...უმწეო ჩვილების გადასარჩენად! - კვირის პალიტრა

...უმწეო ჩვილების გადასარჩენად!

"ბუნება მბრძანებელია, იგივ მონაა თავისა, ზოგჯერ სიკეთეს იხვეჭავს, ზოგჯერ მქნელია ავისა, მაინც კი ლამაზი არი, მაინც სიტურფით ყვავისა..." არ ვიცი, რატომ ამყვა ვაჟას ეს სტრიქონები, მაგრამ მას შემდეგ, რაც კასპში, სოფელ ახალციხეში, სვანიშვილების ოჯახში ვიყავი, თავში ესღა  მიტრიალებს... და კიდევ, - გამომხმარი "ბუტერბროდი", კასპში წასვლის წინ ჩანთაში რომ ჩავიდე, გზაში წავიხემსებ-მეთქი, მაგრამ სვანიშვილების საცოდაობით ჭამა იმ დღეს კი არა, მეორე დილასაც არ გამხსენებია...

მაპატიეთ, იმავე განცდას თქვენც თუ გადმოგდებთ, მაგრამ მგონია, რომ ყველაფერზე, რაც ჩვენ გვერდით ხდება, ჩვენ ვართ პასუხისმგებლები...  მოკლედ, ახალციხელმა უცნობმა ქალბატონმა მესიჯი მოგვწერა, - სოფელში ტყუპი გოგონა დაიბადა, მაგრამ დედ-მამას მათი გაზრდის თავი კი არა, დასაწოლი ადგილიც არ აქვთო. დავურეკე, - მაგ ხალხთან ვინ მიმიყვანს-მეთქი, - მთელმა  სოფელმა იცის მაგათი ამბავიო... მიკროავტობუსის მძღოლმაც იცოდა, - სოფლის ჭყაპიან სალაყბოზე ზედ ფეხებთან მიუყენა მანქანა ზურაბ სვანიშვილს, - აი, ტყუპის მამაცო და დარცხვენით დაამატა, - მგონი, უკვე გადაუკრავს... მერე მე და ეს კაცი თოვლიან გზას დავადექით. უხმოდ მივდიოდით: წინ - მე, უკან - ის... ის იყო, უნდა მეკითხა, არ მოვედით-მეთქი, რომ ერთი ეზოდან ლოყებაწითლებული ბიჭი გამოვარდა და უკანვე შევარდა, - დედა, დედა, მამა მოდისო! ჩემი თანამგზავრის ცოლს ნაჯახი ხის უზარმაზარ მორში ჩაერჭო და ჭიშკარს  შემოჰყურებდა.

მერე მე ვიყვირე, - ამხელა მორებს ქალი როგორ ჩეხავ-მეთქი? და კაციც გახარებული ამყვა, - ასეთი ყოჩაღი ცოლი მყავსო! შენ რაღას აკეთებ-მეთქი, - ვკითხე, მაგრამ პასუხი ოთხი წლის გიორგიმ "ამაცდინა", - წინ გაგვისწრო, გომურის კარი ყიჟინით მიახეთქა და, - აი, ჩემი დაიკოებიო! აბა, სადა-მეთქი?! გამურულ სადგომში მხოლოდ დამტვრეული ხის ტახტი, ძონძებიანი რკინის საწოლი და დამტვრეული კომოდი იდგა. ვერა ხედავო? - გიორგი ჭუჭყიან პლედს დასწვდა და... უცებ აფრიალებული ძონძიდან ტყუპმა მზესავით ამოანათა.

არადა, გომურში სიბნელე იყო, მხოლოდ ძონძჩამოკიდებული ფანჯრიდან შემოდიოდა სინათლე, მაგრამ ჩვილებს მის შუქზეც კი შეეჭმუხნათ ლამაზი ცხვირ-პირი და ტუჩებიც სატირლად მოპრანჭეს. მაგრამ მაშინვე გაჩუმდნენ, როცა დედამ საწოვარა პირში ჩაუდო. ცოტა ხანში ერთ-ერთი შეიშმუშნა, რომელია-მეთქი, ვიკითხე და - ნინოაო, დედამისმა, - პამპერსი ექნება გამოსაცვლელიო და ქმარი გაგზავნა მოსატანად.

- პამპერსის ფულს სად შოულობთ ?! - ვიკითხე გაოცებულმა.

- ვსესხულობთ. მერე ნახმარს გულს გამოვაცლი, შიგ ჩვრებს ჩავალაგებ და იმას ვახმარ, - უფროსი ბალღების ტანსაცმელს ვჭრი, - მიპასუხა ჩვილების დედამ.

ამასობაში მეორეც ატირდა.

- ეგ რატომ ვერ ისვენებს?! - ვიკითხე შეწუხებულმა.

- მარიამი? შია. აი, ვაჭმევ და დაიძინებს.

- ეგ რა არის ბოთლში?!

- ესა? პიტნის ჩაი. მეზობელს აქვს პიტნა ბოსტანში. შაქრის სიროფს ვასხამ და ყოველ საათში ვაჭმევ, ღამეც.

- ეგ ვინ გასწავლა? ძუძუს რატომ არ აჭმევ?!

- არ მაქვს, ექიმმა თქვა, საკეისრო ორჯერ რომ გაქვს გაკეთებული, რძე იმიტომ ჩაგიბრუნდა უკანო. ესენი შვიდთვიანები არიან, ცხრა თვემდე ვეღარ მივედი...

KvirisPalitra.Ge- ის არ გითხრა ექიმმა, ასეთ ბავშვებს განსაკუთრებული მოვლა და კვება რომ უნდათ და არა პიტნის ჩაი?

- ჰო, მარტო "ჰუმანა" უნდა მისცეო. გამითავდა, რა ვქნა? სულ ასე ვაკეთებ, როცა ჰუმანა მითავდება. სამი დღეა, რაც პიტნას ვაძლევ.

- ბავშვებს რამე რომ მოუვიდეთ?

- არაფერი მოსდით. მარტო გახდებიან ხოლმე. "ჰუმანას" რომ ვაჭმევ, მაშინ ღაბაბს იკეთებენ.

- პატრონი არავინ გყავთ?!

- ნიჩბისში დედ-მამა მყავს. მეხმარებიან, მაგრამ მაგათაც შვიდი შვილი ჰყავთ.

- დედამთილი და მამამთილი?

- თუ აქვთ რამე, უარს არ მეუბნებიან.

- ასეთი სახლი მათ დაგახვედრეს?

- ეს სახლი არ არის, ბოსელია. ძმები რომ გაიყარნენ, ეს გვერგო.

- აბა, ეზოში რომ სახლის საძირკველია ჩაყრილი?

- კი, სახლი უნდა დაგვეწყო, მაგრამ მეორე შვილზე რომ ვმშობიარობდი, ჩემმა ქმარმა  რკინები გამოაძრო და გაყიდა. გაგვიჭირდა.

- თუ სასმლის გამო გაყიდა?

- არ სვამდა, ბოლო წლებია, რაც დაიწყო.

- ასე როგორ აპირებთ ბავშვების გაზრდას?

- არ ვიცი... სოფელი გვეხმარება, შეშა მეზობელმა მოგვცა.

- რომელიმე ბავშვთა სახლმა რომ შემოგთავაზოთ პატარების გაზრდა, დათანხმდებით?

- ჩემი ქმარი არ იზამს.

- რატომ?

- თვალწინ უნდა მყვანდნენო...

- რა თვალწინ? აგერ ორი საათია, პამპერსზე წავიდა და არ დაბრუნებულა, სადმე სვამს ალბათ.

- არ ვიცი... მე შემიძლია მუშაობა. ფეხმძიმედ რომ ვიყავი, ახალსოფელში დავდიოდი კარტოფილის ამოსაღებად, რვა ტომარა კარტოფილი მოვიტანე, ხახვი - ოთხი ტომარა...

- შენი ქმარი რაღას აკეთებდა?

- შეშის საჭრელად დაჰყვებოდა ხალხს.

- სხვა არაფერი შეუძლია?

- არა.

... და დედამ პიტნის ჩაით გაყუჩებული მარიამი ისევ ძონძებზე მიაწვინა, დის გვერდით. საწოვარაში ნახევარი პიტნის ჩაი კიდევ ჩარჩა ნინოსთვის; ჩაის დასაყენებელი პიტნა დარჩა მეზობლის ბოსტანში; შინ, - "ფეჩში" თავშერგული ოთხი წლის გიორგი; სახლგარეთ - უფროსი შვილი, ათი წლის ანზორი (მას შინ მისვლა საერთოდ არ უნდა, - აქ ცხოვრება არ შემიძლიაო) და, - პამპერსებზე წასული მამა. მე გომურიდან გამოვედი და სოფლის გამგებელს მივადექი, -  სვანიშვილებს კიდევ ერთხელ გაუგზავნეთ პედიატრი, ჩვილებს ისეთი რამ არ აჭამონ, საშინელება მოახდინონ, სოფელს დაგედებათ ცოდვა-მეთქი. სახე შეეცვალა, - რაც შეგვიძლია, ვეხმარებით, არ ვიცი, სხვა რა გამოსავალი გამოვნახოთო.

ახლა თქვენ მითხარით, რა გამოსავალს ხედავთ? გარდა იმისა, რომ როგორც მრავალჯერ, ალბათ ახლაც შეეცდებით, ადამიანური ვალი მოიხადოთ და უმწეო ჩვილებს დახმარების ხელი გაუწოდოთ. თუმცა არსებობს ისიც, ვისაც შეუძლია, გამოსავალი მონახოს. ეს სახელმწიფოა! ბედის ანაბარა მიტოვებული ბავშვები მრავლდებიან, ჩვენ კი დემოგრაფიისთვის თავში ცემაში ხელები გვიბუჟდება.

www.kvirispalitra.ge

როგორ ფიქრობთ, უნდა ჩააბარონ თუ არა (დროებით მაინც) მშობლებმა ასეთ გაუსაძლის პირობებში მყოფი ჩვილები ბავშვთა სახლებში. გამოთქვით თქვენი აზრი, ერთად მოვნახოთ გამოსავალი.