ნინი ბადურაშვილი: "ტყუილს არავის ვაპატიებ" - კვირის პალიტრა

ნინი ბადურაშვილი: "ტყუილს არავის ვაპატიებ"

"არის დღეები, როცა სარკეში ჩახედვის მეშინია"

ნინი - შეყვარებული...

პირველი სიყვარული ბაღში ეწვია, - ერთმანეთი მოსწონდათ, მაგრამ "ის" უცნაურად იქცეოდა, ნინის დანახვაზე გარბოდა და იმალებოდა... ყოველთვის ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, თუმცა სიყვარულს მასთან ვერავინ გამოხატავდა. თაყვანისმცემლების სასიყვარულო განცდებს მეგობრებისგან იგებდა. ახლაც უკვირს, "მათ" რატომ ეშინოდათ. თავადაც სულ მოსწონდა ვიღაც, მაგრამ არ გამოხატავდა...

სკოლის პერიოდში თაყვანისმცემლების სასიყვარულო ბარათები საკლასო ოთახის კართან ხვდებოდა. ხშირად ნინის გამო ბიჭები ჩხუბობდნენ. ახლა იხსენებს: "არასდროს მომწონდა ასეთი რამ, პირიქით, ყოველთვის მრცხვენოდა".

ბოლოს ძალიან შეუყვარდა თანაკლასელი. ოთხი წელი უყვარდა, ახლა სასაცილოდ მოგეჩვენებათ, მაგრამ სიყვარულში ვერ გამოუტყდნენ ერთმანეთს. ახლა მეგობრები არიან და ერთმანეთს საყვედურობენ - რატომ არ მითხარი, ოთხი წელი რატომ იტანჯებოდი ან მე რას მტანჯავდიო.

შემდეგ, პატარ-პატარა გატაცებებმა გადაუარა და დიდი სიყვარული ეწვია. 20 წლის იყო. ახლა იმ წლებს რომ იხსენებს, ხვდება, რომ ასეთი გრძნობა მას შემდეგ არ განუცდია.

"ურთიერთობა არ გამოგვივიდა. შესაძლოა იმიტომ, რომ პატარები ვიყავით. მაშინ ყველაფერში მას ვადანაშაულებდი, ახლა ვგრძნობ, როცა ორი ადამიანის ურთიერთობაში კრიზისია, ორივე დამნაშავეა. რაღაც უნდა დამეთმო, ბავშვურად გავჯიუტდი", - ამბობს ნინი.

ხვდებოდა, რომ ურთიერთობის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა, მაგრამ დაშორება ძალიან განიცადა. განიცადა იმ ადამიანის დაკარგვა, რომელთანაც ბევრი ლამაზი წუთი აკავშირებდა: "როცა 24 საათი ხარ ადამიანთან და ხვდები, ყველაფერი ისე არ არის, როგორც ადრე, გაცლა სჯობს. ერთ დღეს რომ ხაზს გადავუსვამდი, მახსენდებოდა მასთან გატარებული დღეები და მასთან დაბრუნება მინდებოდა, ვერ ვერკვეოდი გრძნობებში და ბოლოს..."

ნინი - უსიყვარულოდ...

როცა უყვარს, ბედნიერია და ეს ეტყობა კიდეც. საკმარისია ურთიერთობაში პრობლემა გაჩნდეს, ყველაფერი ურთულდება. საკუთარი პრობლემებით სხვას არასოდეს აწუხებს, არც თავისი სატკივრის სხვებისთვის თავს მოხვევა მოსწონს.

"ერთი კარგი თვისება მაქვს, შეიძლება ერთ წუთში განადგურებული ვიყო, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ, ჩემში გარდატეხა ხდება და... შემიძლია ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდე. უცებ ვიკრებ ძალას. ქვასავით ვხდები. აქედან გამომაქვს დასკვნა, რომ ძლიერი პიროვნება ვარ."

ნინის სასურველი...

"ბავშვობაში შავგვრემანი ბიჭები მომწონდა. მოგვიანებით ღია ფერის მამაკაცებისკენ გადავიხარე. რაც შეეხება ხასიათს - ადრე რატომღაც "ძველი ბიჭები" მიზიდავდა, მერე ესეც შეიცვალა. აღმოვაჩინე, რომ ბევრ ქართველ მამაკაცს არასრულფასოვნების კომპლექსი აწუხებს. ასეთი მამაკაცი ნინი ბადურაშვილის გვერდით ვერ იქნება". ადამიანი, რომელსაც ნინი გვერდზე დაიყენებს, უნდა იყოს რეალიზებული, ჭკვიანი, იუმორის მქონე და საყვარელ ქალს თავისუფლება არ უნდა წაართვას.

"ყველა მამაკაცს ისეთი ქალი უნდა, რომელსაც თავისი გავლენის ქვეშ მოაქცევს და თვითონ ლიდერად დარჩება. ამიტომაც "ის" აუცილებლად რეალიზებული უნდა იყოს. ასეთ ადამიანს სხვისი დაჩაგვრის სურვილი ნაკლებად გაუჩნდება. წარმატებულ ქალს იშვიათად აქვს აწყობილი პირადი ცხოვრება, განსაკუთრებით საქართველოში. ხშირად მიფიქრია ამ თემაზე... საზღვარგარეთ ტურნეზე წამოყოლაც კი გაუჭირდებათ, კულისებში დადგომას და ლოდინს იკადრებენ? რას ეტყვიან მეგობრებს? ასე რომ მოიქცეს, ძალიან უნდა ვუყვარდე..." - ამბობს ნინი.

ნინი - ქალი

რომანტიკური პიროვნება არ არის და არც განსაკუთრებულ სიურპრიზებზე გიჟდება, ძალიან ცოტაც საკმარისია, რომ ბედნიერი იყოს და არც მამაკაცებისგან მოითხოვს ბევრს. მამაკაცის გულწრფელ გრძნობას ენდობა. მგონი, მოთხოვნები ამოწურა... აბა, მეტი რა უნდათ მამაკაცებს. სწყინს უპატივცემულობა, არ შეუძლია ღალატი. ტყუილს არავის აპატიებს.

ნინის საჩუქრები

ნებისმიერი საჩუქარი ნინისთვის მისაღებია. ერთხელ შეყვარებულმა ნინის აივნისკენ ბუშტებით აუშვა წარწერა: "ნინი, მიყვარხარ!" უყვარს, როცა სუნამოს და პარფიუმერიულ ნაწარმს ჩუქნიან. შეიძლება გემოვნებით შერჩეულმა სამოსმაც გაახაროს.

ნინის სარკე

გაგეცინებათ, მაგრამ სარკე და ნინი დიდი მეგობრები არიან. სწორედ სარკე ირეკლავს ნინის ყოველდღიურ განწყობას. ქუჩაში, ვიტრინებისკენაც ეპარება თვალი და ამის გამო მეგობრები ხშირად ეხუმრებიან.

"სარკეში ხან როგორი ნინი ირეკლება, ხან - როგორი. ხან ძალიან ბედნიერი ვარ და კარგად გამოვიყურები, სარკეში ჩახედვა მიხარია. ასეთ დროს მაკიაჟიც არ მჭირდება. არის დღეები, როცა სარკეში ჩახედვის მეშინია და მაშინ არაფერი მშველის. სახლში ცუდი სარკე მაქვს, - მასუქებს. თუ ამ სარკეში კარგად გამოვიყურები, ე.ი. საქმე კარგადაა."

ნინის ოცნება

ახლა, მის ცხოვრებაში მთავარი სამუშაოა. ბავშვობის ოცნება, როგორც იქნა, აიხდინა: ღამღამობით ძილის წინ ნატრობდა, ჟურნალისტი გამოსულიყო და ტელევიზიაში ემუშავა. შემდეგ, კიდევ ერთი ოცნება ჰქონდა, ჯექსონთან ერთად ნიუ-იორკის ქუჩებში დასეირნობდა. ახლაც აქვს ოცნება, საყვარელ მამაკაცთან ერთად, ულამაზეს საღამოს კაბაში გამოწყობილი გრემის დაჯილდოებაზე ზის და... ნომინაციას ელოდება...

ჟურნალი "ბომონდი"

(იბეჭდება შემოკლებით)

ქეთი დარჩია