ხარვეზიანი რეაბილიტაცია, ანუ რატომ ჩავიდა წყალი გელათში - კვირის პალიტრა

ხარვეზიანი რეაბილიტაცია, ანუ რატომ ჩავიდა წყალი გელათში

"უკვე გამოიყო თანხა ფრესკების გამოსაკვლევად, კედლების გამოშრობის შემდგომ დაიწყება კონსერვაციაც. დღეს შემიძლია თამამად ვთქვა, რომ გელათში წყალი აღარ ჩადის დროებითი ღონისძიებების წყალობით..."

4 ოქტომბერს ერთ-ერთ უცხოურ არხზე, რომელიც სამოგზაურო და შემეცნებითი გადაცემებით არის ცნობილი, გადავაწყდი ფილმს "ხედი ზემოდან - როგორ ცხოვრობენ საქართველოში". ფილმში საქართველოს სხვა ქალაქებთან ერთად გელათიც მოხვდა. საკადრო ტექსტს თუ დავუჯერებთ, ტაძარი თურმე დავით VI-ს აუშენებია(?), ხოლო რესტავრაციას თურმე ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის აქტივისტები აკეთებენ(?). გაზაფხულზე, მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ გელათის რეაბილიტაციის შედეგები იხილა, მართლაც ძნელია დაიჯერო, რომ ტაძარი პროფესიონალების ხელში იყო. რატომ აღმოჩნდა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესული საქართველოს ეს უმნიშვნელოვანესი ძეგლი ასეთ სავალალო მდგომარეობაში, რატომ გამოდის საზოგადოება მემკვიდრეობის დასაცავად კვლავ ქუჩაში და ემუქრება თუ არა დავითგარეჯას დანგრევა - ამ ბოლო დროის ყველაზე აქტუალურ საკითხებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს ნიკოლოზ ანთიძეს ვესაუბრეთ.

- ბატონო ნიკოლოზ, ჩვენს სამეზობლოში საომარი მოქმედებების გამო იქ არსებულ ქართულ ძეგლებს საფრთხე ხომ არ ემუქრება და რა ბერკეტები გვაქვს ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად?

- მეც, ისევე როგორც ჩვენი თანამოქალაქენი, თვალს ვადევნებ მთიან ყარაბაღში მიმდინარე პროცესებს და ძალიან ვწუხვარ იქ შექმნილი ვითარების გამო.

საომარი მოქმედებები ჩვენი ძეგლებიდან მოშორებით მიმდინარეობს, თუმცა გამორიცხული არაფერია. თუ რამე მოხდება, საერთაშორისო საზოგადოებრიობა პროცესში აუცილებლად უნდა ჩაერთოს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ დიდი მოლოდინი არა გვაქვს. ჩვენი ისტორიული ძეგლების დაცვის საქმეში ჩარევის არაერთი თხოვნის მიუხედავად, საერთაშორისო საზოგადოებრიობას არსებითი არაფერი გაუკეთებია.

- გაზაფხულზე გელათის ვიდეოფირის ხილვამ ჩვენი საზოგადოება გააოგნა - ძეგლებს არა მარტო ჟამთა სიავე, არამედ ხშირად იმ პირთა გულგრილობაც ანგრევს, რომლებიც სწორედ ძეგლების დაცვა-პატრონობაზე არიან პასუხისმგებელი. რა მოხდა გელათში და რა ბედი ელის ამ უმნიშვნელოვანეს ძეგლს? - 2008 წელს შეიქმნა გელათის სრული რეაბილიტაციის პროექტი, მათ შორის ტაძრების, გაბრიელ ქიქოძის სასახლის, აკადემიის და ა.შ. მთავარ ტაძარზე მუშაობა 2015 წლიდან დაიწყო - არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი კრამიტით უნდა შეცვლილიყო ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროს გაკეთებული თუნუქის სახურავი, რომელიც ძლიერ იყო დაზიანებული.

პირველად გადაიხურა გუმბათი, შემდგომში მას გაუმაგრდა ყელი - იუნესკოს ექსპერტთა ჩართულობით სპეციალური სარტყელი დამზადდა. მხოლოდ ამის შემდგომ დაიწყო ტაძრის კალთების სახურავის რეაბილიტაცია. გადასახურავ მასალად იყენებდნენ სპეციალურად დამზადებულ და სათანადოდ შემოწმებულ მოჭიქულ კრამიტს, რისი წყალობითაც ამ წლების განმავლობაში ტაძარში წყალი არ ჩასულა.

2016 წელს იყო მხოლოდ ერთი შემთხვევა დასავლეთის მკლავზე და ისიც სასწრაფოდ საფუძვლიანად შეკეთდა. ცნობისთვის - გელათზე ორი სახის სამუშაო მიმდინარეობდა: ქვის კონსერვაცია და სახურავის შეკეთება. 2019 წელს ტაძრის ყველა კალთის გადახურვა დასრულდა და სწორედ აქ იჩინა თავი პრობლემებმა.

- წყლის ჩადინებას გულისხმობთ? - არა მარტო. გამოიკვეთა ორი პრობლემა: 1. კრამიტი კარგი იყო, მაგრამ ზოგ ადგილას გადახურვას ხარვეზი ჰქონდა. ეს ჩვენი ე.წ. ლოიალური ინსპექტირების ბრალიცაა, სამუშაო პროცესს ყოველდღიურად არ ამოწმებდნენ.

2. ქვედა კალთებზე კრამიტი უხარისხო გამოდგა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ცნობილმა კომპანიამ ჩვენთან შეუთანხმებლად შეცვალა მწარმოებელი. გადახურვაში, იქ, სადაც ხარვეზები იყო, უფრო მეტი წყალი ჩავიდა, ხოლო უხარისხო კრამიტში ნაკლებად - მხოლოდ მარინეს ეკვდერში. მხატვრობა დაზიანებულია, არის ადგილები, რომელთა კონსერვაცია შესაძლებელია, ამიტომ უკვე გამოიყო თანხა ფრესკების გამოსაკვლევად, ხოლო კედლების გამოშრობის შემდგომ დაიწყება კონსერვაციაც. დღეს შემიძლია თამამად ვთქვა, რომ გელათში წყალი აღარ ჩადის დროებითი ღონისძიებების წყალობით.

- დროებით ღონისძიებებში ძეგლის ბრეზენტით გადახურვას გულისხმობთ? - ბრეზენტით გადახურვა დროებითია. ოქტომბრის მიწურულისთვის, გუმბათის გარდა, მთელ ტაძარს სრულფასოვნად გადავხურავთ დროებითი თუნუქის სახურავით და დაიწყება კრამიტის გამოცვლა. ეს როდის დასრულდება, ძნელია თქმა, რადგან კრამიტს საქართველოში მხოლოდ ერთი კომპანია ამზადებს.

- მაშინ მწარმოებელი როგორღა შეცვალეს? - კარგი ხარისხის კრამიტს ვგულისხმობთ. ის სტანდარტულ კრამიტზე უფრო დიდია, ხელით მზადდება და ამიტომ დრო სჭირდება. რაც შეეხება უხარისხო კრამიტს, ის ფაიფურისა და თიხის იყო და ყინვას ვერ გაუძლო.

- კომპანიამ, რომელიც ასეთ უმნიშვნელოვანეს ძეგლზე მუშაობდა, კრამიტის მწარმოებელი ფულის დასაზოგავად შეცვალა? - შესაძლებელია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ორივე კრამიტი ერთნაირია - ორივე მოჭიქულია, ფასში სხვაობა საგრძნობია. კრამიტი ჩვენთან შეუთანხმებლად არ უნდა შეეცვალათ. ეს რომ გვცოდნოდა, სასწრაფოდ შევაჩერებდით სამუშაოებს.

- ალბათ, დამეთანხმებით, რომ წყლის ჩადინებამ ძეგლი დააზიანა. აღარ შეგახსენებთ კანონს "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" და სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლს, სადაც კულტურული მემკვიდრეობის დაზიანება ისჯება. გასაგებია, რომ ვიღაცამ ძვირი კრამიტი იაფით შეცვალა და შედეგად დაზიანდა ტაძრის უძვირფასესი მოხატულობა... - ჩვენ ძეგლის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედეთ. კომპანიის დაჯარიმება ან სისხლის სამართლის დევნის დაწყება კარგა ხნით გაგვაჩერებდა - დრო დაგვჭირდებოდა ფინანსური რესურსისა და ახალი კომპანიების მოსაძიებლად. ვინაიდან ძეგლს დიდი საფრთხე შეექმნა, მნიშვნელოვანი იყო ყველაფრის დროულად გამოსწორება. სისხლის სამართლის დანაშაული არ იკვეთება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით - შესაძლებელია... თუმცა ეს ნამდვილად არ შეუწყობდა ხელს ძეგლის პრობლემების აღმოფხვრას.

- არ ფიქრობთ, რომ 2019 წელს, მას შემდეგ, რაც მუცოს პროექტი "ევროპა ნოსტრას" პრიზის მფლობელი, ხოლო თავად მუცო ევროპის საზოგადოების რჩეული ძეგლი გახდა, გელათის პროექტი სრული ჩავარდნაა? - ვფიქრობ, გელათის პროექტი ხარვეზიანია და ეს კორპორაციული პასუხისმგებლობის საკითხია - სახელმწიფო ინსტიტუციის, ანუ ჩვენი სააგენტოს, კომპანიისა და ყველა იმ პირის, რომლებიც ჩართული იყვნენ რესტავრაციაში. თუმცა ის, რაც კეთდებოდა და კეთდება გელათში, ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის. გელათი ბაგრატის ტაძართან ერთად იყო ნომინირებული იუნესკოში. როდესაც ბაგრატის ტაძარს ბევრი ნეგატიური მიზეზის გამო იუნესკოს ნუსხიდან ამოღება დაემუქრა, ავტომატურად სათუო გახდა გელათის საკითხიც. ორივე ძეგლი ამოვარდებოდა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან სწორედ იმის გამო, რომ მიმდინარეობდა გელათის რესტავრაცია, მზადდებოდა მართვის გეგმა, საჭირო იყო ბუფერული ზონების დამტკიცება და ა.შ. იუნესკომ გადადგა უპრეცედენტო ნაბიჯი და ბაგრატის ამოღების შემდგომ გელათი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ავტომატურად გადაიტანა. ეს იყო ჩვენი, ყველას გამარჯვება! დღეს სააგენტოს მაქსიმალურად მობილიზებული აქვს რესურსი, რათა ხარვეზები მაქსიმალურად უმტკივნეულოდ აღმოიფხვრას.

- თუმცა ფაქტია, გელათში რაც მოხდა, არ უნდა მომხდარიყო. - არ უარვყოფ. კიდევ ერთხელ ვაცხადებ - სააგენტო არ გაურბის პასუხისმგებლობას, მაგრამ ვერც სათანადო რეაგირება ვიხილეთ. გასაგებია, რომ ვიღაცამ სამუშაო უხარისხოდ შეასრულა, მაგრამ ისიც ხომ ცხადია, რომ სააგენტომ სამუშაოს ჯეროვანი კონტროლი არ ან ვერ გაუწია... და ეს მხოლოდ ამ ძეგლზე არ ხდება.

- მაგალითად?

- მაგალითად, ასეთივე ხარვეზიანი იყო ფიტარეთის გადახურვა - იმხელა ნაპრალები დატოვეს, რომ მონასტერი დაისეტყვა.

- საქმე ის არის, თუ ვინმემ არ შეამჩნია, თუ საზოგადოების მაღალი ინტერესი არ არის, რეაგირება ვერ ხერხდება. ამიტომაც უფრო ქმედითი ზომებია საჭირო. მაგალითად კომპანიას, რომელიც უხარისხოდ შესრულებული სამუშაოთი ძეგლს დააზიანებს, სხვა ძეგლებზე მუშაობის საშუალება აღარ უნდა მიეცეს. - გეთანხმებით, ამიტომაც ამოქმედდება მომავალი წლიდან რეგიონული ინსპექცია. დღეს ჩვენ გვყავს 12-კაციანი საინსპექციო ჯგუფი, რომელიც უმეტესად თბილისიდან ადევნებს თვალს ძეგლების რეაბილიტაციას, რაც ყველა ძეგლზე ერთი და იმავე ხარისხით ვერ ხერხდება. ამიერიდან ყველა რეგიონში შეიქმნება სპეციალური ჯგუფი დაკომპლექტებული მაღალანაზღაურებადი სპეციალისტებით, რომლებიც ინსპექტირებას გაუწევენ როგორც უნებართვო სამუშაოს, ასევე ნებართვის პირობებს. ჩვენს ახალ კოდექსში, რომელსაც რატომღაც თავი ვერ მოაბეს, ლიცენზიის აღების პირობა აუცილებლად აღდგება.

- საქმეს კონკურენციის არარსებობაც ართულებს. - დღეს 200 ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ბაზარზე 30-35 მოთამაშე გვყავს, რაც ძალიან დიდ პრობლემას ქმნის. ფაქტობრივად, კონკურენციაც არ არის - თითოეულ კომპანიას ერთდროულად 5-6 ძეგლზე მუშაობა უწევს.

- და შეიძლება ვერც ერთი ვერ გაკეთდეს ჯეროვნად. - ნაწილი კეთდება, ნაწილი - ხარვეზით.

ამ პრობლემების სათავე განათლების უქონლობაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში სხვადასხვა ფონდის წყალობით დიდი ფინანსური რესურსი გაჩნდა, გვიჭირს იმ პირთა მოძიება, რომელთაც საქმეს მიანდობ. სამხატვრო აკადემიაში რესტავრაციას მხოლოდ ერთი სტუდენტი სწავლობს. ერთხანს იმასაც ვფიქრობდით, ხომ არ შეგვენელებინა რესტავრაციის პროცესი, არადა, უამრავ ძეგლს გადასარჩენად გადაუდებელი ჩარევა ესაჭიროება.

- კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად საზოგადოება წელსაც გამოვიდა ქუჩაში. ამჯერად საფრთხე კობი-ქვეშეთის გზის მშენებლობის გამო ხადის ხეობის ძეგლებს დაემუქრა. ჩვენ არაერთი ავტორიტეტული არქეოლოგის მოწოდება ვნახეთ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი თქვენთან სხვადასხვა პროექტში დღესაც თანამშრომლობენ, რატომღაც მხოლოდ საზოგადოებას მოუწოდებენ ხადის ხეობის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისკენ. რატომ, თქვენ არ ეიმედებით? - ვფიქრობ, ამ საკითხზე სრული ინფორმაცია არა გაქვთ და ეს შეიძლება ჩვენი ხარვეზიც არის. თავის დროზე კობი-ქვეშეთი-გუდაურის მონაკვეთზე ჩატარდა პირველადი არქეოლოგიური და მიწისზედა ძეგლების კვლევა, თუმცა ეს საკმარისი არ არის მსგავსი მასშტაბის პროექტისთვის. ამიტომ საგზაო დეპარტამენტის თხოვნით პროცესში სააგენტოს სპეციალისტები ჩაერთვნენ. ჩვენი წარმომადგენლობითი ექსპედიცია უკვე ერთი კვირაა ველზე მუშაობს, 40-კაციან ჯგუფში არიან არქეოლოგები, არქიტექტორები, ხელოვნებათმცოდნეები, კონსტრუქტორი და იურისტიც კი. ჯგუფს ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი ჭეიშვილი ხელმძღვანელობს.

ექსპედიცია მიუყვება იმ მარშრუტს, სადაც გზამ უნდა გაიაროს. პირველადმა კვლევამ ცხადყო, რომ იქ არის არქეოლოგიური ობიექტები. ახლა მიმდინარეობს გათხრები, რათა დადგინდეს, ნამოსახლართან გვაქვს საქმე თუ სამაროვანთან. გარდა ამისა, მთელ მარშრუტზე ხდება მიწისზედა ძეგლების შეფასება, მათი კონსტრუქციული მდგრადობის დადგენა. ვთქვათ, საგზაო დეპარტამენტის მითითებით რომელიღაც ადგილას უნდა იყოს გვირაბი, ამიტომ ჯგუფი შეისწავლის, რა გავლენას მოახდენს გვირაბის გაყვანა კონკრეტულ ძეგლზე. იქ, სადაც მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ობიექტი აღმოჩნდება, შესაძლოა მარშრუტიც შეიცვალოს. ექსპედიციის შედეგების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია გასაჯაროვდება.

- ანუ თქვენ შეგიძლიათ საჯაროდ მოგვცეთ პირობა, რომ ხადის ხეობის უნიკალურ ძეგლებს საფრთხე არ დაემუქრება? არჩევანი კულტურულ მემკვიდრეობასა და ბიზნესს შორის აღარ გაკეთდება? - როდის ყოფილა? ყველაფერი გაკეთდება, რათა არც კულტურული მემკვიდრეობა დაზარალდეს და არც სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი. სხვათა შორის, საცხოვრისის მშენებლობის სამუშაო ნაღვარევის ეკლესიასთან შეჩერებულია.

- ბოლო დროს კვლავ გააქტიურდა დავითგარეჯის თემა. გამოჩნდა დოკუმენტი, რომელმაც შეიძლება ჩვენთვის სასიკეთო მიმართულებით წაიყვანოს საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი. როგორც მახსოვს, გაზაფხულზე იგეგმებოდა ექსპერტების შეხვედრა სადავო ტერიტორიაზე ძეგლების შეფასებისთვის. ახალი კვლევა არ ჩატარებულა, თუმცა ვიცით, რომ მდგომარეობა ძალიან რთულია. - შეხვედრა არ გამართულა, რადგან კომისიას მუშაობა არ დაუმთავრებია და საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის.

- ამასობაში ხომ შეიძლება დავითგარეჯის ძეგლები დაინგრეს? - გეთანხმებით, რომ ძეგლების ნაწილი უმძიმეს მდგომარეობაშია, თუმცა პროცესის დაწყება მხოლოდ ჩვენს სურვილზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ რამდენჯერმე ვთხოვეთ მეორე მხარეს ძეგლების ორმხრივი შეფასების დაწყება, თუმცა ჯერ წინ ვერ წავიწიეთ.

იცით, რომ "ევროპა ნოსტრას" პროექტის ეგიდით ჩვენ საბერეების კვლევა დავიწყეთ. დავითგარეჯის რეაბილიტაცია ვარძიის მასშტაბის პროექტია, რომელშიც ჩართული არიან მსოფლიოს ავტორიტეტული მეცნიერები. მინდა მადლობა გადავუხადო თავდაცვის სამინისტროს, მათ გადმოგვცეს ორი დიდი ვაგონი, რომლებიც მალე საბერეებში განთავსდება სამეცნიერო კვლევებისთვის.

- თუ იცოდით 1938 წლის რუკის არსებობის შესახებ და თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ის ქართული მხარისთვის? - ვინაიდან ეს რუკა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და ზოგადად, ძეგლთა დაცვის საკითხს არ ეხებოდა, მისი არსებობის შესახებ არაფერი ვიცოდით. ვხელმძღვანელობთ ჩვენს არქივში დაცული მასალებით, რომლებიც სრულად გადავეცით გამოძიებას. რაც შეეხება ახალაღმოჩენილი რუკას, რა თქმა უნდა, შესაძლოა ძირეულად შეცვალოს ვითარება და ხელი შეუწყოს საკითხის სწრაფად და ობიექტურად გადაწყვეტას. რასაც მთელი საქართველო ასე სულმოუთქმელად ელოდება.