"ტერორისტად შერაცხეს ბიჭი, რომელსაც განსაკუთრებული არაფერი ჩაუდენია"
"ტერორისტად შერაცხეს ბიჭი, რომელსაც განსაკუთრებული არაფერი ჩაუდენია"
30 სექტემბერს გალის რაი­ონში აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის დროშის დაწვის გამო ირაკლი ბებუა დააკავეს. აფხაზი ე.წ. სამართალდამცველები, როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს მოქალაქეს­ "სხვისი­ ქონების განზრახ განადგურებასა და საბრძოლო მასალის უკანონოდ ფლობასაც" ედავებიან.

"ნუ მოვიქცევით პაპუასებივით"


ერთწუთიანი ვიდეომასალა "ფეის­ბუკის"­ აფხაზმა მომხმარებლებმა ატვირ­თეს, რის გამოც ის მალევე დააკავეს. 27 წლის ირაკლი ბებუამ გალის მილიციის განყოფი­ლებაში გამომძიებელთან განმარტა, რომ არც დროშის და არც აფხაზი ხალხის საწინააღმდეგო არაფერი აქვს და ეს მხოლოდ იმისთვის გააკეთა, სურს
აფხაზებმა და ქართველებმა ძველებურად მეგობრულად იცხოვრონ. "ყველას პატიებას ვთხოვ, ვინც გაბრაზდა", - განაცხადა ირაკლი ბებუამ.

აფხაზური მედიის ცნობით, ტილო, რომელიც აფხაზეთის დროშის ფერებშია, ზედ გამოსახული აფხაზეთის გერბით, გალის კულტურის სასახლის მთავ
არ შესასვლელში იყო გამოკრული. ბებუამ მას ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა. აფხაზების მცირე ნაწილის სოლიდარობას თუ არ ჩავთვლით, რომელთა აზრითაც, მან ეს გაუცნობიერ­ებლად ჩაიდინა იმ მოტივით, რომ ვიღაცამ ორ ხალხს შორის შუღლი ჩამოაგდო, რასაც ჩვენი გაყოფა მოჰყვა, მას უპატიებელი არაფერი ჩაუდენია.
"ნუ მოვიქცევით პაპუასებივით, როგორც ეს ხატის დაბრუნების შემთხვევაში­ გავაკეთეთ. იქნებ დავუმტკიცოთ ყველას და მათ შორის ჩვენს თავს, რომ კანონის ენითაც­ შეგვიძლია საუბარი. დავსაჯოთ ისე, როგორც იმსახურებს - მას ორწლიანი პატიმრობა ემუქრება, თუ არ ვცდები. თუ ფსიქიკური პრობლემები აქვს, მაშინ გადავცეთ თავის სამშობლოს და მიხედავენ...

ვიღაცები დღემდე ითხოვენ მის მოედანზე დაწვას, ლინჩის წესით გასამართლებასა და ხელების მოჭრას. ასე მგონია, აფრიკის რომელიღაც ქვეყანაში ვცხოვრობთ. რატომ არ სთხოვთ სომხებს იმავეს, რომლებიც არანაკლებს აკეთებენ სახელმწიფოს საზიანოდ, თანაც ყოველდღიურად?! სომხების გაკრიტიკება, ალბათ, არ არის მომგებიანი...

ჩემს ხალხს რომ ვაკვირდები, უფრო აგრესიის გადმონთხევის მიზეზი გვჭირდება, ვიდრე რამის რეალურად დანახვა. ტერორისტად შერაცხეს ბიჭი, რომელსაც განსაკუთრებული არაფერი ჩაუდენია, უბრალოდ, ჩვენ შეუმდგარი ერის კომპლექსები არ გვასვენებს", - წერს ირაკლი ციცირბა.
სოხუმში ირწმუნებიან, რომ ირაკლი ბებუას შინ ხელყუმბარა აღმოაჩნდა. გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს და ბებუა გალის რაიონის წინასწარი დაკავების იზოლატორშია. მას 30-დღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული, თუმცა აფხაზურ მედიასა და სოციალურ ქსელებში ირკვევა, რომ მას მძიმე სასჯელი ელოდება.

"არ გინდათ ეს მოჩვენებითი ჰუმანიზმი!.. მან დასცინა იმ ქვეყანას, სადაც ცხოვრობს, და შესაბამისადაც უნდა დაისაჯოს, რადგან გალის რაიონი იმდენად განყენებულად ცხოვრობს, რომ მეხუთე კოლონად ჩამოყალიბდა... ეს არ არის 15 წლის სომეხი მოზარდი, რომელმაც ცოტა ხნის წინ იმედია, გაუცნობიერებლად დაწვა აფხაზეთის სახელმწიფო დროშა, რადგან თანატოლებისგან იყო დაბულინგებული... თუმცა ამ მძიმე დანაშაულის გამო მოზარდის ოჯახს უნდა ეგო პასუხი და შემდგომ ეს პრეცედენტიც აღარ იქნებოდა", - წერს სოხუმელი ვლადიმერ ბჟანია.

"ირაკლის საქართველოს მთავრობამ უნდა მიხედოს"

როგორც "კვირის პალიტრას" ირაკლი ბებუას ნათესავმა ნაზი კაკაშვილმა განუცხადა, ირაკლი მსხვერპლია და ის საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით უნდა გაათავისუფლოს: - ირაკლის ჯერჯერობით არაფერი უჭირს, მაგრამ ოჯახის წევრები ძალიან ნერვიულობენ, მით უფრო, რომ მათ სახლში მილიცია მივიდა და თითქოს ასაფეთქებელი აღმოაჩინეს. ვინც ირაკლის იცნობს, არავინ დაიჯერებს, რომ მას იარაღი ჰქონდა. სიმართლის პოვნის იმედი ნაკლებად გვაქვს, რადგან ამ საქმეს პოლიტიკურ სარჩულს უდებენ. ამიტომ ვთხოვთ ხელისუფლებას დახმარებას, ყველა საერთაშორისო ტრიბუნის ჩართვას. ირაკლის საქართველოს მთავრობამ უნდა მიხედოს.

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ადამიანის ძირითადი უფლებები,­ მათ შორის პირის­ უფლება, დაცული იყოს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, წამებისა და არასათანადო მოპყრობისგან, უსამართლო სასამართლოსგან მთავრობების არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ვრცელდება. თუმცა საერთაშორისო სამართლით, არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ოკუპანტ სახელმწიფოს, ასევე, დე ფაქტო ხელისუფლებებს.

ირაკლი ბებუას გათავისუფლების მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან­ გამართული აქციის შესახებ კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ: "როგორ ფიქრობთ, ის ადამიანები,­ ვინც ახლა აქცია გამართეს, მეტ ნაბიჯს დგამენ და ღონეს ხმარობენ, რომ ეს ადამ­იანი გათავისუფლდეს?! პირიქით. ჩვენ ამოქმედებული გვაქვს ყველა შესაძლო და არა მარტო შესაძლო მექანიზმი, რათა მივა­ღ­წიოთ ირაკლი ბებუას გათავისუფლებას და ამაზე აქ საუბარი უფრო დამაზიანებელი­ და რისკის შემცველია. გვაცადეთ, თუ შეიძლება".

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ბებუა სოხუმის იზოლატორში იმყოფება. ყოველდღიურ რეჟიმში ცხელი ხაზით მიმდინარეობს მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოკითხვა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. "უკანონოდ დაკავებული ბებუას გათავისუფლების მიზნით ამოქმედებულია ყველა ჩვენს ხელთ არსებული საერთაშორისო მექანიზმი. პროცესში ჩართული არიან ჟენევის თანათავმჯდომარეები", - განუცხადეს "კვირის პალიტრას" უწყებაში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები