"ამდენი საჩუქარი მომცა ღმერთმა - მეტი რა გინდათ" - კვირის პალიტრა

"ამდენი საჩუქარი მომცა ღმერთმა - მეტი რა გინდათ"

ფანჯარა ზურგს უკან აქვს, თვითონ კედლისკენ იყურება. დიდხანს რჩება კედელზე დაკიდებული ტილოების პირისპირ... სულ სამი თუ ოთხი სურათი ეტევა ამ ნამცეცა ოთახში, სადაც ახლა ცხოვრობს. ცხოვრება, რომელიც შეიძლება ქალაქში დუღდეს, ალბათ აღარ აინტერესებს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხომ ის ცხოვრებაა, რომელიც შენში იქმნება და ვითარდება. მხატვარი, მწერალი და მეტად საინტერესო კაცი - თემო ჯაფარიძე სათქმელს ყოველთვის ამბობდა როგორც თავისი შემოქმედებით, ისე ცხოვრების წესით...

ჩემი გარიჟრაჟი

მეხსიერებიდან არ ამომდის ჩვენი სახლი ჩელუსკინელების ქუჩაზე, მისი ბაღი. დიდი, სუროიანი კედელი და ხეხილი. 13 წლის ვიქნებოდი, როცა ჩელუსკინელების ქუჩის გასაფართოებლად სახლები დაანგრიეს. ჩვენ გადავედით ვერის უბანში - ანასტასია ერისთავი-ხოშტარიას ქუჩაზე. ჩვენი კარის მეზობელი იყო ანზორ სალუქვაძე.  მასთან საოცარი ხალხი მოდიოდა.

ქუჩის ბოლოს ცხოვრობდა ზურაბ კიკნაძე, მას უფრო გვიან დავუმეგობრდი - ვერის ბაღში დავუახლოვდით ერთმანეთს... ეს ბაღი, მგონი, ერთადერთი ანტისაბჭოთა კლუბი იყო მთელ საბჭოთა კავშირში. იმდენ ტყუილს ვხედავდით, ყელში იყო ამოსული, მაგრამ ამ ტყუილიდან თავის დაღწევაზე ოცნებაც შეუძლებელი იყო. ვლაპარაკობდით ლიტერატურაზე, კულტურაზე. დასანანი იყო ჩვენი მდგომარეობა - გამომწყვდეულები ვიყავით ტოტალურ სახელმწიფოში და აზრზე არ ვიყავით, რა ხდებოდა მსოფლიოში.

ვერის ბაზრის გვერდით იყო ლუდის ბარი, იქ იყრიდნენ თავს შოთა დედაბრიშვილი, ავთო ვარაზი, ნიაზ დიასამიძე. ნიაზს გაუჭირეს საქმე - რატომ ღუპავ ამ ბიჭს, რატომ ალოთებო და შემეშვა... მართლა თუ გავლოთდებოდი? აკი, გავლოთდი კიდეც... როცა საინტერესო ადამიანები იკრიბებიან და საუბრობენ, თან სვამენ, ამას ლოთობას არ ვეძახი...

KvirisPalitra.Geჩემი დილა

პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გადავწყვიტე ჩაბარება, ფიზიკაში ხუთიანი მივიღე, მათემატიკაში ჩავიჭერი. მერე ვთქვი, - საერთოდ არსადაც არ ჩავაბარებ-მეთქი. ბოლოს, გადავწყვიტე, უცხო ენა შემესწავლა. უნივერსიტეტში ინგლისური ენის ფაკულტეტზე ჩავაბარე... ამ პერიოდში გავიცანი გურამ რჩეულიშვილი. სულით და ხორცით ძლიერი, თან უფაქიზესი. ისეთი სიყვარული, გურამისგან რომ მივიღე, არავისგან მიმიღია. ერთ დღეს ჩამოვიდა დეიდაჩემი, ჩამოიტანა სანოვაგე.

მე გარეთ გავედი. გავცდი მთავრობის სახლს, მაშინდელ კავშირგაბმულობის სახლთან დავინახე, გურამი მოდიოდა თოფით ხელში. მაგარი ნასვამია, რაღაც უნდა ჩაიდინოს-მეთქი, - მიაზრა გულმა. გავყევი. ვეხვეწებოდი, თოფი მომეცი-მეთქი. არ მომცა, დამპირდა, არ გავისვრიო... ნელ-ნელა გავცდით მთავრობის სახლს, გადავედით ხეივანში. უცებ არ ბუთქა ჰაერში?! არავინ ჩანს!.. ხეივანი მშვიდად გავიარეთ, ტროლეიბუსების გაჩერებაზე უცებ 50 კაცი არ შემოგვერტყა გარს?! წაართვეს იარაღი და განყოფილებაში წაიყვანეს... მივდევ უკან. ძნელაძეზე იყო მილიცია. ჩაიყვანეს.

ვეკითხებოდი მილიციელებს, ახლა რა იქნება, რას უზამენ-მეთქი... ჯობია  შინ წახვიდეო, - მპასუხობდნენ. ამ დროს... 20 წლის ვარ. ის 23 წლისაა. ბოლოს, მითხრეს, გურამი აქ იქნება ხვალამდე, საკანშიო. წავედი გურამის მამასთან. ვუთხარი, ასეა-მეთქი. გაგიჟდა. მერე გამოვვარდი შინ. დეიდას ჩამოტანილი მოსაკითხი პატარა ჩემოდანში ჩავაწყვე, პატარა ბოთლით არაყიც ჩავდე. ჩავედი ისევ მილიციაში. ცხადია, არაყი ამოიღეს, დანარჩენი გადასცეს გურამს. მერე, როცა გამოუშვეს, მეუბნებოდა, - იმ დღეს "ხოშიანად ვითოხლავეო".

წარმოუდგენელი იყო გურამის სიკვდილი.  სულ ხიფათს ეძიებდა, მაგრამ იქიდან ყოველთვის საღ-სალამათი გამოდიოდა. ხმა რომ მოვიდა, გურამი დაიხრჩოო, გავგიჟდით. წავედით საძებრად. რამდენიმე დღე ვიარეთ სანაპიროზე. მერე ზღვამ გამორიყა კურორტ განთიადთან. ახლაც თვალწინ მიდგას ის სურათი, მისი ფეხსაცმელი, მეზღვაურის მაისური...

ჩემი შუადღე

1961 წელს დედა გარდამეცვალა. ჩემთვის უმძიIმესი დრო იყო. მერე ცოლი შევირთე. მყავს ქალიშვილი - ლელა. ოჯახი ხომ უნდა მერჩინა, ამიტომაც ენციკლოპედიაში ვმსახურობდი სამეცნიერო რედაქტორად.

1964 წელი იდგა. მეგობარმა მითხრა, - ნაცნობები მყავს და უნივერსიტეტში უნდა ვცადო შენი გამოფენის მოწყობაო. სააქტო დარბაზში დავკიდეთ 60 ნამუშევარი. ვერ მივხვდით, იმათ რა ჩაიფიქრეს... გამოფენას დიდი  აჟიოტაჟი მოჰყვა. ბოლო დღეს ბიურომ დანიშნა გამოფენის განხილვა. მივხვდი, რაღაც უბედურება იყო ჩაფიქრებული. დასხდნენ პარტიული ხოჭოები. გამოვიდა ვიღაც ხელოვნებათმცოდნე - დროების მონა. როგორ არ ესმის ახალგაზრდობას, ეს ანაქრონიზმიაო.

ერთმა - შეხედეთ თემოს პორტრეტებს, ნუთუ ეს უსუსური ადამიანები შეძლებენ სოციალიზმის და კომუნიზმის აშენებასო?! ატყდა სტვენა. გამოვიდნენ ჩემს დასაცავად ბაჩანა ბრეგვაძე, ნიკო ყიასაშვილი. მოვიდა შალვა ამირანაშვილი. ლადო გუდიაშვილმა შინ წაიღო შთაბეჭდილებების წიგნი და ჩაწერა საქებარი და მხარდამჭერი სიტყვები... ჩემს პოზიციას იცავდნენ ლალი ჯავახიშვილი და ფარნა ლაპიაშვილი. პარტიულებმა კი მლანძღეს, მაგრამ გააორმაგეს ინტერესი ჩემ მიმართ.

1968 წელს ჩემმა მეგობარმა, მწერალმა მზია ბაქრაძემ მითხრა, - უცხოეთთან ურთიერთობის საზოგადოებაში უნდა მოვაწყოთ შენი გამოფენაო.

მე და ჩემმა მეგობრებმა ჩარჩოები გავაკეთეთ და ექსპოზიცია მოვაწყვეთ. ვიღაცები მოვიდნენ, შეხედ-შემოხედეს ჩემს ნამუშევრებს, გაცვივდნენ და სუკ-ს დაურეკეს. მოვიდა კულტურის სამინისტროდან ხალხი... ხმა არ ამოუღიათ, მაგრამ მეორე დღეს კარი ჩაკეტეს. უამრავი  ადამიანი მოვიდა. კართან შეგროვდნენ, აწვებოდნენ. იძულებული იყვნენ, გაეღოთ.

გახმაურებული "ბულდოზერების გამოფენა" 6 წლის შემდეგ მოხდა (თემო ჯაფარიძე 1974 წლის 15 სექტემბერს მონაწილეობდა ნონკონფორმისტ მხატვართა გამოფენაზე მოსკოვში, იზმაილოვის პარკში. ეს გამოფენა ცნობილია, როგორც "ბულდოზერების გამოფენა". - ავტ.).

ერთ დღეს დირექტორმა დამიძახა - სასწრაფოდ ჩამოხსენი ნახატები, დარბაზი გვჭირდებაო. ამ გამოფენის მერე დისიდენტად ჩამთვალეს. თვითონ თუ ვთვლიდი თავს დისიდენტად? - ვაზროვნებდი ანტისაბჭოურად, ვხატავდი ანტისაბჭოურად, მხოლოდ პოლიტიკურ ამბებში არ ვერეოდი, არ არის ჩემი საქმე და იმიტომ. ალბათ, თვლიდნენ, რომ ჩემთან ლაპარაკი არ ღირდა... 1972 წელს დავხატე "საიდუმლო სერობა". თამაზ ჩხენკელმა მათხოვა ბინა ხილიანზე და იქ ვხატავდი.

ამ ნახატის ამბავი კა-გე-ბეშიც გაიგეს. ხილიანზე უამრავი  ადამიანი მოდიოდა. მათგან ერთი მაინც ხომ იქნებოდა "კა-გე-ბეშნიკი", მერე 16 წელი "საიდუმლო სერობას" ჩემი მეგობარი ინახავდა ავტოფარეხში. მერე იმ მეგობარს ჩაუწერეს სუკ-ში რუსული ტერმინი "ნე ვიეზდნოი". უცხოეთში რომ ნდომოდა წასვლა, არ გაუშვებდნენ. მიზეზი მხოლოდ ის იყო, რომ ჩემს ნახატს ინახავდა.

როცა ენციკლოპედიაში ვმსახურობდი, დამიბარა მაშინდელმა დირექტორმა როინ მეტრეველმა: - თემო, მეგობრულად მინდა გირჩიოთ, რად გინდათ, უცხოელები რომ დაგყავთ იმ ავტოფარეხშიო...  უცხოელიც ადამიანია, მოდის ჩემი მეგობარი, მოჰყავს სტუმარი და ნახატის ნახვა უნდათ, რა ვქნა, პანღური ამოვარტყა-მეთქი? კიდევ ერთმა თანამშრომელმა მითხრა: - კა-გე-ბეში 3 საათი შენზე მეკითხებოდნენო. ვერ გამიგია, მე რატომ არ მეძახდნენ. ეს ვკითხე როინ მეტრეველსაც... არ მიპასუხა. "საიდუმლო სერობა" სამოქალაქო ომის დროს დაიწვა...

კინოშიც მომიხდა გადაღება...  ფილმში "ამაღლება" ჩემმა მეგობარმა მომიყვანა რეჟისორი ნოდარ მანაგაძე - ძალიან უნდა, გადაგიღოსო...

ჩემი საღამო

ადრე სულ არ ვფიქრობდი, მომავალში როგორი ვიქნებოდი... როგორ იფიქრებ 25 წლის ყმაწვილი, 70 წლისა როგორი იქნები? მაგრამ ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, ახლა როგორიც ვარ! ეტყობა, ჩემმა მარტოობამ, თავის მოუვლელობამ, ბევრმა შრომამ გამტეხა...  მარტოობისა არასდროს მშინებია. პირიქით, სიმარტოვე შემიყვარდა კიდეც. ერთად ვცხოვრობდით მე და ის... ახლა ის სიმარტოვეც მორჩა. 74 წლის ვარ! თუმცა კმაყოფილი ვარ ჩემი არსებობით. საწყალი ბიჭუნა ვიყავი და ამდენი საჩუქარი მომცა ღმერთმა: ხატვა შეგიძლიაო, წერა შეგიძლიაო, კარგ ადამიანებთან მეგობრობა შეგიძლიაო... მეტი რა გინდათ?