულებით განხორციელებული ვიზიტების რაოდენობას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ დანიშნულების ქვეყნების პირველ სამეულში გერმანია, იტალია და საბერძნეთია. 3 წლის პერიოდში ჩამოთვლილ ქვეყნებში საქართველოს 297,585 მოქალაქემ განახორციელა ვიზიტი


"30 წლის ვიყავი, რომ წამოვედი, თავში პეპლები მიქროდა ალბათ. რამდენიმე წელი ვერ ჩამოვდიოდი საქართველოში, საბუთებს ვაწესრიგებდი, როგორც კი საბუთი გავაკეთე, წამოვედი. შვილები ძალიან შეცვლილები დამხვდნენ. ვიტირე....სახლში რო მოვფრინავდი, გამძაფრებული ემოციებით ველოდებოდი საქართველოს ცაზე გადაფრენას, გამოვიარეთ სხვა ქვეყნები განათებული, ლამაზი სანახავი იყო, ჩვენთან კი ყველაფერი ჩაბნელებული იყო, აქა-იქ ანათებდა შუქები, ჩამრჩა თავში ეს სურათი, დღემდე მახსოვს და ვიხსენებ ხოლმე."

"ერთი გოგო დაგვეღუპა. არ იციან ზუსტად თვთმკვლელობა იყო თუ რამე სხვა. ეს იყო დიდი ხნის წინ. ის ჩემი პირველი მეგობარი იყო. ნერვიულობდა , განიცდიდა, შვილი საქართველოში ყავდა, ძალიან განიცდიდა შვილისგან მოწყვეტილად, განშორებით ყოფნას, პრობლემებიც ბევრი ჰქონდა, დილით გარდაცვლილი იპოვეს. ამბობენ თვითმკვლელობა იყოო. უჭირთ აქ ოჯახისგან შორს ყოფნა. ნერვიულობა, ჩაკეტილობა და ემოციური ფონი გაასმაგებულია.

ამიტომ ვცდილობთ ერთმანეთი გავაძლიეროთ, და ყოველთვის ვცდილობ რომ ნეგატიურ საკითხებზე ნაკლები ვილაპარაკო და უფრო პოზიტიურ ჭრილში განვიხილო ყველაფერი და თუ დააკვირდებით ეს გადამდებია. ელემენტარული მომენტია, ენერგიას ვცვლით ერთმანეთში, ამიტომ უმჯობესია ეს ენერგია დადებითი იყოს, ისევ ჩვენთვის, რომ უკეთესი ფსიქოლოგიური წონასწორობა შევინარჩუნოთ, რაც ავტომატურად ჩვენი ოჯახის კეთილდღეობასაც ნიშნავს.

ერთი ისტორია მახსენდება, იტალიის ამ ნაწილში ერთი-ერთი პირველი ემიგრანტი ვიყავი, გავიკითხე-გამოვიკითხე ქართველების შესახებ და მითხრეს ერთადერთი ქართველი კაცია აქო და სახალისო ის არის, რომ რობინზონი ერქვა, რა თქმა უნდა გავიცანი, ვეხმარებოდით და გვერდში ვედექით ერთმანეთს."

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილი


ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედი ბინადრობის ნებართვის მქონე საქართველოს მოქალაქეთა ნახევარზე მეტი (60%) იმყოფება საბერძნეთში, იტალიასა და გერმანიაში


(სპეციალურად საიტისთვის)